სლოვაკეთისა და ჩეხეთის პრეზიდენტები უკრაინაში ჩავიდნენ

73
spot_img

სლოვაკეთისა და ჩეხეთის პრეზიდენტები უკრაინას ეწვივნენ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პარტნიორებმა ერთმანეთთან უკრაინის სამშვიდობო საკითხები განიხილეს.

მედიის ინფორმაციით, გარდა ამისა, მხარეებმა ახალ დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი, რომლითაც კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ უკრაინას ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ასევე – წვლილი შეიტანონ ქვეყნის უსაფრთხოებაში ალიანსში გაწევრიანებამდე.

„მადლობა გადავუხადე სლოკავეთსა და ჩეხეთს მხარდაჭერისთვის: მოწოდებული იარაღისთვის, პოლიტიკური და სანქციების კუთხით დახმარებისა და იმ ადამიანების მხარდაჭერისთვის, რომელთაც თავშესაფარი მიიღეს სლოვაკეთსა და ჩეხეთში. პარტნიორებს ვუთხარი, თუ რა პერსპექტივები გვაქვს ახლა ბრძოლის ველზე და რა დახმარება გვჭირდება, რომ გავიაროთ ეს საჭირო გზა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გარდა ამისა, უკრაინაში საინვესტიციო ღონისძიებაც გაიმართა, რომელშიც ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები მონაწილეობდნენ. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ინვესტიციის მოცულობამ ჯამურად 250 მილიონი დოლარი შეადგინა.

ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები კიევში საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო, იძულებული გახდნენ, სასტუმროს მიწისქვეშა თავშესაფრისთვის შეეფარებინათ თავი. განგაში 43 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.