Home Blog Page 1656

ქუთაისში დააკავეს კაცი, რომელიც დაოჯახებულ ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებოდა

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ქუთაისში 46 წლის კაცი დააკავეს. როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, დაკავებული დაოჯახებულ ქალს, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა, დაშორების შემდეგ ინტიმური კადრების გავრცელებით აშანტაჟებდა. საქმეზე გამოძიება დაზარალებული ქალის მიმართვის შემდეგ დაიწყო.

დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს 2023 წელს გათხოვილ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რომელსაც სასტუმროში სქესობრივი კავშირის დროს მობილური ტელეფონით ფარულად ვიდეო გადაუღო. ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, 2024 წლის იანვარში, ბრალდებული დაზარალებულ ქალს ურთიერთობის აღდგენას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფარულად გადაღებული მათი სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრების ნათესავებში გავრცელებით ემუქრებოდა. გარდა ამისა, ბრალდებულმა დაზარალებულ ქალს ღამით საცხოვრებულ სახლში მიაკითხა და ბავშვების და ოჯახის სხვა წევრების სახლში ყოფნის დროს შესვლას ცდილობდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დასავლეთ საქართველოს სამმართველომ, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ბრალდებული. მისი პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა ინტიმური შინაარსის ამსახველი ვიდეომასალა“, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

ვერც „ლელო“ მოვა ხელისუფლებაში და არც „ნაცმოძრაობას“ უწერია მობრუნება, ივანიშვილის გაძარცვის ხარჯზე -ვოლსკი

როცა ვამბობთ, რომ „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს, ვგულისხმობთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. აქ შედიან ის ადამიანებიც, რომლებიც ამ რეჟიმის სახეები იყვნენ და კონკრეტული დამნაშავეები არიან, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარმა ისაუბრა კონკრეტული სახელებისა და გვარების შესახებ, რომელთაც პირდაპირი თუ ირიბი დანაშაული მიუძღვით ქართული სახელმწიფოს წინაშე.

„გვარამიას, ხოშტარიას ან ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ გენერალური დირექტორი თუ თავმჯდომარე იყო, ამ პარტიას ვერ ჩამოაშორებ და ვერ გარეცხავ, თუმცა მათ შორის არიან ადამიანები, რომელთაც ძალიან კონკრეტული დანაშაულები მიუძღვით. მაგალითად, ნიკა გვარამია იყო ერთ-ერთი დამნაშავე პირიც და იდეოლოგიც, რომელიც „იმედში“ შეჭრასთან დაკავშირებით საქმეების გაყალბებას ხელმძღვანელობდა.

არიან, ასევე, ადამიანები, რომლებიც მაშინდელი რეჟიმის სახეები არ იყვნენ, მაგალითად, ასეთია გახარია, მაგრამ დღეს მას ალიანსი აქვს „ნაცმოძრაობასთან“ და აერთიანებთ ერთი ნიშან-თვისება – არიან უცხო ქვეყნის აგენტურა საქართველოში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 50 წლამდე კაცი დაიღუპა

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 50 წლამდე კაცი დაიღუპა, –  ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა AJARATIMES ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე, ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის ეზოში მოხდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

“ეჭვი მაქვს სალომე ზურაბიშვილის ფანჩატურიც დაიშლება” – ირაკლი ზარქუა

სალომე ზურაბიშვილი მგონი თავის რადიკალ პარტნიორებზე ეჭვიანობს – ერთი პერიოდი ზენიტში იყო, ახლა ყველას დაავიწყდა და ახალი წინადადებით შემოვიდა, რომ რადიკალები, მარგინალები და ხელმოცარულები გააერთიანოს , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, “მათი ამოცანაა, კოორდინაციაში იყვნენ ერთმანეთთან და რევოლუციური ქაოსი დაიგეგმოს”.

