Home Blog Page 1663

“დღეს ქვეყანას სჭირდება პროპორციული არჩევნები 2024 წელს და არა, უკონკურენტო რიგგარეშე არჩევნები”- ირაკლი კუპრაძე

კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღების საკითხი განსაზღვრავს პოლიტიკური მოვლენების მიმდინარეობას, თუმცა ოპოზიციამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გონივრულად – დღეს ქვეყანას სჭირდება პროპორციული არჩევნები 2024 წელს და არა, უკონკურენტო რიგგარეშე არჩევნები, – აცხადებს  „ლელოს“ გენერალურმა მდივანი  ირაკლი კუპრაძე

მისი თქმით, ჯერჯერობით, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობა არ მიდის.

„ოპოზიციური პარტიები და მათ შორის „ლელო“, ვძლიერდებით, ინდივიდუალურ რეჟიმში, ვაშენებთ პარტიულ ორგანიზაციებს რეგიონებში, ვცვლით შინაარსს, რომელიც დღეს საზოგადოებას სჭირდება. თუმცა თუ იქნება რიგგარეშე არჩევნები, ჩვენ დავხვდებით ამ პროცესს მზად. ბოლო კვლევები მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ მარცხდება და ჯამურად ოპოზიცია იგებს არჩევნებს. ამ მოცემულობას ძალიან მარტივად დააყენებს ოპოზიცია. კანდიდატის სტატუსის მიღება არ მიღების საკითხი განსაზღვრავს პოლიტიკური მოვლენების მიმდინარეობას ქვეყანაში. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ძალიან მძიმე დანაშაულებრივი პოლიტიკით, ამ ეტაპზე, საარჩევნო სისტემა დატოვა ისევ დანაშაულებრივად არაკონკურენტუნარიანი, რაც ნიშნავს ისევ მაჟორიტარული სისტემის პირობებში არჩევნების ჩატარებას თუ ეს იქნება რიგგარეშე, 6 თვის შემდეგ კი 2024 წლის არჩევნები ისევ ჩატარდება. შესაბამისად, ოპოზიციამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გონივრულად, უნდა მიიღოს იმის ფარგლებში რა სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას. ამ ეტაპისთვის, ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება პროპორციული არჩევნები 2024 წელს და ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება უსამართლო, უკონკურენტო და დანაშაულებრივი სისტემური არჩევნები, რომელიც შეიძლება ჩატარდეს თუნდაც რიგგარეშე არჩევნების სახით“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

“ნაყოფიას რაც ენატრება ის ესიზმრება” – ირაკლი მენაღარიშვილი

“ეჭვიც არ მეპარება, რომ თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება – ოპოზიცია უნდა იყოს მზად და სტრატეგიულ საკითხებზე შეთანხმებული,” – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა კობა ნაყოფიამ განაცხადა.

მისი თქმით, შემდეგი არჩევნები შეიძლება ბევრად უფრო სწრაფად იყოს, ვიდრე წარმოგვიდგენია.

„კარგად მოგეხსენებათ, შემოდგომაზე საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა, რომ არ მიიღოს სტატუსი, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება პროცესები კიდევ უფრო დაჩქარდეს და არჩევნები კიდევ უფრო სწრაფად ჩატარდეს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. თუ ისე მოხდა, რომ ეს სტატუსი საქართველომ ვერ მიიღო, რა თქმა უნდა, ეჭვიც არ მეპარება, რომ არჩევნები შეიძლება უფრო ადრე ჩატარდეს, ვიდრე ამას ველოდებით, ამიტომ ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია უნდა იყოს მზად და ბევრ სტრატეგიულ საკითხთან მიმართებაში შეთანხმებული იყოს. ეჭვიც არ მეპარება, რომ თუკი, სტატუსს ქვეყანა ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება“, – განაცხადა ნაყოფიამ.

კობა ნაყოფიას განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური კალენდარიც კი არეული აქვს – როდესაც 2024 წლის იანვარ-თებერვლისათვის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე საუბრობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური კალენდარი და კურსიც დაკარგული აქვთ!“ – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე.

