Home Blog Page 1695

“დამთავრდა ამ ქვეყანაში დრო, როდესაც ამომრჩეველს ატყუებდით” – ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციას

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართავს და აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მთელი ერთი კვირაა საზოგადოებას ატყუებენ და დეზინფორმაციას ავრცელებენ ყველგან: კომისიებზე, სხდომებზე და მათ მიერ მართულ მედიებში. ეს განცხადება ვლადიმერ ბოჟაძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

„ბევრ ტყუილს და დეზინფორმაციას ვისმენთ თქვენგან კომისიებზეც, სხდომებზეც, თქვენს მართვად მედიებშიც და დღესაც და გუშინაც. მთელი ერთი კვირაა საზოგადოებას  ატყუებთ, თითქოს ჩვენ დღეს რაიმე პროექტს ვამტკიცებთ და არა განაშენიანების რეგულირების გეგმას (გრგ-ს).

სანამ თქვენ ეს ორმაგი სტანდარტები გექნებათ, მანამდე გაყოფილი გეყოლებათ ეს ქვეყანა თქვენიანებად და სხვისიანებად და მანამდე  მთელი საქართველოსთვის სხვისიანები იქნებით“, –  განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ სხდომაზე.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს  მხოლოდ ის გრგ-ები მოსწონთ, რომლებიც მათ  პარტიებთან დაკავშირებულ ბიზნესმენებს ეხება.

„ლისი დეველოპმენტი მოგწონთ? ხაზარაძის გამო ჭაობად გადაქცეული ლისის ტბა მოგწონთ? სანამ მხოლოდ თქვენთან დაკავშირებული ადამიანების გრგ-ები მოგეწონებათ და არ მოგეწონებათ ისინი, ვინც ამ ქვეყანას განვითარებას მოუტანს, მანამდე სულ ასეთ მდგომარეობაში იქნებით. დამთავრდა ამ ქვეყანაში დრო, როდესაც ამომრჩეველს ატყუებდით“,  –  განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ პროკურატურას მიმართავს და თბილისში დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს

თბილისის საკრებულოს პარტია „საქართველოსთვის” წევრები საქართველოს პროკურატურას მიმართავენ, თბილისში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს და დაადგინოს, იკვეთება თუ არა პოლიტიკური კორუფცია „ქართული ოცნების” დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების მხრიდან.

აღნიშნულის შესახებ განცხადება „საქართველოსთვის” წევრმა გიორგი შარაშიძემ პარტიის წევრებთან ერთად თბილისის საკრებულოში გააკეთა. ამასთან, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მიმართავს თბილისის საკრებულოს, რომ დედაქალაქში დაგეგმილ ურბანულ პროექტებთან დაკავშირებით ანტიკორუფციული კომისია შეიქმნას.

„დღეს, კალაძის მორჩილი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში, სამწუხაროდ, აპირებს, რომ მხარი დაუჭიროს ურბანული კატასტროფის გამომწვევ სამშენებლო დეველოპერულ პროექტებს, რაც კიდევ უფრო გაურთულებს ცხოვრებას უამრავ მოქალაქეს და ამავე დროს, გაამდიდრებს პრივილეგირებულ რამდენიმე ოჯახს. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებისთვის” კარგად არის ცნობილი ყველა ის ნეგატიური შედეგი, რაც ურბანული თვალსაზრისით ამ პროექტების განხორციელებამ შეიძლება გამოიწვიოს, „ოცნება” მზადაა კალაძის მაფიოზურ ჯგუფს თბილისელების ინტერესების საწინააღმდეგოდ დაუკანონოს უკანონო საქმიანობა. მიგვაჩნია, რომ ერთდროულად ხუთი მასშტაბური სამშენებლო პროექტის დაჩქარებული წესით საკრებულოს დამტკიცება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, არ მომხდარა სათანადო საჯარო განხილვები და დაინტერესებულ მხარეებს: ურბანისტებს, არქიტექტორებს, ხელოვნებათმცოდნეებს, სეისმოლოგებს, გეოლოგებს, ტრანსპორტის სპეციალისტებს არ მისცემიათ პროცესში ჩართვის სათანადო საშუალება, წარმოადგენს პოლიტიკური კორუფციის და „ოცნების” მიერ დაწყებული არჩევნების გაყალბების კომპლექსური გეგმის შემადგენელ ნაწილს. მაშინ, როცა „ოცნებამ” საკანონმდებლო დონეზე პარტიას დაუქვემდებარა ცესკო, მაშინ, როცა ქვეყანაში აღარ დარჩა არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება „ოცნება” გადადის არჩევნების გაყალბებისთვის მზადების აქტიურ ფაზაში და ამჯერად, უკვე „შავი ფულის” დაჩქარებული მობილიზებით ცდილობს შეავსოს პარტიის ფორმალური საარჩევნო ყულაბა. მივმართავთ საქართველოს პროკურატურას დაიწყოს გამოძიება და და დაადგინოს, არის, თუ არა პოლიტიკური კორუფცია „ოცნების” დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების, „ოცნების” მოქმედი პრემიერ-მინისტრის უახლოესი ნათესავის და „ოცნების” შემომწირველთა კომპანიებისთვის თბილისის იერსახისათვის სრულიად შეუსაბამო და მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი სამშენებლო პროექტებისთვის დაჩქარებული წესით ნებართვების გაცემა. ასევე მივმართავთ თბილისის მერს, ბატონ კალაძეს, საზოგადოებას აუხსნა, რატომ იცრუა და მოატყუა ხალხი, როცა განაცხადა, რომ „ლაგუნა ვერე” საჩუქრად გადაეცემოდა თბილისს. ასევე მივმართავთ თბილისის საკრებულოს დაუბრუნდეს ჩვენი ინიციატივის განხილვას პოლიტიკური კორუფციის პრევენციის მიზნით თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რადგან ვერ ვხედავთ სხვა უფრო ეფექტურ მექანიზმს, რაც თბილისის მრავალმილიონიან ბიუჯეტს და სამშენებლო ბიზნესის არაფორმალურ ლობიზმს კორუფციული რისკებისგან დააზღვევს”, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