“მე მგონია, რომ ქალაბატონი სალომე ეჭვიანობს უკვე თავის პარტნიორებთან მიმართებით, ვინც ჰყავს – ხელმოცარულები და რადიკალები, რადგან ერთი პერიოდი ზენიტში იყო, ახლა ყველას დაავიწყდა და ახალი წინადადებით შემოვიდა, რომ რადიკალები, მარგინალები და ხელმოცარულები გააერთიანოს და თვითონ ჩაუდგეს სათავეში. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მისაღებია ეს პლატფორმა, ყველას გვეცოდინება, რომ ერთად არიან, ერთი ჭკუის, ერთი ხელწერის ადამიანები და აქეთ იქნება “ქართულო ოცნება“, მშვიდობის, ეკონომიკური ზრდის და ევროინტეგრაციის გარანტი, მაგრამ როგორც შალვას დაეშალა ის ფანჩატური, ეჭვი მაქვს ქალბატონი სალომეს ფანჩატურიც ასე დაიშლება, რადგან ყველა განსხვავებული მსოფლმხედველობის,ხელწერის, მიმართულების ჯგუფები არიან, რომლენიც მოწყურებულო არიან ხელისუფლებას, არიან “ნაცები” და “ნეონაცები”,- განაცხადა ზარქუამ.

ის, ასევე, გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომ ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად არჩევა სალომე ზურაბიშვილმა 9 თებერვალს მიულოცა და აღნიშნა, რომ “სჯობს გვიან ვიდრე არასდროს”.

“ხაზარაძის მიერ ბიძინა ივანიშვილისადმი მუქარა კიდევ ერთი დასტურია, რომ „ლელომ“ გადაწყვიტა გახდეს რადიკალური ოპოზიციის ფლაგმანი” – მაია ბითაძე

ძალიან არ მიყვარს ზოგადად ადამიანებზე პერსონალურად საუბარი, თუმცა უკვე ისეთ განცხადებებს ვისმენთ „ლელოსგან“ და მამუკა ხაზარაძემ საერთოდ რეპრესიების ახალი ტალღა დააანონსა პრაქტიკულად. მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ გარდა იმისა რაც თქვენ ბრძანეთ, ჩვენ კარგი მეხსიერება გვაქვს და ძალიან კარგად გვახსოვს რას ნიშნავს რეპრესიები და გადასახლება და გადმოსახლება, როგორც ჩვენი წინაპრების ასევე ცოტა დროის წინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ რეპრესიების არაერთ ტალღას გადაატარებდა და გადმოატარებდა ჩვენ ქვეყანას თავზე, – ასე უპასუხა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ჟურნალისტის კითხვას, მამუკა ხაზარაძის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ გაკეთებულ განცხადებაზე.

ბითაძემ აღნიშნა, რომ ამგვარი ტიპის განცხადებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „ლელომ“ გადაწყვიტა გახდეს რადიკალური ოპოზიციის ფლაგმანი.

„გაუცვალა ადგილი „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე ნაწილს, რომელიც წინა კვირებში რაღაცა კულტურულ-შემოქმედებითი ახალი ფორმატით მოგვევლინა. რამდენ ხანს გასტანს ეს, ვერ გეტყვით, თუმცა „ლელოს“ გადავცემ, რომ ეს 9 პუნქტიანი გეგმა, რომელიც საქართველოს დაქცევას უქადის, ეს განცხადებები, რომელიც პირდაპირ აგრესიაზე არის დამყარებული, ეს კინო ქართველ ხალხს უკვე ნანახი აქვს, ისევე როგორც ის სიცრუე, ის სიტყვების ბრახაბრუხი, რომელიც ვაი პოლიტიკოსებისგან გვესმის სამწუხაროდ, ბავშვობიდან დაწყებული, შესაბამისად, ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს და ამას კაი შედეგი რეიტინგისთვის ნამდვილად არ ექნება. ნუ ეცდებიან იმას, რომ კიდევ უფრო გააშავონ საკუთარი თავი, მათ შორის რადიკალიზაციის იმ ფორმატში, რასაც ჰქვია ევროკავშირთან დაახლოების პროცესში არ მონაწილეობა. თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია და პირველ რიგში ვისაც დაარტყამს არის სწორედ „ლელო“, თუ რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენელი“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

“ვიზიარებ მამუკა ხაზარაძის შეფასებას, როგორც კი წააგებს ივანიშვილი არჩევნებს, გადაიხვეწება საქართველოდან”

ეს არის მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური შეფასება, რომელიც ამბობს, რომ ივანიშვილი რუსეთის მსახურია. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ არჩევნების წაგებისთანავე ის წავა მოსკოვში, სადაც არის მისი მენტალური სამშობლო, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელიამ კომენტარი გააკეთა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებაზე, სადაც ხაზარაძე ამბობს: „ბიძინა ივანიშვილის ადგილი არის კრემლში, ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში და ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად წავა, ის უნდა იყოს მოსკოვში“.

