Home Blog Page 1662

რა შემთხვევაში შეწყვეტენ პროტესტს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები

ერთადერთ შემთხვევაში შევწყვეტთ საპროტესტო აქციას, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ხელს მოაწერს სამართლებრივ აქტს, სადაც ნათქვამი იქნება, რომ წამალი „ვოზორიდიტი“ საქართველოში არაუგვიანეს სექტემბერში შემოვა, – ამის შესახებ  მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის მონაწილე ქეთი ბეგიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადება, რომ  სამინისტრო მზად არის, ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დაჩქარებულ ვადებში, უზრუნველყოს აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და გაიდლაინების შექმნა, არ სჯერათ.

„თამარ გაბუნიას ნათქვამი არ გვჯერა არც ერთ მშობელს, ჩვენ უამრავჯერ გვაქვს მოსმენილი მისი საუბარი. როგორ დავიჯეროთ მისი, როდესაც ტყუილს ავრცელებდა მედიკამენტის არაეფექტურობასთან დაკავშირებით და უეცრად შეცვალა ყველაფერი და დაჩქარებული წესით მუშაობს? ბატონო პრემიერო, გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება და მოაწეროთ ხელი განკარგულების აქტს, რომელიც ჩვენ გაგვაჩერებს და ვირწმუნებთ თქვენსას“, – განაცხადა ქეთევან ბეგიაშვილმა.

აქონდროპლაზიით დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს, მათ მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან პარლამენტამდე მსვლელობა გამართეს.

 

,,პუტინს ვერ დაველაპარაკებით, ის ყველა ჩვენგანისთვის ტერორისტია” – ზელენსკი

პუტინთან მოლაპარაკება არ შეიძლება, რადგან ის არის ტერორისტი – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ფინელ, შვედ, დანიელ და ნორვეგიელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში პუტინთან შესაძლო დიალოგის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად. “ამ კაცს, პრეზიდენტ პუტინს, ვერ დაველაპარაკებით. ის ყველა ჩვენგანისთვის ტერორისტია” – თქვა ზელენსკიმ და გაიხსენა, რომ როდესაც ის უკრაინის პრეზიდენტი გახდა, არა მხოლოდ დიალოგისთვის იყო მზად, არამედ გაყინული კონფლიქტის სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა სურდა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მაშინ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ძალების სრულად გაყვანაზე და ამ კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების შეთავაზებაზე, რუსეთის მხრიდან პასუხად სრული იგნორი და მუქარები მიიღო- “მან [პუტინმა] ამ ყველაფერს [ომს], რაღაც ოპერაცია უწოდა…ის იგონებს სახელებს თავისი ქმედებების გასამართლებლად”, – აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ასევე აღნიშნა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ჩადენილი დანაშაულებისთვის პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული.

ახალი ბრაუზერი – Opera One ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებით

Opera-მ ხელოვნური ინტელექტის ფუნქციის მქონე ბრაუზერი შექმნა.

Opera-ს დეველოპერებმა წარმოადგინეს ახალი ბრაუზერი – Opera One ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებით.

ხელოვნური ინტელექტი ხელს შეუწყობს ბრაუზერის უფრო ადვილად გამოყენებას, გააადვილებს ნავიგაციას და უზრუნველყოფს პროდუქტიულ ვებ-გამოცდილების.

Opera One-ის 99.0.4780.0 ვერსია ხელმისაწვდომია ჩამოტვირთვისა და შეფასებისთვის მხოლოდ ადრეული წვდომის დეველოპერებისთვის.  უახლოეს მომავალში ბრაუზერი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მომხმარებლისთვის.

დეველოპერების თქმით, Opera One არის წინ გადადგმული ნაბიჯი ბრაუზერების ევოლუციაში. Opera One-ის განსაკუთრებული მახასიათებელია Tab Island ფუნქცია. ის ეხმარება მომხმარებლებს გაუმკლავდნენ ღია ჩანართების დიდ რაოდენობას და აუმჯობესებს პროდუქტიულობას. სხვადასხვა ამოცანის მქონე ჩანართები დაჯგუფებულია ცალკეულ „კუნძულებად“, რაც აადვილებს მათ შორის გადართვას.

