Home Blog Page 1680

“მინდა რომ ჩემ მიერ გადახდილი გადასახადები მოხმარდეს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების ჯანმრთელობას”

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებს სოლიდარობას უცხადებს.

„ჩემი სოლიდარობა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებს, რომლებიც ასე მამაცურად და თავგანწირვით იბრძვიან საკუთარი შვილების გადასარჩენად! როგორც ერთ მოქალაქეს, მინდა რომ ჩემ მიერ გადახდილი გადასახადები მოხმარდეს ამ ბავშვების ცხოვრების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას“, – წერს ნინო ლომჯარია.

ცნობისთვის, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროსგან მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატის, Voxzogo-ს (გენერიკული დასახელებით „ვოსორიტიდი“) დაფინანსებას ითხოვენ და საპროტესტო აქციებს მართავენ.

გარდა ამისა, ისინი შეხვედრას ითხოვენ მთავრობის მეთაურ ირაკლი ღარიბაშვილთან.

“დასანანია, თუ მმართველი გუნდის პოზიცია აშშ-ს ელჩმა არასწორად გაიგო”

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ არა რომელიმე მოსამართლეს, არამედ ზოგადად, სასამართლო ხელისუფლებას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას, რომ ოთხი ადამიანის დაცვა, რომლებზეც არის სანდო ინფორმაცია კორუფციულ ქმედებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, არ არის სოლიდარობა პროფესიონალი მოსამართლეების მიმართ.

სარჯველაძის თქმით, დასანანია, თუ მმართველი გუნდის პოზიცია აშშ-ს ელჩმა არასწორად გაიგო.

„შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო სისტემა და საქართველოს სასამართლო სისტემა ცოტა განსხვავებული იყოს. შეერთებული შტატები საერთო სამართლის ქვეყნებს განეკუთვნება, კონტინენტური ევროპის სამართლებრივი სივრცის ნაწილია ქართული სასამართლო ხელისუფლება. შეიძლება, ასე მარტივი შესაფასებელი არ იყოს ელჩის გადმოსახედიდან, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ სასამართლო ხელისუფლება სხვა რაღაცას ნიშნავს და ინდივიდუალური მოსამართლის მიმართ სიმპათიის დაფიქსირება ან სოლიდარობა სხვა რამეს. ეს ყველას კარგად მოეხსენება. დასანანია, თუკი არასწორად იყო გაგებული ჩვენი პოზიცია ელჩის მიერ, მაგრამ შევეცდები ეს ყველაფერი ავხსნა. ჩვენ მხარს ვუჭერთ და სოლიდარობას ვუცხადებთ არა რომელიმე ცალკე აღებულ მოსამართლეს, არამედ ზოგადად, სასამართლო ხელისუფლებას. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პატივისცემა სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა უპირველესად პოლიტიკოსების თავშეკავებულობას, რომ მათ არ აიღონ საკუთარ თავზე სასამართლოსთან მიმართებით იმაზე მეტის უფლება, ვიდრე ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია იძლევა. პირადად ვთვლი, რომ სასამართლო ხელისუფლებაში კონკრეტულ პირთა ავკარგიანობის სამართლებრივი შეფასება და ამაზე რეაგირება, რაც არის საგამოძიებო კომისიის ფუნქცია, ძირს გამოუთხრის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. სამომავლოდ შეიქმნება ძალიან მანკიერი პრეცედენტი, სასამართლოს ხელისუფლების და თითოეული მოსამართლის თავზე ჩამოკიდებული იქნება დამოკლეს მახვილი. ეს არ იქნება კარგი სასამართლო ხელისუფლებისთვის“, – განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება კელი დეგნანის მიერ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ „ეს საკითხი ზედმიწევნით სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს“.

„იურიდიულად თუ ვიმსჯელებთ, ამას აქვს ბევრი განზომილება, მათ შორის, სისხლის სამართლის საქმეს, რაც იყო იყო „ბიბისის“ ჟურნალისტურ გამოძიებაში. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას და საგამოძიებო სტრუქტურებს ამ მიმართულებით ამ დრომდეც ბევრი საქმე აქვთ გაკეთებული. ბუნებრივია, რომ ამ საქმის გაგრძელება მოსალოდნელია. ეს საკითხები ზედმიწევნით რეგულირდება. ამისთვის მათ შორის გამოიყენება თანამშრომლობის საერთაშორისო სამართლებრივი ფორმატები. არ მგონია, ვინმეს სასაყვედურო ჰქონდეს პოლიციასთან ან პროკურატურასთან“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„თიბისი“ და პოლივიმი დედამიწის საერთაშორისო დღეს თანამშრომლობას იწყებენ

„თიბისის“ ინფორმაციით, დედამიწის დღის აღსანიშნავად, „თიბისი“ და კომპანია „პოლივიმი“ გრძელვადიან თანამშრომლობას იწყებენ.