გრიგოლ გეგელიას თქმით, თავადაც იზიარებს ამ შეფასებას.

„მიმაჩნია, რომ როგორც კი წააგებს ივანიშვილი არჩევნებს, ის გადაიხვეწება საქართველოდან და მეტი ალბათობით, იქნება მოსკოვში, სადაც არის მისი რეალური, სულიერი და გონებრივი ადგილი. ეს მოხდება ძალიან მალე, ის დამარცხდება არჩევნებში ამ წლის შემოდგომაზე. წაგების შემთხვევაში, ივანიშვილი წავა თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია. ხაზარაძემ ნათლად განაცხადა, რომ ის არ არის პროკურორი და არ აქვს არანაირი ინტერესი, იყოს პროკურორი, ის არის პოლიტიკური ლიდერი და ვართ პოლიტიკური ლიდერები. შესაბამისად, ჩვენ არ და ვერ ჩავერევით იმაში, ვინ, სად იქნება არჩევნების შემდეგ. ჩვენთვის მთავარია, რუსეთის მსახური ხელისუფლება დასრულდეს. შემდეგ, რამდენად გაუმართლებს ივანიშვილს და რამდენად გადაურჩება ყველაფერზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში სამართლებრივს, ეს უკვე დამოკიდებულია თავისუფალ სასამართლოზე, რომელიც ჩვენ მართლა გვექნება. რეპრესიების არავის უნდა ეშინოდეს, რეპრესიების ეშინიათ, რადგან სარკეში რომ იყურებიან, ხედავენ საკუთარ ცოდვებს. „ქართული ოცნების“ ლიდერრბს არ ესმით, რა არის რეპრესია. ვერ ხედავენ, რომ რეპრესია არის ის, რასაც თავად ჩადიან 12 წლის განმავლობაში“, – აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

“სერჟანტ როინ შავაძის ორგანიზებული მკვლელობა ის ერთ-ერთი შოკისმომგვრელი ფაქტია, რომელიც ადრე თუ გვიან საბოლოოდ დაასამარებს „ნაციონალურ მოძრაობას”

სააკაშვილის ჯალათების მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, სერჟანტ როინ შავაძის ორგანიზებული მკვლელობა ის ერთ-ერთი შოკისმომგვრელი ფაქტია, რომელიც ადრე თუ გვიან საბოლოოდ დაასამარებს “ნაციონალურ მოძრაობას”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძის თქმით, ნაცჯალათებზე კიდევ უფრო უარესნი ის უსამშობლო არსებები არიან, რომლებიც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის გამართლებას ცდილობენ და მცოდნეებად და პროგრესულ მედასავლეთეებად მოაქვთ თავი.

„უდანაშაულო ადამიანების სისხლში ყელამდე გასვრილი „ნაცმოძრაობა” კვლავ უტიფრად და ამაოდ ცდილობს ხელისუფლებაში რამენაირად მობრუნებას. სააკაშვილის ჯალათების მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, სერჟანტ როინ შავაძის ორგანიზებული მკვლელობა ის ერთ-ერთი შოკისმომგვრელი ფაქტია, რომელიც ადრე თუ გვიან საბოლოოდ დაასამარებს „ნაციონალურ მოძრაობას”.

ნაცჯალათებზე კიდევ უფრო უარესნი არიან ის უსამშობლო არსებები, რომლებიც ცდილობენ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის უგვანოდ გამართლებას და თავი მოაქვთ მცოდნეებად, პროგრესულ მედასავლეთეებად. ასეთნი არაქართველნი კი არა, არაკაცები, არაადამიანები არიან!
გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავების და განზრახ მკვლელობის ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (‘კუდი’) აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან „თანამშრომლობდა”.
2008 წლის 16 აგვისტოს, აჭარის ‘კუდ’-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა მათი ხელმძღვანელობის მონაწილეობით, ბათუმის ერთ-ერთ კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ. შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო.

ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, სპეცრაზმელებმა, ასევე მათი ხელმძღვანელების მონაწილეობით, როინ შავაძე ქობულეთი-ქაქუთის საავტომობილო გზის მიმართულებით წაიყვანეს. აჭარისა და გურიის საზღვართან აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომობილიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ და დახვრიტეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
ჩატარებული გამოძიებით, უტყუარად გაბათილდა ყალბი ვერსია, თითქოს როინ შავაძის ლიკვიდაცია მისი გაქცევის აღსაკვეთად განხორციელდა. ამასთანავე, დადგინდა, რომ როინ შავაძის სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან შესაძლო თანამშრომლობაზე არც იმჟამად და არც შემდგომ პერიოდში გამოძიებაც კი არ დაწყებულა და როინ შავაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ნარკოდანაშაულისთვის 260-ე მუხლით დაიწყეს. აღნიშნული ეჭვი არც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადასტურდა.

