“პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის” – ემანუელ მაკრონი

84
spot_img

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთის, როგორც ქვეყნის ადგილი 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე არ არის. მისივე თქმით, უნდა გაიმართოს დისკუსიები იმ თემაზეც, თუ რა უნდა მოიმოქმედონ ზოგიერთი სპორტსმენის შემთხვევაში, რომლებიც „შეიძლება ასევე იყვნენ ამ რეჟიმის მსხვერპლი“.

„ცხადია, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის დროშა არ შეიძლება იყოს. იმიტომ, რომ რუსეთს, როგორც ქვეყანას, ადგილი არ აქვს თამაშებზე, ჩადენილი ომის დანაშაულებების გამო“, – აღნიშნა მაკრონმა ადგილობრივ სპორტულ მედიასთან საუბრისას.

მაკრონის თქმით, შესაძლოა, რუს სპორტსმენებს განსხვავებული შეხედულება ჰქონდეთ მიმდინარე ომზე, ამიტომ საჭიროა მათი საკითხის განხილვა.

„საკითხი, რომელიც ოლიმპიურ სამყაროს მოუწევს გადაწყვიტოს, არის ის, თუ რა ადგილი დაუთმოს იმ რუს სპორტსმენებს, რომლებიც ზოგჯერ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ემზადებიან თამაშებისთვის და შესაძლოა, ამ რეჟიმის მსხვერპლი იყვნენ“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინა უნდა იყოს ამ დიალოგის ნაწილი და რომ საბოლოო ჯამში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) იქნება ის, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას.