Home Blog Page 1670

“გაბაშვილი და უგულავა სააკაშვილს ჯართში გადაგდებულს ეძახდნენ, რა ამოცანა აქვთ, არ ვიცი, ალბათ მათაც უნდათ კეზერაშვილის სალაროს ფანჯარაში თავის შეყოფა”- ვოლსკი

არსებობს რევოლუციური კომიტეტი და ეს ადამიანები კვიპროსში ჩავიდნენ, რომ კეზერაშვილს თავიანთი მოსაზრებები უთხრან, რამდენად კარგები არიან რევოლუციურ კომიტეტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკის კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ელენე ხოშტარია, გიგი უგულავა და გოკა გაბაშვილი კეზერაშვილთან შესახვედრად კვიპროსზე გაემგზავრნენ.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, მათი მიზანია კეზერაშვილის სქემაში ჩაერთონ და თავისი თავი წარმოაჩინონ პოლიტიკურ ლიდერებად.

„უგულავასა და გაბაშვილს რა კონფიგურაცია აქვთ, ვერ გეტყვით, რადგან დიდი ხანია, არ მინახავს, მაგრამ ელენე ხოშტარიას რეიტინგი მაღალი არ არის და ალბათ კვიპროსში თავის მოსაწონებლად ჩავიდნენ, რათა იმ სქემიდან არ ამოვარდნენ, რომელსაც კეზერაშვილი აფინანსებს. მათი მიზანია, ამ სქემაში ჩაერთონ და თავისი თავი წარმოაჩინონ იმ პოლიტიკურ ლიდერებად, რაც რევოლუციურ კომიტეტს სჭირდება და გაერთიანებულია ხაბეიშვილის გარშემო. არსებობს რევოლუციური კომიტეტი და ეს ადამიანები კვიპროსში ჩავიდნენ, რომ კეზერაშვილს თავიანთი მოსაზრებები უთხრან, რამდენად კარგები არიან რევოლუციურ კომიტეტში. არ მგონია, მათ მოგზაურობას სხვა დანიშნულება ჰქონდეს – ისინი სალაროში ჩავიდნენ, შეყვეს თავი და ეუბნებიან, რომ მათაც აქვთ გარკვეული პრეტენზიები, დაფინანსება ჰქონდეთ, კონკრეტული საქმიანობისთვის. გვახსოვს, ხოშტარია როგორ ახტებოდა მანქანებს. მაშინ, შეიძლება, რუსეთიდან მომდინარე დაფინანსება საკმარისი იყო, ახლა კი დამატება უნდა. სექტა მასაც გააჩნია. თავის დროზე გაბაშვილი და უგულავა სააკაშვილს ჯართში გადაგდებულს ეძახდნენ, მათ რა ამოცანა და რა როლი აქვთ, არ ვიცი, მაგრამ მათაც უნდათ, იმავე სალაროს ფანჯარაში თავის შეყოფა. ეს ფანჯარა რამდენად ფართოა, ამაზე პასუხი არ მაქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

უკრაინის პრემიერმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვის შესახებ პოლონეთის გეგმებს არამეგობრული და პოპულისტური ნაბიჯი უწოდა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვის შესახებ პოლონეთის გეგმებს არამეგობრული და პოპულისტური ნაბიჯი უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ცენტრალური ევროპის ხუთ ქვეყანას -ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი- სურს, რომ უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა წლის ბოლომდე გახანგრძლივდეს. პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა განაცხადა, რომ ხუთმა ქვეყანამ ხელი მოაწერა საერთო დეკლარაციას აკრძალვის, სულ მცირე, წლის ბოლომდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი ევროკომისიასთან მოლაპარაკებებში წარადგენენ.

შმიგალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა ჩაშალა მარცვლეულის ინიციატივა, ანადგურებს შავი ზღვის პორტების ინფრასტრუქტურას და კიდევ ერთხელ ახდენს გლობალური სასურსათო კრიზისის პროვოცირებას. ამ კრიტიკულ მომენტში, პოლონეთი, უკრაინის მთავრობის მეთაურის თქმით, აპირებს გაახანგრძლივოს ევროკავშირში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება.

„ეს არის არამეგობრული და პოპულისტური ნაბიჯი, რომელიც სერიოზულად დააზარალებს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას და უკრაინის ეკონომიკას. ჩვენ მოვუწოდებთ პარტნიორებს და ევროკომისიას, უზრუნველყონ უკრაინული სურსათის შეუფერხებელი ექსპორტი ევროკავშირში“, – აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.

“მოსალოდნელია, რომ გაერთიანების შედეგად დიდი პრობლემები გაუჩნდეთ” – მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელზე

მოსალოდნელია, რომ ამ გაერთიანების შედეგად დიდი პრობლემები უფრო გაუჩნდეთ, – ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანებას.