თალაკვაძის თქმით, ოპოზიცია 2024 წლის იანვარ-თებერვალში არა პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებისთვის, არამედ რიგითი არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს.

“სტატუსს როდესაც ვერ მივიღებთ, იმ პოლიტიკურ რეალობაში, რომელშიც ვცხოვრობთ, რომ მოსახლეობის 90% სულით და გულით ევროპისკენ მიისწრაფვის და ოჯახის მომავალს ევროპას უკავშირებს, რა თქმა უნდა ექნება სახალხო, საჯარო მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებზე,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, ისინი ვადამდელი არჩევნებისთვის მზად ნებისმიერ მომენტში არიან, ოღონდ აუცილებელია ყველამ ერთად, სხვა ოპოზიციონერ პარტნიორებთან ერთად, ხელისუფლება აიძულონ, რომ საარჩევნო კოდექსში მაქსიმალურად მეტი ცვლილება იქნას გატარებული.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის ერთადერთი იმედი დესტაბილიზაციისა და არეულობის გამოწვევაა და სწორედ ამიტომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების დაბლოკვას მაქსიმალურად ცდილობენ.

კობა ნაყოფიას განცხადებას „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი გამოეხმაურა.

მისი თქმით, ნაყოფიას განცხადება ქაოსის გამომწვევია.

„ეს განცხადება ლოგიკური ნამდვილად არ არის. ბატონ ნაყოფიას რაც ენატრება ის ესიზმრება, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. უდავოდ, ქაოსის გამომწვევი განცხადებაა და პოლიტიკური თამაშის ნაწილიც არის, ვფიქრობ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე.

არ ვიცი, რამდენად მზად იქნება ოპოზიცია ვადამდელი არჩევნებისთვის. თუმცა, მართლა ვერ ვხედავ საფუძველს, როგორ უნდა იყოს საქართველოში მსგავსი რამ, როდესაც არჩეული ხელისუფლება ჯერ ისევ ფუნქციონირებს,“– განაცხადა ჩვენთან საუბარში ირაკლი მენაღარიშვილმა.

“რუსეთთან სანქციების გვერდის ავლით ვაჭრობამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ფულის მდინარეები გამოიწვია”-Politico

ამერიკული გაზეთის Politico-ს ევროპულ ვერსიაში (გამოდის ბრიუსელში, ბელგია) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთთან სანქციების გვერდის ავლით ვაჭრობამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ფულის მდინარეები გამოიწვია“ (ავტორები – გებრიელ გევინი და სარა ენ-არუპი, თბილისიდან).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მიერ შემოღებული ანტირუსული სანქციები დიდ ბიზნესის მომტანი გახდა ზოგიერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისათვის, რომლებიც ცდილობენ მოგება მიიღონ სანქცირებული პროდუქციის რუსეთში გაყიდვით.

„მიწოდების ახალი სქემების ჩამოყალიბება, რომლითაც რუსების უზრუნველყოფა ხდება ალკოჰოლით, ფუფუნების საგნებით და სხვა დასავლური წარმოების პროდუქციით, ძირს უთხრის ევროკავშირის მცდელობას რუსეთის დასჯის მიზნით“, – აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი Politico-სთან საუბარში.
„ევროკავშირის სანქციებიდან გადახვევა და მათი შეუსრულებლობა – ეს არამარტო ახლომხედველური გადაწყვეტილებაა, არამედ დამატებით ძირს უთხრის ჩვენი კავშირის ძირითად პრინციპებს“, – თქვა მინისტრმა იმ ინფორმაციის საპასუხოდ, რომლის თანახმად, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანა რუსეთთან „ირიბი“ ვაჭრობის ცენტრებად იქცნენ და, შეიძლება ითქვას, „აყვავდნენ“ – მათმა შემოსავლებმა სწრაფად იმატა.

