Home Blog Page 1659

სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დროისთვის შეზღუდულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე  უხვი ნალექის გამო, მდ. ლესის წყლის ადიდების შედეგად, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. როგორც კი აღნიშნულ მონაკვეთზე წყლის დონე დაიწევს, გაწმენდითი სამუშაოები მყისიერად დაიწყება, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს.

გადაადგილების აკრძალვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზაზე.

“სტრასბურგმა დაადასტურა, რომ მელია დამნაშავეა, მისჯილი ჰქონდა და უნდა დაეკავებინათ” – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას დანაშაული დაადასტურა.

მისივე თქმით, მთელმა მსოფლიომ იხილა, რა დანაშაული ჰქონდა ჩადენილი მელიას და სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვა დიდი უტიფრობა იყო.

„აღქმების მთელი ინდუსტრია ჩამოყალიბდა და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ. აღმოჩნდა, რომ „რუსთავი 2“ წართმეული იყო, ისევე, როგორც სწორად იყო გადაწყვეტილება მიღებული სხვა საკითხებზე, რაზეც სურვილი ჰქონდათ, რომ პოლიტიკურ თემებში გაეყვანათ.

სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს კაცი არის დამნაშავე, მისჯილი ჰქონდა და უნდა დაეკავებინათ. მიკვირს, რამხელა უტიფრობაა სტრასბურგის სასამართლოში იმ საკითხით მისვლა, რომელიც, თავადაც იცი, რომ უშედეგოდ დამთავრდება, რადგან მთელმა მსოფლიომ იხილა, რა დანაშაული ჰქონდა ჩადენილი მელიას. ამ საზოგადოებამ ნახა დანაშაულისთვის მიღებული რბილი გადაწყვეტილებაც, სამაჯურის მოხსნაც და სახელმწიფოს არევისა და ამოტრიალების მცდელობაც. რასაკვირველია, უნდა დაეკავებინათ და სტრასბურგს სხვა აზრი ვერ ექნებოდა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ნიკა მელიას დაკავების საქმეზე ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს სხვა ადამიანების პრობლემების და ისეთი კონფლიქტების მოგვარება მოგიწევთ, რომლებთანაც კავშირი არ გაქვთ. ამას დიდი ენერგია დასჭირდება, თუმცა დაღლას ვერ გრძნობთ, რადგან საკუთარი როლი გაგიტაცებთ.

მზად ხართ არათანაბარ ბრძოლაში ჩაერთოთ და არ ინერვიულოთ, რომ მტერი ბევრად ძლიერია. მოსალოდნელია ოჯახში უთანხმოება – მცდელობის მიუხედავად, ორმხრივი შეურაცხყოფის თავიდან აცილება ძნელი იქნება.

კურო

მშვენიერი დღეა და თუ არ იზარმაცებთ, ბევრის გაკეთებას შეძლებთ. სიახლეებს სწრაფად ითვისებთ და იმახსოვრებთ ყველაფერს, რაც შეიძლება მომავალში გამოგადგეთ. გირჩევთ ახალი იდეა სასწრაფოდ განიხილოთ თანამოაზრეებთან ერთად .

ემოციური გახსნილობა და გულწრფელობა ურთიერთობაში ძალიან გამოგადგებათ. ამ თვისებების წყალობით მშვენივრად ააწყობთ ურთიერთობას მათთანაც კი, ვინც თქვენი ანტიპოდია. დღის მეორე ნახევარში ოჯახის წევრებისთვის მეტი ყურადღების მიქცევა მოგიწევთ.

ტყუპები

რთული და საკმაოდ დამღლელი დღეა. მთელ დღეს იმ ადამიანების გარემოცვაში გაატარებთ, რომლებიც არ მოგწონთ და გაღიზიანებთ. შეიძლება ემოციების გავლენით შეცდომა დაუშვათ, რომელსაც მოგვიანებით ინანებთ, ამიტომ მაქსიმალურად თავშეკავება გმართებთ.

საღამოს ეცადეთ დასვენების დრო გამონახოთ – ახლა ჯანმრთელობის პრობლემები ნამდვილად არ გჭირდებათ.

