“უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ აცხოვნოს” – პატრიარქი აფხაზეთიდან გადმოსვენებულებზე

114
spot_img

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„როგორც ცნობილია, პერიოდულად ხდება გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში დაღუპული მოქალაქეებისა და მებრძოლების ჩამოსვენება.

დღეს თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულნი არიან: გივი ჭელიძე, დავით ზაქარაია, გურამ ხუნწელია, შახი სიჭინავა, შოთა მურუსიძე, მოსე მარგველანი, ანზორ თოდუა, გენადი თოდუა, ვახტანგ ჩიჩუა, აბელ პატარაია, დავით შარვაძე, ჯემალ იოსავა, გულნარა აბულაძე.

უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ აცხოვნოს და სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი და სულნი საქართველოსთვის თავდადებულთა ყოველთა.

ღმერთმა დალოცოს ამ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, შთამომავალნი, ახლობელნი და ისინიც, ვინც იღვაწა მათი გადმოსვენებისათვის.

ღმერთმა დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს სრულიად საქართველო“, – აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის სამძიმრის წერილში.

ოკუპირებული აფხაზეთიდან, 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 13 იდენტიფიცირებული ადამიანის ცხედარი გადმოასვენეს. გარდაცვლილთათვის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.