Home Blog Page 1682

ახალი პენიტენციური კოდექსი ძალაში შევიდა

ახალი პენიტენციური კოდექსი ძალაშია.

2024 წლის პირვეელი იანვრიდან “პენიტენციური კოდექსი“ ამოქმედდა, რომლის საფუძველზეც ბრალდებულს ხანგრძლივი პაემნის უფლება ენიჭება.

მას აგრეთვე სხვადასხვა სახის მხარდამჭერ პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობა ექნება.

განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს ვიდეოპაემნის უფლება ენიჭება. მსჯავრდებულს ენიჭება პაემნის გარე სამყაროსთან ურთიერთობის სხვა ფორმით ჩანაცვლების შესაძლებლობა (ხანმოკლე პაემანი – ვიდეოპაემანი, ხანგრძლივი პაემანი – ხანმოკლე პაემანი, ვიდეოპაემანი ან სატელეფონო საუბარი, საოჯახო პაემანი – ხანმოკლე პაემანი, ვიდეოპაემანი ან სატელეფონო საუბარი). ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო ხდება. ამჟამად დადგენილი სატელეფონო საუბრების მაქსიმალური რაოდენობა და ხანგრძლივობა მინიმალურ რაოდენობად/ხანგრძლივობად გარდაიქმნება. მინისტრი უფლებამოსილი იქნება სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა გაზარდოს;განსაკუთრებული გარემოების არსებობისას (ოჯახის წევრის დაბადების დღე, შვილის დაბადება და სხვ.) ბრალდებულს და მსჯავრდებულს შესაძლებელია დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლება მიენიჭოთ. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ოჯახის წევრ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ენიჭებათ ერთმანეთთან სატელეფონო საუბრის უფლება. დასაშვები იქნება მათ შორის მიმოწერაც. ყველა მსჯავრდებულს ეძლევა უმაღლესი განათლების მიღების უფლება;თანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები;გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შესაძლებელი იქნება ქალი მსჯავრდებულის განთავსებაც. ამ გზით მათზე გავრცელდება ის უფლებები, რომლებიც ამ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს აქვს. პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს სპეციალური სტატუსი ენიჭება, რაც თანამშრომელთა პირობებს ათანაბრებს და აუმჯობესებს.

მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს, ხოლო საამისო წინაპირობების არსებობისას – აგრეთვე სახელმწიფო კომპენსაციას.

შვეიცარიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

შვეიცარიის თავდაცვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 61 წლის ვიოლა ამგერდი, 2024 წლის 1 იანვრიდან ერთი წლით შვეიცარიის პრეზიდენტი გახდება.

შვეიცარიის პრეზიდენტს რეალური უფლებამოსილება არ გააჩნია. იგი არ არის სახელმწიფოს მეთაური, სახელმწიფოს კოლექტიური მეთაურის ფუნქციას ასრულებს ფედერალური საბჭო. მისი შვიდი წევრიდან თითოეული ხდება პრეზიდენტი ერთი წლის განმავლობაში როტაციის წესით.

შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წევრებს და პრეზიდენტს პარლამენტის ორივე პალატის დახურულ სხდომაზე ირჩევენ.

საზღვარგარეთ შვეიცარიის ოფიციალური წარმომადგენლობის გარდა, პრეზიდენტი უძღვება ფედერალური საბჭოს სხდომებს და შუამავლის როლს ასრულებს დავების შემთხვევაში.

საგანგებო სიტუაციებში – მაგალითად, თუ ფედერალური საბჭო გარკვეული მიზეზების გამო ვერ იკრიბება – შვეიცარიის პრეზიდენტს შეუძლია ცალმხრივი გადაწყვეტილებების მიღება ან გადაუდებელი ზომების გატარება.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალი წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ახალ წელს ვაზიანში, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მეოთხე ქვეით ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეხვდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ პირად შემადგენლობას 2024 წლის დადგომა მიულოცა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათ ოჯახებსა და საქართველოს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

​ჯარისკაცებს ახალი წელი მიულოცეს ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა.

თორნიკე შენგელია „ვირტუსის“ წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიას“ წლის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს.

ტიტულის მფლობელი კლუბის გულშემატკივრებმა ხმის მიცემით გამოავლინეს.

სეზონის მსვლელობისას შენგელია არაერთხელ გამხდარა MVP.

