“რუსეთთან სანქციების გვერდის ავლით ვაჭრობამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ფულის მდინარეები გამოიწვია”-Politico

158
spot_img

ამერიკული გაზეთის Politico-ს ევროპულ ვერსიაში (გამოდის ბრიუსელში, ბელგია) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთთან სანქციების გვერდის ავლით ვაჭრობამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ფულის მდინარეები გამოიწვია“ (ავტორები – გებრიელ გევინი და სარა ენ-არუპი, თბილისიდან).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მიერ შემოღებული ანტირუსული სანქციები დიდ ბიზნესის მომტანი გახდა ზოგიერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისათვის, რომლებიც ცდილობენ მოგება მიიღონ სანქცირებული პროდუქციის რუსეთში გაყიდვით.

„მიწოდების ახალი სქემების ჩამოყალიბება, რომლითაც რუსების უზრუნველყოფა ხდება ალკოჰოლით, ფუფუნების საგნებით და სხვა დასავლური წარმოების პროდუქციით, ძირს უთხრის ევროკავშირის მცდელობას რუსეთის დასჯის მიზნით“, – აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი Politico-სთან საუბარში.
„ევროკავშირის სანქციებიდან გადახვევა და მათი შეუსრულებლობა – ეს არამარტო ახლომხედველური გადაწყვეტილებაა, არამედ დამატებით ძირს უთხრის ჩვენი კავშირის ძირითად პრინციპებს“, – თქვა მინისტრმა იმ ინფორმაციის საპასუხოდ, რომლის თანახმად, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანა რუსეთთან „ირიბი“ ვაჭრობის ცენტრებად იქცნენ და, შეიძლება ითქვას, „აყვავდნენ“ – მათმა შემოსავლებმა სწრაფად იმატა.

საქართველო: რუსეთთან ვაჭრობის რეკორდული ზრდა

საერთაშორისო მონიტორინგული ფირმის Trade Data Monitor-ის მიერ გამოქვეყნებული საბაჟო მონაცემები, რომლებსაც „პოლიტიკო“ გაეცნო, აჩვენებს, რომ საქართველოს ვაჭრობის მოცულობა მეზობელ რუსეთთან იმ დროიდან, როცა კრემლის არმია უკრაინაში შეიჭრა, ანუ ერთი წლის განმავლობაში 22%-ით გაიზარდა – მხოლოდ ალკოჰოლის ექსპორტმა 120%-ით მოიმატა. იმავე პერიოდში ასევე მკვეთრად გაიზარდა ყაზახეთის ექსპორტი რუსეთში – 57%-ით.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სომხეთში, რომელსაც მჭიდრო სავაჭრო კავშირების აქვს რუსეთთან, გასულ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა მოულოდნელად 11%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთში ექსპორტი – თითქმის ხუთჯერ. იმავდროულად რუსეთიდან გადმორიცხული ფულის რაოდენობამ 7-ჯერ მოიმატა. სომხეთმა საბიუჯეტო შემოსავლებში პროფიციტი დაფიქსირდა, ხოლო ეროვნული ვალუტის – დრამის კურსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მყარი გახდა.

„გაჩნდა ახალი სავაჭრო გზები მესამე ქვეყნების გავლით, რომლის მეშვეობით გაიზარდა როგორც რუსული პროდუქციის ექსპორტი საზღვარგარეთ, ასევე დასავლური საქონლის იმპორტის მოცულობა რუსეთში, ანუ ე.წ. „პარალელური ექსპორტ-იმპორტი“, – ამბობს იანის კლიუგე, საერთაშორისო ურთიერთობისა და უსაფრთხოების გერმანული ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მისი თქმით, ე.წ. „პარალელური იმპორტი“ გამოიხატება რუსეთის ბაზარზე სამომხმარებლო საქონლის შეტანაში, რომლის მწარმოებლების განცხადებით, მათ არ სურთ მოსკოვთან ვაჭრობა, მაგრამ პროდუქცია სხვადასხვა გზებით მაინც შედის რუსეთში და მისი მოცულობა სწრაფად მატულობს. „ეს მრავალმილიარდიანი ბიზნესია, რომელიც ხელს უწყობს მეზობელ ქვეყნებიდან დასავლური პროდუქციის რუსეთში შეტანას“.

როგორც Politico-ს მოსკოვის ერთ-ერთი რესტორნის მფლობელმა უთხრა (ანონიმურად), მის ბარში დასავლური კომპანიების მიერ დამზადებული თითქმის ყველა ალკოჰოლური და გაზიანი სასმელი იყიდება: „ლუდს და სპირტიან სასმელებს ბოთლებით ვიღებთ ყაზახეთიდან, „კოკა-კოლას“ – საქართველოდან“, – ამბობს რესტორატორი.

