საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რამშტაინში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

150
spot_img

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე კიდევ ერთხელ შეკრიბა დაახლოებით 50 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები.

შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს. დღევანდელ შეხვედრაზე რამდენიმე ქვეყანამ დაადასტურა უკრაინისთვის დაპირებული სამხედრო დახმარების გადაცემის შესახებ.

რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.