კირჩხიბი

დროა, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოთ და აჩვენოთ რისი უნარი გაქვთ, მაგრამ გეშინიათ, რომ თქვენი აქტიურობა ვიღაცას ხელს შეუშლის. ამიტომ გირჩევნიათ „ჩრდილში“ დარჩეთ და მასას შეერიოთ, მაგრამ ეს წამგებიანი ტაქტიკაა.

ეს დღე ბევრად უკეთესიად ჩაივლის კირჩხიბებისთვის, რომლებიც ძალებს ახალ საქმეში მოსინჯავენ. შუადღე კარგი დროა მეგობრული შეხვედრებისთვის.

ლომი

ყველაფერი კარგად გამოგდით და ძალისხმევის გარეშე შესანიშნავ შედეგებს აღწევთ. ექსპერიმენტების არ გეშინიათ და სიახლეებისთვის მზად ხართ. ხშირად მიზნისკენ ისეთი გზებით მიდიხართ, სხვებმა რომ არ იციან. ცდილობთ, მიზანს რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოთ, მაგრამ ეს სხვებისთვის ყოველთვის გასაგები არაა.

შეიძლება ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგდონ ბრალი. დღის მეორე ნახევარში საოჯახო საქმეებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ – შესაძლოა ახლობელ ადამიანებს თქვენი დახმარება დასჭირდეთ. ბევრ ლომს მოუწევს უარი თქვას დაგეგმილ მოგზაურობაზე.

ქალწული

ძალიან ნაყოფიერი დღეა. ინტუიცია გკარნახობთ, როდის შეიძლება საკუთარ თავს დაეყრდნოთ და როდის ჯობია დახმარება ითხოვოთ. საკუთარ ძალებს გონივრულად ხარჯავთ, ამიტომ ჩანაფიქრს ზოდიაქოს სხვა ნიშნებზე სწრაფად და ეფექტურად ახორციელებთ.
უთანხმოება და კამათი ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ასეც რომ მოხდეს, საჭირო არგუმენტები ყოველთვის მზად გაქვთ.

მოსალოდნელია მცირე ფინანსური ზარალი, მაგრამ არ ინერვიულოთ – მალე ფულის გამომუშავების შესაძლებლობა გექნებათ.

სასწორი

ურთირთობების თვალსაზრისით, რთული დღეა – გარშემო მყოფთა ყველა ნაკლს ამჩნევთ, ამიტომ საკუთარ დამოკიდებულებას ვერ მალავთ. ეცადეთ, თავი შეიკავოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, ყველა მეგობარი განაწყენოთ და სრულიად მარტო დარჩეთ.

თუ ადამიანებს მიუტევებთ, ამით უამრავ პრობლემას აიცილებთ თავიდან. ბიზნესის ალღო მოგებიანი გარიგების დადებაში დაგეხმარებათ. დღის ბოლოს სასიამოვნო სიურპრიზი გელით.

მორიელი

მშვენიერი დღეა ახალი, განსაკუთრებით საქმიანი ნაცნობობისთვის. მომავალ თანამშრომლებზე შესანიშნავ შთაბეჭდილებას ახდენთ. თუ ხალხის ყურადღებას იქცევთ, ამაში ცუდი არაფერია – ჭკვიანური თვითრეკლამა უამრავ სიკეთეს მოგიტანთ. თუ მოინდომებთ, ამ დღეს ძველი ურთიერთობის აღდგენას შეძლებთ – ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, დაასრულოთ ძველი საქმეები და ნახევრად დავიწყებული პროექტები. ეცადეთ, ნებისმიერი საკითხის გადაჭრას შემოქმედებითად მიუდგეთ.

მშვილდოსანი

გირჩევთ, მთელი ყურადღება ადრე დაწყებული საქმეების დასრულებაზე გადაიტანოთ. ამასთან, უმჯობესია, დამოუკიდებლად იმოქმედოთ, რადგან ნებისმიერი თანამშრომლობა, სარგებელზე მეტად, გაუგებრობას მოიტანს.