„ადამიანებთან, რომლებიც მოღალატეობრივ ქმედებებში არიან მხილებულნი, ქალაქის განვითარებაზე საუბარი რთულია“ – გივი ჩხარტიშვილი

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი გივი ჩხარტიშვილი ქალაქში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა. როგორც „ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, ქალაქის განვითარებისთვის დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან შინაარსობრივ განხილვაში შესვლა შეუძლებელია, რადგან ოპოზიციის წარმომადგენლები ყველანაირად ცდილობენ ხელი შეუშალონ ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას და ქალაქის განვითარებას.

„კოლექტიურ ოპოზიციასთან ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე საუბარს აზრი არ აქვს, რადგან ისინი ყველანაირად ცდილობენ ხელი შეუშალონ ქვეყნის განვითარებას, ინვესტიციების შემოდინებას და ახალი პროექტების განხორციელებას. მათ არ მოსწონთ არცერთი პროექტი, რომელიც ქალაქის საკეთილდღეოდ ხორციელდება. ადამიანებთან, რომლებიც მოღალატეობრივ ქმედებებში არიან მხილებულნი, ქალაქის განვითარებაზე საუბარი რთულია. ისინი ლობიზმში იმ მილიონებს იხდიან, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოპარეს. ეს თანხები 2008 წლის ომიდან არის წაღებული,“– განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

„პრიგოჟინი „ჯოჯოხეთში“ გაიგზავნა, მაგრამ ვინ გასცა ბრძანება?“ – The Spectator

„ევგენი პრიგოჟინის გვამი ჯერ არავის უნახავს, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ იგი სადმე გამოჩნდეს პარიკით და მიწებებული წვერ-ულვაშით – იმ ფოტოსურათების მსგავსად, რომლებიც რუსულმა სპეცსამსახურებმა სანქტ-პეტერბურში, „ვაგნერის“ შენობის ჩხრეკის დროს იპოვეს. ამბობენ, მას რამდენიმე ორეული ჰყავსო, მაგრამ ზუსტად ვერავინ დაასკვნის – ორეული დაიღუპა თუ თვითონ ევგენი პრიგოჟინი. მოკლედ, თუ ვივარაუდებთ, რომ იგი ძალადობრივად არის მოკლული (რასაც ბევრი უწინასწარმეტყველებდა მას შემდეგ, რაც ტანკები მოსკოვისაკენ გაგზავნა), ჩნდება კითხვა – ვინ გასცა მისი მოკვლის ბრძანება – თვითონ ვლადიმერ პუტინმა თუ რომელიმემ პრეზიდენტის ახლოს შეკრებილი მრავალრიცხოვანი მეტოქეებიდან?“, – წერს პოლიტმიმომხილველი პოლ ვუდი ბრიტანული ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „პრიგოჟინი „ჯოჯოხეთში“ გაიგზავნა, მაგრამ ვინ გასცა ბრძანება?“, რომელშიც განხილულია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის მკვლელობის მოტივები.

