Home Blog Page 1688

“ვერ დავუშვებთ, რომ ეს ომი კიდევ 500 დღეს გაგრძელდეს”-ჯეიმს კლევერლი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებით, მსოფლიო ვერ დაუშვებს უკრაინაში მიმდინარე ომის გაჭიანურებას და მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.

„ვერ დავუშვებთ, რომ ეს ომი კიდევ 500 დღეს გაგრძელდეს. პრეზიდენტ ზელენსკის ათპუნქტიანმა გეგმამ წინსვლის გზა აჩვენა. უკრაინას მშვიდობა სურს. ჩვენ გვინდა მშვიდობა. მთელ მსოფლიოს სურს მშვიდობა”, – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნიუ-იორკში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა არის ის, რაც საერთაშორისო საზოგადოებას სურს და რუსეთმა ეს არჩევანი დღესვე უნდა გააკეთოს უკრაინიდან მთელი თავისი ჯარის გაყვანით.

„ბატონო პუტინო, დააბრუნეთ თქვენი ჯარები შინ, დაასრულეთ ეს ომი ახლავე“, – აღნიშნა კლევერლიმ.

კანადაში ტყის ხანძრების შედეგად 10 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა

კანადაში ტყის ხანძრების შედეგად 10 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა, რაც ისლანდიის ფართობის ტოლია, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ხანძარს ორი მეხანძრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ზაფხულის დარჩენილ პერიოდში შენარჩუნება.

ხანძრების გამო, 120 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა, შეფერხდა ნავთობისა და გაზის წარმოება ალბერტაში. კანადის ტყის პროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელმა, დერეკ ნაიბორმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ხანძრების გამო ქარხნები დროებით დაიხურა.

ყველაზე რთული მდგომარეობაა კანადის დასავლეთში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, სადაც ასობით ხანძარი მძვინვარებს. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს გვალვა. პროვინციაში ხანძართან ბრძოლაში კანადელ მეხანძრეებს ავსტრალიელი, ამერიკელი, მექსიკელი და ახალი ზელანდიელი მეხანძრეებიც ეხმარებიან. კანადის სატყეო სამსახურის ჩრდილოეთ სატყეო ცენტრის გენერალური დირექტორის, მაიკლ ნორტონის განცხადებით, მიმდინარე ხანძრის სეზონის დასაძლევად საჭიროა საერთაშორისო მხარდაჭერის უპრეცედენტო დონე.

“აშშ გააგრძელებს მუშაობას უკრაინიდან მარცვლეულის გატანის უზრუნველსაყოფად”- ჯონ კირბი

აშშ, სხვა ქვეყნებთან ერთად, გააგრძელებს მუშაობას უკრაინიდან მარცვლეულის გატანის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლა “არაკეთილსინდისიერ” ნაბიჯად შეაფასა და განაცხადა, რომ შეთანხმება რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს.

„იმედი მაქვს, რომ ამას ყველა ქვეყანა ყურადღებით ადევნებს თვალს. დაინახავენ, რომ რუსეთი პასუხისმგებელია საკვების იმ ადამიანებისთვის მიწოდებაზე უარის თქმაზე, რომლებსაც ეს უკიდურესად სჭირდებათ მთელ მსოფლიოში და ფასების ზრდის ხელშეწყობაზე იმ დროს, როდესაც ბევრ ქვეყანაში ძალიან მძიმე ინფლაციაა“, – განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, უკრაინელები, აშშ და სხვა ქვეყნები ეძებენ, არსებობს თუ არა სხვა ვარიანტები შავი ზღვის გავლით ბაზარზე მარცვლეულის უსაფრთხოდ ტრანზიტისთვის, როგორიცაა სარკინიგზო და საავტომობილო, მაგრამ, მისი თქმით, ალტერნატივების მოძიებაში არსებობს გამოწვევები.

„გამოწვევა ასეთია: თუ რუსეთი დაასრულებს ამ ინიციატივას და აგზავნის მესიჯს, რომ მარცვლეული და სხვა საკვები პროდუქტები ვერ დატოვებს უკრაინას შეუფერხებლად, ვფიქრობ, ეს საშინელ გავლენას მოახდენს მათ გატანაზე, თუნდაც სხვა ვარიანტები იყოს. სხვა ქვეყნები, კომპანიები, გადამზიდველები და ა.შ., ძალიან შეშფოთებულები იქნებიან იმით, თუ რა მოუვა მათ გემებს და მათ პერსონალს, თუ რუსეთი ეწინააღმდეგება უკრაინიდან საკვები პროდუქტების ნებისმიერ ექსპორტს“, – აღნიშნა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, რუსეთის ხელისუფლებამ გუშინ განაცხადა, რომ მოსკოვი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას ტოვებს.