„მეჩვენება, რომ შეცდომაა, როდესაც ამ გაერთიანებას გამარჯვების პლატფორმას არქმევენ. ორი მიზეზითაა შეცდომა : პირველი – ახალი ენერგიაო და ამას მარკეტინგულად ბრენდავენ. ყველა კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ ამით საზოგადოებაში აჩენენ იმის განცდას, რომ ამ დრომდე რაც იყო, ის იყო ცუდი და ახლა ამ ცუდის მკეთებლებისგან მიღებული დაპირება საზოგადოებისთვის, რომ ამიერიდან სუპერ ენერგიული და გადასარევი გავხდებიო, რასაკვირველია დამაჯერებელი არ არის და მეორე, რაც მნიშვნელოვანია – გამარჯვების რა გითხრათ – „ღატაკი და ქილა ერბოსავით“ არ გამოუვიდეთ ეს ყველაფერი. გამარჯვებაზე დიდ განაცხადებს აკეთებენ და მერე შეიძლება ეს ყველაფერი უკუღმა აღმოჩნდეს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ საუბრისას.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაცმოძრაობა“ დიალოგის რეჟიმში რჩებიან და „გამარჯვების პლატფორმის“ შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას სავარაუდოდ კვირის ბოლოს მიაწვდიან.

“ჩემთვის წითელი ხაზია ის, როცა პოლიტიკოსი კადრულობს საკუთარ ქვეყანას ავნოს მარტო იმიტომ, რომ ეს გააფორმოს, როგორც ხელისუფლების შეცდომა”

საბედნიეროდ, მათი მავნებლური საქმიანობის მოსალოდნელი ზიანი ალბათ მინიმიზებული იქნება, რადგან მოხერხდა და სწრაფ გამოირკვა, ვინ რას აკეთებდა და რას „ჩალიჩობდა“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ FARA-ს მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტებზე საუბრისას განაცხადა.

„მაგრამ იქნება შემთხვევები, სადაც ეს ვერ გაირკვევა. რეალურად ჩვენი ოპონენტები დაკავებულები არიან მავნებლური საქმიანობით. ეს არის ხალხი, რომელიც კადრულობს იმას, რაც არც ერთ შემთხვევაში არავისთვის საკადრისი არ უნდა იყოს. ჩემთვის წითელი ხაზია ის, როცა პოლიტიკოსი კადრულობს საკუთარ ქვეყანას ავნოს მარტო იმიტომ, რომ ეს გააფორმოს, როგორც ხელისუფლების შეცდომა. ანუ, ქვეყანა უკან წავიდეს მარტო იმიტომ, რომ თვითონ წინ წავიდეს პოლიტიკაში“, – განაცხადა სარჯველაძემ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.

“ფულის გადახდა საქართველოს დასანქცირების სტრატეგიის შემუშავების მიზნით არის უკიდეგანო ბოროტება ჩვენი ქვეყნის მიმართ”

ფულის გადახდა საქართველოს დასანქცირების სტრატეგიის შემუშავების მიზნით არის უკიდეგანო ბოროტება ჩვენი ქვეყნის მიმართ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს უკეთესი მომავლის წინააღმდეგ მებრძოლ რეინკარნირებულ ბოლშევიკთა გაერთიანებაა.

„ერთ-ერთი ამონარიდი სააკაშვილის მიერ ლობისტური კომპანიებისთვის გადახდილი თანხების დანიშნულებიდან:
Strategy on persuading U.S. Senators to pursue sanctions against the Republic of Georgia – „ამერიკელი სენატორების დარწმუნების სტრატეგია საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციების გატარებაში”.

ფულის გადახდა საქართველოს დასანქცირების სტრატეგიის შემუშავების მიზნით არის უკიდეგანო ბოროტება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამაზრზენად მავნებლური ქმედება განახორციელა ჩვენი სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედმა “ერთიანმა ბოლშევიკურმა მოძრაობამ”. ძალაუფლების მოპოვების მანიაკური წყურვილით შეპყრობილმა პოლიტიკურმა კერპთაყვანისმცემლებმა მკაფიოდ აჩვენეს ჩვენს ძვირფას ხალხს თუ რაზე არიან წამსვლელი საკუთარი ავხორცი ვნებების დასაკმაყოფილებლად. ნაციონალური მოძრაობა საქართველოს უკეთესი მომავლის წინააღმდეგ მებრძოლ რეინკარნირებულ ბოლშევიკთა გაერთიანებაა. საქართველო გაიმარჯვებს“, – წერს ბრეგაძე.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.