Opera აქტიურად აფართოებს ხელოვნური ინტელექტის პროგრამას AIGC-ში (Artificial Intelligence Global Company) ბრაუზერებისა და სათამაშო პროდუქტებისთვის საკუთარი გადაწყვეტილებების, ასევე ახალი და არსებული პარტნიორობის მეშვეობით, – განაცხადა Opera-ს პროდუქტის მთავარმა დირექტორმა ჯოანა ჩაიკამ.

“მიხეილ სააკაშვილმა მესამე მკურნალ ექიმზეც უარი განაცხადა”- ზურაბ ჩხაიძე

„ვივამედის” კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მესამე მკურნალ ექიმზეც უარი განაცხადა.

მისი თქმით,  დღითიდღე სულ უფრო რთული ხდება პაციენტთან მუშაობა ექიმების მხრიდან, რადგან ექიმებს ზოგადად უწევთ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მუშაობ.

„საკმარისია, რომ ექიმმა, ეს იქნება მკურნალი ექიმი თუ მორიგე, გააკეთოს რაიმე ობიექტური განცხადება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომ მაშინვე მიუღებელი ხდება პაციენტისთვის და ის გამოხატავს უკმაყოფილებას და წყვეტს ამ ექიმთან ურთიერთობას. ეს არის უკვე მესამე შემთხვევა, მესამე ექიმი, რომელზეც პაციენტი აცხადებს უარს“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

როგორც  „ვივამედის” კლინიკური დირექტორი აცხადებს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით, მისი კლინიკური მიმდინარეობის კუთხით, ამ დღეებში არაფერი შეცვლილა.

„რაც შეეხება საკვების მიღებას, რა თქმა უნდა, ეს რჩება დიდ პრობლემად, რადგან ისევ არ ხდება გათვალისწინება ჩვენი რეკომენდაციის და შესაბამისად, ხდება საკვები რაციონის უხეში დარღვევა. ტემპერატურული რეაქცია არ აღენიშნება პაციენტს, რაც შეეხება აწონვას ორშაბათს არის დაგეგმილი, გუშინ და ამ დღეებში მან უარი განაცხადა აწონვაზე“, – განაცხადა ჩხაიძემ.

„მათი გეგმაა, საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამას მოჰყვეს არეულობა”- მდინარაძე

„მათი გეგმაა, საქართველომ პირველ რიგში ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამას მოჰყვეს არეულობა, ქაოსი, ამის შემდეგ ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში და შემდეგ, თუ მიუსწრებენ და ომი მანამდე არ დამთავრება, მათი გათვლით, ჩაერთონ ომში და ეს ქვეყანა გაწირონ სხვისი ინტერესებისთვის“, – განუცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის განცხადებაზე, რომ თუ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციას ამ გეგმაში ხალხი არ შეუშვებს, ამ ხალხის ინტერესების დასაცავად და გასატარებლად არის არჩეული ხელისუფლება. „მათი გეგმაა, საქართველომ პირველ რიგში ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას მოჰყვეს არეულობა, ქაოსი, ამის შემდეგ ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში და შემდეგ, თუ მიუსწრებენ და ომი მანამდე არ დამთავრება, მათი გათვლით, ჩაერთონ ომში და ეს ქვეყანა გაწირონ სხვისი ინტერესებისთვის. ეს არის მათი გეგმა და ამ გეგმაში ხალხი არ შეუშვებს. ამ ხალხის ინტერესების დასაცავად და გასატარებლად არის არჩეული ხელისუფლება. ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში და დღეს ჩვენ ვართ, ვალდებულია ყველა, დაიცვას ხალხის ინტერესი, რომ არ შევიდეს ომში, არ იყოს ქაოსი და ეს ქვეყანა არ გახდეს ერთ-ერთი მოთამაშე პატარა პაიკი, რომელსაც ადვილად გაწირავენ და დაფაზე ისე გაწევენ, საერთოდ არ დააკვირდება არავინ, პაიკს რა ბედი ელის, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი მოცემულობა, ამ მოცემულობას და გამოწვევებს ვუმკლავდებით და მომავალშიც გავუმკლავდებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნინი შერმადინის სიმღერა Radio Freedom-ის ფავორიტი გახდა

