Home Blog Page 1690

წელს საქართველოში 658 მარიამი დაიბადა

წელს საქართველოში 658 მარიამი დაიბადა. ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 118 453 მარიამი. ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მარიამი არამეული წარმოშობის სახელია და რამდენიმე მნიშვნელობა აქვს.

„შეუპოვარი“, „დაუმორჩილებელი“, „უარმყოფელი“, „მწარე“, „ქალბატონი“, „საყვარელი უფლისა“, რომელთაგან ყველაზე სარწმუნო პირველია.

ზელენსკი 2024 წელს არჩევნების ჩატარების პირობებს ასახელებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას სურს 2024 წელს უკრაინაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, მაგრამ ეს მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, პარტნიორებისგან დაფინანსების მიღებასა და საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის ფრონტის ხაზზე.

მანამდე “რესპუბლიკელმა” სენატორმა, ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ ომის მიუხედავად, უკრაინაში არჩევნები 2024 წელს უნდა ჩატარდეს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მშვიდობიან პერიოდში ქვეყანასში არჩევნების ჩატარება დაახლოებით 135 მილიონი დოლარი დაჯდა.

“არ ვიცი, ომის დროს რამდენია საჭირო. ამიტომ [სენატორ გრემს] ვუთხარი, რომ თუ აშშ და ევროპა ფინანსურ დახმარებას გაუწევენ, [მაშინ უკრაინა არჩევნებს გამართავს]”, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ დასავლეთს, პირველ რიგში ევროპას, მოუწევს 7 მილიონი უკრაინელი ლტოლვილისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობის უზრუნველყოფა, რადგან უკრაინას ასეთი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები არ აქვს, ხოლო ლტოლვილებისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა არ შეიძლება.

აღსანიშნავია, რომ საომარი მდგომარეობის პირობებში უკრაინაში არჩევნები ვერ ჩატარდება.

“ვიდრე უკრაინა არ გახდება ნატო-ს წევრი, ევროპა უსაფრთხო ადგილი ვერ იქნება”

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ვიდრე უკრაინა არ გახდება ნატო-ს წევრი, ევროპა უსაფრთხო ადგილი ვერ იქნება.

აღნიშნული განცხადება დმიტრო კულებამ ჩეხეთში ამ ქვეყნის ელჩებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე მოუწოდა ჩეხ დიპლომატებს, გააქტიურონ ერთობლივი მუშაობა ნატოს ვაშინგტონის სამიტის წინ.

„ნატოს ვაშინგტონის სამიტის წინ ერთობლივი და უკომპრომისო მუშაობა გველის. ასევე ვთავაზობთ ჩეხეთს, სლოვაკეთს, ბალტიის ქვეყნებს, პოლონეთს, რუმინეთს, ბულგარეთს და მოლდოვას შეუდგნენ დიპლომატიური ძალისხმევის ფართო კოორდინირებას აფრიკაში”, – განაცხადა კულებამ.

“რუსეთისთვის საქართველოს ტერიტორიები არის სტრატეგიული მნიშვნელობის, ამ რეალობაში სწორად მოქცევაა საჭირო” – გია ვოლსკი

რუსეთისთვის ეს (საქართველოს) ტერიტორიები არის სტრატეგიული მნიშვნელობის, ამ რეალობაში სწორად მოქცევაა საჭირო და არა რაღაც ბრტყელ- ბრტყელი განცხადებები,- ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებებს.

ვოლსკი აცხადებს, რომ მედვედევი 2008 წლის ომამდეც იმუქრებოდა და მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს, რომ რუსეთის სტრატეგიული გეგმების შესასრულებლად “დგამდა ნაბიჯებს”.

“მედვედევი ომის დაწყების წინა პერიოდში აკეთებდა ასეთივე მუქარის განცხადებებს, აშშ და ევროკავშირი სააკაშვილს ურჩევდა განევითარებინა სამოქმედო გეგმა, რომელიც მათთან ერთად იყო შემუშავებული, რომელიც სააკაშვილმა დაარღვია და მედვედევის მუქარაც რეალობად იქცა. ეს არის ფაქტი. ამას მოჰყვა ის, რომ ხელი მოაწერეს რუსეთის მართებულობას ამ ომში. დღეს ეს მუქარა ძალაშია, რუსეთისთვის ეს ტერიტორიები არის სტრატეგიული მნიშვნელობის, რათა თავის დიდ ბრძოლაში დაუპირისპირდეს იმ დიდ ძალას, რომლის წიაღშიც ჩვენა ვართ და რაც კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული. ეს არის რეალობა და ამ რეალობაში სწორად მოქცევაა საჭირო და არა რაღაც ბრტყელ- ბრტყელი განცხადებები. მუდმივად 2006 წლიდან სააკაშვილი ინტენსიურად დგამდა ნაბიჯებს რათა რუსეთს თავის სტრატეგიული გეგმები აესრულებინა საქართველოში.