ცნობისთვის, 2023 წლის 27 ივლისს ამავე საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო. არაერთმა ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა როინ შავაძის მკვლელობის რეალური გარემოებები.

მოცემულ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით“, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

„მუსტანგის“ მართვა ვერ შეძელი, ცეცხლი წაუკიდე და გგონია, ქართული საზოგადოება ქვეყნის მართვას განდობს?”

ბატონო ხაზარაძე, შენ გგონია ქართული საზოგადოება ქვეყნის მართვას განდობს?! „მუსტანგი“ ვერ გიმართია! – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შემდეგ მოსკოვში წავა.

ზარქუას განცხადებით, ხაზარაძეს პოლიტიკიდან ბიზნესში დაბრუნება მოუწევს.

“ლელოს” განცხადება მოვისმინე, ბატონმა ხაზარაძემ ბრძანა, ჩვენ ცალკე ვართ “ნაცებისგანო”, ჩვენს ლიდერს კვირებს უთვლის და შემდეგ მოსკოვში მოუწევს წასვლაო – „ლელო“, რომელიც წლების განმავლობაში იყო შეზრდილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ადეიშვილთან და ერთობლივად არეკეტებდნენ საზოგადოებას. ახლა ამას ჰგონია, რომ დაგვავიწყდა და ახლა ემიჯნება. თურმე ახლა არის მიუღებელი “ნაცები” „ლელოსთვის“ და გახარიასთვის.

ერთ რამეს გეტყვი ბატონო ხაზარაძე: „მუსტანგის“ მართვა ვერ შეძელი, ცეცხლი წაუკიდე და ვნახეთ შენი მარგვის მეთოდები. შენ გგონია, ქართული საზოგადოება ქვეყნის მართვას განდობს?! – „მუსტანგი“ ვერ გიმართია, გამართული ამერიკული მანქანა.

არჩევნების შემდეგ ისევ მშვიდობის და ეკონომიკური განვითარების პარტია დავრჩებით ხელისუფლებაში, ხოლო შენ მოგიწევს გადანაცვლება ისევ ბიზნესში. სესხის გაცემა, მიღება, ვაჭრობა – ეს შენი თემაა, იქ კარგად გრძნობ თავს, წარმატებულადაც და იქ იქნები, სადაც შენი ადგილია. დარწმუნდები, რომ პოლიტიკაში ხელმოცარული ხარ. დაკვეთა რაც გაქვთ პატრონებისგან, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ჩაენაცვლოთ, მარგინალები გახდეთ და რევოლუციონერები, არ გამოგივათ! თქვენზე უფრო დიდი დაფინანსება ჰქონდათ “ნაცებს” და თქვენზე დიდი მხარდაჭერა „გლობალური ომის პარტიიდან“, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს, რადგან საზოგადოებამ გაშიფრა ისინი, ისევე, როგორც თქვენც ხართ გაშიფრული. “ნაცები” და ნეონაცები ყველა ერთად აგერ, სალომეს ფანჩატურში მიბრძანდით, იქ გელოდებით”, – განაცხადა ზარქუამ.

თბილისის ზოოპარკი ხეზე მიბმულ დათვთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის ზოოპარკი ხეზე მიბმულ დათვთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„პირველ რიგში, უხარისხო ფოტოსთვის ბოდიშს გიხდით. დათვი დახურულ, იზოლირებულ საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული და ვცდილობთ, ზედმეტი განათებით, გადაღებითა და ხალხით არ შევაწუხოთ, რადგან ისედაც დაზაფრულია.

