“ღმერთმა არ ქნას, საჭირო გახდეს რუსეთის მიერ ბელარუსში განთავსებული ბირთვული იარაღის გამოყენება”

263
spot_img

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ღმერთმა არ ქნას რუსეთის მიერ ბელარუსში განთავსებული ბირთვული იარაღის გამოყენება გახდეს საჭირო. ამის შესახებ ლუკაშენკომ დასახლება ბელოვეჟსკიში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსში უკვე შეტანილია და განთავსებულია იმ ბირთვული იარაღის ნახევარი, რომლის განთავსებასაც მეზობელ ქვეყანაში რუსეთი გეგმავს.

„ღმერთმა არ ქნას, საჭირო გახდეს ამ იარაღის გამოყენება. მაინც ვიმედოვნებ, რომ ეს არ მოხდება. ჩვენ არავის ბოსტანში არ ვძვრებით, მაგრამ ჩვენთანაც ნუ მოძვრებით. ჩვენ უზრუნველვყოფთ საკუთარ თავსა და საკუთარ უსაფრთხოებას ჩვენი მეგობრების დახმარებით“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის განთავსებას და ატომური ელექტროსადგურის არსებობას პრეზიდენტმა ლუკაშენკომ უსაფრთხოების ფაქტორი უწოდა.

„ბირთვულ ქვეყანას ჯერ არავინ დასხმია თავს“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ბელარუსები იარაღს არ აჟღარუნებენ, თუმცა ემზადებიან, ნებისმიერ მომენტში დაიცვან ქვეყანა.

„რთული დროა. ამაზე არ ვისაუბრებ. თქვენ ამას ხედავთ. ვიტყვი მხოლოდ, რომ თქვენ გესმოდეთ: ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ, საკმარისი ვიომეთ მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში. როგორც ისტორიკოსმა, მე ეს კარგად ვიცი. რამდენი ადამიანი დაზარალდა იმ საშინელ ომში, რომლის მოწმეებიც დღესაც ცოცხლები არიან. ყოველ ოჯახში დაიღუპნენ ადამიანები. ამიტომ მე არ მინდა, რომ ჩემი ხალხი, განსაკუთებით ჩემს დროს, ომობდეს. თქვენ ხედავთ, რა ხდება ჩვენს მეზობლებთან. ისინი ჩვენთვის ახლობელი ხალხია, უცხოები არ არიან. ბევრი ნათესავია იქ, აქ. ეს საშინელი საქმეა. ვაკეთებთ დასკვნებს, ჩვენთვის ეს ძალიან სერიოზული გაკვეთილებია. თუმცა, მინდა, რომ თქვენ გესმოდეთ, ჩვენ იარაღს არ ვაჟღარუნებთ, მაგრამ ვემზადებით, ნებისმიერ მომენტში დავიცვათ საკუთარი ქვეყანა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.