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს საინტერესო შეხვედრები გელით, ამიტომ სახლიდან გადით და ეცადეთ, დრო აქტიურად გაატაროთ. გირჩევთ, მნიშვნელოვან საკითხების გადაჭრას მეტი დრო დაუთმოთ და ნებისმიერ რთულ სიტუაციაში დადებითი მხარე დაინახოთ. ახალი პროექტების დასაწყებად არახელსაყრელი დროა, რამდენიმე დღე უნდა დაიცადოთ.

კურო

მთელი ყურადღება ფინანსური საკითხების მოგვარებისკენ უნდა გადაიტანოთ. იმ საქმით უნდა დაიწყეთ, რომელიც ყველაზე მეტ შემოსავალს მოგიტანთ. გადაწყვეტილებების მიღების დროს ინტუიციას უნდა ენდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მშვენიერ შანსს დაკარგავთ. დღის მეორე ნახევარში მეგობრებთან შეხვედრა და საუბარი გაგახალისებთ.

ტყუპები

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ყურადღება მოიკრიფეთ, რომ მოულოდნელად გაჩენილი შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა და თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზები გელით. შეიძლება გეგმების შეცვლა და ისეთი საქმეების კეთება მოგიწიოთ, რაც კარგად არ გამოგდით.

კირჩხიბი

თუ პრინციპულობას გამოიჩენთ და არ იზარმაცებთ, შეიძლება კარგი შემოსავალი მიიღოთ, რაც ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. ახალი პროექტის დაწყებისთვის ხელსაყრელი დღეა, თუმცა საქმის ბოლომდე მისაყვანად მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ, გარშემომყოფების დახმარების იმედი ნუ გექნებათ.

ლომი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე მშვიდად გაატაროთ. სერიოზული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება სხვა დროისთვის უნდა გადაიტანოთ და მთელი ყურადღება პირადი საკითხების მოგვარებას დაუთმოთ. მხოლოდ ის აკეთეთ, რაც ნამდვილად სიხარულს მოგანიჭებთ.

ქალწული

ამ დღეს გარშემო მყოფთა დახმარება მხოლოდ ხელს შეგიშლით, ამიტომ მოემზადეთ, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის დამოუკიდებლად მოგვარება მოგიწევთ. ამ დღეს სასიხარულო ამბავს გაიგებთ, რაც ძალას შეგმატებთ. დაძაბულობის მოსახსნელად შეგიძლიათ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს შეხვდეთ და გული გადაუშალოთ.

სასწორი

კოლეგებთან განყენებულ თემებზე საუბარი ორმხრივად სასარგებლო იქნება – ურთიერთობებს გააძლიერებთ და საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ. ვარსკვლავების მხარდაჭერით შეიძლება რთულ ვითარებაშიც კი სარგებელი მიიღოთ და საქმე თქვენს სასიკეთოდ შეატრიალოთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა ფინანსური ოპერაციებისთვის. შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყარო ან ფულის დაზოგვის საშუალება აღმოაჩინოთ. გირჩევთ საყვარელ ადამიანებს საკუთარ გრძნობებსა და განცდებზე გულწრფელად ესაუბროთ – ისინი გაგიგებენ და მხარს დაგიჭერენ.

მშვილდოსანი

მენეჯმენტთან ურთიერთობაში სირთულეები გელით, მაგრამ სურვილის შემთხვევაში ყველასთვის სასარგებლო გამოსავალს იპოვით. არ გაუშვათ შანსი, რომელსაც ბედი აუცილებლად შემოგთავაზებთ. ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება და საინტერესო შემოთავაზებებს დაეთანხმეთ.

თხის რქა

ოცნებებში დაფრინავთ და ყურადღების კონცენტრირებას ვერ ახერხებთ, რაც მუშაობაში ხელს გიშლით. ეცადეთ, ურთიერთობები შეზღუდოთ და მარტოობაში მეტი დრო გაატაროთ, რომ დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით ახლობელი ადამიანი არ გაანაწყენოთ.