“ახალი წლის ღამეს ჩვენს აეროპორტებში 775 ავიატორი ხვდება და ზრუნავს უსაფრთხო ოპერირებაზე” – ირაკლი ქარქაშაძე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ ახალი წელი ავიაციაში დასაქმებულებსა და მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიულოცა, სადაც 2024 წლის პირველი რეისი მადრიდიდან შესრულდა. ირაკლი ქარქაშაძე ადგილზე გაეცნო აეროპორტის 24 საათიან უწყვეტ მუშაობას და მადლობა გადაუხადა თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც სადღესასწაულო დღეებში სამსახურებში ხვდებიან.

„ჩვენს აეროპორტებში ახალი წლის ღამეს 775 ავიატორი ხვდება და ზრუნავს უსაფრთხო ოპერირებაზე. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის იმ 90 ადამიანს, რომელიც ახალ წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით ხვდება და ულამაზებს ჩვენს მგზავრებს ამ ჯადოსნურ ღამეს. სწორედ თქვენი და თქვენი კოლეგების პასუხისმგებლობის, შრომისმოყვარეობისა და თავდადების შედეგია ის მიღწევები, რომელიც ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს.

მსურს თითოეულ თქვენგანს მივულოცო ახალი წელი და მადლობა გადავუხადო 2023 წლის მანძილზე გაწეული შრომისთვის. ეს იყო რთული, გამოწვევებით აღსავსე წელი, თუმცა ჩვენ ყველა გამოწვევას ღირსეულად გავართვით თავი. ამავე დროს, 2023 წელი იყო ისტორიული წელი ქართული კომერციული ავიაციისთვის და განსაკუთრებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტისთვის. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ისტორიული, უპრეცედენტო მგზავრთნაკადი მივიღეთ“, – განაცხადა ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა იმედი გამოთქვა, რომ 2024 წელი იქნება უფრო საინტერესო და კიდევ უფრო წარმატებული წელი ავიაციის სექტორში დასაქმებულებისთვის და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაში შევა.

იაპონიაში 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ BBC იტყობინება.

მედიის ცნობით, სტიქია ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 7,6 მაგნიტუდას აღწევდა. ნოტოსა და იშიკავას პრეფექტურაში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. ოკეანის პირას მცხოვრებ მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ტალღების სიმაღლემ შესაძლოა, 5 მეტრს მიაღწიოს. ცუნამის საფრთხე გამოცხადდა ასევე ნიიგატასა და ტოიამას პრეფექტურებშიც.

“მადლობა 2023 წელს იმ წარმატებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს ამ ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა” – კახა კალაძე

ახალ 2024 წელს თბილისი პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტით შეხვდა.

დედაქალაქის მერმა თბილისის მოსახლეობას საკონცერტო სცენიდან მიმართა და ახალი წელი მიულოცა.

„გილოცავთ 2024 წლის შემობრძანებას. მინდა მივულოცო ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. დღეს, ამ ჯადოსნურ ღამეს, მთელ მსოფლიოში ერთიანდებიან ერთი სურვილის გარშემო – მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყნებში და კეთილდღეობა ჩვენს ოჯახებში.

სულ რამდენიმე წუთის წინ გავაცილეთ 2023 წელი და მინდა, მადლობა გადავუხადო ამ წელს იმ წარმატებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს ერგო ამ ერთი წლის განმავლობაში.

რა თქმა უნდა, ყველა წარმატების უკან დგას უამრავი ადამიანის შრომა.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თავიანთი შრომით, შემოქმედებით, მიღწეული სპორტული წარმატებით და თუნდაც, ყოველდღიური, კეთილსინდისიერი პროფესიული საქმიანობით ჩვენი ქვეყანა წინ წასწია, გაალამაზა ჩვენი დედაქალაქი. არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, რომ შენი გადადგმული ნაბიჯებით აბედნიერებდე ხალხს და ქმნიდე უკეთეს გარემოს.

მინდა, ასევე მივულოცო და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს, ემსახურება თავის ქვეყანას და აქ მცხოვრებ ადამიანებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მილოცვაში ასევე ხაზი გაუსვა 2023 წლის მთავარ მიღწევას – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

„სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენმა ქვეყანამ მიიღო დამსახურებულად მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და კიდევ ერთხელ გილოცავთ, მეგობრებო. ვულოცავ სრულიად საქართველოს. ეს არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების და იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ქვია.

მინდა მივულოცო ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ემიგრაციაში იმყოფებიან და ვუსურვო დაბრუნება შინ – ევროპაში.