საქართველო: რუსეთთან ვაჭრობის რეკორდული ზრდა

საერთაშორისო მონიტორინგული ფირმის Trade Data Monitor-ის მიერ გამოქვეყნებული საბაჟო მონაცემები, რომლებსაც „პოლიტიკო“ გაეცნო, აჩვენებს, რომ საქართველოს ვაჭრობის მოცულობა მეზობელ რუსეთთან იმ დროიდან, როცა კრემლის არმია უკრაინაში შეიჭრა, ანუ ერთი წლის განმავლობაში 22%-ით გაიზარდა – მხოლოდ ალკოჰოლის ექსპორტმა 120%-ით მოიმატა. იმავე პერიოდში ასევე მკვეთრად გაიზარდა ყაზახეთის ექსპორტი რუსეთში – 57%-ით.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სომხეთში, რომელსაც მჭიდრო სავაჭრო კავშირების აქვს რუსეთთან, გასულ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა მოულოდნელად 11%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთში ექსპორტი – თითქმის ხუთჯერ. იმავდროულად რუსეთიდან გადმორიცხული ფულის რაოდენობამ 7-ჯერ მოიმატა. სომხეთმა საბიუჯეტო შემოსავლებში პროფიციტი დაფიქსირდა, ხოლო ეროვნული ვალუტის – დრამის კურსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მყარი გახდა.

„გაჩნდა ახალი სავაჭრო გზები მესამე ქვეყნების გავლით, რომლის მეშვეობით გაიზარდა როგორც რუსული პროდუქციის ექსპორტი საზღვარგარეთ, ასევე დასავლური საქონლის იმპორტის მოცულობა რუსეთში, ანუ ე.წ. „პარალელური ექსპორტ-იმპორტი“, – ამბობს იანის კლიუგე, საერთაშორისო ურთიერთობისა და უსაფრთხოების გერმანული ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მისი თქმით, ე.წ. „პარალელური იმპორტი“ გამოიხატება რუსეთის ბაზარზე სამომხმარებლო საქონლის შეტანაში, რომლის მწარმოებლების განცხადებით, მათ არ სურთ მოსკოვთან ვაჭრობა, მაგრამ პროდუქცია სხვადასხვა გზებით მაინც შედის რუსეთში და მისი მოცულობა სწრაფად მატულობს. „ეს მრავალმილიარდიანი ბიზნესია, რომელიც ხელს უწყობს მეზობელ ქვეყნებიდან დასავლური პროდუქციის რუსეთში შეტანას“.

როგორც Politico-ს მოსკოვის ერთ-ერთი რესტორნის მფლობელმა უთხრა (ანონიმურად), მის ბარში დასავლური კომპანიების მიერ დამზადებული თითქმის ყველა ალკოჰოლური და გაზიანი სასმელი იყიდება: „ლუდს და სპირტიან სასმელებს ბოთლებით ვიღებთ ყაზახეთიდან, „კოკა-კოლას“ – საქართველოდან“, – ამბობს რესტორატორი.

„კოკა-კოლას“ წარმომადგენლის განცხადებით, რა თქმა უნდა, კომპანია კრძალავს რუსეთში პროდუქციის ექსპორტს, „მაგრამ ჩვენი მოქმედება ყოველი არასანქცირებული შეტანის წინააღმდეგ საკმაოდ შეზღუდულია, რადგან ამ დროს საქმე გვაქვს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მარეგულირებელ ფაქტორებთან, – პირველ რიგში თავისუფალი ვაჭრობის ფაქტორთან“. ევრაზიული ეკონომიკური კავშირი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საერთო ბაზარს წარმოადგენს, რომელშიც შედიან რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და სომხეთი, მაგრამ არ შედის საქართველო.

ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა შეზღუდეს ელიტური ალკოჰოლის ექსპორტი რუსეთში და დააწესეს ზღვრული ბარიერი დასავლური ფირმებისათვის, რომლებიც გადახდებს რუსული ბანკების მეშვეობით აწარმოებენ. ამასთან, სასმელების მწარმოებელმა ბევრმა მსხვილმა კომპანიამ რუსული ბაზარი საერთოდ დატოვა, ნებაყოფლობით.