მერწყული

თქვენს სამუშაო მაგიდაზე ყოველდღიური, წვრილმანის საქმეები საკმაოდ დაგროვდა და დროა, მათგან გათავისუფლდეთ. ამ დღეს გუნდური მუშაობა ნაყოფიერი იქნება, ამიტომ შეგიძლიათ დახმარება კოლეგებს სთხოვოთ. მათთან ურთიერთობამ შეიძლება მომავალი პროექტებისთვის საინტერესო იდეები მოგაწოდოთ. გირჩევთ საღამოს ფიზიკური მუშაობით დაკავდეთ – ეს სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

თევზები

გირჩევთ, გაღვიძებისთანავე სამოქმედო გეგმა შეადგინოთ – ასე ბევრი საქმის მოსწრებას შეძლებთ და დროს უქმად არ დაკარგავთ. ამ დღეს თავს ძალიან დაუცველად გრძნობთ, ამიტომ დღეს განსაკუთრებით მოერიდეთ აგრესიულ და ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან კონტაქტს. ახალი ნაცნობობა შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს.

 

18 ივლისს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

18 ივლისს თბილისის რამდენიმე რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ – ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის, თაყაიშვილის და ლანდიას ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიქელაძის და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების X, XI კვარტლების, ჩარგლის, აბაის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის I კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ალუბლების, სულაქველიძის, მეველეს, გუდარეხის, ნადარეიშვილის, დოდაშვილის და სახალხოს ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), სანდრო ეულის, ანჯაფარიძის და ავთო ვარაზის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ორი თვის წინ წყნარ ოკეანეში დაკარგული ავსტრალიელი მეზღვაური და მისი ძაღლი იპოვეს

ორი თვის წინ დაკარგული ავსტრალიელი მეზღვაური და მისი ძაღლი წყნარ ოკეანეში იპოვეს.

ისინი ამ ხნის განმავლობაში უმი თევზით იკვებებოდნენ და წვიმის წყლის სვამდნენ.

ექიმების თქმით მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.

სიდნეის მკვიდრმა, 51 წლის ტიმ შადოკმა ძაღლთან ერთად აპრილში მექსიკიდან საფრანგეთის პოლინეზიისკენ გაცურა, რა დროსაც ძლიერმა ქარიშხალმა მისი ნავი დააზიანა და ის წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში აღმოჩნდა.

„მძიმე განსაცდელი გამოვიარე ზღვაში. უბრალოდ დასვენება და კარგი კვება მჭირდება, რადგან დიდი ხნის განმავლობაში მარტო ვიყავი ზღვაში. სხვა მხრივ, ძალიან ჯანმრთელად ვარ“. – ამბობს მეზღვაური ინტერვიუში.

” ჩვენ ხომ ვიცით ეს რისთვის გამოიტანეს?! მოწამვლაზე ჰქონდათ პირდაპირ აქცენტი”- მაია ნიკოლეიშვილი

მიკვირს პარლამენტარებისა და პოლიტიკოსების უვიცობა და უსინდისობა, რასაც ვხედავ პოლონელი ექიმების სკანდალის შეფასებებში. კანონმდებლებს წარმოდგენა არ აქვთ იმ კანონებზე, რომელიც საქართველოში მოქმედებს. სააკაშვილის დედა რასაც ამბობს გასაგებია, ყველაფერს გაამართლებს, მაგრამ კანონმდებელი რომ გქვია და ამ ამბავზე ამბობ – „რა მოხდა, რა არის განსაკუთრებული?!“, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა „იმედინიუსთან“ განაცხადა.

„როდესაც პატიმარი მოჰყავთ კლინიკაში კონკრეტული კვლევის ჩასატარებლად და ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად, მე მას ხელს არ ვართმევ, ახლოს არ ვეკარები, მივესალმები და ვზივარ იქ, სადაც ბადრაგია და გამორიცხულია თუნდაც ცალკე დაველაპარაკო. ეს წესია ასეთი. ციხეში როცა შედიხარ გჩხრეკენ, გამოდიხარ და გჩხრეკენ. იქიდან თუნდაც ერთი ნაგლეჯი ფურცელი გამოიტანო, ერთი სიტყვაც რომ ეწეროს, ეს უკვე არის დანაშაული. ეს დაუშვებელია. მითუმეტეს ფრჩხილის ან თმის გამოტანა დაუშვებელია. ჩვენ ხომ ვიცით ეს რისთვის გამოიტანეს?! მოწამვლაზე ჰქონდათ პირდაპირ აქცენტი. მათ დაარღვიეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები.

ექსპერტის თქმით, ნიმუშის აღებასა და ტრანსპორტირებას თავისი წესი აქვს.