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. „თიბისისთვის“ გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, დედამიწის მსოფლიო დღეს „თიბისი“ ყოველწლიურად ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივით აღნიშნავს.

პარტნიორობის ფარგლებში, „თიბისი“ მომხმარებელთა და თანამშრომელთა ჩართულობით შეაგროვებს პლასტმასის ნარჩენებს და შემდგომი გადამუშავებისთვის გადასცემს კომპანიას „პოლივიმი“. საწყის ეტაპზე, თიბისის 21 ფილიალში განთავსდება პლასტმასის ნარჩენების შესაგროვებლად სპეციალური ურნები თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში. შემდგომ ეტაპზე ურნები განთავსდება თიბისის ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით.

პოლივიმის დაფუძნების მთავარი მიზანია, შეამციროს პლასტმასის ნარჩენი, შექმნას დამატებითი ღირებულების პროდუქტი და ხელი შეუწყოს ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას საქართველოში. პოლივიმი აგროვებს, ახარისხებს და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ამუშავებს გამოყენებულ პლასტმასის ნარჩენებს. კომპანია აგროვებს ოთხი ტიპის პლასტმასის ნარჩენებს: 1. PET, 2. HDPE, 4. LDPE, 5. PP და PET ბოთლებს გარდაქმნის PET ფანტელებად. PET ფანტელების რამდენიმე ეტაპიანი გადამუშავების შედეგად მიიღება მაღალი ხარისხის ბოჭკოვანი ქსოვილი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სხვადასხვა ინდუსტრიებში, როგორიცაა, მაგალითად, სამოსის შეკერვა და ნივთების დამზადება. გამოყენებული პლასტმასის ნარჩენებით ახალი ნივთების დამზადება წრიული ეკონომიკის ერთ-ერთი კარგი მაგალითია.

წრიული ეკონომიკის კონცეფცია რამდენიმე მთავარ პრინციპს ეფუძნება: ნარჩენების შემცირებას, ხელახალ გამოყენებას და გადამუშავებას. წრიული ეკონომიკის მეშვეობით შესაძლებელია პროდუქტის ხელახალი გამოყენება და წარმოებაში ჩაშვება დანაკარგების გარეშე, რაც თავის მხრივ ამცირებს რესურსების მოხმარებას. წარმოებული ნარჩენები გარემოში აღარ ხვდება, მცირდება პროდუქტების შექმნის დროს წარმოქმნილი გამოფრქვევები, საბოლოო ჯამში კი ყველაფერი ერთად დადებითად აისახება გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობაზე.

„თიბისი“, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი საფინანსო ინსტიტუცია, მწვანე ინიციატივების განხორციელებით ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოს შექმნას და კომპანიების ბიზნესსაქმიანობების გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების შესაბამისად წარმართვას.

„თიბისი“ ისწრაფვის, რომ 2025 წლისთვის ჩვენი პირდაპირი ზემოქმედება გარემოზე ნეტო-ნულოვანი იყოს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი აქტივობებით დავაკომპენსირებთ საქმიანობისთვის საჭირო გამოფრქვევებს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ვგეგმავთ, ჩვენი ზეგავლენა გავზომოთ პარიზის შეთანხმების მიზნობრივი მაჩვენებლების შესაბამისად, რომლებიც დედამიწაზე საშუალო ტემპერატურის მატების შესამცირებლად დაწესებული და საერთაშორისოდ აღიარებული მიზნებია. თიბისიში გვაქვს შიდა გარემოსდაცვითი მართვის სისტემა, რომლითაც გარემოზე ჩვენს პირდაპირ და ირიბ ზემოქმედებას განვსაზღვრავთ. ცნობიერების ამაღლების კამპანიებთან ერთად, ჩვენ ვითვლით სათბური აირების ემისიებს, ვაგროვებთ ინფორმაციას საწვავის, ელექტრო ენერგიის, წყლისა და ქაღალდის რესურსების მოხმარებაზე, გვაქვს ნარჩენების მართვის პოლიტიკა და 2015 წლიდან ქაღალდის გადამუშავებასაც ვახდენთ. საყურადღებოა, რომ საქართველოში მავნე გამოფრქვევების დაახლოებით 9% ნარჩენებზე მოდის, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, შევამციროთ ნარჩენები, რაც პირველ რიგში, მათი დახარისხებით, შეგროვებითა და შემდგომი გადამუშავებით შეგვიძლია. პოლივიმთან თანამშრომლობა ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის აუცილებელი ცვლილების ხელშემწყობი ინიციატივაა, რომლის ფარგლებში ამჯერად პლასტმასის ნარჩენების გადამუშავებას ვიწყებთ“ – განაცხადა „თიბისის“ გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორმა მაკა ბოჭორიშვილმა.