გილოცავთ, პირველ რიგში ჯანმრთელობას გისურვებთ. დღეგრძელობა, სიხარული, ბედნიერება არ მოგკლებოდეთ თქვენ ოჯახებთან ერთად. ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის და ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის მფარველი. 2024 წელი აუცილებლად იქნება მეტი გამარჯვების და სიხარულის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ულამაზესი დედაქალაქისთვის”, – განაცხადა კახა კალაძემ.

გალაკონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გრძელდება. ორსაათიან შთამბეჭდავ სანახაობას, სახელწოდებით „ევროპული ქალაქიდან ევროპაში” მაყურებელს ქართველი მომღერლები, გუნდები, ანსამბლები და მოცეკვავეები ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან ერთად წარუდგენენ.

 

“დარწმუნებული ვარ, 2024 წელს ერთობლივი ძალისხმევით არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას განვახორციელებთ” – გიორგი ამილახვარი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი განათლების სფეროს წარმომადგენლებსა და სრულიად საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს.

„გილოცავთ ახალ 2024 წელს! განსაკუთრებით მსურს, მივულოცო განათლების სფეროს წარმომადგენლებს, მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს, სკოლის ხელმძღვანელებს, სტუდენტებს, პროფესორებს, მეცნიერებს.

2023 მართლაც გამორჩეული წელი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. გვქონდა მრავალი წარმატება და, რაც მთავარია, გავხდით ისტორიული მოვლენის მომსწრე – საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო.

ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საქართველოს უკეთეს მომავალზე ზრუნვას და ქვეყნის სასარგებლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია განათლება, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ სწორედ განათლებული თაობა ქმნის ძლიერი ევროპული ქვეყნის შენების მყარ საფუძველს.
საქართველოს სჭირდება ახალი ხედვები, ინოვაციური იდეები – ამისთვის საჭირო ენერგია და შემართება კი სწორედ ჩვენს ახალგაზრდებშია. დარწმუნებული ვარ, 2024 წელს ერთობლივი ძალისხმევით არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას განვახორციელებთ და ჩვენს შვილებს შევუქმნით კიდევ უფრო უკეთეს გარემოს, სადაც მათ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენის შესაძლებლობა ექნებათ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, მთელი გულით გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. მჯერა, 2024 წელი იქნება განვითარების, წარმატებისა და გამარჯვების წელი თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის!“, – აცხადებს გიორგი ამილახვარი.

“გულითადად გილოცავთ 2024 წელს” – პრემიერი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საახალწლო მილოცვა:

„ძვირფასო თანამოქალაქენო, ჩემო მეგობრებო, სულ მალე დასრულდება 2023 წელი. ეს იყო მართლაც განსაკუთრებული წარმატებებისა და წინსვლის წელი ჩვენს უახლეს ისტორიაში.

მსოფლიოსათვის ასეთი ურთულესი გამოწვევების პერიოდში ჩვენ უზრუნველვყავით მშვიდობა და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ. ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების საერთო ძალისხმევის შედეგად დღეს საქართველო გამორჩეული ლიდერია მთელს მსოფლიოში ეკონომიკური წინსვლისა და დემოკრატიის თვალსაზრისით, და ამ პროცესების დაგვირგვინებად, ჩვენი ერთიანი, ღირსებასა და სიმართლეზე დაფუძნებული შრომის საუკეთესო აღიარებად იქცა ისტორიული მოვლენა – საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამ მიღწევამ, რომელსაც ჩვენს წინაპართა დიდი მემკვიდრეობა უმაგრებს ზურგს, არა მხოლოდ შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი და მისი ღირსეული ადგილი ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში, არამედ თავად ევროკავშირის ახალი კონტურები მოხაზა.

და ახლა, როდესაც საქართველო ისე ახლოსაა თავისი ეროვნული მიზნების მიღწევასთან, როგორც არასდროს, დამდეგ 2024 წელს ახალი იმედებით, მიზნებითა და ამოცანებით ვხვდებით; ვხვდებით შემართებით და მზაობით, კვლავაც თავდაუზოგავად ვიშრომოთ ამ ეროვნული მიზნების მალე მისაღწევად.

დღეს თუ რამე ჩრდილს აყენებს ჩვენს საზეიმო განწყობას, ეს არის ისრაელსა თუ უკრაინაში მიმდინარე ომები. მინდა, დამდეგ წელს მშვიდობის დამყარება ვუსურვო მოძმე ებრაელ და უკრაინელ ხალხებს.