ბიზნესის სტიმულირება

კარნეგის ანალიტიკური ფონდის ევრაზიული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის თემურ უმაროვის თქმით, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების ეკონომიკას შემოსავლების ახალი გზები მნიშვნელოვან იმპულსს აძლევს. „იყო რამდენიმე ცნობა იმის შესახებ, რომ რუსი ბიზნესმენები თავიანთ პარტნიორებს ყაზახეთში, ყირგიზეთში და უზბეკეთშიც კი, რომელიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი არ არის), სთხოვდნენ დასავლური პროდუქციის შეძენას, რომ შემდეგ უკვე თვითონ მათ შეეტანათ რუსეთში“, – ამბობს ექსპერტი და ხაზს უსვამს: „ამგვარი მოქმედების შედეგად ცენტრალური აზიის ქვეყნებში ეკონომიკური სიტუაცია უფრო დინამიკური და ენერგიული გახდა. ამ იმპულსით სარგებლობას ბევრი კომპანია და ორგანიზაცია ცდილობს – ისინი ხედავენ, რომ რუსულ ბაზარზე დასავლური პროდუქციის დიდი მოთხოვნილებაა და ცდილობენ ვაჭრობის ნიშა დაიკავონ“.

ამ მარშრუტების არსებობა გარკვეულ ეჭვებს აჩენს: სამომხმარებლო პროდუქციასთან ერთად, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთში შეიძლება შევიდეს (ან უკვე შედის) ორმაგი დანიშნულების საქონელიც, მაგალითად, „მიკროჩიპები“ (ინტეგრალური სქემები), რომლებსაც რუსული სამხედრო მრეწველობა იყენებს.

ზეწოლა ვლადიმერ პუტინზე

„პარალელური იმპორტი“, კანონმდებლობის თვალსაზრისით, „ნაცრისფერ ზონად“ განიხილება და ევროკავშირის მიერ გამოცხადებული ანტირუსული სანქციების მიზნებს ეწინააღმდეგება: „ევროკავშირის წევრებმა მესამე ქვეყნებს და იქ მოქმედ ევროპულ კომპანიებს მკაფიო სიგნალი უნდა გაუგზავნონ, რომ მათ სანქციების მოთხოვნები მტკიცედ დაიცვან’, – ამბობს გაბრიელიუს ლანდსბერგისი. „ლიეტუვაში ის კომპანიები, რომელიც სანქციებისადმი გვერდის ავლას გაბედავენ, დიდ საზგადოებრივი ზეწოლისა და რისხვის ქვეშ მოხვდებიან – იმიტომ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენმა ხალხმა მტკიცე არჩევანი გააკეთა: ფასეულობებიც დაცვა ყოველთვის პრიორიტეტულია და მათი ჩანაცვლება აგრესორთან ვაჭრობით ყოვლად მიუღებელია“.

დღეს ვილნიუსი ევროკავშირს მოუწოდებს, რომ დაინიშნოს სპეციალური კომისარი გაფართოებული უფლებებით, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების შესრულებას გააკონტროლებს.
მართალია, დევიდ სელივანი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ევროკავშირში, სწორედ ამ მიზნით არის დანიშნული ევროკავშირის წარმომადგენლად, მაგრამ იგი აშშ-ის ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო კომპანიების დახმარების გარეშე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევასა და მესამე ქვეყნებიდან რუსეთში არალეგალური გზებით პროდუქციის შეტანას ვერ შეწყვეტს.

„ჩვენ, სანქციების შესრულების გაკონტროლების დროს, ალბათ, მოგვიწევს შევეგუოთ დროებითი ხასიათის ნეგატიურ გავლენას ევროპულ ბიზნესზე. მხოლოდ ერთიანი მიდგომით შევძლებთ ანტირუსული სანქციების სრულ რეალიზებას“, – ამბობს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

წყარო

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება

ZEG Tbilisi Storytelling Festival, ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალია რეგიონში, რომელიც Impact Hub Tbilisi-ს და Coda Story-ის მიერ 2019 წელს დაარსდა, თიბისი დაარსების დღიდანვე ფესტივალის მხარდამჭერია. ფესტივალი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხებს გაგვიზიარებენ. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, გარემოს დაცვა, ტექნოლოგიები – ეს ის სფეროებია, რომლის შესახებაც 3 დღიანი ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართება.

