“არსად არ მივდივარ, ჩემს გადადგომაზე ოცნება მგონი, ყველამ უნდა დაივიწყოს” – სალომე ზურაბიშვილი

110
spot_img

მე არსად არ მივდივარ, ჩემ გადადგომაზე ოცნება მგონი, ყველამ უნდა დაივიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ინაუგურაციის დროს დადო ფიცი, რომ დაიცავდა საქართველოს კონსტიტუციას და ბოლომდე ამ ფიცის ერთგული იქნება.

„დღეს, მინდა მოგმართოთ თქვენ, საქართველოს საზოგადოებავ, რადგანაც მე მხოლოდ თქვენს წინაშე ვარ ანგარიშვალდებული. ანგარიშვალდებული ვარ, რამეთუ თქვენ ამირჩიეთ და მე ამ არჩევანის მიმართ ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. მე ვიცი, რომ თქვენ ამირჩიეთ იმისთვის, რაც მე ვარ, რაც ვიყავი მთელი ცხოვრება, ანუ ევროპის მომხრე, საქართველოს ევროპული მომავლის მომხრე, ნაწილობრივ ევროპელი. ეს არის ის მონაცემები, რის გამოც თქვენ გააკეთეთ თქვენია არჩევანი და მე ამ არჩევანის მიმართ ვარ ანგარიშვალდებული.

მე ვიცი, თქვენ როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის, როგორი მომავალი უნდა მომავალ თაობას, ახალგაზრდებს. მე ვიცი, რომ ყველა იმ პრობლემის გადაჭრა, რაც დღეს დგას ქვეყნის წინაშე, ეს იქნება კორუფცია, ადამიანების გადინება ქვეყნიდან, რუსების სრულიად უკონტროლო შემოსვლა ამქვეყანაში, ეს ყველაფერი შეიძლება არ იქნება გადაჭრილი, მაგრამ იქნება მოგვარებული ნაბიჯ-ნაბიჯ, როცა ჩვენ შევუერთდებით ევროკავშირს. ეს არის ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა. ამიტომ მე არსად არ მივდივარ, ჩემ გადადგომაზე ოცნება მე მგონი, ყველამ უნდა დაივიწყოს. მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ იმიტომ, რომ ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება. მე ვიცავ ამ ქვეყნის კონსტიტუციას, რამეთუ მე ეს ფიცი დავდე, როცა იყო ჩემი ინაუგურაცია, როგორ საქართველოს პრეზიდენტის და ვიქნები ბოლომდე ამ ფიცის ერთგული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.