თბილისში, დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის დადგენილი ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ჯარიმები გამკაცრდა

204
spot_img

დედაქალაქის საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდა, არსებული ჯარიმები კი გაიზრდა.­

2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა კანონი რომლის თანახმად, თბილისში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში – 3000 ლარის ოდენობით.ანალოგიურ შემთხვევებში, ამავე ოდენობით გაზრდილი ჯარიმა დაეკისრება პირს, რომელიც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობას ახორციელებს.აქამდე აღნიშნულ დარღვევებზე ჯარიმის ოდენობა 100-100 ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული.

ამასთან, აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება: – საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ამ დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის გადაადგილდებიან; იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლება აქვთ; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, აგრეთვე იმ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც გადაჰყავთ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები ან აღსაზრდელები; ასევე იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესითა და მის მიერვე განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ გაიცემა თანხმობა.