მედვედევი იმუქრება, ამ მუქარას აქვს გარკვეული მიზანი და ამ მიზნის შესასრულებლად „ნაცმოძრაობის” საქმიანობა არის ზედგამოჭრილი, იყო ზედგამოჭრილი და მომავალშიც ასე აპირებენ გაგრძელებას, როგორც ჩანს. მედვედევმა და მიშამ დაურეკესთქო ერთმანეთს, ამას არ ვამბობ, მე ვამბობ, რომ არის რუსეთის სტრატეგიული ინტერესები, რომელიც დაძაბული სიტუაციის, დაპირისპირების რეჟიმის შენარჩუნებას ითვალისწინებს, რათა თავის უპირატესობა არ დაკარგონ ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლის თვალსაზრისით, იგივე ინტერესი, დაძაბულობის შენარჩუნების და დესტაბილიზაციის, აქვს “ნაცმოძრაობას”, სხვადასხვა მიზნით, მაგრამ მათი პოლიტიკური სტრატეგია ერთმანეთს ემთხვევა, ფაქტია,”- განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკი გამოეხმაურა ასევე მედვედევის განცხადებას, რომლის თანახმად, “ქართული კულტურა მსოფლიოში რუსული კულტურის ნაწილად აღიქმება”.

“საქართველო იმით გამორჩევა, რომ აქ თავს იყრიდა დასავლეთის, აღმოსავლეთის, მათ შორის, რუსული კულტურა, სპარსული, ებრაული, ევროპული კულტურა და არასდროს ამას ერთმანეთთან დაპირისპირება არ ჰქონია. საქართველოც სწორედ თავის ინტელექტუალური რესურსით გამამდიდრებელია იმ კულტურის, რომელიც დღეს რუსეთსაც გააჩნია, ევროპასაც და ბევრ ქვეყანაში იგრძნობა ეს სინერგია, საქართველოშიც კულტურათა ერთობლიობა არის გამორჩეული. ნურავინ იტყვის, რომ საქართველოს კულტურაში რაღაც წვლილი შეიტანა ისე, რომ საქართველომ არაფერი არ მისცა მსოფლიოს და თუნდაც რუსეთს,”- განაცხადა ვოლსკიმ.

“ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება” – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირის შესაძლო გაფართოება 2030 წლისთვის მოხდება. „ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება“ ,- განაცხადა მან სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე.

„გასულ ივნისში ჩვენ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი (ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით) უკრაინასა და მოლდოვას. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როცა საჭირო ნაბიჯებს გადადგამს. ასე რომ, ახლა გაფართოება აღარ არის ოცნება. დროა წინ წავიწიოთ“, – აღნიშნა მიშელმა.

მისივე განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის.

“ახალგაზრდებო, ვიღაცის მონები არ იყოთ, ფულს არ უყუროთ, ეს რუსი იქნება, ევროპელი, ჩინელი, ამერიკელი თუ ნებისმიერი”

ახალგაზრდებო, იზრდებით და ვიღაცის მონები არ იყოთ, ფულს არ უყუროთ, რომ ვიღაც მეტს მოგცემთ, ეს რუსი იქნება, ევროპელი თუ სხვა, ჩინელი, ამერიკელი, თურქი თუ ნებისმიერი, – ასე მიმართა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას ახალგაზრდებს.

მან საზღვარგარეთ წასვლასა და უცხოეთის მხრიდან დახმარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდები „პავლიკა მოროზოვებად“ არ უნდა იქცნენ.

„ჩვენი ქვეყანა ავაშენოთ ძლიერი, დამოუკიდებელი, თავისუფლების ღირსებით სავსე. ისე, რომ ჩვენი ღირსება დაინახონ და „პავლიკა მოროზოვებად“ არ გვიყურონ. ჩემთვის ისინი, ვინც უცხოეთში დარბიან, სხვა შორის, სახელებსაც მეუბნებიან, ამერიკელები არიან თუ ევროპელები, სამარცხვინოდ რომ იქცევიან ჩვენები, პავლიკა მოროზოვი იცით, რომ იდეოლოგიის მსხვერპლი იყო და ესენიც რაღაც იდეოლოგიის მსხვერპლი არიან“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, როცა უცხოელი ხედავს, რომ დასახმარებლად მასთან გარბიხარ, ის სხვაგვარად გიყურებს.