გთავაზობთ ამონარიდებს:

„ის, რაც მოხდა, „ვაგნერის“ მეთაურის ისეთ დასჯას წარმოადგენს, რომლის დაკვეთა მხოლოდ ვლადიმერ პუტინს შეეძლო: „ასე მოუვა ყველას, ვინც კი პრეზიდენტს წინააღმდეგობას გაუწევს“. მაგრამ მარატ გაბიდულინი, რომელიც ადრე ევგენი პრიგოჟინის თანაშემწე იყო და შემდეგ, როცა მან ბოსი გააკრიტიკა, იძულებული გახდა საფრანგეთში გაქცეულიყო – სიკვდილის შიშით, ამაში დარწმუნებული არ არის. იგი ფიქრობს, რომ მომხდარ ფაქტში თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ხელი ურევია: „პრიგოჟინის მკვლელობით აფრიკაში რუსეთის ინტერესებს ზიანი მიადგა, იგი გამოცდილი პიროვნება იყო და საქმის ორგანიზებას ვერავინ ისე ვეღარ გააკეთებს, როგორც ქვეყნის ინტერესებს ჭირდება. ჩემი აზრით, ვლადიმერ პუტინს ევგენი პრიგოჟინის ასეთი დასასრული არ უნდოდა. ეს ყველაფერი სერგეი შოიგუს ინიციატივას უფრო ჰგავს, ვიდრე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. პრიგოჟინი საჯაროდ ეწინააღმდეგებოდა შოიგუს და მინისტრის ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით მის სიძეს, რომელიც უკრაინაში შეჭრას არ იწონებდა, [უცენზურო] სიტყვებით ლანძღავდა“, – ამბობს მარატ გაბიდულინი.

მართლაცდა, ევგენი პრიგოჟინს უამრავი მტერი ჰყავდა. ინტერვიუში, რომელშიც მან სერგეი შოიგუ არასასიამოვნო გამონათქვამებით „შეამკო“, იგი გადასწვდა სერგეი ლავროვსაც და „მოსკოვური ელიტის“ სხვა წარმომადგენლებსაც: „თქვენი ასე და ისე (…), საკუთარ შვილებს რომ საზღვარგარეთ მალავთ და რიგითი რუსების შვილებს ომში აგზავნით“. ბრიტანული დაზვერვის Mi-6-ის ერთ-ერთმა გადამდგარმა ოფიცერმა, რომელიც ახლა რუსეთის საკითხებში კერძო კონსულტანტია, მითხრა, რომ ჯერ კიდევ ამბოხებამდე ცდილობდნენ შეთქმულება მოეწყოთ ევგენი პროგოჟინის მკვლელობის მიზნით – ზოგი ცალკე მოქმედებდა, ზოგიც ერთობლივად.

შესაძლოა, ვლადიმერ პუტინს ბრძანების გაცემა არც ჭირდებოდა – ყველამ იცოდა, რაც უნდა გაკეთებულიყო და, სავარაუდოდ, იმედოვნებდნენ, რომ პრიგოჟინის მოკვლის გამო პრეზიდენტი კმაყოფილი იქნებოდა. ამ დღეებში ვესაუბრე კიდევ ერთ ნაცნობს, ყოფილ „ეფესბეშნიკს“, რომელმაც მითხრა, რომ პუტინის სასახლის კარზე საქმე სწორედ ასე კეთდება ხოლმე: „როგორც კი ბოსი რაღაცას მიანიშნებს ან რომელიმე წინადადებას დაეთანხმება (თავს დაუქნევს), ყველა ერთმანეთს ასწრებს შესრულებას იმ იმედით, რომ სამომავლოდ ჯილდოდ რაღაცას მიიღებს“.

ევგენი პრიგოჟინის მკვლელობა გარდაუვალად ჩანდა იმ მომენტიდან, როცა მას ვლადიმერ პუტინმა ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გამოსვლისას „სამშობლოს გამყიდველი და მოღალატე“ უწოდა (იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, თუ რით დასრულდებოდა ამბოხება). ბოლოსდაბოლოს, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთში მოღალატეებს მხოლოდ ერთი ბედი აქვთ. ვლადიმერ პუტინმა ერთხელ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში მშვიდად თქვა, რომ მას ადამიანისათვის ყველაფრის პატიება შეუძლია, მოღალატეობის გარდა. მოგვიანებით, როცა პრეზიდენტმა ევგენი პრიგოჟინი „შეიწყალა“, დაიწყეს ლაპარაკი, რომ ვლადიმერ პუტინის გავლენა დასუსტდა და ასე ამიტომ მოიქცაო, ანუ შეიქმნა ასეთი სიტუაცია: სანამ „ვაგნერის“ მეამბოხე მეთაური სიცოცხლეს აგრძელებდა და სუნთქავდა, მანამდე პუტინის ავტორიტეტი შელახული იქნებოდა. გარკვეული დროის განმავლობაში პუტინი იძულებული იყო ანგარიში გაეწია შიდა და გარეშე ფაქტორებისთვის: მან ევგენი პრიგოჟინი კრემლშიც კი მიიწვია და შეხვდა….