„ბრავო რექორდსი“ აშშ-ში მცხოვრები ქართველი მომღერლის, ნინი შერმადინის წარმატების შესახებ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

„კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია:

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერლის, ნინი შერმადინის სიმღერა „I Will Take You Home“, რომელიც 2018 წელს „ბრავო რექორდსში“ ჩაიწერა, ამერიკის რადიო „თავისუფლების“ Radio Freedom-ის, რომელიც ფარავს მაიამსა და ფლორიდის შტატებს, ფავორიტი სიმღერა გახდა და საზოგადოების ჩართულობით მეორე ადგილზე გავიდა.

ვულოცავთ ნინის ამ წარმატებას და კიდევ ბევრ წინსვლას ვუსურვებთ.

შეგახსენებთ, რომ სიმღერა  2018 წელს „ბრავო რექორდსში“ ჩაიწერა, ტექსტის ავტორი თავად ნინი შერმადინია, ხოლო მუსიკის ავტორი, ჯაბა ბუცხრიკიძე გახლავთ.

არანჟირება „ბრავო რექორდსის“ არანჟირების სპეციალისტს, ბორიკო შხიანს ეკუთვნის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

https://www.facebook.com/bravorecordsgeorgia/posts/pfbid02z7GNEswf77w7PA2zHk2ieywdpenxwZUoDhn2w9BjGh39i4VUtoo4dNE1TqEHf3xvl

,, უნდა დაემხოს კიევის რეჟიმი და სრულად განადგურდეს უკრაინული არმია და ტექნიკა”- მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი უკრაინის მხრიდან კონტრშეტევის დაგეგმვას და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება. მედვედევი Telegramz-ზე წერს, რა უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა: „კიევის ძაღლი აგრძელებს ყეფას. 1. მოგვეცით მეტი იარაღი, რომ ნაკლები მსხვერპლი იყოს 2. გადავალთ ყირიმის დაბრუნებაზე 3. უმჯობესია ახლა დაუჭიროთ უკრაინას მხარი, რომ მესამე მსოფლიო ომის რისკი არ გაიზარდოს 4. ომი შეიძლება, ათწლეულები გაგრძელდეს – რა არის ეს? ნარკოტიკებით გაჟღენთილი ცნობიერების წინააღმდეგობრივი სიბნელე? გაურკვევლობის დელირიუმი? ზეწოლა თქვენს ქველმოქმედებზე? ქრონიკული ზოგადი პარანოია? ყველაფერი ეს ერთად და ამაზე პასუხი მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს: ნაცისტური რეჟიმის მიერ გამოყენებული პერსონალისა და სამხედრო აღჭურვილობის მასობრივი განადგურება კონტრშეტევის დროს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე მაქსიმალური სამხედრო მარცხის მიყენებით; მტრის სრული განადგურება და ნაცისტური რეჟიმის საბოლოო დამხობა კიევში მისი სრული დემილიტარიზაციით; ნაცისტური რეჟიმის მთავარი ფიგურების მიმართ შურისძიების აქტების განხორციელება, მათი მდებარეობისა და ხანდაზმულობის ვადის მიუხედავად. სხვა შემთხვევაში, ისინი ვერ მოისვენებენ, ეს ბოდვები შეიძლება რეალობად იქცეს და ომი გაჭიანურდეს. ჩვენს ქვეყანას ეს არაფერში სჭირდება“, – წერს მედვედევი.

“მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის საკითხზე გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის ელჩის დასწრება სერიოზულ უხერხულობას ქმნის”- მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიერ მიწისქვეშა პარკინგთან დაკავშირებულ საყოფაცხოვრებო დავაში ჩართვის თაობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, არსებობს საკითხები, რომელზეც უხერხულობის გამო, ვრცელ კომენტარს ვერ გააკეთებს.

„მე ამაზე დაწვრილებით არ ვისაუბრებ. სერიოზულ უხერხულობას ქმნის რაღაც საკითხები, როდესაც ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს და მის წარმომადგენელს ეხება საქმე. ეს უხერხულობა, ალბათ ძნელი ასახსნელია და დეტალურ კომენტარს მე არ გავაკეთებ. ვისურვებდი, ასეთი უხერხულობები არ შეგვექმნას, მათ შორის, ჩვენც, იმით, რა კადრებიც ვნახეთ ეთერში“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N23-ში მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის საკითხზე საყოფაცხოვრებო შეხვედრას აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც დაესწრო.

“2019 წელს ამერიკულმა და ევროპულმა წამლის დაშვების კომისიებმა უარი თქვეს „ვოსორიტიდის“ დაშვებაზე”-იაგო ფრანგიშვილი

უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი პრეპარატ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით ვრცელ Facebook-სტატუსს აქვეყნებს.

„biomarin არის ამერიკული ფირმა, რომელმაც 4 წლის წინ აქციონერთა შეკრებაზე განაცხადა წამლის შესახებ. აქციების კურსი 58-დან რამდენიმე თვეში ავარდა 118 დოლარამდე. ამერიკულმა და ევროპულმა წამლის დაშვების კომისიებმა უარი უთხრეს დაშვებაზე 2019 წელს, რადგან ვერ გადალახა ის „დარღვევის დადგენილი ზღვარი“ ამ მედიკამენტით ნამკურნალებმა პაციენტმა, რაც იყო თავიდანვე კვლევის საბოლოო მიზანი „ენდპუნქტი“. 150 სანტიმეტრს ვერავინ მიაღწია დადასტურებით ამ მედიკამენტით ნამკურნალებმა.

ამის შემდეგ აქციის კურსი დაეცა 60 დოლარამდე. ინვესტორების გასვლის საშიშროება შეიქმნა და ამიტომ შეიცვალა არა კვლევის დიზაინი ზოგადად, არამედ ლობიზმის სტრატეგია. ზრდის ჰორმონების დაშვების სტრატეგიიდან გადავიდნენ ,,სამედიცინო უპირატესობის და გამოსადეგობის“ სტრატეგიაზე.

ეს არის კარდინალური განსხვავება. ყველა კვლევას აქვს თავისი „მიზნები“ და „ენდპუნქტები“. თუკი ამბობ რომ „ენდპუნქტია“ ლილიპუტიზმის დეფინიციის ზღვრის გადალახვა, ეს სხვაა. თუკი შეცვლი კვლევის დიზაინის „ენდპუნქტს“ და იტყვი, რომ არის „გამოსადეგი“, ეს სხვაა.

მაგალითად, ონკოლოგიაში, განსაკუთრებით „პალიატიური მედიცინის“ მედიკამენტებში, ანუ, იმ მედიკამენტებში, რომლებიც დაავადებას კი არ კურნავენ, არამედ ამსუბუქებენ, ეს „ენდპუნქტი“ უმთავრესია, ამის გარეშე საერთოდ ვერ მოხერხდება რაიმე ახალი პრეპარატის დაშვება.

ავიღოთ მეტასტაზირებული ფილტვის კიბო. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 18-დან 22 კვირის ფარგლებშია. თუკი ფარმაკოლოგიურმა ფირმამ შემოიტანა მედიკამენტი, რომელიც სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის საშუალოდ 8 კვირით, ასეთი მედიკამენტი ნაადრევად და ეგრევე მიიღებს დაშვებას, რადგან ეს საერთო ხანგრძლივობის 30%-დან 35%-მდეა. ეს სტატისტიკაში და მედიცინაში ძალიან დიდ რამედ ითვლება.

