ბრიტანული „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას „უკრაინა თეთრი სახლის [მხარდაჭერის] დაკარგვისათვის უნდა მოემზადოს“ (ავტორი – რიჩარდ ქემპი, სამხედრო ექსპერტი, გადამდგარი პოლკოვნიკი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
გაჭიანურებული კონტრშეტევის პირობებში დრო უკრაინის მხარეზე არ არის. უკრაინელებს უწევთ არამარტო უძლიერესი რუსული თავდაცვის გამაგრებული ხაზის გადალახვა, არამედ აღმოსავლეთევროპული კლიმატისა და აშშ-ის წინასაარჩევნო პოლიტიკის გათვალისწინებაც.
მიუხედავად გარკვეული იმედგაცრუებისა უკრაინის არმიის წინსვლასთან დაკავშირებით, სამხედრო ენაზე თუ ვიტყვით, უეჭველია, რომ სანამ უკრაინის არმია „სუროვიკინის ხაზის“ გარღვევას მასიურად დაიწყებს, აუცილებელია ჯერ საომარი ველი მცირე შეტაკებებით შეისწავლოს და გენერალური ბრძოლისათვის მოემზადოს. ბოლოსდაბოლოს, 1991 წელს ერაყზე თავდასხმის წინ დასავლურმა სამხედრო კოალიციამ აშშ-ის ხელმძღვანელობით მასშტაბური საჰაერო კამპანია ჩაატარა, რომელიც დაახლოებით იმდენივე ხანს გრძელდებოდა, რამდენ ხანსაც უკრაინის კონტრშეტევა.
უკრაინის არმია, რომელსაც მოწინააღმდეგისათვის დარტყმების მისაყენებლად ავიაცია არ აქვს, კონტრშეტევის მომზადების დროს იძულებულია დაზვერვას, სარაკეტო ქვედანაყოფებს და არტილერიას დაეყრდნოს, რათა მტრის ფრონტის ხაზის პოზიციები და ზურგის ობიექტები გაანადგუროს. იმავდროულად უკრაინელები ლოკალური შეტაკებების დროს მოწინააღმდეგის თავდაცვის სუსტ ადგილებს ეძებენ და პოულობენ კიდეც. ახლა, როგორც ჩანს, კიევმა შეტევის ყველაზე ხელსაყრელი მიმართულება განსაზღვრა – ზაპოროჟიედან სამხრეთით, ქალაქ მელოტოპოლისაკენ და შემდეგ – აზოვის ზღვისკენ. ალბათ, ამ მიმართულებით მთავარი შემტევი ძალა ნატოს მიერ გაწვრთნილ მე-10 ოპერატიული კორპუსი იქნება, რომელსაც ყირიმ-დონბასის სახმელეთო დერეფნის გადაჭრა ძალუძს, ყირიმის იზოლირების მიზნით.
მაგრამ როდის გაარღვევს უკრაინის არმია რუსეთის თავდაცვითი ზღუდეების პირველ ხაზს? ან გაარღვევს კი? ეს ჯერ უცნობია, მაგრამ აშკარაა, რომ ბრძოლები ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი იქნება. მელიტოპოლისაკენ ყოველი მეტრი დანაღმულია, ყოველი კილომეტრი მოფენილია სატანკო „ხაფანგებით“, ტრანშეებით, საცეცხლე-საარტილერიო დოტებით, მრავალჯერადი მავთულხლართებით… და რაც ძალიან ცუდია უკრაინელებისათვის, ჰაერში რუსეთის ავიაცია ბატონობს – დამრტყმელი ვერტმფრენები და რაკეტმზიდ-ბომბდამშენი თვითმფრინავები, უპილოტო საფრენი აპარატები…
თანამედროვე ომების შედეგებს ზუსტად ვერავინ იწინასწარმეტყველებს, პროგნოზების გაკეთება რთულია – გაიმარჯვებს თუ არა საბოლოოდ (ან ნაწილობრივ მაინც) უკრაინა, ეს არც კიევში და არც მოსკოვში წინასწარ არ იციან. მაგრამ მას შემდეგ, რაც უკვე ზაფხულის ძვირფასი ორი თვე დაიკარგა კონტრშეტევის მთავარი მიმართულებების ძიებაში და მტრის სუსტი ადგილების პოვნაში, ეს არცთუ სასიამოვნოა. ახლოვდება შემოდგომა: სექტემბრამდე სულ რამდენიმე კვირა რჩება, ამინდი გაუარესდება და უკრაინის შავმიწანიადაგიან ტერიტორიაზე გამავალი გრუნტის გზები ისე ატალახდება, რომ იქ ვერანაირი მძიმე ტექნიკა ვეღარ გაივლის. სამხედრო თვალსაზრისით ეს ნიშნავს, რომ მსხვილი კონტრშეტევა შეჩერდება, ნოემბერ-დეკემბრის წაყინვებამდე და შეიძლება მომავალი წლის ზაფხულამდეც კი: გააჩნია, როგორი სამხედრო-პოლიტიკური და საერთაშორისო სიტუაცია იქნება. ეს გარემოებები კარგად ესმით როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს.