„იმისთვის, რომ ცირკულარული ეკონომიკა საქართველოშიც დაინერგოს, საჭიროა ყველა ორგანიზაციის, მათ შორის, კერძო სექტორის და ისეთი მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტების ერთობლივი მუშაობა, როგორიცაა „თიბისი“. მტკიცედ გვჯერა, რომ მდგრადობისკენ მზარდი ნაბიჯების ხელშეწყობით, ჩვენ შევძლებთ საქართველოს მომავალი თაობებისთვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფას“. – განაცხადა „პოლივიმის“ კომერციულმა მენეჯერმა ბექა ფონჯავიძემ.

„პლასტმასის მასიური წარმოების ისტორია მხოლოდ 1952 წლიდან იწყება, ამის მიუხედავად, მისი საზიანო გავლენა გარემოზე და ადამიანებზე უკვე თვალსაჩინოა. მსოფლიოში, წლის განმავლობაში 300 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენი წარმოიქმნება, აქედან 180 მილიონი ტონა პლასტმასა ბუნებრივ გარემოში ან ნაგავსაყრელებზე გაიბნევა, 8 მილიონ ტონაზე მეტი პლასტმასა ოკეანეებში. კვლევების თანახმად, ყოველი კვირის განმავლობაში 5 გრამი პლასტმასა ადამიანის ორგანიზმში ხვდება. ადამიანთა ერთობლივი ჩართულობითა და ცნობიერების ამაღლებით შესაძლებელია არსებული ზიანის შემცირება და ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ისეთი ინიციატივების დანერგვა, რომლებიც თავიდან აგვაცილებს პლასტმასის ნეგატიურ ზეგავლენას გარემოსა და ადამიანებზე“-ნათქვამია ინფორმაციაში.

(R)

“ნატო არის აგრესიული ბლოკი, რომელიც რუსეთს მოწინააღმდეგედ განიხილავს და მის უსაფრთხოებას არღვევს”

ნატო აჩვენებს თავის აგრესიულ არსს, აშკარად აგრძელებს უკრაინის შთანთქმის და ალიანსში შეყვანის ხაზს, ეს არის აგრესიული ბლოკი, რომელიც რუსეთს მოწინააღმდეგედ განიხილავს და მის უსაფრთხოებას არღვევს, – ამის შესახებ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნატოს ქმედებები უკრაინაში ე.წ. სპეცოპერაციის ჩატარების „სისწორეს“ ადასტურებს.

„ნატო აგრძელებს თავისი აგრესიული არსის ჩვენებას, რაზეც ადრე ვისაუბრეთ, ჯერ კიდევ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე. მათი ქმედებები სპეცოპერაციის ჩატარების სისწორეს ადასტურებს. სპეცოპერაცია ტარდება რუსეთის ინტერესებიდან და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროებიდან გამომდინარე. ჩვენ საქმე გვაქვს აგრესიულ ბლოკთან, რომელიც განიხილავს ჩვენს ქვეყანას მოწინააღმდეგედ და ხელყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“, – განაცხადა პესკოვმა.

სემეკმა გაზგამანაწილებელი კომპანიები დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 8 მცირე გაზგამანაწილებელი კომპანია, რეგულაციებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა.

75 000 ლარით დაჯარიმდა შპს „მამედი“ – კომპანია მარნეულის რაიონის მომხმარებელს ბუნებრივ გაზს აწვდიდა თვითნებურად დადგენილი ტარიფით, რაც აღემატებოდა სემეკის მიერ დადგენილ სამომხმარებლო ზღვრულ ტარიფს. იქიდან გამომდინარე, რომ შპს „მამედის“ ქმედება, შესაძლოა, შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, საქმე შესასწავლად გადაეგზავნა სამართალდამცავ უწყებებს.

