უკრაინის პრემიერმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვის შესახებ პოლონეთის გეგმებს არამეგობრული და პოპულისტური ნაბიჯი უწოდა

95
spot_img

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვის შესახებ პოლონეთის გეგმებს არამეგობრული და პოპულისტური ნაბიჯი უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ცენტრალური ევროპის ხუთ ქვეყანას -ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი- სურს, რომ უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა წლის ბოლომდე გახანგრძლივდეს. პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა განაცხადა, რომ ხუთმა ქვეყანამ ხელი მოაწერა საერთო დეკლარაციას აკრძალვის, სულ მცირე, წლის ბოლომდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი ევროკომისიასთან მოლაპარაკებებში წარადგენენ.

შმიგალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა ჩაშალა მარცვლეულის ინიციატივა, ანადგურებს შავი ზღვის პორტების ინფრასტრუქტურას და კიდევ ერთხელ ახდენს გლობალური სასურსათო კრიზისის პროვოცირებას. ამ კრიტიკულ მომენტში, პოლონეთი, უკრაინის მთავრობის მეთაურის თქმით, აპირებს გაახანგრძლივოს ევროკავშირში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება.

„ეს არის არამეგობრული და პოპულისტური ნაბიჯი, რომელიც სერიოზულად დააზარალებს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას და უკრაინის ეკონომიკას. ჩვენ მოვუწოდებთ პარტნიორებს და ევროკომისიას, უზრუნველყონ უკრაინული სურსათის შეუფერხებელი ექსპორტი ევროკავშირში“, – აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.