ღამით გორის პოლიციიდან დაგვიკავშირდნენ და დათვის გადმოყვანასთან დაკავშირებით დახმარება გვთხოვეს. ჩვენი ვეტექიმი მათთან ერთად გაემგზავრა გორის რაიონის სოფელ იფნარას მიმდებარე ტყეში, დათვი დააძინა და ამჟამად ცხოველი უკვე ჩვენთანაა, ახალი ზოოპარკის საკარანტინე სივრცეში.
ცხოველს კისრის არეში აქვს დაზიანება, ამასთან ერთად, ძალიან დასტრესილი და შეშინებულია. ვეტექიმებმა ჭრილობა დაუმუშავეს და შესაბამისი პრეპარატებიც მისცეს. ამჟამად მეთვალყურეობის ქვეშაა და სამომავლო მკურნალობის კურსიც განსაზღვრული აქვს.

იმ საკითხს, თუ როგორ, საიდან და რა ვითარებაში მოხვდა ცხოველი იქ, სადაც ჩვენმა ვეტექიმმა პირველად ნახა და დააძინა, შესაბამისი უწყებები დაადგენენ.
დათვის მკურნალობას ზოოპარკში გავაგრძელებთ მის სრულ გამოჯანმრთელებამდე და რეაბილიტაციის შემდეგ ვიმოქმედებთ ცხოველის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“,- ნათქვამია განცხადებაში.

“შევიძინეთ 2 თანამედროვე რადარი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოსალოდნელი ამინდის შესახებ უფრო ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას”

იმისათვის, რომ ქვეყანა სტიქიურ მოვლენებს მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სისტემას აძლიერებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ამ მიმართულებით უწყების გეგმებზე „ქრონიკას“ ესაუბრა.

„მიმდინარეობს და ძალიან მალე დასრულდება საფრთხის რუკების შედგენა, რაც პირველად კეთდება ქვეყანაში. ეს მოგვცემს საშუალებას შემდგომი მაღალი რისკ-ზონები განვსაზღვროთ და იქ შესაბამისი ღონისძიებები დავგეგმოთ.

შევიძინეთ 2 თანამედროვე რადარი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოსალოდნელი ამინდის შესახებ უფრო ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას და შესაბამის სამსახურებს. გვაქვს კონკრეტული გეგმები წელს და ეს შეეხება, როგორც მყინვარული ხეობების პირველად შეფასებას, ასევე მაღალი რისკის ზონებში, მდინარეებში ვგეგმავთ ადრეული გაფრთხილების სისტემების მონტაჟს“, – განმარტა შამუგიამ.

გასულ დღეებში ქვეყანაში განვითარებულ სტიქიურ პროცესებს ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა, ზარალი კი რამდენიმე ათეულ მილიონს აღწევს.

“ინფლაციას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს” – პუტინი

ინფლაციას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.­

„რა თქმა უნდა, ინფლაციას, მის შეკავებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინთან ერთად შეხვედრას რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე, ელვირა ნაბიულინაც ესწრებოდა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკისა და მთავრობის ქმედებების შედეგად ინფლაცია ახლა მცირდება. მისი თქმით, წლიურმა ინფლაციამ იანვარში 7,2% შეადგინა მაშინ, როცა 2023 წლის ბოლოს 7,4% იყო.

“უკრაინელებს საბრძოლო მასალები თითქმის აღარ აქვთ, პუტინის ჯარი კი შეუჩერებლად უტევს” – Bild

გერმანულ გაზეთ „ბილდში“ (Bild) 11 თებერვალს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „უკრაინელებს საბრძოლო მასალები თითქმის აღარ აქვთ, პუტინის ჯარი კი შეუჩერებლად უტევს. უკრაინა სამხედრო კრიზისშია“ (ავტორი – პაულ რონცხაიმერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„ის სიტუაცია, რაც დღეს არის შექმნილი რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტებზე, 2022 წლის თებერვლიდან ყველაზე მნიშვნელოვან კრიზისს წარმოადგენს. არავინ იცის, რამდენად უარესი იქნება მდგომარეობა ხვალ და ზეგ. როცა მე გასულ კვირას უკრაინაში ვიყავი, შევნიშნე, რომ მესაზღვრეებს ძალიან ცუდი განწყობა ჰქონდათ. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მათ უცხოელი ჟურნალისტების და მათ შორის ჩემი დანახვა ძალიან უხაროდათ, ახლა კი ისინი პესიმისტურად მეკითხებოდნენ: „თქვენც ფიქრობთ, რომ ჩვენი საქმე ცუდად მიდის?“.

