რა კავშირი აქვს კელი დეგნანს ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობასთან

737
spot_img

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N23-ში მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის საკითხზე საყოფაცხოვრებო შეხვედრას აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც დაესწრო.

არსებული ინფორმაციით, ქართველი ბიზნესმენი ვასილ ცოტაძე აღნიშნულ მისამართზე მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობას ითხოვდა, ადგილობრივი მოსახლეობა კი ამის წინააღმდეგი იყო. უარის მიღების შემდეგ ცოტაძემ დახმარებისათვის ამერიკის ელჩს მიმართა. ბიზნესმენი კელი დეგნანთან კომუნიკაციას უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ აშშ-ის დიპლომატიურ სამსახურს მართლაც დაუკავშირდა იმ ძველი ნაცნობობის გამო, რომელიც მის მეუღლეს ამერიკელ დიპლომატებთან აკავშირებს.

ცოტაძესა და მოსახლეობას შორის შეხვედრა ცოტახნის წინ დასრულდა. საჯარო უარყოფის მიუხედავად, ფაქტია, რომ პარკინგის თემაზე გამართულ საყოფაცხოვრებო შეხვედრას კელი დეგნანიც ესწრებოდა.

„ჩემი ცოლი ამერიკელია, მისი მშობლები დიპლომატები იყვნენ და თითქმის ყველა ელჩთან მეგობრობდნენ. მერიაში ძალიან ბევრი ხალხი დამეხმარა, რომ ჩემი სისწორე ამეხსნა. საელჩოც, სავაჭრო პალატაც“, – აცხადებს ვასილ ცოტაძე.

„ამ შენობისადმი არსებობს ამერიკული ინტერესი. ჩვენ, როგორც საელჩო, ყოველთვის ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს განვითარებაში. საინტერესო იყო მეზობლების აზრის მოსმენა ავტოსადგომის სივრცის ნაკლებობის თაობაზე. ამიტომ კარგია, რომ ხალხს მიეცა შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები და მოესმინათ პასუხები“, – ამბობს კელი დეგნანი.