Home Blog Page 1673

“საქართველომ საინტერესო და გამოწვევებით სავსე ათწლეული განვლო, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც გზა რატიფიცირებიდან კანდიდატობამდე”

ასოცირების ხელშეკრულების 27 დირექტივიდან 20 უკვე გადმოტანილი გვაქვს, ეროვნული კანონმდებლობა ამ კუთხით ჰარმონიზებულია. მიმდინარეობს შემდგომი დახვეწის პროცესი, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს მოუსმინეს.

მისივე თქმით, საქართველომ ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსე ათწლეული განვლო, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც გზა რატიფიცირებიდან კანდიდატობამდე.

მაია ბითაძემ გარემოს დაცვის მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. მისი თქმით, გარემოს დაცვის თანმიმდევრული აღდგენის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს.

„შექმნილია გარემოს მართვისა და რეგულირების, მონიტორინგისა და ინსპექტირების მექანიზმები, რომლებსაც დახვეწა და გაფართოება სჭირდება. 2012 წლამდე გარემოს დაცვითი ხუთი ინსპექტორი გვყავდა, დღეს მათი რაოდენობა დაახლოებით 900-ია. ქვეყანაში, სადაც 2012 წლამდე სრულიად განადგურებული იყო მონიტორინგის სისტემა, დღეს გვაქვს დაკვირვებისა და შეფასების 200-მდე ინსტრუმენტული საშუალება. ქვეყანას უკვე აქვს ორი მეტეორადარი. დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი  75%-ით გაიზარდა, შექმნილია ბოლო პერიოდში 32 ახალი დაცული ტერიტორია“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

“პარლამენტის თავმჯდომარე ისე რეაგირებს ევროპულ დროშაზე, როგორც ეშმაკი ჯვარზე” -სალომე სამადაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე ისე რეაგირებს ევროპულ დროშაზე, როგორც ეშმაკი ჯვარზე,- ასე მიმართა შალვა პაპუაშვილს „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

„კოლეგებისთვის შენიშვნის მიცემის ნაცვლად მე იმაზე ვიფიქრებდი, რომ ევროკავშირის დროშა პარლამენტის ტრიბუნასაც ამშვენებდეს იმ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი გახდა, თქვენი მცდელობის მიუხედავად, რომ ეს დღე არ დამდგარიყო“, – განაცხადა პაპუაშვილის მისამართით სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს შენიშვნა ევროკავშირისა და საქართველოს დროშის გამოსახულებიან გულსაბნევთან დაკავშირებით მისცა და მიუთითა, რომ სტანდარტით, მისგან მარჯვნივ საქართველოს დროშა უნდა იყოს, შემდეგ კი – სხვა ნებისმიერი. პაპუაშვილმა ნაცვლიშვილს ურჩია, რომ მისმა პარტიამ ახალი გულსაბნევი ამ სტანდარტის გათვალისწინებით დაამზადებინოს.

“პროგრამა, აზრები, სიტყვები იგივეა – განსხვავება იყო ემოციაში” – რომან გოცირიძე

განსხვავება ემოციაში იყო. ის პრემიერ-მინისტრი დარბაზში ყვიროდა და ექსცენტრიკულად იქცეოდა, ეს კი უფრო მშვიდად და პრაგმატულად, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი პროგრამა იგივეა, ასევე, ანალოგიურია დაპირებები, რომლებიც არ სრულდება.

„პროგრამა იგივეა, აზრები იგივეა, სიტყვები იგივეა. სიცრუე. დაპირებები, რომლებიც არ სრულდება. ტრადიციულად, სიცრუეზეა აგებული. განსხვავება იყო ემოციაში. ის პრემიერ-მინისტრი დარბაზში ყვიროდა და ექსცენტრიკულად იქცეოდა, ეს უფრო მშვიდად და პრაგმატულად. ფორმით განსხვავებული და შინაარსით იგივე,” – განაცხადა გოცირიძემ.