„კოკა-კოლას“ წარმომადგენლის განცხადებით, რა თქმა უნდა, კომპანია კრძალავს რუსეთში პროდუქციის ექსპორტს, „მაგრამ ჩვენი მოქმედება ყოველი არასანქცირებული შეტანის წინააღმდეგ საკმაოდ შეზღუდულია, რადგან ამ დროს საქმე გვაქვს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მარეგულირებელ ფაქტორებთან, – პირველ რიგში თავისუფალი ვაჭრობის ფაქტორთან“. ევრაზიული ეკონომიკური კავშირი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საერთო ბაზარს წარმოადგენს, რომელშიც შედიან რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და სომხეთი, მაგრამ არ შედის საქართველო.

ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა შეზღუდეს ელიტური ალკოჰოლის ექსპორტი რუსეთში და დააწესეს ზღვრული ბარიერი დასავლური ფირმებისათვის, რომლებიც გადახდებს რუსული ბანკების მეშვეობით აწარმოებენ. ამასთან, სასმელების მწარმოებელმა ბევრმა მსხვილმა კომპანიამ რუსული ბაზარი საერთოდ დატოვა, ნებაყოფლობით.

ბიზნესის სტიმულირება

კარნეგის ანალიტიკური ფონდის ევრაზიული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის თემურ უმაროვის თქმით, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების ეკონომიკას შემოსავლების ახალი გზები მნიშვნელოვან იმპულსს აძლევს. „იყო რამდენიმე ცნობა იმის შესახებ, რომ რუსი ბიზნესმენები თავიანთ პარტნიორებს ყაზახეთში, ყირგიზეთში და უზბეკეთშიც კი, რომელიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი არ არის), სთხოვდნენ დასავლური პროდუქციის შეძენას, რომ შემდეგ უკვე თვითონ მათ შეეტანათ რუსეთში“, – ამბობს ექსპერტი და ხაზს უსვამს: „ამგვარი მოქმედების შედეგად ცენტრალური აზიის ქვეყნებში ეკონომიკური სიტუაცია უფრო დინამიკური და ენერგიული გახდა. ამ იმპულსით სარგებლობას ბევრი კომპანია და ორგანიზაცია ცდილობს – ისინი ხედავენ, რომ რუსულ ბაზარზე დასავლური პროდუქციის დიდი მოთხოვნილებაა და ცდილობენ ვაჭრობის ნიშა დაიკავონ“.

ამ მარშრუტების არსებობა გარკვეულ ეჭვებს აჩენს: სამომხმარებლო პროდუქციასთან ერთად, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთში შეიძლება შევიდეს (ან უკვე შედის) ორმაგი დანიშნულების საქონელიც, მაგალითად, „მიკროჩიპები“ (ინტეგრალური სქემები), რომლებსაც რუსული სამხედრო მრეწველობა იყენებს.

ზეწოლა ვლადიმერ პუტინზე

„პარალელური იმპორტი“, კანონმდებლობის თვალსაზრისით, „ნაცრისფერ ზონად“ განიხილება და ევროკავშირის მიერ გამოცხადებული ანტირუსული სანქციების მიზნებს ეწინააღმდეგება: „ევროკავშირის წევრებმა მესამე ქვეყნებს და იქ მოქმედ ევროპულ კომპანიებს მკაფიო სიგნალი უნდა გაუგზავნონ, რომ მათ სანქციების მოთხოვნები მტკიცედ დაიცვან’, – ამბობს გაბრიელიუს ლანდსბერგისი. „ლიეტუვაში ის კომპანიები, რომელიც სანქციებისადმი გვერდის ავლას გაბედავენ, დიდ საზგადოებრივი ზეწოლისა და რისხვის ქვეშ მოხვდებიან – იმიტომ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენმა ხალხმა მტკიცე არჩევანი გააკეთა: ფასეულობებიც დაცვა ყოველთვის პრიორიტეტულია და მათი ჩანაცვლება აგრესორთან ვაჭრობით ყოვლად მიუღებელია“.

დღეს ვილნიუსი ევროკავშირს მოუწოდებს, რომ დაინიშნოს სპეციალური კომისარი გაფართოებული უფლებებით, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების შესრულებას გააკონტროლებს.
მართალია, დევიდ სელივანი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ევროკავშირში, სწორედ ამ მიზნით არის დანიშნული ევროკავშირის წარმომადგენლად, მაგრამ იგი აშშ-ის ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო კომპანიების დახმარების გარეშე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევასა და მესამე ქვეყნებიდან რუსეთში არალეგალური გზებით პროდუქციის შეტანას ვერ შეწყვეტს.

„ჩვენ, სანქციების შესრულების გაკონტროლების დროს, ალბათ, მოგვიწევს შევეგუოთ დროებითი ხასიათის ნეგატიურ გავლენას ევროპულ ბიზნესზე. მხოლოდ ერთიანი მიდგომით შევძლებთ ანტირუსული სანქციების სრულ რეალიზებას“, – ამბობს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

წყარო