“იმ პოლიტიკურ ძალას რა ვუთხარი, გიორგი ვაშაძის გადასარჩენი რომ გახდება”

იმ პოლიტიკურ ძალას რა ვუთხარი, ვაშაძის გადასარჩენი რომ გახდება, მაგრამ ეს კარგია. ვაშაძე ყველას კარგად ახსოვს – შემოვიდა პარლამენტში 4 ადამიანით და ახლა დარჩნენ ორნი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ადამიანი, რომელსაც ოპოზიციურ მიტინგზე ხალხმა მიკროფონი წაართვა და აქციებზე დარბოდნენ, სადაა, ვაშაძე გამოვიდესო, ასეთ პოლიტიკოსს ნიშნავენ პლატფორმის ლიდერად. იმ პოლიტიკურ ძალას რა ვუთხარი, ვაშაძის გადასარჩენი რომ გახდება, მაგრამ ეს კარგია. ვაშაძე ყველას კარგად ახსოვს – შემოვიდა პარლამენტში 4 ადამიანით და ახლა დარჩნენ ორნი.

რაც უფრო მეტი ძველი სახე წარმოჩინდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, მით უფრო კარგად იქნება საქმე 2024 წელს. საზოგადოება კიდევ ერთხელ გაიხსენებს, რომ უარესს უქადიან საქართველოს, ვიდრე 2012 წლამდე იყვნენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კონსულტაციები დასრულდა. პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ერთობლივ განცხადებას პარტიები დღეს გააკეთებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გაერთიანებისკენ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდებს.

დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5693 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5693 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5693 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5692 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8804 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8819 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0015 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა” – ელენე ხოშტარია

ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა – ამ კონსტრუქციაში გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს თავის თავს, „დროა“ – არა – ჩვენც გვექნება ჩვენი საარჩევნო განაცხადი,- ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „გირჩი – მეტი თავისუფლებასთან“ და „სტრატეგია აღმაშენებელთან“ „დროას“ თანამშრომლობა საჭირო და საინტერესო იყო.

„სამეულთან თანამშრომლობა ძალიან საჭირო, საინტერესო და საქმისთვის სასარგებლო იყო. პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ეს არა საარჩევნო, არამედ კონკრეტულ ამოცანებთან დაკავშირებული თანამშრომლობა იყო, 24 თებერვალი მათ შორის. სიებზე და მსგავს საკითხებზე, როგორც მაშინაც ვამბობდით, არასდროს გვქონია საუბარი.

ცალკე მინდა ვთქვა, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან და გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. გიორგი ძალიან კეთილსინდისიერად და ენერგიულად იყო ჩართული ყველაფერში. მადლობელი ვარ, მისი ამ თანამშრომლობისთვის.

ახლა ახალი ეტაპია, სადაც ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ამ კონსტრუქციაში გიორგი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს თავის თავს, „დროა“ – არა. წარმატებებს ვუსურვებ გიორგისაც და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ საკუთარი ამომრჩევლის მაქსიმალურად კონსოლიდაციაში.

ჩვენც გვექნება ჩვენი საარჩევნო განაცხადი და ყველაფერს ვიზამ, რომ ის შედეგისთვის, ანუ რუსების გაგდებისთვის და პროდასავლური სამომავლო კოალიციისთვის ოპტიმალური იყოს“,- წერს ხოშტარია.

“უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ აცხოვნოს” – პატრიარქი აფხაზეთიდან გადმოსვენებულებზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„როგორც ცნობილია, პერიოდულად ხდება გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში დაღუპული მოქალაქეებისა და მებრძოლების ჩამოსვენება.

დღეს თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულნი არიან: გივი ჭელიძე, დავით ზაქარაია, გურამ ხუნწელია, შახი სიჭინავა, შოთა მურუსიძე, მოსე მარგველანი, ანზორ თოდუა, გენადი თოდუა, ვახტანგ ჩიჩუა, აბელ პატარაია, დავით შარვაძე, ჯემალ იოსავა, გულნარა აბულაძე.

უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ აცხოვნოს და სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი და სულნი საქართველოსთვის თავდადებულთა ყოველთა.

ღმერთმა დალოცოს ამ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, შთამომავალნი, ახლობელნი და ისინიც, ვინც იღვაწა მათი გადმოსვენებისათვის.

ღმერთმა დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს სრულიად საქართველო“, – აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის სამძიმრის წერილში.

ოკუპირებული აფხაზეთიდან, 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 13 იდენტიფიცირებული ადამიანის ცხედარი გადმოასვენეს. გარდაცვლილთათვის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.

ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა

ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის გაგრძელებასთან არის დაკავშირებული.