ცხადია, ევგენი პრიგოჟინსაც, თავის მხრივ, კარგად ეცოდინებოდა, რომ როცა შეწყალებისათვის მადლობის ნიშნად მბრძანებლის ხელებს კოცნი, უკნიდან რაღაც ცუდს უნდა ელოდე. გავიხსენოთ, რომ ომის 18 თვის განმავლობაში პრეზიდენტის რამდენიმე კრიტიკოსი ზოგი სახლის ფანჯრიდან გადმოვარდა და „უბედური შემთხვევის“ გამო გარდაიცვალა, ზოგიერთი კი ისეთი „გულის შეტევით“, რაც მას ადრე არ ჰქონია. ამიტომაც ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის კატასტროფაში (ერთ-ერთი სანდო ვერსიით, Embraer Legacy 600 რუსეთის არმიის სარაკეტო ქვედანყოფიდან გასროლილი რაკეტით ჩამოაგდეს) მოულოდნელი არაფერი არ არის – ეს მიუთითებს იმ დრამატულ, საჯარო და უშეცდომო მინიშნებაზე, რომ ადრე თუ გვიან, მართლაც ასე დაემართება ყოველს, ვინც კი პრეზიდენტს დუელში გამოიწვევს.

(…)
რამდენად შეიძლება პრიგოჟინი დარწმუნებული ყოფილიყო, რომ იგი რუსეთში ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ხელს ვერ ახლებდნენ? განა იგი ამდენად ბრიყვი იქნებოდა? თუმცა, რომ დავუკვირდეთ, ხანდახან მის გამონათქვამებშიც იგრძნობოდა, რომ იგი კარგად ხვდებოდა თავისი დასასრულის მოახლოებას. „ვაგნერის“ ლიდერი არ იყო ისეთი კაცი, რომელიც საწოლში სიკვდილს აპირებდა. „უმჯობესია მოკვდე გმირად, ვიდრე „პედიკივით“ იცხოვრო“, „ჩვენ, ალბათ, ყველანი ჯოჯოხეთში მოვხვდებით, მაგრამ იქაც მაგრები და საუკეთესოები ვიქნებით“, – ამბობდა ევგენი პრიგოჟინი ინტერვიუებში.

(…)
„ვაგნერის“ მომხრეთა მუქარები ტელეგრამ-არხებში – „ასე და ასე ვიზამთ, შურს ვიძიებთო“ – სერიოზულად არ აღიქმება იმ რეალობის ფონზე, როცა ცნობილია – „ვინც პუტინზე მახვილს აღმართავს, ის იმავე მახვილით მოკვდება“. უბრალოდ, ყველამ უნდა გაითვალისწინოს პუტინისავე „რკინის ლოგიკა“ საკუთარ მოქმედებაში: „თუ რაიმეს გაკეთება გინდა, საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო, ანუ თუ მეფის მოკვლა გინდა, იგი კი არ უნდა დაჭრა, არამედ მართლაც უნდა მოკლა. თუ თქვენ მოსკოვისაკენ მარშით სვლა გადაწყვიტეთ, არ უნდა გაჩერდეთ“.

წყარო

“ქართველ ხალხს სურს, გახდეს ევროკავშირის, ნატო-ს წევრი, აშშ ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე” – კელი დეგნანი

ქართველ ხალხს სურს, გახდეს ევროკავშირის, ნატო-ს წევრი, ამერიკის შეერთებულ შტატებს კი ნამდვილად დიდ პატივად მიაჩნია და ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან უაღრესად შთამბეჭდავი პროგრესი იხილა.

„ნამდვილად დიდი პატივი იყო, მემსახურა საქართველოში, ამ შესანიშნავ ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე. უაღრესად დიდ კეთილგანწყობას ვგრძნობდი სხვადასხვა რეგიონში უამრავი კეთილი ქართველის მხრიდან, რომლებიც მასპინძლობას და კეთილგანწყობას იჩენდნენ ჩემ მიმართ, რომელიც გულიდან მომდინარეობდა, თავიანთი ოჯახების კარს მიღებდნენ, მმასპინძლობდნენ სახლებში, თემებში, მიზიარებდნენ გამოცდილებას, იმედებს, გამოწვევებს და მუდამ ვაფასებდით ამ აზრთა გაცვლას.

მუდამ ვმუშაობდით საქართველოს მხარდასაჭერად, რომელიც მხარს უჭერს უამრავი ქართველის თავდადებას – იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო ორგანიზაციები, სამთავრობო უწყებები, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესების დასაწინაურებლად მუშაობენ. უკანასკნელი 30-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში ჩვენი მხარდაჭერა ეხმარებოდა საქართველოს, უკეთ დაეცვა საკუთარი საზღვრები, შეეჩერებინა აგრესია, მოეხდინა ეკონომიკის სტიმულირება, რაც ხელს შეუწყობდა სამუშაო ადგილების შექმნას, რომ ქართველებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, ენახათ მომავალი თავისი ქვეყნისთვის, თავისი თემებისთვის. ეს, მთლიანობაში, ხელს შეუწყობდა საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და ხელს ვუწყობდით საქართველოს მდგრადი, გამძლე, დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნაში. ეს არის ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანი. მათ სურთ, გახდნენ ევროკავშირის, ნატო-ს წევრები, ამერიკის შეერთებულ შტატებს კი ნამდვილად დიდ პატივად მიაჩნია და ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე.

