“საქართველოს, მის თაობებს არ უბრძოლიათ იმისთვის, რომ ბატონი გამოგვეცვალა”- ვატო შაქარიშვილი

2664
spot_img

“საზოგადოების, ერის, ბერის, ხელისუფლების ერთობამ მოიტანა ის შედეგი, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა და ამ მონაპოვარს არცერთ შემთხვევაში არ დავთმობთ”, – ამის შესახებ კონსერვატიული პორტალის, “საქართველო უპირველეს ყოვლისას” დამფუძნებელმა,ვატო შაქარიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შაქარიშვილმა 30 აპრილს, რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი აქციის მიზნებზე ისაუბრა.

“ წლებია, ქართული საზოგადოება თვალს ვადევნებთ, რომ ქართულ სახელმწიფოებრიობაზე, მის სუვერენიტეტზე, მის ყველა საყრდენ ღირებულებაზე ორგანიზებული შეტევა, თავდასხმები მიმდინარეობს, რაც, ცხადია, ქვეყნის გარედან იმართება. ამ პროცესს ქვეყნის შიგნით მეხუთე კოლონის სახით უამრავი აღმსრულებელი ჰყავს. ბრძოლა ქართული სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის წინააღმდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა და ახალი მასშტაბები შეიძინა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველომ უარი თქვა, სხვისი ინტერესების სამსხვერპლოზე საკუთარი ხელით საკუთარი ქვეყანა მიეტანა, რითაც ჩვენს მომავალ არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. ამის გამო ქვეყნის გარედან მომდინარე ამ ბრძოლამ ახალი ძალა შეიძინა და ყველანაირი აკრძალული მეთოდის გამოყენებით მიმდინარეობს, ამაში ჩართულები არიან სერიოზული ძალები, რომლებსაც ჩვენს” დაუძინებელ მეგობრებს” ვუწოდებთ ხოლმე.
შესაბამისად, გასაგებია, რომ ამ ყველაფერმა საზოგადოებაში ძალიან სერიოზული აღშფოთება და წუხილი გამოიწვია. ჩვენ გვსურს, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გააგონოს ყველას საკუთარი ხმა. ეს შეკრება იქნება გამოძახილი და ხმა იმ საზოგადოებისა, იმ უმრავლესობისა, რომელიც ყოველდღიურად საკუთარ საქმეში, ოჯახში საკუთარი საქმიანობით საკუთარ სახელმწიფოს, ქვეყანას , იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს იცავს, რაზეც ღრმად გვწამს, რომ ჩვენი ქვეყანაა დაშენებული. საუბარია იმ ფუნდამენტური ღირებულებების შენარჩუნებაზე, როგორიცაა ოჯახის ინსტიტუტი, ეკლესია, მორალი. გვწამს , რომ სწორედ ამ ღირებულებების შენარჩუნებით შეგვიძლია, შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა, გადავრჩეთ და განვითარდეთ. თუ რა შედეგები მოიტანა ერის, ბერის, სახელმწიფოს, ჩვენი ხელისუფლების ერთიანობამ, ვფიქრობ, ეს უკვე ხელშესახებია დღეს, როდესაც მსოფლიო ცეცხლის პირობებში ჩვენი ქვეყანა ფეხზე დგას. მის მიმართ ინტერესი იზრდება. ეს ყველაფერი კონვერტირდება ეკონომიკურ განვითარებაში, დოვლათის შექმნაში, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის და მშვიდობის ნიადაგზე მყარად დადგომაში, რასაც ასე ებრძვიან. საზოგადოების, ერის, ბერის, ხელისუფლების ერთობამ მოიტანა ის შედეგი, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა და ამ მონაპოვარს არცერთ შემთხვევაში არ დავთმობთ. ეს შეკრება ამ მიზანს მოემსახურება. საზოგადოება კიდევ ერთხელ მკაფიოდ გააჟღერებს მთავარ გზავნილს, რაც გამოიხატება შემდეგში, რომ საქართველოს, მის თაობებს არ უბრძოლიათ იმისთვის, რომ ბატონი გამოგვეცვალა. ბატონი მოსკოვში იჯდებოდა ბრიუსელში თუ ვაშინგტონში – ამ არჩევანს ქართული საზოგადოება არ აკეთებდა მაშინ, როდესაც საკუთარი სისხლით და შრომით თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა”, – განაცხადა შაქარიშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოება მშვიდობას შეინარჩუნებს.

” ჩვენი ქვეყნის გარედან მომავალი განცხადებები დემოკრატიასთან დაკავშირებით ტყუილია და ფარსია. მათ ჩვენს ქვეყანაში არანაირი დემოკრატიის განვითარება არ სურთ, მათ სურთ საელჩოკრატიის დამყარება. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ლოკალური პრობლემა. ამაზე ღიად ლაპარაკობს თურქეთი, ისრაელი სხვადასხვა ევროპული სახელმწიფო და ლიდერი. თურქეთის შს მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ევროპა რეალურად აშშ- ის საელჩოების მიერ იმართება. აშშ- ს სურს, საქართველოში – პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის კულტურის ქვეყანაში საელჩოკრატია შეინარჩუნოს, არც ხალხი გაითვალისწინოს, არც ამ ხალხის არჩეული ხელისუფლება და საერთოდ არავინ. ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ მათ ინტერესებს მოვემსახუროთ და თავიც შევწიროთ. ამას აკეთებენ ე.წ. რბილი ძალის მეშვეობით. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს რბილი ძალა საქართველოს წინააღმდეგ ღია დაპირისპირებად გადაიქცა. ეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაა. ამას ქართული საზოგადოება მშვიდად ვერ უყურებს. სწორედ ამიტომაც, 30- ში შეიკრიბება. ჩვენ მშვიდობას შევინარჩუნებთ. არავის აქვს უფლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს დღევანდელი ხელისუფლების ლეგიტიმაცია.ძალაუფლების წყარო ხალხია. ამ ხალხმა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 2020 წელს ამ ძალაუფლების დელეგირება სწორედ არსებულ ხელისუფლებაზე მოახდინა”, – განაცხადა შაქარიშვილმა.