წელს ფესტივალი 8-10 ივნისს ჩატარდება და მოიცავს პანელურ დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოფებს, ქალაქის ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს. ფესტივალის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ ამბის თხრობის/გადმოცემის როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ მეთოდებს და მიიღონ ინსპირაცია საკუთარი საქმიანობისთვის.

ფესტივალში მონაწილეობას იღებს 40-მდე უცხოელი სპიკერი, მათ შორის არიან: არმანდო იანუჩი – სატირიკოსი და არაერთი ცნობილი ფილმის  რეჟისორი და სცენარისტი (მათ შორის The Death of Stalin), მარია რესა – ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, ადამ ნოიჰაუსი – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული ტელეკომპანიის ESPN-ის განვითარების სტრატეგიის ხელმძღვანელი და დოკუმენტური სერიალის  30for30-ს კრეატიული დირექტორი, ფედონა პაპამიქაელი – ოსკარის ორგზის ნომინანტი კინოოპერატორი (მათ შორის Ford V Ferrari, Indiana Jones), სევგილ მუსაიევა –  Ukrainska Pravda-ს მთავარი რედაქტორი, ოლივია არტური Magnum-ის დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი, კლაუდია მილნიCBS News-ის ვიცე პრეზიდენტი, ჯო საბია – Vogue’s 73 Questions-ის ავტორი და მოდერატორი, სარა ნატოჩენიPokémon-ის ხმა და მრავალი სხვა წამყვანი პროფესიონალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

გარდა ამისა, წელს ZEG-ის ფარგლებში ტარდება European Press Prize-ის დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა მედიაინდუსტრიაში. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს ეწვევა 150-მდე წამყვანი ჟურნალისტი, როგორც ევროპიდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ:

ბილეთები: http://tkt.ge/ZEGFestival

ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story; ფესტივალის მხარდამჭერები: რადიო თავისუფლება, ამერიკის საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, თიბისი კონცეპტი, Visa, European Press Prize, Open Society Foundation, IREX, Setanta Sports, Creative Europe, Windfor’s, IPI, აჭარა ჯგუფი, Enkeny Films, ჟუჟუნა ღვინო.

R

“მივესალმები ვოლოდიმირ ზელენსკისა და სი ძინპინის სატელეფონო საუბარს” – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩინეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის გამართულ საუბარს მიესალმება.

„მივესალმები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრეზიდენტ სი ძინპინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს. ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა უკეთ გაიგოს უკრაინის პერსპექტივები. ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ჩინეთმა ვერ შეძლო დაეგმო რუსეთის უკანონო ომი, უკანონო შეჭრა უკრაინაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა ლუქსემბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ნატო-ს მოკავშირეებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო გეგმის მიმართ, რომელიც მოიცავს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას.

ცნობისთვის, გუშინ, უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ერთსაათიანი საუბრის დროს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხების მთელი კომპლექსი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება კი უკრაინისთვის სამართლიანი და მყარი მშვიდობის დამყარებისთვის შესაძლო ურთიერთქმედების გზებზე გაამახვილეს.

ქუთაისის აეროპორტს Wizz Air-ის ახალი ბაზირებული ხომალდები და ახალი ევროპული მიმართულებები ემატება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz Air-ის ახალი ბაზირებული ხომალდები და ახალი ევროპული მიმართულებები ემატება.

როგორც დღეს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ განაცხადა, თითოეული ახალი ხომალდი ნიშნავს ახალ მოგზაურს საქართველოში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის ​მეოთხე ბაზირებული ხომალდის დამატება ნამდვილად აღსანიშნავი საკითხია. ზაფხულში მესამე ბაზირებული ხომალდიდან 5 ახალი მიმართულება დაემატება, ასევე გაიზრდება სიხშირეები, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრად მეტი ტურისტი ჩამოვა. თითოეული ახალი ხომალდი ნიშნავს ახალ მოგზაურს საქართველოში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ზაფხულის სეზონზე ველოდებით ბევრად მეტ ტურისტს. ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული და კარგი სეზონი გვექნება“, – განაცხადა მაია ომიაძემ.

აღსანიშნავია, დღეს ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ი მეოთხე ბაზირებულ ხომალდს დაამატებს და ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის იფრენს.