„შენს ქვეყანაში არ გინდა, რომ შენ გადაწყვიტო, მიდიხარ და ეუბნები, მოდი, დამეხმარე ხელისუფლებაში მოვიდეო. დემოკრატიის შუქურა ვიქნები, ის ვიქნები და ეს ვიქნებიო, როგორ შეგხედავს ის? რა თქმა უნდა, შაქარყინულსაც გაჭმევს, სხვა რაღაცას გამოგიწოდებს, ფულითაც დაგაფინანსებს, მაგრამ ვინ ხარ მისთვის? რაც საბჭოთა კავშირში „პავლიკა მოროზოვი“ იყო, იცოდეთ, რომ უცხოელებისთვის აბსოლუტურად იგივე ხართ. თქვენი ბრალი არ არის, ასე რომ იქცევით. საქართველოში არის 2 კატეგორიის ადამიანი, ბევრად მცირე არიან ის ადამიანები, რომლებიც მონები არიან და ვითომ სხვების თავისუფლებისთვის იბრძვიან. შენ თუ თავისუფლების და დამოუკიდებლობის ფასი იცი, ვინ ეკითხება უცხოელს რომ მითხრას, „ასე და ისე“ იცხოვრეო. მან როგორ უნდა მითხრას, ვინც თვითონ ვერ ცხოვრობს? რომელი ქვეყანაა წელში გამართული? თუმცა, მათშიც შეიძლება არჩევანი გააკეთო. ქართველები ისე ვართ, ღმერთის გარდა პატრონი არავინ გვყავს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

როგორც მან ქადაგებისას აღნიშნა, საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს იმას, რაც რუსეთმა ძალით წაართვა. მეუფე იაკობმა, ასევე, სიცრუე უწოდა ბრალდებებს, თითქოს რუსეთს უჭერს მხარს.

„არავის მოვახდევინებთ შიგნით არეულობას, საკმაოდ დიდი ძალა გვაქვს. იმ დღეს ვქადაგებდი, გამოდიან უსინდისოდ და ამბობენ, რუსეთს უჭერს მხარსო. როგორ შეიძლება რუსეთს მხარი დავუჭირო? თან ამას ლაპარაკობენ ის ტელევიზიები, ვინც დღესაც რუსულ ფულს იღებენ. თავიდანვე ზოგიერთი რუსის აგენტი იყო, ვინც დღეს იმ ტელევიზიებშია. თუ ძალიან დააინტერესებთ, შემიძლია ხმამაღლა ვამხილო. არ ვურჩევ, რომ ასეთ რამეში დაგვიპირისპირდნენ. ჩემთვის არაფერს წარმოადგენს ევროპიდან მეტყვიან, ამერიკიდან, რუსეთიდან თუ აქ მეტყვის ვიღაც, რას ამბობ მასზეო. წესიერად მოიქცნენ და არავისზე არაფერს ვიტყვი. შემიტევენ და თვითონ დამარცხდებიან“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ლიეტუვა ბელარუსთან საზღვარზე კიდევ ორი გამშვები ​​პუნქტის დახურვას გეგმავს

ლიეტუვის მთავრობა ბელარუსის საზღვარზე კიდევ ორი ​​გამშვები პუნქტის დახურვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრზე, აგნე ბილოტაიტეზე დაყრდნობით ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო წამოაყენებს წინადადებას კიდევ ორი ​​საგუშაგოს დახურვის შესახებ. ეს არის ლავორიშკესა და რაიგარდის სასაზღვრო პუნქტები“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, კიდევ ორი ​​საგუშაგოს დახურვის გადაწყვეტილება საზღვარზე კონტრაბანდის რაოდენობის შემცირებისა და თანამშრომლების სხვა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე გაგზავნის მიზნით მიიღეს.

შეგახსენებთ, 18 აგვისტოდან ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარზე ექვსი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ორი დროებით დახურა.

ამასთან, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ კრიტიკული ინციდენტის“ შემთხვევაში ბელარუსთან საზღვარი მთლიანად დაიკეტება.

 “საპენსიო ფონდი თაღლითური სქემაა” – სანდრო რაქვიაშვილი

ხმაური რომ ატყდა, მერე გაახსენდათ, რომ კანონი აქვთ პირველი მოსმენით მიღებული, რომელიც საპენსიო პორტფელების არჩევის 2028 წლამდე ვადის გახანგრძლივებას ეხება – მთელი ამბავი ისაა, რომ თუ გაუვიდოდათ, იმ კანონს აღარ აამოქმედებდნენ, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს, რომლის თანახმად, საპენსიო დანაზოგის ბენეფიციარებისთვის პორტფელების არჩევის ვადა გახანგრძლივდება და ყველა ბენეფიციარი, 6 სექტემბრის ნაცვლად, 2028 წლის იანვრამდე დაბალრისკიან პორტფელში ავტომატურად დარჩება.

რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ ზოგადად საპენსიო ფონდი თაღლითური სქემაა და თუკი მას მოსახლეობა გააპროტესტებს, შესაძლებელია ფონდიდან საკუთარი თანხების ნაწილი მაინც დაიბრუნოს.

რაც შეეხება პორტფელების არჩევასთან დაკავშირებით საპენსიო ფონდში გამართულ ბრიფინგს, რაქვიაშვილი აცხადებს, რომ გაუგებარია, რატომ გაიმართა ბრიფინგი მაშინ, როცა პირველი მოსმენით მიღებულია კანონპროექტი, რომლითაც პორტფელების არჩევის ვადად 2028 წელია განსაზღვრული. დეპუტატი მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ, გეგმა იყო, ცვლილება, რომელიც პორტფელების არჩევის ვადის 2028 წლამდე გახანგრძლივებას ეხება, აღარ აემოქმედებინათ, თუმცა, ატეხილი ხმაურის გამო, ეს აღარ გამოუვიდათ.

„საპენსიო ფონდი არის ერთი დიდი თაღლითური სქემა, რომელიც გასაუქმებელია. იმის მთავარი ნიშანი, რომ ეს თაღლითური სქემაა, არის ის, რომ სავალდებულოა. ეს იმას ნიშნავს, მთავრობას, საპენსიო ფონდს იმედი არ აქვს, მოსახლეობას დაარწმუნებს, რომ ამ ფონდში ყოფნა მომგებიანია. ამიტომ იმის ნაცვლად, ადამიანს არჩევანი მისცეს, აიძულებს ფონდში ფულის შეტანას. მერე ეს ფული ან ბანკებშია, ან ისევ მთავრობაში ბრუნდება ვალის სახით, ახლა კიდევ უნდოდათ სხვადასხვა მიმართულებით დაეხარჯათ. საბოლოო ჯამში, ეს არის მოსახლეობის დაბეგვრის კიდევ ერთი ნაირსახეობა. ამის ნეგატიურ მხარეს შედეგის სახით გვიან დავინახავთ, იქამდე შეიძლება ათწლეული გავიდეს. ამიტომ პოლიტიკურად ძალიან მომგებიანია – ახლა ბეგრავ და პრობლემას შემდეგ მთავრობებს უტოვებ.

უბრალოდ, ახლა, რადგან მორიგი ნაბიჯი, რომ ეს ფული სწრაფად დაეხარჯათ გაუგებარი მიზნებისთვის, არ გამოუვიდათ და ხმაური ატყდა, გაახსენდათ, რომ კანონი აქვთ მიღებული (პირველი მოსმენით), რომლითაც 2028 წლამდე პორტფელების არჩევა გადავადდება, თუმცა, ამ კანონის არსებობის თაობაზე საპენსიო ფონდში იცოდნენ და გაუგებარია, რა ბრიფინგებს აწყობდნენ?!

ამ კანონპროექტზე როცა პირველი მოსმენისას ვსაუბრობდით, „ქართული ოცნება“ ხედავდა, რომ პოტენციურად ძალიან დამაზიანებელია საარჩევნოდ ასეთი ცვლილებები, ამიტომ გადაწყვიტეს 2028 წლამდე გადაევადებინათ. მიუხედავად იმისა, რომ საქმის კურსში იყო ყველა, საპენსიო ფონდმა გააკეთა ის, რაც გააკეთა. მთელი ამბავი მე მგონი, ის იყო, რომ თუ ამის გაკეთება ჩუმად გაუვიდოდათ, მაშინ იმ კანონს აღარ აამოქმედებდნენ, ჩუმად არ გამოუვიდათ ამის გაკეთება, ხმაური ატყდა და გაახსენდათ, რომ კანონი აქვთ მიღებული და თქვეს, არაფერი ხდება, 28 წლისთვის გადავადდებაო.

შესაბამისად, თუ მოსახლეობა აქტიური იქნება, თეორიულად შესაძლებელია ამ ფულის დაბრუნება. მთლიანის დაბრუნება შეუძლებელი იქნება, რადგან ეს ფული დახარჯულია, მაგრამ მომავალში არ დაიბეგრება ხალხი და დაგროვებულის ნაწილს მაინც დაიბრუნებს,“ – განაცხადა რაქვიაშვილმა.

შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსთან, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ოთარ ქურციკიძის განცხადებით, შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსთან, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება.

ქურციკიძის განმარტებით, გადაადგილების შეზღუდვები ხევის კალაპოტისკენ დაწესდება, რომელიც, როგორც სასულიერო პირებს, ასევე, ტურისტებს შეეხებათ. მისივე თქმით, უახლოეს საათებში, ჩამოშლილი მიწის მასის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება.

„ყველაფერი დაკვირვების პროცესშია. რა თქმა უნდა, კვლევა გაგრძელდება. ვაკვირდებით, შესაბამისად, უსაფრთხოების კუთხით ღონისძიებებს ადგილობრივი მერიის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. დაცლის საშიშროება ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის, უბრალოდ, გარკვეული შეზღუდვა უნდა მოხდეს იმ ტერიტორიაზე, სადაც ხევი ჩამოდის და სწრაფად უნდა დაიწყოს გაწმენდითი სამუშაოები“, – განაცხადა ქურციკიძემ.

“უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება” – მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება და ყველამ უნდა გაიგოს, რომ თუ უკრაინას არ დაეხმარებიან, მაშინ რუსეთი უკრაინაში ან მოლდოვაში არ გაჩერდება.

მოლდოვის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ უკრაინას მალე მეტი მხარდაჭერა ექნება, რათა ქვეყანამ თავისი ტერიტორიები დაიბრუნოს და „ჩვენ ამ გიჟური ომის დასასრული ვნახოთ“.

შეგახსენებთ, მოლდოვა დღეს დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს აღნიშნავს. ქვეყანა უკრაინას ესაზღვრება და რუსეთთან სერიოზული დაძაბულობა აქვს, განსაკუთრებით პრორუსულ სეპარატისტულ დნესტრისპირეთის ტერიტორიასთან დაკავშირებით, სადაც რუსული ჯარები არიან განლაგებული.

“თუ მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს, რომ მასთან მივიდე და ვაზიარო ან სხვა საიდუმლო შევასრულო, მზად ვარ” – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მზად არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ ნებისმიერ დროს მოინახულოს, თუ მას ამის სურვილი ექნება.

მისივე თქმით, ის ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრების დროს პოლიტიკურ საკითხებს არ განიხილავს.

„ჩემი ძირითადი ურთიერთობა, მისი შინაარსი იყო საეკლესიო საიდუმლოების შესრულება მასთან და არავითარი პოლიტიკური საკითხების განხილვა არ ხდებოდა. [კიდევ როდის შევხვდები], მთლიანად მასზეა დამოკიდებული და როგორც კი მოითხოვს, რომ მე მასთან მივიდე და ვაზიარო, თუ სხვა საიდუმლო შევასრულო, მე მზად ვარ.

[რაც შეეხება მოსკოვში წასვლას], დარწმუნებული ვარ, მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ღრმად მოაზროვნე ადამიანია და მარტო ყურმოკვრით გაგონილს არავითარ შემთხვევაში ყურადღებას არ მიაქცევს. ვფიქრობ, რომ თუ რაიმე შეკითხვები ექნებოდა, მკითხავდა, იმიტომ, რომ მე ადრეც დავდიოდი მოსკოვში, ადრეც აღმივლენია წირვა პატრიარქთან ერთად და მან ეს ყველაფერი მშვენივრად იცოდა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

“ეს ომი დამთავრდება როცა ამას ამერიკა და რუსეთი გადაწყვეტენ” – მეუფე იაკობი რუსეთ-უკრაინის ომზე

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა. მეუფე იაკობმა ქადაგებისას, რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ომი მალე დასრულდება.

„მოვა დრო და უკრაინის ომი დამთავრდება. პირდაპირ გეტყვით, ამას კაცობრიობის განადგურება არ მოჰყვება, მაგრამ ამ ომში გამარჯვებული ევროპის მხრიდან არ მგონია რომ ვინმე იყოს. რუსეთის დამარცხება რომ უნდოდეთ, ალბათ სხვა ძალისხმევას დაატანდნენ და არც გაუჭირდებოდათ. აქ დამარცხებაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია ერთმანეთის გამოფიტვაზე. ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს დამთავრდება და მორჩება – უფრო დიდი მიზანი ხომ არ არის და უფრო სხვაგან ხომ არ შეიძლება მერე კიდევ ველოდოთ რაღაცას. იმედია, ეს ომი დამთავრდება როცა ამას ამერიკა და რუსეთი გადაწყვეტენ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.