„პატიმრის ოთახიდან თუ რამე გამოგაქვს, ეს არის სერიოზული კანონდარღვევა, რაც ისჯება. ნებისმიერ ქართველ ადვოკატს, ექსპერტს ან ექიმს რომ ეს გაეკეთებინა დღეს უკვე ციხეში იჯდებოდა და სამართლიანად იქნებოდა დასჯილი. პოლონეთში ნებისმიერ ქართველ ან პოლონელ ექიმს, ადვოკატს თუ ექსპერტს ეს რომ გამოეტანა ჩუმად და არაოფიციალურად, რა თქმა უნდა, ციხეში იჯდებოდა. ეს ყველგან დასჯადია. წინდაში შენახვის ჩვევა მაქვსო, პატარა ბავშვები და იდიოტები ხომ არ ვართ?! შენ შეხვედი პატიმართან, იცი პასუხისმგებლობა და იცი, რომ იქიდან არაფერი უნდა გამოიტანო უნებართვოდ. როდესაც ამას არღვევ ეს არის დანაშაული. რა მიზნით მიგქონდა ამას მნიშვნელობა არ აქვს. უსირცხვილო ტოქსიკოლოგები ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი მოწამლულია. თან ჩააგდეს რადიოაქტიური ნივთიერებების თემა. პოლიტიკურ საკითხებში ძალიან უყვართ პოლონიუმი, მოდაშია და უკავშირებენ რატომღაც რუსებს. პოლონიუმზე ყველას აქვს წვდომა და რუსების ხელწერა რატომ ჰგონიათ არ ვიცი. სააკაშვილი არ არის წმინდანი, რომ მისი წმინდა ნაწილები აეღოთ სალოცავად. რა თქმა უნდა, ერთხელ ჩაშლილი მოწამვლის გეგმა მეორდებოდა ახლაც“, – აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

მისი განცხადებით, აღებული ნიმუშების მალულად გამოტანა იმ გეგმის გაგრძელებაა, რომელიც ამერიკელებს არ გამოუვიდათ.

„ოფიციალურად იყო აღებული ნიმუშები და არაოფიციალურად გაჰქონდათ. როდესაც გაქვს თმისა და ფრჩხილის ნიმუში, ძალიან მარტივია მასზე მანიპულაციის ჩატარება, ანუ დატანა ნებისმიერი ნივთიერების. ეს არის იმ გეგმის გაგრძელება, რომელიც ამერიკელებს არ გამოუვიდათ“, – განმარტა მაია ნიკოლეიშვილმა.

“ყველა მზადაა, გააგრძელოს მარცვლეულის მიწოდება”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ, შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის მიუხედავად, მარცვლეულის ექსპორტი გაგრძელდება.

ამის შესახებ ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში, რომელსაც მისი პრესმდივანი აქვეყნებს.

„ჩვენ გვქონდა ორი შეთანხმება: უკრაინა, თურქეთი, გაერო; მეორე შეთანხმება: რუსეთი, თურქეთი, გაერო. ამიტომ როდესაც რუსეთი ამბობს, რომ აჩერებს შეთანხმებას, ის არღვევს შეთანხმებას გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან და არა ჩვენთან. ჩვენ მათთან არანაირი შეთანხმება არ გვქონდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ზელენსკის განმარტებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, მოამზადოს „ოფიციალური სიგნალი“ გაერო-სა და თურქეთისთვის, რათა მათ უპასუხონ უკრაინის პრეზიდენტს, რომ მზად არიან, გააგრძელონ ინიციატივა.

„რუსეთის გარეშეც კი საჭიროა ყველაფრის გაკეთება, რათა შევძლოთ შავი ზღვის დერეფნით სარგებლობა. ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ მოგვმართეს ხომალდების მფლობელმა კომპანიებმა. მათ თქვეს, რომ მზად არიან, თუ უკრაინა გამოუშვებს ტვირთს, ხოლო თურქეთი მას გაატარებს – ყველა მზადაა, გააგრძელოს მარცვლეულის მიწოდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

“სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ნიმუშის აღებას ხედავდა, მაგრამ გატანის მცდელობის ფაქტზე ჯერჯერობით ვერ გეტყვით”- რატი ბრეგაძე

პოლონელი ექიმის ქცევა იყო როგორც ეთიკურ, ასევე სამედიცინო-სამართლებრივ ნორმებთან სრულიად შეუსაბამო და გაუგებარი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტებმა რატი ბრეგაძეს კითხვა დაუსვეს: „კადრები ნანახი გაქვთ, ხედავდა თუ არა სააკაშვილი, რომ მისი ნიმუშების მოპარვა ხდებოდა, თუ ეს ყველაფერი მისგან მალულად მოხდა?“ რაზეც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ გარკვეულ დეტალებზე საუბარი შეგნებულად არ სურს.