საქართველო-უკრაინის ვაჭრობა 2009 წლის შემდეგ რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა

2023 წლის პირველი კვარტლის სავაჭრო ბრუნვის მონაცემების მიხედვით, საქართველოსა და უკრაინას შორის ვაჭრობა 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ უკრაინასთან სავაჭრო ურთიერთობები მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოსაც შეუფერხა.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 84.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, 129.8 მლნ აშშ დოლარს, 35.1%-ით ჩამორჩება. თუ გასული წლების პირველი კვარტლის მონაცემებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ეს, მინიმუმ, 2009 წლის შემდეგ რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.

სავაჭრო ბრუნვიდან იმპორტის მოცულობა 61.6 მლნ აშშ დოლარი იყო, ექსპორტისა კი 22.6 მლნ აშშ დოლარი.

უკრაინიდან 3 უმსხვილესი საიმპორტო ჯგუფი კვების მზა პროდუქტები, სასმელები და თამბაქო ($15.1 მლნ), მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებები და მათი ნაწილები ($12.5 მლნ), ელექტროტექნიკური მანქანა-მოწყობილობები და მათი ნაწილებია ($5.8 მლნ).

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდანაც შავი ზღვით მოსაზღვრე ქვეყანაში ყველაზე დიდი ოდენობით კვების მზა პროდუქტები, სასმელები და თამბაქო ($10.1 მლნ), მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებები და მათი ნაწილები ($3.4 მლნ), ასევე მცენარეული წარმოშობის პროდუქტები გადის ($2.9 მლნ).

sakartvelo-ukrainis-savachro-brunva-2009-2022-clebis-pirveli-kvartali-mln-ashsh-dolari-1682584665.jpg

თუ სრულ წლიურ მონაცემებს გადავხედავთ, 2022 წელს უკრაინასთან სავაჭრო ბრუნვამ 518.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ეს კი წინა წლის მაჩვენებელზე, 579.3 მლნ აშშ დოლარზე, 10.6%-ით ნაკლებია. აქედან იმპორტმა 296 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ექსპორტმა 232.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. უნდა ითქვას, რომ 2009 წლის შემდეგ ორი ქვეყნის ვაჭრობა ამაზე დაბალი მხოლოდ 2015-2016 წლებში იყო.

უმსხვილესი საიმპორტო ჯგუფი წლიურადაც კვების მზა პროდუქტები, სასმელები და თამბაქოა ($77.6 მლნ), ასევე არაძვირფასი ლითონები და მათი ნაწარმი ($37.5 მლნ), მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებები და მათი ნაწილები ($36 მლნ).

უმსხვილეს საექსპორტო ჯგუფებში კი მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებები და მათი ნაწილები ($121.4 მლნ), კვების მზა პროდუქტები, სასმელები და თამბაქო ($48.7 მლნ) და მინერალური პროდუქტები შედის ($14.9 მლნ).

პროკურატურამ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს, თბილისში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

„სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 25 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

 

„უკრაინამ დაპირებული სამხედრო ტექნიკის 98 პროცენტზე მეტი მიიღო“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს მოკავშირეებმა და პარტნიორმა ქვეყნებმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში, უკვე თავიანთი ვალდებულებების 98%-ზე მეტი შეასრულეს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„საკონტაქტო ჯგუფის მეშვეობით, ალიანსის მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უკრაინას უპრეცედენტო დახმარება გაუწიეს. უკრაინას დაპირებული საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის 98%-ზე მეტი უკვე მიეწოდა. ეს ნიშნავს 1 550-ზე მეტ ჯავშანმანქანას, 230 ტანკს და სხვა აღჭურვილობას, მათ შორის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას. ჯამში 9-ზე მეტი უკრაინული მექანიზებული ბრიგადა მოვამზადეთ. ეს მისცემს უკრაინას მტკიცე პოზიციას, გააგრძელოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

“არ ვეთანხმები არცერთ ჩემს კოლეგას ოპოზიციიდან, ვინც დღეს რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობს”- ხათუნა სამნიძე

მე არ ვეთანხმები არცერთ ჩემს კოლეგას ოპოზიციიდან, ვინც დღეს რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობს ან საზოგადოებაში აღვივებს განცდას ან ქმნის ისეთ მოლოდინს, თითქოს ამ ქვეყანას არ ექნება კანდიდატის სტატუსი არავითარ შემთხვევაში, – ამის შესახებ ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის თქმით, რეკომენდაციის შესასრულებლად დრო ჯერ კიდევ არის, ვადამდელ არჩევნებზე საუბარს კი პოლიტიკურ შეცდომად მიიჩნევს.

„რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი სერიოზული პოლიტიკურ შეცდომა მგონია და შეცდომაში შეყვანა როგორც საზოგადოების, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, რომლებიც ჩვენგან მოქმედებას ელოდებიან“, – მიიჩნევს სამნიძე.

კობა ნაყოფიას განცხადებით, მას ეჭვიც არ ეპარება, რომ „თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება – ოპოზიცია უნდა იყოს მზად და სტრატეგიულ საკითხებზე შეთანხმებული“.

“საქართველოს, მის თაობებს არ უბრძოლიათ იმისთვის, რომ ბატონი გამოგვეცვალა”- ვატო შაქარიშვილი

“საზოგადოების, ერის, ბერის, ხელისუფლების ერთობამ მოიტანა ის შედეგი, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა და ამ მონაპოვარს არცერთ შემთხვევაში არ დავთმობთ”, – ამის შესახებ კონსერვატიული პორტალის, “საქართველო უპირველეს ყოვლისას” დამფუძნებელმა,ვატო შაქარიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შაქარიშვილმა 30 აპრილს, რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი აქციის მიზნებზე ისაუბრა.

“ წლებია, ქართული საზოგადოება თვალს ვადევნებთ, რომ ქართულ სახელმწიფოებრიობაზე, მის სუვერენიტეტზე, მის ყველა საყრდენ ღირებულებაზე ორგანიზებული შეტევა, თავდასხმები მიმდინარეობს, რაც, ცხადია, ქვეყნის გარედან იმართება. ამ პროცესს ქვეყნის შიგნით მეხუთე კოლონის სახით უამრავი აღმსრულებელი ჰყავს. ბრძოლა ქართული სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის წინააღმდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა და ახალი მასშტაბები შეიძინა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველომ უარი თქვა, სხვისი ინტერესების სამსხვერპლოზე საკუთარი ხელით საკუთარი ქვეყანა მიეტანა, რითაც ჩვენს მომავალ არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. ამის გამო ქვეყნის გარედან მომდინარე ამ ბრძოლამ ახალი ძალა შეიძინა და ყველანაირი აკრძალული მეთოდის გამოყენებით მიმდინარეობს, ამაში ჩართულები არიან სერიოზული ძალები, რომლებსაც ჩვენს” დაუძინებელ მეგობრებს” ვუწოდებთ ხოლმე.
შესაბამისად, გასაგებია, რომ ამ ყველაფერმა საზოგადოებაში ძალიან სერიოზული აღშფოთება და წუხილი გამოიწვია. ჩვენ გვსურს, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გააგონოს ყველას საკუთარი ხმა. ეს შეკრება იქნება გამოძახილი და ხმა იმ საზოგადოებისა, იმ უმრავლესობისა, რომელიც ყოველდღიურად საკუთარ საქმეში, ოჯახში საკუთარი საქმიანობით საკუთარ სახელმწიფოს, ქვეყანას , იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს იცავს, რაზეც ღრმად გვწამს, რომ ჩვენი ქვეყანაა დაშენებული. საუბარია იმ ფუნდამენტური ღირებულებების შენარჩუნებაზე, როგორიცაა ოჯახის ინსტიტუტი, ეკლესია, მორალი. გვწამს , რომ სწორედ ამ ღირებულებების შენარჩუნებით შეგვიძლია, შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა, გადავრჩეთ და განვითარდეთ. თუ რა შედეგები მოიტანა ერის, ბერის, სახელმწიფოს, ჩვენი ხელისუფლების ერთიანობამ, ვფიქრობ, ეს უკვე ხელშესახებია დღეს, როდესაც მსოფლიო ცეცხლის პირობებში ჩვენი ქვეყანა ფეხზე დგას. მის მიმართ ინტერესი იზრდება. ეს ყველაფერი კონვერტირდება ეკონომიკურ განვითარებაში, დოვლათის შექმნაში, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის და მშვიდობის ნიადაგზე მყარად დადგომაში, რასაც ასე ებრძვიან. საზოგადოების, ერის, ბერის, ხელისუფლების ერთობამ მოიტანა ის შედეგი, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა და ამ მონაპოვარს არცერთ შემთხვევაში არ დავთმობთ. ეს შეკრება ამ მიზანს მოემსახურება. საზოგადოება კიდევ ერთხელ მკაფიოდ გააჟღერებს მთავარ გზავნილს, რაც გამოიხატება შემდეგში, რომ საქართველოს, მის თაობებს არ უბრძოლიათ იმისთვის, რომ ბატონი გამოგვეცვალა. ბატონი მოსკოვში იჯდებოდა ბრიუსელში თუ ვაშინგტონში – ამ არჩევანს ქართული საზოგადოება არ აკეთებდა მაშინ, როდესაც საკუთარი სისხლით და შრომით თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა”, – განაცხადა შაქარიშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოება მშვიდობას შეინარჩუნებს.