ჩვენ ვიხილეთ უაღრესად შთამბეჭდავი პროგრესი საქართველოს მხრიდან. ვგეგმავთ, გავაგრძელოთ ამ პროცესის მხარდაჭერა. ნამდვილად წუხილს გამოვხატავ, რომ მიწევს საქართველოს დატოვება. დარწმუნებული ვარ, ყველა, ვინც ჩემამდე მუშაობდა ჩემს თანამდებობაზე, ამავეს გრძნობდა. დამშვიდობება მიწევს საქართველოს მრავალ მოქალაქესთან, ვისთანაც ჩამომიყალიბდა მეგობრობა, ვინც მეხმარებოდა ამ უნიკალური კულტურის, უნიკალური ქვეყნის ტრადიციების ისტორიის გაგებაში. თან წავიღებ შესანიშნავ მოგონებებს. ნამდვლად მეღიმება ხოლმე, როგორც კი ვიხსენებ ჩემს მეგობრებს თუშეთში, რაჭაში, სვანეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, ქვეყნის ყველა რეგიონში, იმერეთში – ვიხსენებ შესანიშნავ გამოცდილებას, მათი მხრიდან გამოწვდილ ხელს ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართ. ჩვენ ვამაყობთ იმ პარტნიორობით, რომელიც ამერიკასა და საქართველოს 30 წლის განმავლობაში აქვთ. ჩემთვის ეს შესაძლებლობაა, დაგემშვიდობოთ, მაგრამ აგრეთვე გამოვხატო უღრმესი მადლიერება ყველა ქართველის მიმართ, ვინც ასეთ სითბოს, მხარდაჭერას იჩენდა და ნამდვილად ამერიკის მეგორები არიან“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

“სხდომიდან სხდომამდე პერფორმანსებს ხვეწთ” – გიორგი ტყემალაძე ოპოზიციონერ დეპუტატს

თბილისის საკრებულოში, სადაც დედაქალაქში დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით, სხდომა მიმდინარეობს, ოპოზიცია ითხოვს, რომ გარკვეული პროექტები არ განხორციელდეს.

“შეაყარე კედელს ცერცვი”- ეს არის თქვენი მმართველობის ცენტრალური გამოვლინება. ეს სისტემა, ეს კედელი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინგრეს. ჩვენი სიტყვები ასე აბუჩად ასაგდები თუ არის, ამას ძალიან მალე ხალხი გაჩვენებთ”, – მიმართა საკრებულოს უმრავლესობის წევრებს პარტია “ხალხისთვის” წარმომადგენელმა ნინო წულაძემ.

“სხდომიდან სხდომამდე პერფორმანსებს ხვეწთ”, – უპასუხა წულაძეს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ.

ამასთან, ტყემალაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები უმეტეს შემთხვევაში არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულნი და ხშირად პოზიციას ამ კონტექსტში გამოხატავენ.

თბილისის საკრებულოში სხდომაზე დეპუტატები დედაქალაქში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებს განიხილავენ, რომელთაგან ხუთს ოპოზიცია ეწინააღმდეგება. პროექტებს შორისაა “ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობა, ალექსიძის ქუჩაზე, King David-ის მიმდებარედ 40-სართულიანი შენობის პროექტი, ჭავჭავაძის გამზირზე მულტიფუნქციური სასტუმრო-ცათამბჯენის და დიდ დიღომში, ახალი უბნის მშენებლობის საკითხი.

“მივიჩნევ, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრის მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს” – კელი დეგნანი

სამწუხაროდ, მივიჩნევ, რომ მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, აშშ ეხმარება საქართველოს, რომ განაგრძოს პროგრესი ევროპის გზაზე.

„საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა კვლავ ერთგულია ამ გზის. იმედი გვაქვს, რომ ამ გზაზე პროგრესი იქნება მომავალშიც. როგორც აღვნიშნე, მნიშვნელოვანი, შთამბეჭდავი მიღწევები არის უკვე გაკეთებული. მრავალ სამინისტროსთან ადგილობრივ დონეზეც ვთანამშრომლობთ, ვეხმარებით იმ ნაბიჯებში, რომლებიც საჭიროა საქართველოს მიერ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის დასაკმაყოფილებლად. გვსურს, საქართველოს ჰქონდეს წარმატება ამ მისწრაფებაში. ზუსტად ამიტომაც ვთანამშრომლობთ საქართველოსთან ასე მჭიდროდ ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან თანამშრომლობას ამ გზაზე. ჩვენ ერთგულები ვართ საქართველოში წარმატებისა. პოლიტიკოსები – პოლიტიკოსები არიან. პირადად არ ვიღებ ნამდვილად, რასაც ამბობენ ჩემ შესახებ. მივიჩნევ, რომ არიან ადამიანები, ვინც ზედმეტ ემოციას იჩენს. ფოკუსი, კონცენტრაცია უნდა იყოს სამუშაოს შესრულებაზე. გაწერილია საგზაო რუკა, გადასადგმელია კონკრეტული ნაბიჯები, მთავრობისა და პოლიტიკის შემქმნელები თუ გაჰყვებიან ამ საგზაო რუკას, რომელიც მათ მიეცათ, და ინკლიზიურ პორცესს, ეს დაადასტურებდა იმ ერთგულებას, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები იჩენენ საქართველოში, რომ შეასრულონ საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნა, გადავიდნენ, სულ მცირე, შემდგომ ნაბიჯზე ევროკავშირის წევრობის. ეს პოლიტიკურ სიმამაცესაც ითხოვს ამ რთული სამუშაოს შესასრულებლად. რეფორმები რთულია და ყველამ იცის ეს. სამწუხაროდ, მივიჩნევ, რომ მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, ქართველები შეჩვეული არიან და პრორუსული დეზინფორმაციის კამპანიის მომსწრენი ყოფილან ადრეც.

„ფაქტობრივად, შეტევა ხორციელდებოდა მრავალი წლის განმავლობაში, თუ არა ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებზე. დარწმუნებული ვარ, ჭეშმარიტება ქართველებისთვის არის ხელმისაწვდომი. მედია ამას ხელს უწყობს და საქართველოს მოქალაქეები ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებენ. არ შევხვედრივარ იმ ადამიანებს, ვინც კომენტარს აკეთებენ ჩემზე. ისინი არ შემხვედრიან და პირადად ვერ მივიღებ ნამდვილად, თუმცა მივიჩნევ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, ისინი, ვინც ცდილობენ, რომ დააბნიონ ქართველები, ვინც ცდილობენ, გაყონ ეს საზოგადოება ან შეინარჩუნონ ეს გაყოფა და პოლარიზაცია, ეს ადამიანები გვერდით გავწიოთ. საქართველოს მოქალაქეებმა სიმართლე უნდა მოისმინონ. არ ვთვლი, რომ ვინმეს უნდა ეშინოდეს სიმართლისა. იმედი მაქვს, მედია გააგრძელებს საზოგადოებისთვის დაბალანსებული, ზუსტი ინფორმაციის, ანგარიშისა და ცნობების მიწოდებას. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი როლია დემოკრატიისთვის“, – განაცხადა დეგნანმა.

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის გასტრო კვირეული 2023“ გაიმართება

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისი 1-7 ოქტომბერს, რიგით მეორე, საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალს „თბილისის გასტრო კვირეული 2023“ უმასპინძლებს.

„თბილისის გასტრო კვირეული“ ყოველწლიური კულინარიული ფესტივალია, რომელიც ერწყმის ადგილობრივ მრავალფეროვან გასტრონომიულ კულტურას, აერთიანებს მსოფლიო დონის ცნობილ შეფ-მზარეულებსა და კულინარიული ხელოვნების მოყვარულებს.

პროექტის მიზანია „თბილისის გასტრო კვირეულის“ სტუმრებისთვის დაუვიწყარი და უნიკალური გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნა, გასტრონომიის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის კი – ახალი პერსპექტივების გაჩენა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე – საერთაშორისო გასტროტურიზმის მიმართულებით.

საქართველოში პირველი საერთაშორისო გასტრონომიული ფესტივალის პარტნიორია წამყვანი საერთაშორისო გასტრონომიული კომპანია – Bon Vivant Communications, რომელიც ოპერირებს ბრენდის მენეჯმენტში, ექსკლუზიური ვახშმების მოწყობაში, მიშლენის ვარსკვლავის მქონე შეფების მსოფლიო ტურის დაგეგმარებასა და მარკეტინგში. სწორედ აღნიშნული კომპანია უზრუნველყოფს მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფების საქართველოში ვიზიტებსა და ფესტივალის საერთაშორისო მედია გაშუქებას.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგემილია ექსკლუზიური ვახშმების სერია, სადაც წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო და ადგილობრივი სამზარეულოს დახვეწილი შერწყმა. საერთაშორისო და ადგილობრივი ვარსკვლავური შეფებისგან დაკომპლექტებულ წყვილებს თბილისის ხუთი წამყვანი რესტორანი უმასპინძლებს.

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს საშუალება აქვთ დაჯავშნონ სასურველი ვახშამი კონცეპტ ასისტენტის მეშვეობით ნომერზე: 032 2 27 27 00.