კომისიის მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, შპს „აკრიანი 2006“, შპს „დიდი დიღომი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 000 – 10 000 ლარით დაჯარიმდნენ. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მომხმარებლისთვის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შეუსაბამო ქვითრის მიწოდება, ქვითარში სემეკის მიერ დადგენილი ტარიფებისგან განსხვავებული ტარიფების მითითება და კომისიისთვის არაზუსტი ანგარიშგების ფორმების წარდგენა.

5 000 – 5 000 ლარით დაჯარიმდნენ შპს „დი-ვი-ესი“, შპს „ენერგია +“. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენდა მომხმარებლისთვის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შეუსაბამო ქვითრის წარდგენა. ასევე 5000-5000 ლარით დაჯარიმდნენ შპს „ვარკეთილაირი“, შპს „ჩირაღდანი“, შპს „ეს ჯი გაზ კომპანი“. დაჯარიმება განპირობებული იყო მომხმარებლისთვის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შეუსაბამო ქვითრის წარდგენით, ქვითარში სემეკის მიერ დადგენილი ტარიფებისგან განსხვავებული ტარიფების მითითებით და კომისიაში არაზუსტი ანგარიშგების ფორმების წარმოდგენით.

სხვადასხვა რეგულაციების მოთხოვნათა დარღვევისთვის გაფრთხილება მიეცა შპს „გამა“-ს, შპს „გასკო +“-ს, “ შპს „გოგოჭური და კომპანიას“, შპს „ენერგოკავშირს“, შპს „ყამარი მ“-ს, შპს „საჩხერეგაზს“

“ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს და აიძულებს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას”- ირაკლი კობახიძე

ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ხელისუფლება მომავალშიც დაიცავს სამშობლოს, ეკლესიას და ეროვნულ ფასეულობებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის დაფუძნებიდან 11 წელიწადი რამდენიმე ძირითადი მიღწევით შეიძლება დახასიათდეს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის საქართველოს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც, ქვეყანას ომი არ ჰქონია. ამასთან, უწყვეტი მშვიდობა „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა რეგიონში არსებული ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში. ამ მხრივ, განსაკუთრებით რთული იყო გასული წელიწადი, როდესაც საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის უშუალო საფრთხე შეექმნა, თუმცა, უმძიმესი წნეხის მიუხედავად, ხელისუფლება ამ გამოწვევასაც ღირსეულად გაუმკლავდა და უმკლავდება;

2012 წელს, უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტი დემოკრატიული წინსვლის 11-მა წელიწადმა ჩაანაცვლა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2012 წელს წარსულს ჩააბარა უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტი, მონოპოლიზებული მედია, პოლიტიკურ კონტროლს დამორჩილებული სასამართლო და უამრავი სხვა მანკიერება. დღეს საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები, აღიკვეთა ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესი თავისუფალია, როგორც არასდროს, დაცულია სასამართლოს დამოუკიდებლობა, უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი;

2012 წლიდან დღემდე, საქართველოს ჰქონდა ყველაზე ხელშესახები წინსვლა ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან და მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. შარშან ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, წელს კი, სამართლიანი გადაწყვეტილების პირობებში, ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსსაც მიიღებს;

2012 წელს საქართველო ეკონომიკური განვითარების სწორ გზას დაადგა. გასული 11 წლის განმავლობაში, ქართულ ეკონომიკას ორ გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ კრიზისთან მოუწია გამკლავება. პირველი, ეს იყო რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე ეკონომიკური და სავალუტო კრიზისი, ხოლო მეორე – კოვიდიდან გამომდინარე ეკონომიკური კრიზისი 2020 წელს. თუმცა, რეალური ეკონომიკური თავისუფლების დამკვიდრების, ბიზნესის რეკეტის აღკვეთისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, საქართველომ სირთულეები წარმატებით დაძლია. ზედიზედ ბოლო ორი წლის განმავლობაში კი, საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ლარის კურსი 3,45-დან 2,50-მდე შემცირდა, 60-დან 38 პროცენტამდე შემცირდა ქვეყნის საგარეო ვალი. მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, 2012 წლიდან დღემდე, ქვეყანაში ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე – 1,150,000-დან 650,000-მდე შემცირდა სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა. უკვე წელს, საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 8 ათასი დოლარი გახდება, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, 2030 წლისთვის 15 ათას დოლარს მიაღწევს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს საშუალოვადიან პერსპექტივაში ევროკავშირის მთელი რიგი ქვეყნების ტოლფასი ეკონომიკა ექნება;

ფუნდამენტურად შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომა სოციალური პოლიტიკისადმი. დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, არსებითად გაფართოვდა სოციალური დახმარების პაკეტები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, აღიკვეთა სოციალური დახმარების პოლიტიკური ინტერესების მიხედვით განაწილების პრაქტიკა;

საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს.

ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს და აიძულებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული. ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით და ამ ინტერესების ხარჯზე კომპრომისს არასოდეს დაუშვებს, მომავალშიც განუხრელად დაიცავს სამშობლოს, ეკლესიას და ეროვნულ ფასეულობებს; მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შემოქმედს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სწორედ მისი ღირებულებების და მის მიერ დამკვიდრებული და გუნდისთვის დატოვებული პრინციპების შედეგია ყველა ის ფუნდამენტური მიღწევა, რომელიც გასული 11 წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ამ ღირებულებებითა და პრინციპებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და, მისი მმართველობით, ჩვენი ქვეყანა განაგრძობს შეუქცევად და თანმიმდევრულ წინსვლას დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რამშტაინში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე კიდევ ერთხელ შეკრიბა დაახლოებით 50 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები.

შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს. დღევანდელ შეხვედრაზე რამდენიმე ქვეყანამ დაადასტურა უკრაინისთვის დაპირებული სამხედრო დახმარების გადაცემის შესახებ.

რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

“ნატოს ყველა წევრი შეთანხმდა, რომ უკრაინა იქნება ალიანსის წევრი”- იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ახლა მთავარი ფოკუსია, როგორ უზრუნველვყოთ უკრაინის გამარჯვება, –  ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში რამშტაინის ფორმატის შეხვედრამდე მედიასთან განაცხადა.

„გუშინ კიევში განვაცხადე, რომ უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია და ნატო-ს ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ახლა მთავარი ფოკუსია, როგორ უზრუნველვყოთ უკრაინის გამარჯვება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მედიასთან საუბრისას, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ომის დასრულების შემდეგ კიევს უნდა ჰქონდეს შემაკავებელი ფაქტორები, რათა თავიდან აიცილოს ახალი თავდასხმა. მისი თქმით, ომის დასრულების შემდეგ საჭირო იქნება უკრაინის მხარდაჭერა იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინას აქვს სამხედრო შესაძლებლობები, რათა თავიდან აიცილოს ახალი თავდასხმა.

„ვერავინ იტყვის, როდის და როგორ დასრულდება ეს ომი, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ეს ომი დასრულდება, უნდა უზრუნველვყოთ, რომ ისტორია არ განმეორდეს, რუსეთმა ვერ შეძლოს უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმის კვლავ გაგრძელება და ომის წარმოება, ევროპული უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება დისკუსია უსაფრთხოების მექანიზმზე. ასევე იქნება დისკუსია წევრობის შესახებ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ომი არ დაწყებულა გასული წლის თებერვალში, არამედ ის დაიწყო 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა და შეიჭრა აღმოსავლეთ დონბასში.

“ფაშისტის იდეალი წარსულშია, ხოლო ნორმალური ადამიანისა – მომავალში” – ლევან შენგელია

ფაშისტის იდეალი წარსულშია, ხოლო ნორმალური ადამიანისა – მომავალში! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან შენგელია წერს.

მისი თქმით, გადაჭარბებული ისტორიზმი, საკუთარი ისტორიის იდეალიზაცია უინტელექტო ადამიანისგან – აქედან იწყება ფაშიზმი.

“მაინც რა არის ფაშიზმი, რით განსხვავდება ფაშისტი ნორმალური ადამიანისგან, რა განსხვავებული იდეალები აქვს ფაშისტს, რით საზრდოობს მისი გული და გონება?

ინტელექტი! უმთავრესი განმასხვავებელი არის ინტელექტი! დაბალი ინტელექტი ფაშისტის აუცილებელი თვისებაა!

მაგრამ მხოლოდ დაბალი ინტელექტი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი ფაშისტად ჩავთვალოთ, აუცილებელია კიდევ ერთი ნიშანი – ეს არის წარსულის ფეტიშიზაცია!

ფაშისტის იდეალი წარსულშია, ხოლო ნორმალური ადამიანისა – მომავალში!

