“რადიკალური ოპოზიცია შეიძლება მტრობდეს ქვეყანას” – კობახიძე

15
spot_img

რაც შეეხება იმას თუ რას ნიშნავს რადიკალური ოპოზიცია, მე ვთქვი, რომ “რადიკალური ოპოზიცია” და “ქვეყნის მტერი” არ არის სინონიმები, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია შეიძლება მტრობდეს ქვეყანას , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობს.

კობახიძემ ქვეყნის მტრობის მაგალითად მოიყვანა პარტია „ლელოს“ განცხადებები, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას დღემდე ითხოვენ.

კობახიძის შეფასებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესებით მხოლოდ საქართველოს ეკონომიკა დაზარალდება.

„ჩვენი შეხედულებები გვაქვს ჩვენ კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან დაკავშირებით.

მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ სამი წელი უმძიმეს ბრძოლაში გავატარეთ. ჯერ იყო არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისა და ვითარების არევის მცდელობა და მერე გახსოვთ, რა ხდებოდა 2022 წლის თებერვლიდან, როცა უკრაინაში დაიწყო ომი, რას ითხოვდნენ ჩვენგან.

სხვათა შორის, ერთ-ერთი პარტია – „ლელო“ დღესაც ითხოვს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რითაც საქართველო ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს რუსეთს, მაგრამ გაანადგურებს საკუთარ ეკონომიკას. ეს არ არის მტრობა? იმავდროულად, გვპირდებიან 1000-ლარიან პენსიას ქართველი პენსიონერებისთვის, ანუ ეკონომიკა უნდა დაანგრიონ და პენსია უნდა გახადონ 1000 ლარი. აქედან ჩანს, ერთი, მტრული სულისკვეთება, ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი და, მეორე, ჩანს, რამდენად ყალბია მათი დაპირებები“, – განაცხადა კობახიძემ.