კვირეული დასრულდება 7 ოქტომბერს – კლუბ “Underwheel-ში”, ღია ცის ქვეშ გასტრონომიული წვეულებით, სახელწოდებით “Star Chefs’ Street Edition”, სადაც დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცემა დააგემოვნონ როგორც მიშლენის ვარსკვლავი მქონე, ისე ადგილობრივი ვარსკვლავი მზარეულების მიერ მომზადებული კერძები.

წლევანდელ სიახლეს, Star Chefs’ Street Edition-თან ერთად წარმოადგენს კონკურსი ახალბედა შეფებს შორის, “Young Chefs’ Contest-იც”, რომლის გამარჯვებულიც ერთი თვის განმავლობაში  სტაჟირებას გაივლის, პორტუგალიაში, ორი მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანში „Ocean-ში“, შეფ ჰანს ნოინერის ხელმძღვანელობით. კონკურსანტებს შეაფასებს, ადგილობრივი და საერთაშორისო შეფებისგან შემდგარი ჟიური.

მონაწილე შეფები:

  • ჰანს ნოინერი – ორი მიშლენის ვარსკვლავი (პორტუგალია)
  • მაიკლ ვან დერ კროფტი – საუკეთესო შეფ-მზარეულის ჯილდოს ნომინანტი (ნიდერლანდები)
  • კამილა სეიდლერი – ლათინური ამერიკის საუკეთესო შეფ-მზარეული ქალი (დანია)
  • ალეხანდრო სერანო – მიშლენის ერთი ვარსკვლავის მფლობელი (ესპანეთი)
  • დიპანკერ ხოსლა – ერთი მიშლენის ვარსკვლავი და ერთი მწვანე მიშელინის ვარსკვლავის მფლობელი (ტაილანდი)
  • რაფაელ კაზუმიანი (სომხეთი) (მხოლოდ Street edition)
  • არევიკ მარტიროსიანი (სომხეთი) (მხოლოდ Street edition)
  • თეკუნა გაჩეჩილაძე
  • ქეთი ბაქრაძე
  • მერიკო გუბელაძე
  • რამაზ გემიაშვილი
  • გიორგი ნინუა

Tbilisi Gastro Week 2023 – Star Chefs’ Street Edition გვპირდება შეუდარებელ გასტრონომიულ მოგზაურობას, რომელიც აერთიანებს კულინარიის მოყვარულებს, ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ვიზიტორებს დახვეწილი გემოს, შემოქმედების და კულტურული მრავალფეროვნების ზეიმში.

ღონისძიების მხარდამჭრები: თბილისის მერია; ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაცია

გენერალური პარტნიორები: თიბისი კონცეპტი; Visa
პრემიუმ ხარისხის პროდუქტების მომწოდებელი: „აგროჰაბი”

ოფიციალური პარტნიორები: მილე, ეფეს ჯორჯია

ღვინის ექსკლუზიური პარტნიორი: მეღვინეობა „ჩელთი”

კვირეულის სპონსორები: Rooms Hotels Tbilisi; m Group; Monograph; Margot Hotel; Alma; Pancaviar; Sarajishvili;

მედია პარტნიორი: AMARTA

თიბისი კონცეპტის Visa და თიბისი WM ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

ორი კვირის განმავლობაში მოქმედებს early bird-ის შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც ბილეთებს განსხვავებულ ფასად შეიძენთ ბმულზე.

R

“სტიქიისას გარდაცვლილი 31 ადამიანიდან 28 იდენტიფიცირებულია” – სახელმწიფო რწმუნებული

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონიდან ამოსვენებული 31 მოქალაქიდან 28 იდენტიფიცირებულია, 3 გარდაცვლილთან დაკავშირებით კი პასუხს ელოდებიან.

როგორც მან აღნიშნა, პრევენციის მიზნით გლოლის ტერიტორიაზე, მდინარე ჭანჭახის აუზის შენაკადებში კალაპოტის წმენდა მიმდინარეობს.

„გუშინ სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მხრიდან ამოყვანილი იქნა 2 გარდაცვლის ცხედარი, რომელიც გადაყვანილია ექსპერტიზაზე, იდენტიფიცირების მიზნით. ამ დროისთვის, 31 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, საიდანაც 28 არის იდენტიფიცირებული და ველოდებით 3 გარდაცვლილი მოქალაქის იდენტიფიცირების პასუხებს.სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, როგორც სტიქიის ეპიცენტრში – კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ასევე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში, ამასთან, გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე. პრევენციის მიზნით გლოლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მდინარე ჭანჭახის აუზის შენაკადებში კალაპოტის წმენდა, აღდგენილია წყალმომარაგების სისტემა სოფელ გლოლაში“, – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

“კონტრიერიში რთულად მიმდინარეობს, თუმცა ყოველდღიურად წინ მივიწევთ” – ოლექსი დანილოვი

უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, კონტრიერიში რთულად მიმდინარეობს, თუმცა უკრაინული ჯარი ყოველდღიურად წინ მიიწევს.