„მე რა დავინახე, ამას არ აქვს თქვენთვის არსებითი მნიშვნელობა. მე რომ მდომოდა ამის შესახებ საუბარი და მდომოდა, ეს ინფორმაცია გამხდარიყო საჯარო, მაშინ ჩვენ ვაჩვენებდით კადრებს, ამის არავითარი პრობლემა არ არის. აქ იყო ნიმუშის აღების პროცესი და ხედავდა თუ არა მსჯავრდებული სააკაშვილი კონკრეტულად ამ ნიმუშის აღებას, რა თქმა უნდა, ხედავდა, მაგრამ გატანის მცდელობის ფაქტზე ამ ეტაპზე ჯერჯერობით ვერ გეტყვით“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე თქმით, პოლონელმა ექიმმა ნამდვილად დაადასტურა, რომ წინდის მეშვეობით ცდილობდა მსჯავრდებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის გატანას.

„არ მინდა დეტალებზე საუბარი, რა სახის ნიმუში იყო. ეს იყო სამედიცინო პროცედურა და დეტალებში არ შევალ. თუმცა, რა შეიძლებოდა, განთავსებულიყო ხელსახოცში და ჩატეულიყო წინდაში, ალბათ უჩემოდაც მიხვდებით. ჩვენ დავრჩით ჩვენ მიერ გაცემული პირობის ერთგული, თუმცა მეორე მხრიდან, სამწუხაროდ, ვიხილეთ სრულიად გაუგონარი ქმედება, რაც არ ჯდება არცერთ ეთიკურ და სამართლებრივ ნორმაში. შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება, დაკავშირებული იყოს სხვა ექიმების შესვლასთან, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ ბევრად უფრო დეტალურად იქნება ამიერიდან განხილული.

ამასთან, კონკრეტულ ექიმს რაც შეეხება, თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენ მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინიტროს, რომ მოესმინათ პოლონეთის საელჩოდან მიეღოთ ინფორმაცია. როგორც იცით, დღეს იმყოფებოდა საელჩოს წარმომადგენელი საქართველოს საგარეო სამინისტროში და შემდგომში როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, პოლონელი დიპლომატი არ არის ინფორმირებული ექიმის ამგვარი ქცევის მიზეზების შესახებ, რაც კიდევ უფრო მეტად გაუგებარს და ბუნდოვანს ხდის პოლონელი ექიმის მსგავს ქცევას“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძის თქმით, გამოძიების დაწყებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი ორგანო, იმ შემთხვევაში, თუ საჭირო იქნება.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას. პენიტენციურმა სამსახურმა ინციდენტის ამსახველი კადრებიც გაავრცელა.

ამასთან, გუშინ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი.

პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

“ხერსონის ოლქში ხუთკილომეტრიანი საავტომობილო საცობია”- რუსული მედია

ხერსონის ოლქში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხუთ-კილომეტრიანი საავტომობილო საცობია.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც იუწყებიან, ტურისტები ცდილობენ დატოვონ ყირიმი და მელიტოპოლის მიმართულებით გადაადგილდნენ. ამის გამო ჯანოკოე-მელიტოპოლის მარშრუტზე გააუქმეს კომენდანტის საათი. დონეცკის ოლქის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა თქმით, ეს ნაბიჯი გადადგეს, რათა ტურისტებს ამ ტერიტორიის გავლით რუსეთში ჩასვლის საშუალება მისცენ.

ამასთან, რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია იუწყება, რომ ყირიმში ტურების მასობრივი გაუქმება არ შეინიშნება, თუმცა ტურისტების ნაწილი უახლოეს დღეების ჯავშნებს აუქმებს.

რუსული მედიის ცნობით, ტურისტული ავტობუსებისთვის ღიაა საბორნე გადასასვლელი და ასევე არსებობს ჰიბრიდული მარშრუტი, რომელიც გულისხმობს ელექტრომატარებლით მგზავრობასაც.

გუშინ ღამით ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა. შედეგად ხიდზე შეწყვეტილი იყო საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა.

ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლასა და ძალადობაში ბრალდებულს 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ბათუმში ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტ სალომე ბოკუჩავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლასა და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 – ლარიან გირაოს სთავაზობდა, რაც სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

შუა ხნის ქალს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 154-ე მუხლებით ედავება.

თავად ბრალდებული აცხადებს, რომ დაკისრებულ გირაოს გადახდას ვერ შეძლებს და დანაშაულს აცნობიერებს.

“მომხდარიდან მეორე დღეს ჟურნალისტის ნახვა მინდოდა, რომ ბოდიში მომეხადა. გამწარებული ვარ ასეთი სამარცხვინო ფაქტის გამო, მამა-შვილს შორის. ბავშვი თავშესაფარშია არ მანახებენ.

ბავშვის დედა იძახის ჩემთან არ უშვებდაო, რაც სიცრუეა. ერთხელ მოვიდა და დაბადების დღე ან ახალი წელი თუ მოულოცა. გაუპატიურების ფაქტი რომ მცოდნოდა, ჩემი ხელით მოვკლავდი. ტყუილია…. მე რომ ასეთი ფაქტი მცოდნოდა, იქვე დავაჭერინებდი. მომხდარის შემდეგ ჩემი შვილი არ შემხმიანებია. წარმოდგენა არ მაქვს მის პოზიცია, ეს ამბავი რომ მოხდა, ბავშვს ვთხოვე “ხოფაზე” საყიდლებზე წასვლა. ბავშვმა დაიგვიანა საღამოს და ვთხოვე შვილს რომ შვილიშვილი მოეძებნა, წავიდა საძებნელად, მეგონა ჩემმა შვილმა სადღაც იჩხუბა, ფაქტი პოლიციაში გავიგე. ამ ფაქტის ირგვლივ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა”, – განაცხადა 13 წლის მოზარდის ბებიამ.

ცნობისთვის, საქმე ეხება ბათუმში რამდენიმე დღის წინ 13 წლის მოზარდის გაუპატიურების ფაქტს, რის გამოც სამართალდამცავებმა მოზარდის მამა დააკავეს. მამის მომხდარის გამო, „ფორმულას“ ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა ადგილზე მივიდა და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, მას 13 წლის არასრულწლოვანის ბებია, გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცის დედა ფიზიკურად გაუსწორდა, რის გამოც შუა ხნის ქალს ბრალი წარუდგინეს.

“მივმართავ პოლონეთს, საგანგებო კონტროლი დააწესოს დალუქული ნიმუშების გახსნის პროცესზე”- გია ვოლსკი

ნიმუშების ჩანაცვლების ეჭვი როცა ჩნდება, უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ ოფიციალურ ნიმუშებსაც გარკვეული საფრთხე ემუქრება, მივმართავ პოლონეთს, საგანგებო კონტროლი დააწესოს დალუქული ნიმუშების გახსნის და ლაბორატორიაში ჩაბარების პროცესზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი კლინიკა „ვივამედში“ 14 ივლისს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

„ერთადერთი, რაზეც შეიძლება ვიფიქროთ, არის ის, რომ პოლონელ ექიმს ე.წ. მარცხენა ეგზემპლიარები ჰქონოდა, რათა ჩაენაცვლებინა ის, რაც ოფიციალურად აიღეს და გადაეცათ ლაბორატორიისთვის. რასაკვირველია, ნიმუშების ოფიციალური გადაცემა საკმაოდ სერიოზულ კონტროლს ექვემდებარება. როცა მისი ჩანაცვლების ეჭვი ჩნდება, უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ ოფიციალურ ნიმუშებსაც გარკვეული საფრთხე ემუქრება. მივმართავ პოლონეთს, რომ საგანგებო კონტროლი დააწესოს დალუქული ნიმუშების გახსნის და ლაბორატორიაში კანონიერად ჩაბარებულ პროცესზე. როცა პარტიზანულად აღებული ნიმუშის თემა შემოდის, რასაკვირველია, ეს იძლევა საფუძველს, რომ ამ ნიმუშების გაყალბების წინაპირობა იქმნებოდა. პოლონელმა ექიმმა წარმოუდგენელი აქცია ჩაატარა, რაც მიუთითებს საშიშროებაზე, რომ შეიძლება, ოფიციალურად აღებული ნიმუშიც საფრთხის ქვეშ დადგეს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას. პენიტენციურმა სამსახურმა ინციდენტის ამსახველი კადრებიც გაავრცელა. ამასთან, გუშინ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი. პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.