ასე რომ, რას დაისახავ და რას წარუდგენ წამლის დაშვების კომისიას „ენდპუნქტად“ ეს მკვლევარზეა დამოკიდებული. ამ „ენდპუნქტის“ ცვლილება კი მარტივია, თუკი კვლევას გააგრძელებ რამდენიმე ხანი და „ახალი მონაცემები“ და „ახალი გამოსადეგობის“ ცნებებს შემოიტან.

ამ წამალს ეს გამოსადეგობა ნაღდად აქვს. ამგვარი სინდრომიანი ბავშვი 2 წლის ასაკიდან 17 წლის ასაკის ჩათვლით წელიწადში დაახლოებით საშუალოდ 4-დან 5 სანტიმეტრის ფარგლებში იზრდება.

2002 წლიდან იყო ამ პრეპარატით დაკვირვება. 2005 წლიდან ბავშვებზე კვლევები, რომელიც 2019 წელს დამთავრდა და შეასრულა ეგრეთწოდებული ზრდის ციკლის დაკვირვების კრიტერიუმი. ამ ხნის განმავლობაში, ზრდის საშუალო ნამატმა შეადგინა 1,57 სანტიმეტრი. ეს გახლავთ დაახლოებით 30%.

ეს მედიცინაში კვლევის იმ „ენდპუნქტით“, რაც ვახსენეთ, სენსაციაა, 30%-ით მატება, ასე ხდება არგუმენტირება. რეალურად და აბსოლუტურად წელიწადში რომ 1,57 სანტიმეტრით მეტი მატებაა, ამას არავითარი ყურადღება უკვე არ ექცევა.

ეს ფაქტია სამეცნიერო კვლევებთან ურთიერთობაში. ეს ასეა და ამაზე დისკუსიის აუცილებლობა ჯერჯერობით არ არსებობს. ის, რომ პაციენტები ექსკლუზიურად იყო ამორჩეული, რომ წინასწარ არ ჰქონდათ ჩატარებული ზრდის ჰორმონების თერაპია, რომ სპეციალური კვლევებით წინასწარვე განისაზღვრა რომ გაძვლოვანების პროცესი არაა წინწასული, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა სამედიცინო კვლევებში და მკვლევარი თავად ირჩევს პაციენტს.

საინტერესოა, რომ წამლების დაშვების კომისიამ ამ პრეპარატს ზუსტად იმ კრიტერიუმებით და იმ გამონაკლისებით მისცა დაშვება, რომელიც თავად წამლის შემქმნელმა დაუწესა საკუთარ კვლევებს.

წამალი აბსოლუტურად უვნებელია იმ ბავშვებისათვის, რომლებიც იმ ზემოხსენებულ ორ კრიტერიუმს ასრულებენ. გერმანიაში 2021 წლიდან არის ეს წამალი დაშვებული. როგორც ოჯახის ექიმს, ისევე როგორც ბავარიაში, ასევე გერმანიის ნორდრაინ ვესტფალენშიც, იმ რამდენიმე ათასი ოჯახიდან, რომელთა ოჯახის ექიმიც ვიყავი, მყავდა ოჯახები, სადაც ეს პრობლემა იყო.

ამ წამლის არსებობამდე, დაახლოებით 2017 წლიდან უკვე მედიცინამ იცოდა, რომ ზრდის ჰორმონების მიცემა ამ ბავშვებისათვის კონტრპროდუქტიულია და გაძვალების პრობლემას ამძიმებს. ამიტომაც, უმთავრესი ყურადღება ექცეოდა და დღესაც ექცევა სარისკო ფაქტორებს. ესენია ჭარბწონიანობა და კუნთოვანი უკმარისობა, რაც იწვევს სუნთქვის უკმარისობას. ამისათვის აუცილებელია სპეციალური დიეტა, ვარჯიში, სპეციალური ფიზიოთერაპია და ერგოთერაპია. ეს ყველაფერი საგრძნობლად ამცირებს ნაადრევი გაძვალებით გამოწვეულ ტკივილებსაც.