მისივე თქმით, კონტრიერიში დადგენილი გეგმის თანახმად მიმდინარეობს და ეს ძალიან რთული ოპერაციაა.

„თუ ვინმეს ეგონა, რომ კონტრიერიში რაღაც მარტივი გასეირნებაა და დასახული მიზნების მიღწევა – ყველა ტერიტორიის გათავისუფლება ძალიან ადვილია, გაითვალისწინეთ, რომ მოწინააღმდეგე ძლიერია. წინსვლა არის ისეთი, როგორიც შეიძლება იყოს იმ პირობებში, რომ ჩვენ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ჩვენი სამხედროების სიცოცხლეს“, – აცხადებს დანილოვი.

საბერძნეთში ტყის ხანძრების გაჩენის ბრალდებით, 79 ადამიანი დააკავეს

საბერძნეთში ტყის ხანძრების გაჩენის ბრალდებით. 79 ადამიანი დააკავეს. სამოქალაქო დაცვის მინისტრის, ვასილის კიკილიასის თქმით, ათენიდან ჩრდილო-დასავლეთით, პარნიტას მთაზე ხანძრის ახალი კერების გაჩენის რამდენიმე მცდელობა იყო. ცეცხლის გაჩენის შემთხვევებს საბერძნეთის პოლიცია და სადაზვერვო სამსახური იძიებენ.

„თქვენ ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადიხართ. ცეცხლის წამკიდებელი არამზადები აჩენენ ცეცხლს, რომელიც ემუქრება ტყეებს, საკუთრებას და რაც მთავარია, ადამიანების სიცოცხლეს. თქვენ ეს არ შეგრჩებათ. ჩვენ გიპოვით და პასუხს გაგებინებთ“, – განაცხადა კიკილიასმა საგანგებო ბრიფინგზე.

საბერძნეთში ხანძრის ასობით კერაა. სტიქიას მიმდინარე კვირაში ქვეყანაში 20 ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლის ჩაქრობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ასობით მეხანძრეა ჩართული.

თიბისის მხარდაჭერით 𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐯𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐆𝐢𝐫𝐥𝐬 Sakartvelo 𝟐𝟎𝟐𝟑-ის ტექნოლოგიური ბანაკი გაიმართა

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით და ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით, საერთაშორისო პროექტ Technovation Girls Sakartvelo 2023-ის მონაწილე გოგონებისთვის, კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, ტექნოლოგიური ბანაკი ჩატარდა. 17-24 აგვისტოს, ბანაკს, მთელი საქართველოდან, მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით, 150 მოსწავლე ორ ეტაპად სტუმრობდნენ.

ბანაკის მონაწილე გოგონებმა, მენტორებთან ერთად, მოისმინეს ალტე უნივერსიტეტის პროფესორებისა და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლების მიერ ჩატარებული საინტერესო ლექციები კლიმატის ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, დემოკრატიული საზოგადოების ტექნოლოგიების და მეწარმეობის შესახებ. მათ ასევე გაიარეს ელექტრონიკის, პროგრამირებისა და ხელოვნური ინტელექტის ვორქშოფები და მონაწილეობა მიიღეს სახალისო STEM თამაშებში.

𝗧𝗲𝗰𝗵𝗻𝗼𝘃𝗮𝘁𝗶𝗼𝗻 𝗚𝗶𝗿𝗹𝘀 საერთაშორისო პროექტია, რომელშიც უკვე 17 წელია, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგო იღებს მონაწილეობას და გულისხმობს მათ მომზადებას პროგრამირებასა და მეწარმეობაში, კონკრეტული პრობლემების გადაჭრის ტექნოლოგიური გზის საპოვნელად. 2022-2023 წელს პროგრამა საქართველოში ხორციელდება ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის მხარდაჭერით. წელს პროგრამის ფარგლებში ტექნოლოგიური პროექტები შექმნა 249 გოგომ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან წარდგენილი ფარისა და ცაგერის საჯარო სკოლების გოგონებისგან შემდგარი გუნდი – TSFE Technical Support for Earth, პროექტით: Smart Light, წელს პირველად გახდა ევროპის რეგიონის გამარჯვებული. ხოლო, საქართველომ კი დასრულებული პროექტების რაოდენობით, მსოფლიო მასშტაბით მე-10 ადგილი დაიკავა.

გამარჯვებული გუნდის წევრებს თიბისისგან საჩუქრად გადაეცათ კომპიუტერული ტექნიკა.

თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა, რომელიც ათასობით ახალგაზრდისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს. თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, 𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐯𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐆𝐢𝐫𝐥𝐬 Sakartvelo 𝟐𝟎𝟐𝟑-ის მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, ახალგაზრდა თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას.

R