მაგრამ არის კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა, ვიდრე კაპრიზებიანი შემოდგომა და ზამთარი, რომელიც ორივე მხარისათვის მნიშვნელოვანია – ესაა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები. დიდი ალბათობით, ეს ფაქტორი კიევის წინააღმდეგ იმუშავებს.
ჯო ბაიდენს, ალბათ, სურვილი აქვს, რომ ეს ომი მანამდე დასრულდეს, სანამ წინასაარჩევნო კამპანია სერიოზულად გააქტიურდება: მან კარგად იცის, რომ აშშ-ის მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ომი არასასურველ მოვლენას წარმოადგენს. საომარი მოქმედებების გაგრძელება, დიდი ალბათობით, დემოკრატიული პარტიის კანდიდატს ხმებს დაუკარგავს – მით უმეტეს, თუ უკრაინას საქმე გაურთულდება. ამ შემთხვევაში ჯო ბაიდენს საარჩევნო ურნებთან უკმაყოფილება ელოდება, ყველაფერს მას დააბრალებენ.
რა თქმა უნდა, ამერიკელებს სხვა პერსპექტივაც აშფოთებთ, რომელიც შესაძლოა უფრო ძლიერი შიშია, ვიდრე გაჭიანურებული ომის შიში. ესაა უკრაინის სავარაუდო გამარჯვება, რომელიც კრემლის კოლაფსს გამოიწვევს და რუსეთის პოტენციურ დაშლას. ეს იქნება ისეთი კატასტროფული მოვლენა, რომელიც დიდ გეოსტრატეგიულ ძვრებს და ქაოსს გამოიწვევს მსოფლიოში, გლობალური უზარმაზარი ეკონომიკური ზიანის ჩათვლით. ეს შეიძლება მოხდეს, ან არ მოხდეს, მაგრამ ის თეთრი სახლის ჩინოვნიკების სულში ცნობიერებაში ცოცხლობს და ცნობიერებაზე გავლენას ახდენს.
ამით გარკვეულწილად შეიძლება აიხსნას ის, თუ რატომაა ამერიკა გულუხვი უკრაინის მიმართ, მაგრამ გარკვეულ ზღვრამდე. ცხადია, ვაშინგტონს შეეძლო კიევისათვის მეტი მიეცა და უფრო სწრაფად, ვიდრე ახლა აძლევს. ამის ნაცვლად ბაიდენის ადმინისტრაცია იმდენი გასცა, რამდენიც აუცილებელი განსაზღვრული წარმატების მისაღწევად, მაგრამ არასაკმარისია ვლადიმერ პუტინის რეჟიმის სრული დამარცხებისათვის. ამის მაგალითის სახით შეიძლება დავასახელოთ უკრაინისათვის ავიგამანადგურებელ F-16-ისა და შორი მოქმედების რაკეტების მიწოდებაზე უარის თქმა. კიევს რომ ასეთი თვითმფრინავები და რაკეტები ჰქონოდა, მნიშვნელოვანი უპირატესობით ისარგებლებდა. თეთრის სახლის უსაფრთხოების სფეროს მრჩევლები თვლიან, რომ ამ იარაღს უკრაინისათვის კრიტიკული მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა შეიძლება სასარგებლო იყოს სამომავლოდ, ხანგრძლივი თავდაცვისათვის.
იმავეს ფიქრობს აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინის ნატოში მიღების თაობაზეც: მსგავსი მომენტები პოლიტიკური თამაშების დროს იქნება გამოყენებული, ვთქვათ, სამშვიდობო მოლაპარაკების დროს, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე. არ არის გამორიცხული ამ საკითხზე საიდუმლო კონტაქტები უსაფრთხოების სფეროში ვაშინგტონელ და მოსკოველ კოლეგებს შორის.
აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბევრი რამ გაირკვევა. უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობა, მაგრამ როგორ განხორციელდება, ჯერ-ჯერობით მოფიქრებული არ არის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინა ოკუპირებული ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილს მაინც დაიბრუნებს ცეცხლის შეწყვეტამდე, ასეთ სიტუაციაში დაწყებული მოლაპარაკება რუსეთისათვის დამარცხების ნიშანი არ იქნება. კრემლი, სავარაუდოდ, გაჯიუტდება და უკან არ დაიხევს.
როგორც ჩვენ ვნახეთ უფრო ადრე, როცა მოსკოვმა 2008 წელს საქართველოს და 2014 წელს უკრაინის ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილების ოკუპირება მოახდინა, კრემლის ამბიციები საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ არ გაქრება. თუ რუსეთის ბრძოლის ველზე არ იქნება დამარცხებული, აგრესიის განახლება მხოლოდ დროის საკითხია. მაგრამ, როგორც ჩანს, აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციას ჯერ-ჯერობით მხოლოდ 2024 წლის ნოემბრის შედეგები აინტერესებს, როცა ამერიკელები საარჩევნო ურნებთან მივლენ.