ამ დღეს დისციპლინა მნიშვნელოვანია, ამიტომ უსიამოვნო დავალების შესრულება არ უნდა დაგეზაროთ. მთავარი, რასაც ამ დღეს მიიღებთ, გამოცდილებაა, რომელიც მალე აუცილებლად დაგჭირდებათ.

თხის რქა

გარემოებათა არახელსაყრელი ერთობლიობა დაგეგმილი ამოცანების დროულად შესრულებაში ხელს გიშლით, თუმცა, ინტუიცია რთული ვითარებიდან გამოსავალს გაპოვნინებთ.

საქმიანი მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის – გავლენიან ადამიანებთან შეხვედრებზე თქვენს საუკეთესო თვისებებს გამოავლენთ. მშვენიერი დღეა არაფორმალურ გარემოში ურთიერთობის, მეგობრული შეხვედრებისა და რომანტიკული პაემნებისთვის.

მერწყული

ცვლილებებისა და სიახლეებისთვის შესანიშნავი დღეა. ბევრ მერწყულს ბიზნესთან და კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებით შესანიშნავი იდეები აქვს. შესაძლოა, შემოსავლის ახალი წყაროც იპოვოთ. როცა საქმე ინვესტიციებს ეხება, შეცდომებს არ უშვებთ.

ეცადეთ საღამოს ჰაერზე სეირნობისა და სპორტული ვარჯიშისთვის დრო გამონახოთ.

თევზები

ამ დღეს მცირე სირთულეები და გაუგებრობები გელით. თუმცა არახელსაყრელი ტენდენციების გავლენა სწრაფად სუსტდება და პრობლემების გადაჭრის გზას დროულად იპოვით. შესაძლოა, ახალი, ძალიან გავლენიანი მოკავშირე გამოგიჩნდეთ და მაცდური საქმიანი შეთავაზება მიიღოთ.

ახლო მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლე გელით და ოჯახური წვეულების მიზეზი გექნებათ.

აშშ-მ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, 600 მილიონ დოლარიანი პაკეტი გამოაცხადა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, 600 მილიონ დოლარიანი პაკეტი გამოაცხადა.

როგორც პენტაგონის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფილია უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივის (USAI) ფარგლებში, მოიცავს აღჭურვილობას უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, მასში შესულია საარტილერიო საბრძოლო მასალა და სხვა საშუალებები.

საბრძოლო დახმარების სია ასეთია:

▪️ აღჭურვილობა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების მხარდაჭერისა და ინტეგრაციისთვის;

▪️ დამატებითი საბრძოლო მასალა მაღალი მობილობის სარაკეტო და საარტილერიო სისტემებისთვის (HIMARS);

▪️ 105 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები;

▪️ ელექტრონული ომის და კონტრ-ელექტრონული ომის აღჭურვილობები;

▪️ დივერსიული საბრძოლო მასალა დაბრკოლებების დასაძლევად;

▪️ განაღმვითი აღჭურვილობა;

▪️ აღჭურვილობა წვრთნებისთვის, ტექნიკური მომსახურებისა და მოქმედებების უზრუნველყოფისთვის.

„შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობას, რათა უკრაინა ბრძოლის ველზე აღჭურვილი იყოს და დაკმაყოფილდეს როგორც მისი დაუყოვნებელი საჭიროებები, ისე უსაფრთხოების გრძელვადიანი მოთხოვნილებები“, – აცხადებენ პენტაგონში.

“პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის” – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთის, როგორც ქვეყნის ადგილი 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე არ არის. მისივე თქმით, უნდა გაიმართოს დისკუსიები იმ თემაზეც, თუ რა უნდა მოიმოქმედონ ზოგიერთი სპორტსმენის შემთხვევაში, რომლებიც „შეიძლება ასევე იყვნენ ამ რეჟიმის მსხვერპლი“.

„ცხადია, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის დროშა არ შეიძლება იყოს. იმიტომ, რომ რუსეთს, როგორც ქვეყანას, ადგილი არ აქვს თამაშებზე, ჩადენილი ომის დანაშაულებების გამო“, – აღნიშნა მაკრონმა ადგილობრივ სპორტულ მედიასთან საუბრისას.

