„პრიგოჟინი „ჯოჯოხეთში“ გაიგზავნა, მაგრამ ვინ გასცა ბრძანება?“ – The Spectator

178
spot_img

„ევგენი პრიგოჟინის გვამი ჯერ არავის უნახავს, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ იგი სადმე გამოჩნდეს პარიკით და მიწებებული წვერ-ულვაშით – იმ ფოტოსურათების მსგავსად, რომლებიც რუსულმა სპეცსამსახურებმა სანქტ-პეტერბურში, „ვაგნერის“ შენობის ჩხრეკის დროს იპოვეს. ამბობენ, მას რამდენიმე ორეული ჰყავსო, მაგრამ ზუსტად ვერავინ დაასკვნის – ორეული დაიღუპა თუ თვითონ ევგენი პრიგოჟინი. მოკლედ, თუ ვივარაუდებთ, რომ იგი ძალადობრივად არის მოკლული (რასაც ბევრი უწინასწარმეტყველებდა მას შემდეგ, რაც ტანკები მოსკოვისაკენ გაგზავნა), ჩნდება კითხვა – ვინ გასცა მისი მოკვლის ბრძანება – თვითონ ვლადიმერ პუტინმა თუ რომელიმემ პრეზიდენტის ახლოს შეკრებილი მრავალრიცხოვანი მეტოქეებიდან?“, – წერს პოლიტმიმომხილველი პოლ ვუდი ბრიტანული ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „პრიგოჟინი „ჯოჯოხეთში“ გაიგზავნა, მაგრამ ვინ გასცა ბრძანება?“, რომელშიც განხილულია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის მკვლელობის მოტივები.

გთავაზობთ ამონარიდებს:

„ის, რაც მოხდა, „ვაგნერის“ მეთაურის ისეთ დასჯას წარმოადგენს, რომლის დაკვეთა მხოლოდ ვლადიმერ პუტინს შეეძლო: „ასე მოუვა ყველას, ვინც კი პრეზიდენტს წინააღმდეგობას გაუწევს“. მაგრამ მარატ გაბიდულინი, რომელიც ადრე ევგენი პრიგოჟინის თანაშემწე იყო და შემდეგ, როცა მან ბოსი გააკრიტიკა, იძულებული გახდა საფრანგეთში გაქცეულიყო – სიკვდილის შიშით, ამაში დარწმუნებული არ არის. იგი ფიქრობს, რომ მომხდარ ფაქტში თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ხელი ურევია: „პრიგოჟინის მკვლელობით აფრიკაში რუსეთის ინტერესებს ზიანი მიადგა, იგი გამოცდილი პიროვნება იყო და საქმის ორგანიზებას ვერავინ ისე ვეღარ გააკეთებს, როგორც ქვეყნის ინტერესებს ჭირდება. ჩემი აზრით, ვლადიმერ პუტინს ევგენი პრიგოჟინის ასეთი დასასრული არ უნდოდა. ეს ყველაფერი სერგეი შოიგუს ინიციატივას უფრო ჰგავს, ვიდრე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. პრიგოჟინი საჯაროდ ეწინააღმდეგებოდა შოიგუს და მინისტრის ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით მის სიძეს, რომელიც უკრაინაში შეჭრას არ იწონებდა, [უცენზურო] სიტყვებით ლანძღავდა“, – ამბობს მარატ გაბიდულინი.

მართლაცდა, ევგენი პრიგოჟინს უამრავი მტერი ჰყავდა. ინტერვიუში, რომელშიც მან სერგეი შოიგუ არასასიამოვნო გამონათქვამებით „შეამკო“, იგი გადასწვდა სერგეი ლავროვსაც და „მოსკოვური ელიტის“ სხვა წარმომადგენლებსაც: „თქვენი ასე და ისე (…), საკუთარ შვილებს რომ საზღვარგარეთ მალავთ და რიგითი რუსების შვილებს ომში აგზავნით“. ბრიტანული დაზვერვის Mi-6-ის ერთ-ერთმა გადამდგარმა ოფიცერმა, რომელიც ახლა რუსეთის საკითხებში კერძო კონსულტანტია, მითხრა, რომ ჯერ კიდევ ამბოხებამდე ცდილობდნენ შეთქმულება მოეწყოთ ევგენი პროგოჟინის მკვლელობის მიზნით – ზოგი ცალკე მოქმედებდა, ზოგიც ერთობლივად.

შესაძლოა, ვლადიმერ პუტინს ბრძანების გაცემა არც ჭირდებოდა – ყველამ იცოდა, რაც უნდა გაკეთებულიყო და, სავარაუდოდ, იმედოვნებდნენ, რომ პრიგოჟინის მოკვლის გამო პრეზიდენტი კმაყოფილი იქნებოდა. ამ დღეებში ვესაუბრე კიდევ ერთ ნაცნობს, ყოფილ „ეფესბეშნიკს“, რომელმაც მითხრა, რომ პუტინის სასახლის კარზე საქმე სწორედ ასე კეთდება ხოლმე: „როგორც კი ბოსი რაღაცას მიანიშნებს ან რომელიმე წინადადებას დაეთანხმება (თავს დაუქნევს), ყველა ერთმანეთს ასწრებს შესრულებას იმ იმედით, რომ სამომავლოდ ჯილდოდ რაღაცას მიიღებს“.

