“სხდომიდან სხდომამდე პერფორმანსებს ხვეწთ” – გიორგი ტყემალაძე ოპოზიციონერ დეპუტატს

95
spot_img

თბილისის საკრებულოში, სადაც დედაქალაქში დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით, სხდომა მიმდინარეობს, ოპოზიცია ითხოვს, რომ გარკვეული პროექტები არ განხორციელდეს.

“შეაყარე კედელს ცერცვი”- ეს არის თქვენი მმართველობის ცენტრალური გამოვლინება. ეს სისტემა, ეს კედელი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინგრეს. ჩვენი სიტყვები ასე აბუჩად ასაგდები თუ არის, ამას ძალიან მალე ხალხი გაჩვენებთ”, – მიმართა საკრებულოს უმრავლესობის წევრებს პარტია “ხალხისთვის” წარმომადგენელმა ნინო წულაძემ.

“სხდომიდან სხდომამდე პერფორმანსებს ხვეწთ”, – უპასუხა წულაძეს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ.

ამასთან, ტყემალაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები უმეტეს შემთხვევაში არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულნი და ხშირად პოზიციას ამ კონტექსტში გამოხატავენ.

თბილისის საკრებულოში სხდომაზე დეპუტატები დედაქალაქში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებს განიხილავენ, რომელთაგან ხუთს ოპოზიცია ეწინააღმდეგება. პროექტებს შორისაა “ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობა, ალექსიძის ქუჩაზე, King David-ის მიმდებარედ 40-სართულიანი შენობის პროექტი, ჭავჭავაძის გამზირზე მულტიფუნქციური სასტუმრო-ცათამბჯენის და დიდ დიღომში, ახალი უბნის მშენებლობის საკითხი.