ყველა ბავშვს, აბსოლუტურად ყველა ბავშვს აქვს ზრდის პროცესში ძვლებისა და კუნთების ტკივილები და ეს გრძელდება დაახლოებით 2-დან 18 წლის ასაკამდე, დაბალი ინტენსივობით.

აქონდროპლაზიის ბავშვებში ეს პროცესი დაჩქარებულია და ამიტომაც ტკივილებიც ინტენსიურია, გაძვალების პროცესის დასრულებასთან გარკვეული ტკივილები ქრება, მაგრამ მერე იჩენს თავს, მაგალითად ხერხემლის არეში და აქ აუცილებელია წლების განმავლობაში ფიზიო და ერგოთერაპია.

მეორე და გაცილებით უფრო დიდი პრობლემაა ფსიქოლოგიური პრობლემა. საქმე ისაა, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა არ განსხვავდება სხვა ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობისაგან. ცხოვრებაში კი, ხანგრძლივ ცხოვრებაში ფსიქოლოგიური და ფსიქიკური ასპექტი უდიდეს როლს თამაშობს. არასრულფასოვნების კომპლექსი, ავადმყოფად და არაესთეტიკურ პიროვნებად დაიარლიყების კომპლექსი კატასტროფულად ართულებს ამ ბავშვების და მერე მოზრდილების ცხოვრებას. ამიტომაც, უდიდესი ყურადღება ეთმობა ფსიქოლოგიურ თანადგომას, ბავშვისთვის იმის თქმას და ისე მოქცევას, რომ ის ავადმყოფი კი არაა, არამედ განსხვავებულია და ამით არაფრით არაა „არანორმალური“, რომ ბუნება და ბიოლოგია მრავალფეროვანია, რომ მისი ცხოვრება არ უნდა შედგებოდეს სიმაღლის და ფიზიკური სიდიდის თემისაგან.

აი ესაა უმთავრესი. ბავშვი, რომელიც 14 წლის განმავლობაში ყოველდღიურად იღებს ინექციას, მედიკამენტს და აქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ გახდება „ნორმალური სიმაღლის“ – ამ იმედგაცრუებას უნდა მიხედვა, ეს უნდა იცოდნენ მშობლებმა და გარემოცვამ და ბავშვმაც, რომ ეს ასე არ იქნება.

ესაა უმთავრესი პრობლემა. თუკი ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ, იქნება თქვენი შვილი ბედნიერი და თქვენც იქნებით თქვენი შვილით ბედნიერი. არ არსებობს არსად, ვერ იპოვით ვერსად, სადაც აქონდროპლაზიაზე არ ეწერება – ,,აქონდროპლაზიის ადამიანებს აქვთ აბსოლუტურად ნორმალური ინტელიგენტურობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა“. არ არსებობს „ბავშვის ღამით გაგუდვა“, თუკი ის არაა ჭარბწონიანი და არის ბავშვთა ექიმის დაახლოებით 6-თვიანი მეთვალყურეობის ქვეშ.

გაძვალების ტკივილებიც ძალიან კარგად კონტროლდება ფიზიო და ერგოთერაპიით და ძალიან ხშირად არავითარი მედიკამენტი არაა საჭირო. 2 წლის ასაკს გადაცილებულ ბავშვებს უტარდებათ კვლევა და ირკვევენ წამლის მიცემის კრიტერიუმებს. დღესდღეობით მყავს ოჯახი, რომელმაც 2 წლის წინ არ აირჩია წამლის მიცემის გზა, შეგნებულად და ყველა ინფორმაციის გათვალისწინებით. ბავშვი ბავშვთა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა, კვირაში ორჯერ ცურვა, ყოველდღე ერგოთერაპია და ფიზიოთერაპია, რომელიც უკვე ამ ორი წლის განმავლობაში მშობლებმაც ისწავლეს და ბავშვიც მიეჩვია. კბილის ჰიგიენის მსგავსად, აღიქვამს ჩვეულებრივ მოვლენად, რომ დღეში რამდენჯერმე სუნთქვითი ვარჯიში ატაროს და მინიმუმ ერთხელ კუნთურ-მყესური ვარჯიშები.

