აშშ-მ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, 600 მილიონ დოლარიანი პაკეტი გამოაცხადა

142
spot_img

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, 600 მილიონ დოლარიანი პაკეტი გამოაცხადა.

როგორც პენტაგონის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფილია უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივის (USAI) ფარგლებში, მოიცავს აღჭურვილობას უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, მასში შესულია საარტილერიო საბრძოლო მასალა და სხვა საშუალებები.

საბრძოლო დახმარების სია ასეთია:

▪️ აღჭურვილობა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების მხარდაჭერისა და ინტეგრაციისთვის;

▪️ დამატებითი საბრძოლო მასალა მაღალი მობილობის სარაკეტო და საარტილერიო სისტემებისთვის (HIMARS);

▪️ 105 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები;

▪️ ელექტრონული ომის და კონტრ-ელექტრონული ომის აღჭურვილობები;

▪️ დივერსიული საბრძოლო მასალა დაბრკოლებების დასაძლევად;

▪️ განაღმვითი აღჭურვილობა;

▪️ აღჭურვილობა წვრთნებისთვის, ტექნიკური მომსახურებისა და მოქმედებების უზრუნველყოფისთვის.

„შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობას, რათა უკრაინა ბრძოლის ველზე აღჭურვილი იყოს და დაკმაყოფილდეს როგორც მისი დაუყოვნებელი საჭიროებები, ისე უსაფრთხოების გრძელვადიანი მოთხოვნილებები“, – აცხადებენ პენტაგონში.