გარდა ამისა, მან ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესის ცვლილების კომენტირებისას აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” ცესკოზე გავლენას კიდევ უფრო იძლიერებს.

“მაქსიმალურად ზღუდავს ოპოზიციის მონაწილეობას ამ პროცესში და რეალურად, კიდევ უფრო იძლიერებს ცესკოზე გავლენას,” – აღნიშნა გოცირიძემ.

“დღეს ოპოზიცია დამარცხდა, აჯობა სამთავრობო გუნდმა, აჯობა ირაკლი კობახიძემ” – მიხეილ სარჯველაძე

უნდა მივმართო ოპოზიციას და ვთქვა, რომ ყველა დებატში, რომელიც ამ დღეების განმავლობაში გაიმართა, იქნებოდა ეს მინისტრებთან თუ ირაკლი კობახიძესთან, ოპოზიცია პირწმინდად დამარცხდა, უშანსოდ დამარცხდა, თუმცა უშანსოები იყვნენ მაშინაც, როცა ცალკეულ თემებზე დისკუსიის წამოწყების მცდელობა ჰქონდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში გადაწყვეტილებას მათ შორის დღეს პარლამენტში დანახულის მიხედვით მიიღებენ.

„დღეს ოპოზიცია დამარცხდა. აჯობა სამთავრობო გუნდმა, აჯობა, რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძემ. ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, არ არის ეს ჩემი მიზანი და ამოცანა. ეს მე მახარებს იმიტომ, რომ სწორედ ასე უნდა მუშაობდეს დემოკრატია ქვეყნის საკეთილდღეოდ. საუკეთესო უნარების და შესაძლებლობების მქონე პოლიტიკური გუნდი უნდა იყოს ხელისუფლებაში. ასეთია არჩევანი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის. დღეს აქ დანახულიდან გამომდინარე მე არ მგონია ეჭვი გაუჩნდეს ვინმეს იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთივე იქნება გადაწყვეტილება მომავალ არჩევნებზეც“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დღეს, „ქართული ოცნება“ მისი ლიდერით და ირაკლი კობახიძის ჩათვლით, არის უალტერნატივოდ ყველა უპირატესობის მქონე პოლიტიკური ძალა.

„ამ განხილვების შემდეგ მთელმა ქვეყანამ დაინახა ჭეშმარიტება, ვინ ცდილობს წყლის ამღვრევას, სარკეების გამრუდებას და ისე წარმოჩენას ვითარებისა, როგორც სინამდვილეში არ არის. სინამდვილე რაც არის ყველამ ძალიან კარგად დაინახა. მე მგონია, რომ ყველასთვის გასაგები გახდა, რომ ახლაც, ამ გადაწყვეტილების მიღების წინ რომ ვდგავართ, ამ გადაწყვეტილების წინაშეც ვართ აბსოლუტურად პირნათელი. ვართ აბსოლუტურად ოპტიმისტურად განწყობის საკმარისი მიზეზებით შეიარაღებული. დღეს, „ქართული ოცნება“ მისი ლიდერით, ირაკლი კობახიძის ჩათვლით, რა თქმა უნდა, არის უალტერნატივოდ ყველა უპირატესობის მქონე პოლიტიკური ძალა ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში და ამას მე მგონი, არც არავინ გახდის სადავოდ კიდევ კარგა ხნის განმავლობაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ძალოვანი უწყებები“ 10 თებერვალს რიწის ტბაზე „ანტიტერორისტულ“ სწავლებას ჩაატარებენ

10 თებერვალს რიწის ტბაზე რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ძალოვანი უწყებები „ანტიტერორისტულ“ სწავლებას ჩაატარებენ. ინფორმაციას რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრზე, რობერტ კიუტიზე დაყრდნობით იუწყება.

კერძოდ, სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების სამსამხურის თანამშრომლები, ასევე რუსეთის გვარდიისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

სწავლებაში ჩართული იქნება მძიმე ტექნიკა და მყვინთავები.

ვაშინგტონის სამიტზე უკრაინა გაწევრიანების საკითხზე დიდ პროგრესს არ უნდა ელოდოს – დიდი ბრიტანეთის ელჩი ნატოში

ნატოში დიდი ბრიტანეთის ელჩი დევიდ ქუერი აცხადებს, რომ ვაშინგტონის სამიტზე უკრაინა გაწევრიანების საკითხზე დიდ პროგრესს არ უნდა ელოდოს.

ამის შესახებ მან Politico-სთან ისაუბრა.

ნატოს სამიტი ვაშინგტონში 9-11 ივლისს გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხი განსახილველ თემებს შორის იქნება, დევუდ ქუერი ამბობს, რომ კიევს დიდი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს.

„არ ველოდები დიდ წინსვლას ამ საკითხზე, რაც დიდწილად გამომდინარეობს ფრონტზე შექმნილი ვითარებიდან. თუმცა დიდი ბრიტანეთი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ უკრაინის დამსახურებული ადგილი ნატოშია. საკითხი დგას არა ისე, უნდა მივიღოთ თუ არა უკრაინა, არამედ ისე, თუ როდის მოხდება ეს. ჩვენი ამოცანაა, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, სანამ ის ალიანსს უახლოვდება“, – აღნიშნა ნატოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა.

“არ ვიცი როგორ მოგაწოდოთ დასაქმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, შემიძლია დავხატო და ისე გაჩვენოთ” – ირაკლი კობახიძე ოპოზიციას

ციფრები თქვენ არ მოგწონთ, ანალიტიკა თქვენ არ მოგწონთ, თხრობითი ფორმით ნათქვამი თქვენ არ მოგწონთ, არ ვიცი როგორ მოგაწოდოთ დასაქმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, შემიძლია დავხატო და ისე გაჩვენოთ მონაცემები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გვინდა კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა და სწორედ ეკონომიკა დაასაქმებს ადამიანებს.

„არ ვიცი დასაქმებასთან დაკავშირებით რამდენჯერ გავცე ამ შეკითხვას პასუხი, ციფრებით, ციფრების გარეშე, ანალიტიკით, ანალიტიკის გარეშე რა ფორმით გინდათ, რომ დაკმაყოფილდეთ? ციფრებით გაჩვენეთ ის თუ რა მოხდა გასული წლების განმავლობაში საქართველოში, რამდენით მეტი ადამიანი დასაქმდა და მომავალში, შესაბამისად, როგორი პროგნოზი შეიძლება გვქონდეს. ციფრები თქვენ არ მოგწონთ, ანალიტიკა თქვენ არ მოგწონთ, თხრობითი ფორმით ნათქვამი თქვენ არ მოგწონთ, არ ვიცი როგორ მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია, შემიძლია დავხატო და ისე გაჩვენოთ მონაცემები. 5-ჯერ, 10-ჯერ გიპასუხეთ ამ კითხვაზე. რა თქმა უნდა, შეიძლება ვერ ერკვევით ეკონომიკაში, მაგრამ ეკონომიკა დაასაქმებს, ამიტომ მთავარი გასაღების არის ეკონომიკის ზრდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კონკრეტული გეგმებია წარმოდგენილი, რომელიც არის დაკავშირებული ეკონომიკის ზრდასთან. ტენდენცია გვაქვს კარგი, ორნიშნა, 7%-იანი ეკონომიკური ზრდა, პროგნოზი არის კარგი, თუმცა გვინდა იმაზე მეტი, ვიდრე თუნდაც სავალუტო ფონდი გვპირდება. ამისთვის, უკვე არის მიმდინარე პროექტები და შემდეგი 4 წლისთვის იქნება კიდევ უფრო მასშტაბური ახალი ინიციატივები წარმოდგენილი. პროგნოზი უკვე კარგია, ეს პროგნოზი უკვე მეტყველებს იმაზე, რომ დასაქმების მაჩვენებლები კიდევ უფრო მეტად, მასშტაბურად გამოსწორდება, მაგრამ არ ვაპირებ, რომ თუნდაც ამით დავკმაყოფილდეთ, გვინდა კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა და სწორედ ეკონომიკა დაასაქმებს ადამიანებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“რადიკალური ოპოზიცია შეიძლება მტრობდეს ქვეყანას” – კობახიძე

რაც შეეხება იმას თუ რას ნიშნავს რადიკალური ოპოზიცია, მე ვთქვი, რომ “რადიკალური ოპოზიცია” და “ქვეყნის მტერი” არ არის სინონიმები, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია შეიძლება მტრობდეს ქვეყანას , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობს.

კობახიძემ ქვეყნის მტრობის მაგალითად მოიყვანა პარტია „ლელოს“ განცხადებები, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას დღემდე ითხოვენ.

კობახიძის შეფასებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესებით მხოლოდ საქართველოს ეკონომიკა დაზარალდება.

„ჩვენი შეხედულებები გვაქვს ჩვენ კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან დაკავშირებით.

მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ სამი წელი უმძიმეს ბრძოლაში გავატარეთ. ჯერ იყო არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისა და ვითარების არევის მცდელობა და მერე გახსოვთ, რა ხდებოდა 2022 წლის თებერვლიდან, როცა უკრაინაში დაიწყო ომი, რას ითხოვდნენ ჩვენგან.

სხვათა შორის, ერთ-ერთი პარტია – „ლელო“ დღესაც ითხოვს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რითაც საქართველო ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს რუსეთს, მაგრამ გაანადგურებს საკუთარ ეკონომიკას. ეს არ არის მტრობა? იმავდროულად, გვპირდებიან 1000-ლარიან პენსიას ქართველი პენსიონერებისთვის, ანუ ეკონომიკა უნდა დაანგრიონ და პენსია უნდა გახადონ 1000 ლარი. აქედან ჩანს, ერთი, მტრული სულისკვეთება, ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი და, მეორე, ჩანს, რამდენად ყალბია მათი დაპირებები“, – განაცხადა კობახიძემ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6573 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6573 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6573 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6592 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8632 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8629 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0003 ლარი შეადგინა.

“რატომ გადასცემს სასამართლო პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლებს?!” – ირაკლი კობახიძე

რატომ გადასცემს სასამართლო პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლებს?! – ეს კონკრეტული მოსამართლე, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმას აძლევს მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომათა დარბაზში, ვისგან და რატომ არის პრივილეგირებული?- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობს.

კობახიძემ ასე უპასუხა პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, რადგან როგორც ბუჩუკური ამბობს: „მას ეკრძალება პარტიული საქმიანობა, მაგრამ ტელევიზიები პირდაპირ ეთერში გადასცემენ მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე როგორ ატარებს პარტიულ თათბირებს და მონაწილეობას პარტიულ საქმიანობაში“.

კობახიძის თქმით, რბილად რომ ითქვას, არასწორია სასამართლოს გამოყენება პოლიტიკური გამოსვლის პლატფორმად და კითხვა უნდა დაისვას, ვისგან იღებს მსგავს პრივილეგიებს მოსამართლე, რომელიც ამას უშვებს. კობახიძის თქმით: „კვალი შეიძლება მივიდეს იქ, სადაც თქვენი [პარტია „საქართველოსთვის] კვალიც მიდის”.

„ნამდვილად არასწორი მოვლენაა, რბილად რომ ვთქვათ არასწორი, თუმცა შეგიძლიათ მოიკითხოთ ვისგან და რატომ არის ეს კონკრეტული მოსამართლე პრივილეგირებული, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმას აძლევს მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომათა დარბაზში, ვისგან არის ეს კონკრეტული მოსამართლე და რატომ არის პრივილეგირებული. აქ ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ – ჯერ კიდევ დეპუტატი ვარ და ამით ვსარგებლობ, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან უფრო მეტად გამიჭირდება ასეთი კომენტარების გაკეთება, მაგრამ დღეს კიდევ შემიძლია გავაკეთო ასეთი კომენტარი. რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია ნებისმიერი შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება სასამართლო იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური სიტყვის თქმის პლატფორმა, თუმცა კიდევ ერთხელ, მოიკითხეთ, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. საბოლოო ჯამში, კვალი შეიძლება მივიდეს იქ, სადაც თქვენი კვალიც მიდის“,- განაცხადა კობახიძემ.

“ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია კორუფციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის ე.წ. ქართულ “ჯიგრულ პონტში” – კობახიძე

ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი კორუფციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის ე.წ. ქართულ ჯიგრულ პონტში კორუფცია, რომლის მიმართაც ლოიალური იყო თქვენი პარტიის თავმჯდომარე. მე არ ვარ ლოიალური არც ასეთი კორუფციის მიმართ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც ამავდროულად, გახარიას პარტიას, „საქართველოსთვის“ მიმართა.

კობახიძის თქმით, მას არავითარი ინტერესი არ აქვს ვინმეს კორუფციულ საქმიანობას ხელი დააფაროს.

„სრული პასუხისმგებლობით მინდა ერთი რამე გითხრათ, არასდროს, არცერთი კორუფციული გარიგებით არცერთი თეთრი არ მიშოვია და ასე ვაპირებ მომავალშიც საქმიანობის გაგრძელებას. შესაბამისად, არავითარი ინტერესი არ მაქვს ვინმეს კორუფციას დავაფარო ხელი, მივუდგე ლოიალურად, ეს იქნება ჩემი მიდგომა კორუფციის მიმართ და ასეთია ჩვენი საპატიო თავმჯდომარის მიდგომა, რომელსაც მითუმეტეს არავითარი ინტერესი არ აქვს. 3 მილიარდი დოლარი აქვს მას დახარჯული მარტო ქველმოქმედებაზე. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმას, რომ კორუფციასთან ბრძოლა იქნება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და არავითარი ლოიალობა არ იქნება გამოვლენილი ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა კობახიძემ.

ნიკა მელიას ამნისტიაზე არ ვისაუბრებდი იმ ადამიანის პარტიის რიგებიდან, რომელიც ნიკა მელიას გულისთვის გადადგა

ნიკა მელიას ამნისტიაზე მე არ ვისაუბრებდი იმ პარტიის რიგებიდან, რომელიც ნიკა მელიას გულისთვის გადადგა, მელიას გულისთვის გადამდგარი პარტიის თავმჯდომარე გყავთ და მისი პარტიის წევრი გვესაუბრება მელიას ამნისტიაზე, რომელიც შეგახსენებთ, 19 აპრილის შეთანხმების შემადგენელი ნაწილია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, გახარიასთვის არავითარი შეღავათი არ არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება.

„ძალიან გიყვართ ეს შეთანხმება, თუმცა დღეს გაირკვა, რომ თურმე არ მოგწონთ. აღარასდროს მოვაწერთ ხელს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა ქვეყნის გასვლას კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, არავითარი მედიაციით, არავის ჩართულობით ასეთი ტიპის შეთანხმებას აღარასდროს მოვაწერთ ხელს. სტრასბურგის გადაწყვეტილება არავითარი შეღავათი არ არის თქვენთვის, მართალია, საბოლოო ჯამში იყო ლეგიტიმური ძალა გამოყენებული ჩვენი სპეცრაზმის მხრიდან, მაგრამ გართულებამდე ვითარება მიიყვანა სწორედ იმ უგუნურმა გადაწყვეტილებებმა, რომლებიც მანამდე მიიღო მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გახარიამ. ძალიან მძიმედ დაუჯდა ეს ქვეყანას, დასახიჩრდნენ ადამიანები, არავითარი შეღავათი არ არის თქვენი ლიდერისთვის სტრასბურგის გადაწყვეტილება,“, – განაცხადა კობახიძემ.