“დღეს ოპოზიცია დამარცხდა, აჯობა სამთავრობო გუნდმა, აჯობა ირაკლი კობახიძემ” – მიხეილ სარჯველაძე

23
spot_img

უნდა მივმართო ოპოზიციას და ვთქვა, რომ ყველა დებატში, რომელიც ამ დღეების განმავლობაში გაიმართა, იქნებოდა ეს მინისტრებთან თუ ირაკლი კობახიძესთან, ოპოზიცია პირწმინდად დამარცხდა, უშანსოდ დამარცხდა, თუმცა უშანსოები იყვნენ მაშინაც, როცა ცალკეულ თემებზე დისკუსიის წამოწყების მცდელობა ჰქონდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში გადაწყვეტილებას მათ შორის დღეს პარლამენტში დანახულის მიხედვით მიიღებენ.

„დღეს ოპოზიცია დამარცხდა. აჯობა სამთავრობო გუნდმა, აჯობა, რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძემ. ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, არ არის ეს ჩემი მიზანი და ამოცანა. ეს მე მახარებს იმიტომ, რომ სწორედ ასე უნდა მუშაობდეს დემოკრატია ქვეყნის საკეთილდღეოდ. საუკეთესო უნარების და შესაძლებლობების მქონე პოლიტიკური გუნდი უნდა იყოს ხელისუფლებაში. ასეთია არჩევანი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის. დღეს აქ დანახულიდან გამომდინარე მე არ მგონია ეჭვი გაუჩნდეს ვინმეს იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთივე იქნება გადაწყვეტილება მომავალ არჩევნებზეც“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დღეს, „ქართული ოცნება“ მისი ლიდერით და ირაკლი კობახიძის ჩათვლით, არის უალტერნატივოდ ყველა უპირატესობის მქონე პოლიტიკური ძალა.

„ამ განხილვების შემდეგ მთელმა ქვეყანამ დაინახა ჭეშმარიტება, ვინ ცდილობს წყლის ამღვრევას, სარკეების გამრუდებას და ისე წარმოჩენას ვითარებისა, როგორც სინამდვილეში არ არის. სინამდვილე რაც არის ყველამ ძალიან კარგად დაინახა. მე მგონია, რომ ყველასთვის გასაგები გახდა, რომ ახლაც, ამ გადაწყვეტილების მიღების წინ რომ ვდგავართ, ამ გადაწყვეტილების წინაშეც ვართ აბსოლუტურად პირნათელი. ვართ აბსოლუტურად ოპტიმისტურად განწყობის საკმარისი მიზეზებით შეიარაღებული. დღეს, „ქართული ოცნება“ მისი ლიდერით, ირაკლი კობახიძის ჩათვლით, რა თქმა უნდა, არის უალტერნატივოდ ყველა უპირატესობის მქონე პოლიტიკური ძალა ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში და ამას მე მგონი, არც არავინ გახდის სადავოდ კიდევ კარგა ხნის განმავლობაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.