ბავშვი ბედნიერია და თავს ავადმყოფად არ გრძნობს. სკოლაშიც ყველამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს. საზოგადოებამაც იცის, როგორ უნდა მოიქცეს, ამიტომაც მშობლებიც ბედნიერები არიან.

მინაწერად – რომ განვავრცო თემა, თუ რაა ზრდის ჰორმონების კრიტერიუმი და გამოსადეგობის კრიტერიუმები, ერთი მაგალითი: ონკოლოგიაში, განსაკუთრებით ბავშვთა ონკოლოგიაში უმნიშვნელოვანესია, რომ პაციენტს ჩაუტარდეს ქიმიური თერაპიის სრული და სრულად დოზირებული კურსი.

ამას ხელს უშლის თერაპიის არასასურველი ეფექტი, ლეიკოციტების ნაკლებობა. ამისათვის არსებობს ზრდის ჰორმონების თერაპია, რომელიც ლეიკოციტების რიცხვს ზრდის. ოღონდაც, აქ პროცენტულად რამდენად ზრდის, ის კი არაა მნიშვნელოვანი, არამედ აბსოლუტური რიცხვი. თუ ლეიკოციტი არის 0,5 და ზრდის ჰორმონმა ასწია 0,9 მდე, ეს არის 80%-ით მატება, ოღონდ ეს არც პაციენტს და არც თერაპიის გაგრძელებას არაფერს არგებს. მინიმუმი ზღვარი 1,5 უნდა გადაილახოს, რომ ონკოლოგიური ბავშვი მინიმუმ სისხლის მოწამვლის საშიშროებას მანიც გასცდეს, თუ თერაპიის გაგრძელება ვერ მოხერხდა.

აი, ესაა განსხვავება მედიკამენტებთან მიდგომაში“, – წერს იაგო ფრანგიშვილი.

https://www.facebook.com/iago.prangischvili/posts/pfbid0iGbFZG1f6LcCV8MUMwb7bGhnX3DgD7q7xSZ1DbKVXLaQgkWwvGmeGgkjx7KMmzMyl

“მეგონა ვეღარაფრით გაგვაკვირვებდა- თუმცა, გარაჟში არ ველოდი! “- გოგა ხაინდრავა კელი დეგნანზე

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერით ეხმიანება აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის გუშინდელ აქტივობას, როცა იგი ბიზნესმენ ვასიკო ცოტაძის მხარდასაჭერად ავტოფარეხში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად მივიდა.

“მეგონა ვეღარაფრით გაგვაკვირვებდა ქალბატონი ელჩი, თუმცა “გარაჟში” არ ველოდი!
რა დაგემართათ ამ ჰეგემონ ქვეყანას? რა ინვესტიცია გაქვთ ჩადებული ამ გარაჟში რა სჭირს დასაცავი ან ვისგან იცავთ გაგვიმხილეთ თუ პირადად არა ღია წყაროებიდან მაინც ანდა საპარლამენტო გარაჟდამცავი კომისია შექმენით!’, – წერს ხაინდრავა.

შეგახსენებთ რომ ვაკეში, ადგილობრივი მოსახლეობა მიწისქვეშა ავტოფარეხის აშენებას ეწინააღმდეგება.

რაც უფრო ვუახლოვდებით ევროპას, მით უფრო ამძაფრებს ამერიკა სიტუაციას საქართველოში

დღეს, როდესაც 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისთვის სერიოზული ბრძოლა გვიწევს შიდა ოპოზიციასთან, მთავარი პარტნიორი სახელმწიფოსგან ასეთ დარტყმას არ უნდა ვიღებდეთ. გვესმის, რომ მათ მიერვე შემოყვანილ მიხეილ სააკაშვილს, ანუ საკუთარ პოლიტიკურ გეგმას, ვერ და არ ღალატობენ, – ამის შესახებ facebook გვერდზე „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ საქართველოს ხელი შეეშალოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში.

„ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების რიგი პოლიტიკოსების ქმედება ბევრ კითხვას ბადებს ჩვენში. ევროპულ სახელმწიფოებთან ორმხრივი დატვირთული ვიზიტები პოზიტიურ მოლოდინებს გვიჩენს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, თუმცა რამდენჯერაც წამოვიდა დადებითი მესიჯები ევროპიდან, იმდენჯერ რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები მწვავე კრიტიკით ამ პოზიტივის გადაფარვას ცდილობენ. სენატორ შაჰინისა და USAID ხელმძღვანელის სამანტა პაუელის ნეგატიური და უსამართლო განცხადებები საქართველოს შესახებ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ზედიზედ ჩამოდიან ევროპული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა არაფერია, თუ არა ხელის შეშლა სტატუსის მიღების პროცესში. ამავე მიზანს ემსახურებოდა მოსამართლეების დასანქცირება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. დღეს, როდესაც 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისთვის სერიოზული ბრძოლა გვიწევს შიდა ოპოზიციასთან, მთავარი პარტნიორი სახელმწიფოსგან ასეთ დარტყმას არ უნდა ვიღებდეთ. გვესმის, რომ მათ მიერვე შემოყვანილ მიხეილ სააკაშვილს, ანუ საკუთარ პოლიტიკურ გეგმას ვერ და არ ღალატობენ. თუმცა, ისიც გასაგები უნდა იყოს მათთვის, რომ ქართული ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საქართველოს გუშინდელი დღეა და ადგილობრივი ამომრჩევლისგან მათ პერსპექტივა არა აქვთ. ამიტომ, უმჯობესია, ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ან სანდო წყაროდან მიიღონ ინფორმაცია, ან ხელი აიღონ იმ განზრახვაზე, რაც უკვე აშკარად იკითხება. ყველანი ვხვდებით, რომ რაც უფრო ვუახლოვდებით ევროპას, მით უფრო ამძაფრებს ამერიკა სიტუაციას საქართველოში. ევროპამ ერთხელ უკვე დაუშვა შეცდომა როგორც ჩანს, მათივე ზეწოლის შედეგად. დღეს კი, გვჯერა, რომ ევროკავშირი იქნება უფრო პრინციპული და გაბედული. კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებით, გათვალისწინებული იქნება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ, სწორედ ევროპის ინტერესებიც“, – წერს facebook-ზე თამარ ჩიბურდანიძე.

სლოვაკეთისა და ჩეხეთის პრეზიდენტები უკრაინაში ჩავიდნენ

სლოვაკეთისა და ჩეხეთის პრეზიდენტები უკრაინას ეწვივნენ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პარტნიორებმა ერთმანეთთან უკრაინის სამშვიდობო საკითხები განიხილეს.

მედიის ინფორმაციით, გარდა ამისა, მხარეებმა ახალ დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი, რომლითაც კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ უკრაინას ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ასევე – წვლილი შეიტანონ ქვეყნის უსაფრთხოებაში ალიანსში გაწევრიანებამდე.

„მადლობა გადავუხადე სლოკავეთსა და ჩეხეთს მხარდაჭერისთვის: მოწოდებული იარაღისთვის, პოლიტიკური და სანქციების კუთხით დახმარებისა და იმ ადამიანების მხარდაჭერისთვის, რომელთაც თავშესაფარი მიიღეს სლოვაკეთსა და ჩეხეთში. პარტნიორებს ვუთხარი, თუ რა პერსპექტივები გვაქვს ახლა ბრძოლის ველზე და რა დახმარება გვჭირდება, რომ გავიაროთ ეს საჭირო გზა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გარდა ამისა, უკრაინაში საინვესტიციო ღონისძიებაც გაიმართა, რომელშიც ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები მონაწილეობდნენ. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ინვესტიციის მოცულობამ ჯამურად 250 მილიონი დოლარი შეადგინა.

ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები კიევში საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო, იძულებული გახდნენ, სასტუმროს მიწისქვეშა თავშესაფრისთვის შეეფარებინათ თავი. განგაში 43 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.