“ნატოს ყველა წევრი შეთანხმდა, რომ უკრაინა იქნება ალიანსის წევრი”- იენს სტოლტენბერგი

127
spot_img

ნატო-ს ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ახლა მთავარი ფოკუსია, როგორ უზრუნველვყოთ უკრაინის გამარჯვება, –  ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში რამშტაინის ფორმატის შეხვედრამდე მედიასთან განაცხადა.

„გუშინ კიევში განვაცხადე, რომ უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია და ნატო-ს ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ახლა მთავარი ფოკუსია, როგორ უზრუნველვყოთ უკრაინის გამარჯვება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მედიასთან საუბრისას, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ომის დასრულების შემდეგ კიევს უნდა ჰქონდეს შემაკავებელი ფაქტორები, რათა თავიდან აიცილოს ახალი თავდასხმა. მისი თქმით, ომის დასრულების შემდეგ საჭირო იქნება უკრაინის მხარდაჭერა იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინას აქვს სამხედრო შესაძლებლობები, რათა თავიდან აიცილოს ახალი თავდასხმა.

„ვერავინ იტყვის, როდის და როგორ დასრულდება ეს ომი, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ეს ომი დასრულდება, უნდა უზრუნველვყოთ, რომ ისტორია არ განმეორდეს, რუსეთმა ვერ შეძლოს უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმის კვლავ გაგრძელება და ომის წარმოება, ევროპული უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება დისკუსია უსაფრთხოების მექანიზმზე. ასევე იქნება დისკუსია წევრობის შესახებ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ომი არ დაწყებულა გასული წლის თებერვალში, არამედ ის დაიწყო 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა და შეიჭრა აღმოსავლეთ დონბასში.