“აშშ გააგრძელებს მუშაობას უკრაინიდან მარცვლეულის გატანის უზრუნველსაყოფად”- ჯონ კირბი

151
spot_img

აშშ, სხვა ქვეყნებთან ერთად, გააგრძელებს მუშაობას უკრაინიდან მარცვლეულის გატანის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლა “არაკეთილსინდისიერ” ნაბიჯად შეაფასა და განაცხადა, რომ შეთანხმება რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს.

„იმედი მაქვს, რომ ამას ყველა ქვეყანა ყურადღებით ადევნებს თვალს. დაინახავენ, რომ რუსეთი პასუხისმგებელია საკვების იმ ადამიანებისთვის მიწოდებაზე უარის თქმაზე, რომლებსაც ეს უკიდურესად სჭირდებათ მთელ მსოფლიოში და ფასების ზრდის ხელშეწყობაზე იმ დროს, როდესაც ბევრ ქვეყანაში ძალიან მძიმე ინფლაციაა“, – განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, უკრაინელები, აშშ და სხვა ქვეყნები ეძებენ, არსებობს თუ არა სხვა ვარიანტები შავი ზღვის გავლით ბაზარზე მარცვლეულის უსაფრთხოდ ტრანზიტისთვის, როგორიცაა სარკინიგზო და საავტომობილო, მაგრამ, მისი თქმით, ალტერნატივების მოძიებაში არსებობს გამოწვევები.

„გამოწვევა ასეთია: თუ რუსეთი დაასრულებს ამ ინიციატივას და აგზავნის მესიჯს, რომ მარცვლეული და სხვა საკვები პროდუქტები ვერ დატოვებს უკრაინას შეუფერხებლად, ვფიქრობ, ეს საშინელ გავლენას მოახდენს მათ გატანაზე, თუნდაც სხვა ვარიანტები იყოს. სხვა ქვეყნები, კომპანიები, გადამზიდველები და ა.შ., ძალიან შეშფოთებულები იქნებიან იმით, თუ რა მოუვა მათ გემებს და მათ პერსონალს, თუ რუსეთი ეწინააღმდეგება უკრაინიდან საკვები პროდუქტების ნებისმიერ ექსპორტს“, – აღნიშნა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, რუსეთის ხელისუფლებამ გუშინ განაცხადა, რომ მოსკოვი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას ტოვებს.