ევგენი პრიგოჟინის მკვლელობა გარდაუვალად ჩანდა იმ მომენტიდან, როცა მას ვლადიმერ პუტინმა ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გამოსვლისას „სამშობლოს გამყიდველი და მოღალატე“ უწოდა (იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, თუ რით დასრულდებოდა ამბოხება). ბოლოსდაბოლოს, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთში მოღალატეებს მხოლოდ ერთი ბედი აქვთ. ვლადიმერ პუტინმა ერთხელ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში მშვიდად თქვა, რომ მას ადამიანისათვის ყველაფრის პატიება შეუძლია, მოღალატეობის გარდა. მოგვიანებით, როცა პრეზიდენტმა ევგენი პრიგოჟინი „შეიწყალა“, დაიწყეს ლაპარაკი, რომ ვლადიმერ პუტინის გავლენა დასუსტდა და ასე ამიტომ მოიქცაო, ანუ შეიქმნა ასეთი სიტუაცია: სანამ „ვაგნერის“ მეამბოხე მეთაური სიცოცხლეს აგრძელებდა და სუნთქავდა, მანამდე პუტინის ავტორიტეტი შელახული იქნებოდა. გარკვეული დროის განმავლობაში პუტინი იძულებული იყო ანგარიში გაეწია შიდა და გარეშე ფაქტორებისთვის: მან ევგენი პრიგოჟინი კრემლშიც კი მიიწვია და შეხვდა….

ცხადია, ევგენი პრიგოჟინსაც, თავის მხრივ, კარგად ეცოდინებოდა, რომ როცა შეწყალებისათვის მადლობის ნიშნად მბრძანებლის ხელებს კოცნი, უკნიდან რაღაც ცუდს უნდა ელოდე. გავიხსენოთ, რომ ომის 18 თვის განმავლობაში პრეზიდენტის რამდენიმე კრიტიკოსი ზოგი სახლის ფანჯრიდან გადმოვარდა და „უბედური შემთხვევის“ გამო გარდაიცვალა, ზოგიერთი კი ისეთი „გულის შეტევით“, რაც მას ადრე არ ჰქონია. ამიტომაც ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის კატასტროფაში (ერთ-ერთი სანდო ვერსიით, Embraer Legacy 600 რუსეთის არმიის სარაკეტო ქვედანყოფიდან გასროლილი რაკეტით ჩამოაგდეს) მოულოდნელი არაფერი არ არის – ეს მიუთითებს იმ დრამატულ, საჯარო და უშეცდომო მინიშნებაზე, რომ ადრე თუ გვიან, მართლაც ასე დაემართება ყოველს, ვინც კი პრეზიდენტს დუელში გამოიწვევს.

(…)
რამდენად შეიძლება პრიგოჟინი დარწმუნებული ყოფილიყო, რომ იგი რუსეთში ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ხელს ვერ ახლებდნენ? განა იგი ამდენად ბრიყვი იქნებოდა? თუმცა, რომ დავუკვირდეთ, ხანდახან მის გამონათქვამებშიც იგრძნობოდა, რომ იგი კარგად ხვდებოდა თავისი დასასრულის მოახლოებას. „ვაგნერის“ ლიდერი არ იყო ისეთი კაცი, რომელიც საწოლში სიკვდილს აპირებდა. „უმჯობესია მოკვდე გმირად, ვიდრე „პედიკივით“ იცხოვრო“, „ჩვენ, ალბათ, ყველანი ჯოჯოხეთში მოვხვდებით, მაგრამ იქაც მაგრები და საუკეთესოები ვიქნებით“, – ამბობდა ევგენი პრიგოჟინი ინტერვიუებში.

(…)
„ვაგნერის“ მომხრეთა მუქარები ტელეგრამ-არხებში – „ასე და ასე ვიზამთ, შურს ვიძიებთო“ – სერიოზულად არ აღიქმება იმ რეალობის ფონზე, როცა ცნობილია – „ვინც პუტინზე მახვილს აღმართავს, ის იმავე მახვილით მოკვდება“. უბრალოდ, ყველამ უნდა გაითვალისწინოს პუტინისავე „რკინის ლოგიკა“ საკუთარ მოქმედებაში: „თუ რაიმეს გაკეთება გინდა, საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო, ანუ თუ მეფის მოკვლა გინდა, იგი კი არ უნდა დაჭრა, არამედ მართლაც უნდა მოკლა. თუ თქვენ მოსკოვისაკენ მარშით სვლა გადაწყვიტეთ, არ უნდა გაჩერდეთ“.

წყარო