“ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა” – ელენე ხოშტარია

70
spot_img

ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა – ამ კონსტრუქციაში გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს თავის თავს, „დროა“ – არა – ჩვენც გვექნება ჩვენი საარჩევნო განაცხადი,- ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „გირჩი – მეტი თავისუფლებასთან“ და „სტრატეგია აღმაშენებელთან“ „დროას“ თანამშრომლობა საჭირო და საინტერესო იყო.

„სამეულთან თანამშრომლობა ძალიან საჭირო, საინტერესო და საქმისთვის სასარგებლო იყო. პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ეს არა საარჩევნო, არამედ კონკრეტულ ამოცანებთან დაკავშირებული თანამშრომლობა იყო, 24 თებერვალი მათ შორის. სიებზე და მსგავს საკითხებზე, როგორც მაშინაც ვამბობდით, არასდროს გვქონია საუბარი.

ცალკე მინდა ვთქვა, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან და გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. გიორგი ძალიან კეთილსინდისიერად და ენერგიულად იყო ჩართული ყველაფერში. მადლობელი ვარ, მისი ამ თანამშრომლობისთვის.

ახლა ახალი ეტაპია, სადაც ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ამ კონსტრუქციაში გიორგი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს თავის თავს, „დროა“ – არა. წარმატებებს ვუსურვებ გიორგისაც და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ საკუთარი ამომრჩევლის მაქსიმალურად კონსოლიდაციაში.

ჩვენც გვექნება ჩვენი საარჩევნო განაცხადი და ყველაფერს ვიზამ, რომ ის შედეგისთვის, ანუ რუსების გაგდებისთვის და პროდასავლური სამომავლო კოალიციისთვის ოპტიმალური იყოს“,- წერს ხოშტარია.