მაკრონის თქმით, შესაძლოა, რუს სპორტსმენებს განსხვავებული შეხედულება ჰქონდეთ მიმდინარე ომზე, ამიტომ საჭიროა მათი საკითხის განხილვა.

„საკითხი, რომელიც ოლიმპიურ სამყაროს მოუწევს გადაწყვიტოს, არის ის, თუ რა ადგილი დაუთმოს იმ რუს სპორტსმენებს, რომლებიც ზოგჯერ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ემზადებიან თამაშებისთვის და შესაძლოა, ამ რეჟიმის მსხვერპლი იყვნენ“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინა უნდა იყოს ამ დიალოგის ნაწილი და რომ საბოლოო ჯამში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) იქნება ის, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯოზეფ ბორელს ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბორელს ვახშამზე უმასპინძლა.

ჯოზეფ ბორელის პატივსაცემად ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა. მთავრობის მეთაურმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არაფორმალურ გარემოში განიხილა.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი თბილისს 7 სექტემბერს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბორელის შეხვედრა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

“ყველამ იცის, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არ დადგება, ეს არის ის, რაც ერთად გვაქვს დასაცავი” – პრეზიდენტი

მაქვს გეგმა შემდეგი ქვეყნების, სადაც უნდა ჩავიდე, რათა იქ მივიტანო თქვენი სურვილი, თქვენი ოცნება, თქვენი მომავლის დაცვა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო რუსეთის „ფეხქვეშ“ აღარასოდეს არ უნდა დადგეს და ეს მიზანი ყველას ერთად გვაქვს დასაცავი.

პრეზიდენტის განცხადებით, ეს იქნება ერთიანი მუდმივი სვლა, ვიდრე არ გავალთ ფონს და არ მივალთ იქ, სადაც არის საქართველოს ადგილი, რაშიც პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ყველა ერთად დგას და თუ ხელისუფლება ამას “გაიგებს და შეეგუება”, იქნება ძალიან კარგი, თუ არადა, “ალბათ, მისი მომავალი ამაზეა დამოკიდებული”.

„ვიმედოვნებ, რომ შევძლებ, მოვახერხებ ორთვენახევარში, სამ თვეში მოვიარო მთავარი და შეიძლება ევროპის ყველა დედაქალაქი, რათა იქ მივიტანო თქვენი სურვილი, თქვენი ოცნება, თქვენი მომავლის დაცვა. ყველამ იცის, რომ საქართველოს ეს უნდა, რომ საქართველო არასდროს არ იქნება, არასდროს დაუბრუნდება, რუსეთის ფეხქვეშ არ დადგება, ეს არის ის, რაც ჩვენ გვაქვს ერთად დასაცავი. ერთად დავიცავით, თქვენ დაიცავით და მე მხარი დაგიჭირეთ 8 მარტს. ეს იქნება ჩვენი, ერთიანი მუდმივი სვლა, ვიდრე არ გავალთ ფონს და არ მივალთ იქ, სადაც არის საქართველოს ადგილი. ამაში მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად ვართ, თუ ხელისუფლება ამას გაიგებს და შეეგუება, ეს იქნება ძალიან კარგი, თუ არადა, ალბათ, მისი მომავალიც ამაზეა დამოკიდებული. მე თქვენი იმედი მაქვს და თქვენ ჩემი იმედი გქონდეთ, ერთად წავალთ და გავალთ ბოლოში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“სტრასბურგმა გახარიას უთხრა, რომ არის ლუზერი”- ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლითაც ნიკანორ მელიას დაკავება და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება კანონიერად მიიჩნია.

როგორ ქადაგიძე წერს, სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება არა მხოლოდ ნიკა მელიას პოლიტიკური კრახია, უმეტესად ეს არის მელიასთვის გადამდგარი გახარიას პოლიტიკური აღსასრული.

„სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება არა მხოლოდ ნიკა მელიას პოლიტიკური კრახია, უმეტესად ეს არის მელიასთვის გადამდგარი გახარიას პოლიტიკური აღსასრული. მარტივად არის საქმე – მაზაკვალი იძახდა, რომ იმ დროს და იმ მოცემულობაში მელიას დაკავება არ შეიძლებოდა. ამის გამო გადადგა. დღეს სტრასბურგი ამბობს, რომ ეს დაკავება სრულიად კანონიერი იყო. სტრასბურგმა გახარიას უთხრა, რომ არის ლუზერი, ქართველი ხალხი კი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ მოღალატე არაკაცია,“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

“კონსტიტუციის ჩარჩოებიდან ბოლომდე გავდივარო, განაცხადა პრეზიდენტმა და სცადა, ეს პოზიცია ევროპულ მომავალზე ზრუნვის არგუმენტით შეეფუთა” – მამუკა მდინარაძე

კონსტიტუციის ჩარჩოებიდან ბოლომდე გავდივარო – განაცხადა პრეზიდენტმა და სცადა, ეს პოზიცია ქვეყნის ევროპულ მომავალზე ზრუნვის არგუმენტით შეეფუთა, ეს იყო სულ!, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მ დინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა და გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართვას.

მდინარაძის შეფასებით, მისი დღევანდელი გაცნხადებაც მხარდაჭერილი იქნება, რაც „დავალებების მიმღების ხვედრია“.

„არც კი უცდია, ახლა მაინც ეღიარებინა, რომ ეს ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს!

დაიმახსოვრეთ, მის ამ განცხადებასაც კი მხარს დაუჭერენ, ეს არის დავალების მიმღების ხვედრი…

საქართველოს დავალებებით ვერასდროს ვეღარავინ მართავს!

ამ მოცემულობის გათვალისწინებით გახდება ის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი, ამაყი და ღირსეული წევრი!“, – წერს მდინარაძე.

ნიკა მელია ,,ნაცმოძრაობის” დატოვებას და საკუთარი პარტიის შექმნას აპირებს?!

მომდევნო რამდენიმე კვირაში, ნიკა მელიამ შესაძლოა, ,,ნაციონალური მოძრაობა” დატოვოს . რამდენად სარწმუნო და რეალურია კულუარული ინფორმაცია პარტიის წყაროდან, უახლოეს კვირაში გამოჩნდება.

ერთ-ერთი ვერსიით, ის მოლაპარაკებებს მართავს ენმ-ის წევრების ნაწილთან, რომლებიც მასთან ერთად აპირებენ ,,ნაციონალური მოძრაობის” დატოვებას.

ბადრი შუბლაძე, ზვიად კუპრავა, რუსკა მჭედლიძე, გიორგი ონიანი, დავით ნებიერიძე, იმედა კევლიშვილი, მამუკა გუგეშაშვილი, გელა გვილავა, ბაჩო დოლიძე: ეს არასრული ჩამონათვალია იმ პირების, ვინც მელიასთან ერთად წასვლას აპირებენო. თუმცა რეალურად როგორ განვითარდება მოვლენები, ეს დროის საკითხია და ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ.

წყაროს ინფორმაციით, ნიკა მელია არც ერთ პარტიაში არ გადავა. იგი ახალი პარტიის გაკეთებას გეგმავს ამ პირებთან ერთად კიდევ ვინ აპირებს შეუერთდეს მის ახალ მოძრაობას, პოლიტიკური კულუარებიდან ესეც მალე გამოიკვეთება .

“სახელმწიფოსთვის არ არის სწორი, როდესაც პრეზიდენტი საკუთარი სახსრებით მართავს მნიშვნელოვან შეხვედრებს” – სალომე ზურაბიშვილი

თქვენ რომ არ გამოსულიყავით და მთელი ევროპისთვის არ გეჩვენებინათ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ევროპული პერსპექტივა, მაშინ მეც არ მექნებოდა ნდობა, როდესაც ევროპის სხვადასხვა ლიდერებს ვხვდები , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ევროპაში ვიზიტების დროს მან ისარგებლა საკუთარი კონტაქტებით და ნდობით, რომელიც მის მიმართ აქვთ ევროპაში.