„სანქციები პირველად 2014 წელს შემოვიღეთ უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციისკენ რუსული მხარის მიერ განხორციელებული ქმედებების საპასუხოდ. 2022 წლიდან უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო აგრესიის პასუხად სანქციები გავახანგრძლივეთ და ამას გავაგრძელებთ“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

“ყველამ იცის, რომ საქართველოს საკითხის ხსენებაც კი არ იქნებოდა, რომ არა უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა”

ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ მე საქართველოში უკრაინის ხელისუფლებამ „მეორე ფრონტის“ გასახსნელად გამომგზავნა. საქართველოში ომის დაწყებამდე 5 თვით ადრე ჩამოვედი – ე.ი. ის ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დაგეგმა და თავად დაიწყო ომი, ეს „მძინარე ცხინვალის“ რიტორიკის დანაშაულებრივი გაგრძელებაა ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული.

სააკაშვილი პრემიერის რამდენიმე განცხადებას ასახელებს და მათ ტყუილს უწოდებს.

„რუსი პრემიერი ღარიბაშვილის 4 ტყუილი:

ის ამტკიცებს, რომ მე საქართველოში უკრაინის ხელისუფლებამ ომის დასაწყებად და „მეორე ფრონტის“ გასახსნელად გამომგზავნა. მე საქართველოში ჩამოვედი ომის დაწყებამდე 5 თვით ადრე, როცა არათუ უკრაინის, არამედ ამერიკის დაზვერვამ არ იცოდა ომის დაწყების პერსპექტივის შესახებაც კი. ე.ი. ის ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დაგეგმა და თავად დაიწყო ომი, „მძინარე ცხინვალის“ რიტორიკის დანაშაულებრივი გაგრძელება;
ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური პირები ამბობენ: სააკაშვილის ხელისუფლება რომ ყოფილიყო, „მეორე ფრონტი“ გაიხსნებოდა. ეს იაფფასიანი ტყუილია. დაასახელოს ოფიციალური პირის ერთი გვარი მაინც, რომელიც ამას ამბობდა. რა თქმა უნდა, ასეთი არ არსებობს;
ღარიბაშვილი ამბობს, რომ უკრაინამ დაბლოკა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის საკითხი. მსოფლიოში ყველამ იცის, რომ საქართველოს საკითხის ხსენებაც კი არ იქნებოდა, რომ არა უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა;
უკრაინის ხელისუფლების გამოგზავნა მე არ მჭირდებოდა. სრულიად საჯაროდ მქონდა დიდი ხნის განმავლობაში დეკლარირებული პოზიცია, რომ ჩამოვიდოდი შარლ მიშელის რეფერენდუმისა და ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით და დაპირება შევასრულე. პრემიერმა ისიც არ იცის, ან არ უნდა იცოდეს, რომ მათ ჩემს პასპორტში შტამპი ვერ აღმოაჩინეს იმიტომ, რომ ქვეყნიდან გასვლისას უკრაინულ პასპორტში შტამპი, როგორც წესი, არ ირტყმევა.
ის, რომ საქმე გვაქვს რუსულ ხელისუფლებასთან უტყუარად მტკიცდება მათი გართულებით გენერალ ლორთქიფანიძესთან დაკავშირებით. გია არის უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსი და ძალიან ბევრ ოპერაციას ხელმძღვანელობს რუსების წინააღმდეგ და რამდენადაც ვიცი, უკრაინის გმირის წოდებაც მიანიჭეს, რა თქმა უნდა, ის რუსებს და „ქოცრუსებს“ ნერვებს უშლის“,- აცხადებს სააკაშვილი.

უკრაინამ აშშ-ის მიერ მიწოდებული კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება დაიწყო

უკრაინამ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ძალების წინააღმდეგ აშშ-ის მიერ მიწოდებული კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება დაიწყო, რათა გაანადგუროს კარგად გამაგრებული რუსული პოზიციები, რომლებმაც უკრაინის ზაფხულის კონტრშეტევა შეანელა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ამერიკული წარმოების საკამათო იარაღის გამოყენებას წინ უსწრებდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის “რთული გადაწყვეტილება” უკრაინისთვის აღნიშნული საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუკი უკრაინა კასეტურ საბრძოლო მასალას გამოიყენებს, რუსეთი ადეკვატურად იმოქმედებს, თუმცა, გაერო-ს ცნობით, რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ კასეტური საბრძოლო მასალა უკრაინის დასახლებულ რაიონებში არაერთხელ გამოიყენა.

კასეტური ბომბები კანონით 120-ზე მეტ ქვეყანაშია აკრძალული, თუმცა ამ ქვეყნებს შორის უკრაინა და რუსეთი არ არიან.