„ცუდად მიდის“ არ ნიშნავს მხოლოდ იმ დრამას, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთის ფრონტზე ხდება – იქ ჯარისკაცები იბრძვიან ლოზუნგით „ჩვენ გავიმარჯვებთ“, თუმცა მათ საბრძოლო მასალები აკლიათ. შეფასებაში „ცუდად მიდის“ იგულისხმება ისიც, რომ კიევში პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს – დაპირისპირება პრეზიდენტსა და აწ უკვე ყოფილ სარდალს ვალერი ზალუჟნის შორის, რომელსაც მხარს ძმები კლიჩკოები უმაგრებენ – მსოფლიო ჩემპიონი კრივში ვლადიმერ კლიჩკო და მისი ძმა, კიევის მოქმედი მერი ვიტალი კლიჩკო, რომელიც ასევე ცნობილი მოკრივეა. ვლადიმერ კლიჩკო ხშირად დადის უკრაინელ ჯარისკაცებთან და მათ სამხედრო ტექნიკით ამარაგებს – მაგალითად, პარასკევს მან პირადად წაიღო ფრონტზე ორი ახალი ჯავშანმანქანა.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან შარშან მე რამდენიმეჯერ ავიღე ინტერვიუ, იმ დროს იგი უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, ახლა კი მისი რეიტინგი განუხრელად ეცემა – უფრო მეტიც, დღეს მის საწინააღმდეგოდ მიმართულ მიტინგებსაც აწყობენ, რაც ადრე გაუგონარი და წარმოუდგენელი იყო: პირველად ომის დაწყებიდან, კიევის ისტორიულ „მაიდნის მოედანზე“ ათეულობით ადამიანი შეიკრიბა პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელმაც გენერალი ვალერი ზალუჟნი სარდლის თანამდებობიდან გადააყენა.

„ვალერი ზალუჟნისათვის უკვე დიდი ხანია ნათელია: ვოლოდიმირ ზელენსკის მიზანი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები დაბრუნების თაობაზე ვერ იქნება რეალიზებული და ამის შესახებ საჯაროდ უნდა გაცხადდეს. იმიტომ ვერ იქნება, რომ არმიას არ ჰყოფნის არც ცოცხალი ძალა, არც შეიარაღება, არც იარაღი და რაც მთავარია, არ აქვს მტკიცე მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან, რესპუბლიკელ კონგრესმენთა პოზიციის გამო. კიევში ყოფნის დროს სულ ერთი და იგივე მესმოდა: ამერიკის გარეშე უკრაინის მდგომარეობა დამძიმდება და ბრძოლის გაგრძელება შეუძლებელიც კი გახდება. აშშ-ის კონგრესში ამბობენ, რომ ევროკავშირმა თავის თავზე უნდა აიღოს კიევის მიმართ დახმარების გაწევაო, მაგრამ ბრიუსელს ამისათვის არც რესურსები არ აქვს და პოლიტიკური ნებაც სუსტი აქვს“, – წერს პაულ რონცხაიმერი.

„დიახ, უკრაინა მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი – ყოველდღიურად, დღისით და ღამით, მასირებულად იბომბება ქვეყნის მსხვილი ქალაქები და ეკონომიკური ობიექტები, ყოველდღიურად იღუპებიან ასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მცხოვრებლები. კიევის სამწუხაროდ, რუსეთის არმია წინ მიდის და ნელ-ნელა იკავებს უკრაინის ტერიტორიას. როგორც ამბობენ, უკრაინის მთავრობის მზერა ახლა ავდეევკისკენ არის მიპყრობილი, სადაც რუსეთმა უკრაინის არმიის თავდაცვა გაარღვია და ქალაქში უკვე ბრძოლები მიმდინარეობს.

რამდენადაც უკრაინისათვის რუსეთის თავდასხმის მეორე წლისთავი ახლოვდება, 24 თებერვალს ქვეყანა, ალბათ, უკანაც გაიხედავს, ბრძოლის შედებს შეაფასებს და მომავალზეც იფიქრებს. სამწუხაროდ, ზამთრის ცივ დღეებში კიევის მოსახლეობაში იმედგაცრუება და გულგატეხილობა მატულობს. მე, როგორც რეპორტიორს, მათი ასეთი უიმედო განწყობა 2022 წლიდან არ შემიმჩნევია. მაგრამ მთავარი კითხვა ისაა, შეამჩნევენ და გააცნობიერებენ თუ არა უკრაინულ დრამას ვაშინგტონში, ბერლინსა და პარიზში“, – აღნიშნავს ავტორი პუბლიკაციის დასასრულს.

წყარო