გადაჭარბებული ისტორიზმი, საკუთარი ისტორიის იდეალიზაცია უინტელექტო ადამიანისგან – აქედან იწყება ფაშიზმი!
გენიალური ადამიანები მაშინ ხედავენ საშიშროებას, სანამ ჩვენ – ჩვეულებრივი მოკვდავები რამეს ვიგრძნობთ!
“მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი…

ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს” რომ დავუფიქრდეთ, რატომ გვითხრა ილიამ მაინცდამაინც ასე?

იმიტომ, რომ ვერანაირად ვერ დასახავ ახალ, სამომავლო მიზნებს და იდეალებს, თუ წარსულზე დარდი არ მოიკალი! ოღონდ, წარსულზე დარდი და არა თავად წარსული!

ბევრმა გავიგეთ ესა? არა მგონია.

წარსული არის მხოლოდ გამოცდილება და კიდევ მასალა უკეთესი მომავლის ასაშენებლად. თუ წარსული გააკერპე და გააიდეალე, შენც ზუსტად ისე მოიქცევი როგორც რუსი იქცევა უკრაინაში (წარსული დიდების დასაბრუნებლად) და თუ ეს ფაშიზმი არაა, მაშინ სულ ტყუილად მილაპარაკია ამდენი!”– წერს ლევან შენგელია.

“დეგნანი შემსრულებელია ოდენ შემკვეთი ქათქათა სახლში ბრძანდება!”- გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს:

“რა დეგრადაცია უნდა განიცადოს ქვეყნის პოლიტიკურმა კლასმა

რომ სააკაშვილის რეჟიმი “დემოკრატიის შუქურა”-დ აღიაროს “ქართული ოცნების” მმართველობა კი დემოკრატიის უკუსვლად.
კარგია რომ გავიაზრეთ და საჯაროდ თქმას არ ვერიდებით. დეგნანი შემსრულებელია ოდენ შემკვეთი ქათქათა სახლში ბრძანდება!”- წერს გოგა ხაინდრავა

“სამ დღეში მოხდა ჩვენება იმ დანაშაულებრივი კავშირების, რაც მმართველ გუნდსა და კლანს შორის არსებობს”

„ქართული ოცნება“ კომისიის შექმნას პროცედურებით აჭიანურებს, მაგრამ ამ კომისიამ შედეგი უკვე დადო. სულ რაღაც სამ დღეში, ასე მოკლე დროში მოხდა ცხადად, ლაკონიურად ჩვენება იმ დანაშაულებრივი კავშირების, რაც მმართველ გუნდსა და კლანს შორის არსებობს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“  დანაშაულზე ხელის დამფარებლად გაფორმდა.

„ოპოზიციამ აიძულა ხელისუფლება, პოლიტიკურად და სამართლებრივად სრულიად ნათლად დაესვა ტოლობის ნიშანი „ქართულ ოცნებასა“ და უსამართლო სისტემას შორის. ამ პროცესმა შედეგი უკვე მოიტანა. „ქართული ოცნება“ როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად გაფორმდა კლანის თანამონაწილე და დანაშაულზე ხელის დამფარებლად“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

“ვულოცავ დღევანდელ დღეს „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს” – კახა კალაძე

2012 წლის 21 აპრილს ოფიციალურად დაფუძნდა პარტია „ქართული ოცნება“, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ქართულ პოლიტიკაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, 11 წლის წინ, როდესაც „ქართული ოცნება“ დაარსდა, ბევრს ვერც კი წარმოედგინა, რომ წარსულს ჩაბარდებოდა პოლიტიკური დევნა, ძალადობა, მედიაზე ზეწოლა, საკუთრების ხელყოფა, გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა, პატიმართა არაადამიანური წამება.

„დღეს საქართველო ვითარდება როგორც დემოკრატიული, ეკონომიკურად სტაბილური ქვეყანა. ეს არის, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის დამსახურება და ბიძინა ივანიშვილის უდიდესი ძალისხმევა, რომელმაც ქვეყნის ინტერესების გამო, სიცოცხლის რისკის ქვეშ დააყენა საკუთარი ოჯახი და გააერთიანა საზოგადოება ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმის დასასრულებლად.

„ქართული ოცნების“ პრინციპები უცვლელია – ღირსება, თავისუფლება, სამართლიანობა, მშვიდობა, განვითარება, ჩვენი მდიდარი კულტურისა და ტრადიციების დაცვა. სწორედ ამ ღირებულებებით მივისწრაფით და ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროინტეგრაციის გზაზე.

ვულოცავ დღევანდელ დღეს „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, ვინც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ ქვეყანას და ერთგულია ჩვენი პარტიის პრინციპების“, – წერს კახა კალაძე.