” ჩვენ ხომ ვიცით ეს რისთვის გამოიტანეს?! მოწამვლაზე ჰქონდათ პირდაპირ აქცენტი”- მაია ნიკოლეიშვილი

691
spot_img

მიკვირს პარლამენტარებისა და პოლიტიკოსების უვიცობა და უსინდისობა, რასაც ვხედავ პოლონელი ექიმების სკანდალის შეფასებებში. კანონმდებლებს წარმოდგენა არ აქვთ იმ კანონებზე, რომელიც საქართველოში მოქმედებს. სააკაშვილის დედა რასაც ამბობს გასაგებია, ყველაფერს გაამართლებს, მაგრამ კანონმდებელი რომ გქვია და ამ ამბავზე ამბობ – „რა მოხდა, რა არის განსაკუთრებული?!“, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა „იმედინიუსთან“ განაცხადა.

„როდესაც პატიმარი მოჰყავთ კლინიკაში კონკრეტული კვლევის ჩასატარებლად და ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად, მე მას ხელს არ ვართმევ, ახლოს არ ვეკარები, მივესალმები და ვზივარ იქ, სადაც ბადრაგია და გამორიცხულია თუნდაც ცალკე დაველაპარაკო. ეს წესია ასეთი. ციხეში როცა შედიხარ გჩხრეკენ, გამოდიხარ და გჩხრეკენ. იქიდან თუნდაც ერთი ნაგლეჯი ფურცელი გამოიტანო, ერთი სიტყვაც რომ ეწეროს, ეს უკვე არის დანაშაული. ეს დაუშვებელია. მითუმეტეს ფრჩხილის ან თმის გამოტანა დაუშვებელია. ჩვენ ხომ ვიცით ეს რისთვის გამოიტანეს?! მოწამვლაზე ჰქონდათ პირდაპირ აქცენტი. მათ დაარღვიეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები.

ექსპერტის თქმით, ნიმუშის აღებასა და ტრანსპორტირებას თავისი წესი აქვს.

„პატიმრის ოთახიდან თუ რამე გამოგაქვს, ეს არის სერიოზული კანონდარღვევა, რაც ისჯება. ნებისმიერ ქართველ ადვოკატს, ექსპერტს ან ექიმს რომ ეს გაეკეთებინა დღეს უკვე ციხეში იჯდებოდა და სამართლიანად იქნებოდა დასჯილი. პოლონეთში ნებისმიერ ქართველ ან პოლონელ ექიმს, ადვოკატს თუ ექსპერტს ეს რომ გამოეტანა ჩუმად და არაოფიციალურად, რა თქმა უნდა, ციხეში იჯდებოდა. ეს ყველგან დასჯადია. წინდაში შენახვის ჩვევა მაქვსო, პატარა ბავშვები და იდიოტები ხომ არ ვართ?! შენ შეხვედი პატიმართან, იცი პასუხისმგებლობა და იცი, რომ იქიდან არაფერი უნდა გამოიტანო უნებართვოდ. როდესაც ამას არღვევ ეს არის დანაშაული. რა მიზნით მიგქონდა ამას მნიშვნელობა არ აქვს. უსირცხვილო ტოქსიკოლოგები ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი მოწამლულია. თან ჩააგდეს რადიოაქტიური ნივთიერებების თემა. პოლიტიკურ საკითხებში ძალიან უყვართ პოლონიუმი, მოდაშია და უკავშირებენ რატომღაც რუსებს. პოლონიუმზე ყველას აქვს წვდომა და რუსების ხელწერა რატომ ჰგონიათ არ ვიცი. სააკაშვილი არ არის წმინდანი, რომ მისი წმინდა ნაწილები აეღოთ სალოცავად. რა თქმა უნდა, ერთხელ ჩაშლილი მოწამვლის გეგმა მეორდებოდა ახლაც“, – აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

მისი განცხადებით, აღებული ნიმუშების მალულად გამოტანა იმ გეგმის გაგრძელებაა, რომელიც ამერიკელებს არ გამოუვიდათ.

„ოფიციალურად იყო აღებული ნიმუშები და არაოფიციალურად გაჰქონდათ. როდესაც გაქვს თმისა და ფრჩხილის ნიმუში, ძალიან მარტივია მასზე მანიპულაციის ჩატარება, ანუ დატანა ნებისმიერი ნივთიერების. ეს არის იმ გეგმის გაგრძელება, რომელიც ამერიკელებს არ გამოუვიდათ“, – განმარტა მაია ნიკოლეიშვილმა.