“ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა კონკრეტული გადადგმული ნაბიჯების შედეგია” – შოთა ბურჯანაძე

53
spot_img

6 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების რეკორდულ ზრდას ეხმაურება რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი. შოთა ბურჯანაძის განცხადებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გაწეულმა სამუშაოებმა და ავიარეისების დამატებამ საქართველოში ტურისტებისა და შემოსავლების ზრდა გამოიწვია.

„კოვიდ პანდემიის შემდეგ რომ გაიზრდებოდა ტურისტების რაოდენობა და შემოსავლები ამის ოპტიმიზმი გვქონდა, მაგრამ ეს ზრდა გადადგმული ნაბიჯების გარეშე არ მომხდარა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზრუნავს, რომ საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები ჩამოვიდნენ, ასევე მნიშვნელოვანია თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში დამატებული ფრენები აზიიდან და ევროპიდან. შესაბამისად ამ გადადგმულმა ნაბიჯებმა შედეგიც გამოიღო და დღეს უკვე 2019 წელთან შედარებით გვაქვს 100 %-ზე მეტი ზრდა შემოსავლებში, რაც რა თქმა უნდა ამ გაწეული სამუშაოების შედეგია“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

2023 წლის იანვარი-ივნისის თვის მონაცემებით საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) 1,804,529,935 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის 123.9%-ით აღდგენაა (+348,461,374 აშშ დოლარი). 2022 წელთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია + 661,999,720 (+57.9%) აშშ დოლარით. წელს, მეორე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 1,009,112,957 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის 115%-ით აღდგენაა. 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +260,291,106 (+34.8%) აშშ დოლარით.