“რუსეთისთვის საქართველოს ტერიტორიები არის სტრატეგიული მნიშვნელობის, ამ რეალობაში სწორად მოქცევაა საჭირო” – გია ვოლსკი

109
spot_img

რუსეთისთვის ეს (საქართველოს) ტერიტორიები არის სტრატეგიული მნიშვნელობის, ამ რეალობაში სწორად მოქცევაა საჭირო და არა რაღაც ბრტყელ- ბრტყელი განცხადებები,- ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებებს.

ვოლსკი აცხადებს, რომ მედვედევი 2008 წლის ომამდეც იმუქრებოდა და მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს, რომ რუსეთის სტრატეგიული გეგმების შესასრულებლად “დგამდა ნაბიჯებს”.

“მედვედევი ომის დაწყების წინა პერიოდში აკეთებდა ასეთივე მუქარის განცხადებებს, აშშ და ევროკავშირი სააკაშვილს ურჩევდა განევითარებინა სამოქმედო გეგმა, რომელიც მათთან ერთად იყო შემუშავებული, რომელიც სააკაშვილმა დაარღვია და მედვედევის მუქარაც რეალობად იქცა. ეს არის ფაქტი. ამას მოჰყვა ის, რომ ხელი მოაწერეს რუსეთის მართებულობას ამ ომში. დღეს ეს მუქარა ძალაშია, რუსეთისთვის ეს ტერიტორიები არის სტრატეგიული მნიშვნელობის, რათა თავის დიდ ბრძოლაში დაუპირისპირდეს იმ დიდ ძალას, რომლის წიაღშიც ჩვენა ვართ და რაც კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული. ეს არის რეალობა და ამ რეალობაში სწორად მოქცევაა საჭირო და არა რაღაც ბრტყელ- ბრტყელი განცხადებები. მუდმივად 2006 წლიდან სააკაშვილი ინტენსიურად დგამდა ნაბიჯებს რათა რუსეთს თავის სტრატეგიული გეგმები აესრულებინა საქართველოში.

მედვედევი იმუქრება, ამ მუქარას აქვს გარკვეული მიზანი და ამ მიზნის შესასრულებლად „ნაცმოძრაობის” საქმიანობა არის ზედგამოჭრილი, იყო ზედგამოჭრილი და მომავალშიც ასე აპირებენ გაგრძელებას, როგორც ჩანს. მედვედევმა და მიშამ დაურეკესთქო ერთმანეთს, ამას არ ვამბობ, მე ვამბობ, რომ არის რუსეთის სტრატეგიული ინტერესები, რომელიც დაძაბული სიტუაციის, დაპირისპირების რეჟიმის შენარჩუნებას ითვალისწინებს, რათა თავის უპირატესობა არ დაკარგონ ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლის თვალსაზრისით, იგივე ინტერესი, დაძაბულობის შენარჩუნების და დესტაბილიზაციის, აქვს “ნაცმოძრაობას”, სხვადასხვა მიზნით, მაგრამ მათი პოლიტიკური სტრატეგია ერთმანეთს ემთხვევა, ფაქტია,”- განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკი გამოეხმაურა ასევე მედვედევის განცხადებას, რომლის თანახმად, “ქართული კულტურა მსოფლიოში რუსული კულტურის ნაწილად აღიქმება”.

“საქართველო იმით გამორჩევა, რომ აქ თავს იყრიდა დასავლეთის, აღმოსავლეთის, მათ შორის, რუსული კულტურა, სპარსული, ებრაული, ევროპული კულტურა და არასდროს ამას ერთმანეთთან დაპირისპირება არ ჰქონია. საქართველოც სწორედ თავის ინტელექტუალური რესურსით გამამდიდრებელია იმ კულტურის, რომელიც დღეს რუსეთსაც გააჩნია, ევროპასაც და ბევრ ქვეყანაში იგრძნობა ეს სინერგია, საქართველოშიც კულტურათა ერთობლიობა არის გამორჩეული. ნურავინ იტყვის, რომ საქართველოს კულტურაში რაღაც წვლილი შეიტანა ისე, რომ საქართველომ არაფერი არ მისცა მსოფლიოს და თუნდაც რუსეთს,”- განაცხადა ვოლსკიმ.