” ჩვენი ქვეყნის გარედან მომავალი განცხადებები დემოკრატიასთან დაკავშირებით ტყუილია და ფარსია. მათ ჩვენს ქვეყანაში არანაირი დემოკრატიის განვითარება არ სურთ, მათ სურთ საელჩოკრატიის დამყარება. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ლოკალური პრობლემა. ამაზე ღიად ლაპარაკობს თურქეთი, ისრაელი სხვადასხვა ევროპული სახელმწიფო და ლიდერი. თურქეთის შს მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ევროპა რეალურად აშშ- ის საელჩოების მიერ იმართება. აშშ- ს სურს, საქართველოში – პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის კულტურის ქვეყანაში საელჩოკრატია შეინარჩუნოს, არც ხალხი გაითვალისწინოს, არც ამ ხალხის არჩეული ხელისუფლება და საერთოდ არავინ. ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ მათ ინტერესებს მოვემსახუროთ და თავიც შევწიროთ. ამას აკეთებენ ე.წ. რბილი ძალის მეშვეობით. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს რბილი ძალა საქართველოს წინააღმდეგ ღია დაპირისპირებად გადაიქცა. ეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაა. ამას ქართული საზოგადოება მშვიდად ვერ უყურებს. სწორედ ამიტომაც, 30- ში შეიკრიბება. ჩვენ მშვიდობას შევინარჩუნებთ. არავის აქვს უფლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს დღევანდელი ხელისუფლების ლეგიტიმაცია.ძალაუფლების წყარო ხალხია. ამ ხალხმა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 2020 წელს ამ ძალაუფლების დელეგირება სწორედ არსებულ ხელისუფლებაზე მოახდინა”, – განაცხადა შაქარიშვილმა.

რომის პაპმა ფრანცისკემ ქალებს სინოდის კრებაზე ხმის მიცემის უფლება მისცა

რომის პაპმა ფრანცისკემ ქალებს სინოდის კრებაზე ხმის მიცემის უფლება მისცა. ახალი რეგულაციებით, ისინი საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ოქტომბერში ჩანიშნულ სხდომაზე შეძლებენ.

კერძოდ, საუბარია ხუთ ქალ სასულიერო პირზე, რომელთაც მონაწილეობის უფლება ექნებათ. აქამდე ქალებს მხოლოდ დამკვირვებლის როლში შეეძლოთ შეკრებებზე დასწრება.

ასევე, ფრანცისკეს განკარგულებით, 70-მდე გაიზრდება იმ არასასულიერო წევრების რიცხვიც, რომელთაც ხმის მიცემის უფლება გააჩნიათ.

ამ ნაბიჯით პაპი ცდილობს, სინოდი გახდეს ნაკლებად საეკლესიო იერარქიული კრება. პაპი იმედოვნებს, რომ ამ 70 პირიდან ნახევარი მაინც ქალები იქნებიან.