როგორც ამბობენ, ახალი წლის ღამე ახალი სურვილების ჩაფიქრების დროა და მე დარწმუნებული ვარ, რომ რა პირადი სურვილებიც არ უნდა გვქონდეს – დიდისა თუ პატარის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, გმირი პოლიციელების, მეხანძრე-მაშველების, ჩვენი გულისხმიერი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის, განათლების, მეცნიერების, კულტურის სფეროს ღირსეული წარმომადგენლების, ჩვენი საამაყო სპორტსმენების, საჯარო მოხელეების, ვეტერანების, ფერმერებისა თუ მშენებლების და საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეთა ფიქრები განუყოფელია საქართველოსგან. ჩვენი სამშობლოს უპირობო სიყვარული არის ის, რაც გვაერთიანებს არა მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ – ჩვენს დიდ წინაპრებსა და მომავალ თაობებთან.

ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და ამ მიწაზე მცხოვრებ ყველა ხალხთან ერთად ძლიერი, ერთიანი და განვითარებული ევროპული სახელმწიფოს შენება კვლავ მხოლოდ ამ ერთიანობას უნდა დაეფუძნოს. ამიტომ თითოეული თქვენგანის როლი ამ პროცესში შეუცვლელი და უნიკალურია.

ძვირფასო მეგობრებო, გულითადად გილოცავთ დამდეგ 2024 წელს. ჩვენს სამშობლოს კიდევ უფრო მეტ წინსვლას, გაძლიერებას, გაერთიანებას, თქვენ და თქვენს ოჯახებს კი ბედნიერებას, ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“.

რუსებმა ახალი წლის ღამეს უკრაინას დრონებით შეუტიეს

1-ელი იანვრის ღამეს რუსეთმა უკრაინას დრონებით შეუტია. დარტყმები დაფიქსირდა ლვოვში, მიკოლაივსა და ოდესაში. ლვოვის მერის, ანდრეი სადოვის განცხადებით, დრონის ნამსხვრევები სამოქალაქო ობიექტს მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

“ღამით მტერმა ლვოვში ეროვნული მეხსიერების ორ ობიექტს დაარტყა: უნივერსიტეტს დუბლიანში და რომან შუხევიჩის მუზეუმს ბელოგორიაში. სიმბოლურად და ცინიკურად. ომი ჩვენი ისტორიის წინააღმდეგ”, – განაცხადა ლვოვის მერმა.

რუსულმა ძალებმა დარტყმა განახორციელეს ოდესაშიც. თავდასხმის გამო, ქალაქის სხვადასხვა რაიონში ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ სახლებში, ცეცხლი გაჩნდა მაღალსართულიან კორპუსშიც. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, ან დაღუპულა.

თბილისში, დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის დადგენილი ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ჯარიმები გამკაცრდა

დედაქალაქის საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდა, არსებული ჯარიმები კი გაიზრდა.­

2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა კანონი რომლის თანახმად, თბილისში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში – 3000 ლარის ოდენობით.ანალოგიურ შემთხვევებში, ამავე ოდენობით გაზრდილი ჯარიმა დაეკისრება პირს, რომელიც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობას ახორციელებს.აქამდე აღნიშნულ დარღვევებზე ჯარიმის ოდენობა 100-100 ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული.

ამასთან, აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება: – საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ამ დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის გადაადგილდებიან; იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლება აქვთ; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, აგრეთვე იმ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც გადაჰყავთ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები ან აღსაზრდელები; ასევე იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესითა და მის მიერვე განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ გაიცემა თანხმობა.

სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო გახდა

ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო გახდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული და პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით.

ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობამ დადგენილებით ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლები და აღნიშნულ მახასიათებლებთან მათი შესაბამისობის დადგენის წესი დაამტკიცა.

ასევე დამტკიცდა იმ ადგილებისა და გზის მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით.

შს სამინისტროს ცნობით, ზამთრის საბურავი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:

საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი.საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს:- არანაკლებ 3 მმ. − მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3);- არანაკლებ 4 მმ. − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3);საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი;საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა;ავტობუსისთვის (M3) და 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისთვის (N2, N3) დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო – ფიფქი. ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი უფლებამოსილია ზემოაღნიშნული კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დააწესოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.

მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი.მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე.- თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი დადგენილ მოთხოვნებს არ შეესაბამება, პოლიციელი უფლებამოსილი იქნება პირს დადგენილებით განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე შესვლა აუკრძალოს.- თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და ამ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, პირს შესაძლოა დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე.ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.