„საქართველოს ყველა ინსტიტუტი ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რაც მის შესაძლებლობაშია, იმისათვის რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ხელი შეუწყოს. ეს მიმაჩნია ჩემი უმაღლეს და უპირველეს ვალდებულებად. ამიტომ დავდივარ. ახლა ვიყავი ბერლინში, ბრიუსელში, პარიზში. ვსარგებლობ იმით, რაც არის ჩემი კონტაქტები. ვსარგებლობ იმით, რაც არის ჩემ მიმართ ნდობა, მაგრამ პირველ რიგში ეს არის თქვენ მიმართ ნდობა. თქვენ რომ არ გამოსულიყავით და მთელი ევროპისთვის არ გეჩვენებინათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს პერსპექტივა, მაშინ მეც არ მექნებოდა ნდობა, როდესაც ევროპის სხვადასხვა ლიდერებს ვხვდები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, სახელმწიფოსთვის არ არის სწორი, როდესაც პრეზიდენტი საკუთარი სახსრებით მართავს მნიშვნელოვან შეხვედრებს.

„მათ იციან , რომ მე ვარ თქვენი არჩეული, რომ ეს პერსპექტივა არის თქვენი არჩეული და ამისთვის არის, რომ მხარს გვიჭერენ, ამიტომ მხვდებიან პატივისცემით. მე კი არ დავიმსახურე, თქვენ დაიმსახურეთ. მე ვარ ამაყი, რომ მე თქვენ წარმოგადგენთ ევროპის დედაქალაქებში. ამაყი ვარ, რომ ამას ვაკეთებ დღეს ჩემი სახსრებით, თუმცა სახელმწიფოსთვის ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა დადიოდეს თავისი სახსრებით ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებზე, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“არსად არ მივდივარ, ჩემს გადადგომაზე ოცნება მგონი, ყველამ უნდა დაივიწყოს” – სალომე ზურაბიშვილი

მე არსად არ მივდივარ, ჩემ გადადგომაზე ოცნება მგონი, ყველამ უნდა დაივიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ინაუგურაციის დროს დადო ფიცი, რომ დაიცავდა საქართველოს კონსტიტუციას და ბოლომდე ამ ფიცის ერთგული იქნება.

„დღეს, მინდა მოგმართოთ თქვენ, საქართველოს საზოგადოებავ, რადგანაც მე მხოლოდ თქვენს წინაშე ვარ ანგარიშვალდებული. ანგარიშვალდებული ვარ, რამეთუ თქვენ ამირჩიეთ და მე ამ არჩევანის მიმართ ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. მე ვიცი, რომ თქვენ ამირჩიეთ იმისთვის, რაც მე ვარ, რაც ვიყავი მთელი ცხოვრება, ანუ ევროპის მომხრე, საქართველოს ევროპული მომავლის მომხრე, ნაწილობრივ ევროპელი. ეს არის ის მონაცემები, რის გამოც თქვენ გააკეთეთ თქვენია არჩევანი და მე ამ არჩევანის მიმართ ვარ ანგარიშვალდებული.

მე ვიცი, თქვენ როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის, როგორი მომავალი უნდა მომავალ თაობას, ახალგაზრდებს. მე ვიცი, რომ ყველა იმ პრობლემის გადაჭრა, რაც დღეს დგას ქვეყნის წინაშე, ეს იქნება კორუფცია, ადამიანების გადინება ქვეყნიდან, რუსების სრულიად უკონტროლო შემოსვლა ამქვეყანაში, ეს ყველაფერი შეიძლება არ იქნება გადაჭრილი, მაგრამ იქნება მოგვარებული ნაბიჯ-ნაბიჯ, როცა ჩვენ შევუერთდებით ევროკავშირს. ეს არის ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა. ამიტომ მე არსად არ მივდივარ, ჩემ გადადგომაზე ოცნება მე მგონი, ყველამ უნდა დაივიწყოს. მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ იმიტომ, რომ ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება. მე ვიცავ ამ ქვეყნის კონსტიტუციას, რამეთუ მე ეს ფიცი დავდე, როცა იყო ჩემი ინაუგურაცია, როგორ საქართველოს პრეზიდენტის და ვიქნები ბოლომდე ამ ფიცის ერთგული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.