როცა ვამბობთ, რომ „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს, ვგულისხმობთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. აქ შედიან ის ადამიანებიც, რომლებიც ამ რეჟიმის სახეები იყვნენ და კონკრეტული დამნაშავეები არიან, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
სოზარ სუბარმა ისაუბრა კონკრეტული სახელებისა და გვარების შესახებ, რომელთაც პირდაპირი თუ ირიბი დანაშაული მიუძღვით ქართული სახელმწიფოს წინაშე.
„გვარამიას, ხოშტარიას ან ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ გენერალური დირექტორი თუ თავმჯდომარე იყო, ამ პარტიას ვერ ჩამოაშორებ და ვერ გარეცხავ, თუმცა მათ შორის არიან ადამიანები, რომელთაც ძალიან კონკრეტული დანაშაულები მიუძღვით. მაგალითად, ნიკა გვარამია იყო ერთ-ერთი დამნაშავე პირიც და იდეოლოგიც, რომელიც „იმედში“ შეჭრასთან დაკავშირებით საქმეების გაყალბებას ხელმძღვანელობდა.
არიან, ასევე, ადამიანები, რომლებიც მაშინდელი რეჟიმის სახეები არ იყვნენ, მაგალითად, ასეთია გახარია, მაგრამ დღეს მას ალიანსი აქვს „ნაცმოძრაობასთან“ და აერთიანებთ ერთი ნიშან-თვისება – არიან უცხო ქვეყნის აგენტურა საქართველოში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.