“უკრაინელებს საბრძოლო მასალები თითქმის აღარ აქვთ, პუტინის ჯარი კი შეუჩერებლად უტევს” – Bild

63
spot_img

გერმანულ გაზეთ „ბილდში“ (Bild) 11 თებერვალს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „უკრაინელებს საბრძოლო მასალები თითქმის აღარ აქვთ, პუტინის ჯარი კი შეუჩერებლად უტევს. უკრაინა სამხედრო კრიზისშია“ (ავტორი – პაულ რონცხაიმერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„ის სიტუაცია, რაც დღეს არის შექმნილი რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტებზე, 2022 წლის თებერვლიდან ყველაზე მნიშვნელოვან კრიზისს წარმოადგენს. არავინ იცის, რამდენად უარესი იქნება მდგომარეობა ხვალ და ზეგ. როცა მე გასულ კვირას უკრაინაში ვიყავი, შევნიშნე, რომ მესაზღვრეებს ძალიან ცუდი განწყობა ჰქონდათ. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მათ უცხოელი ჟურნალისტების და მათ შორის ჩემი დანახვა ძალიან უხაროდათ, ახლა კი ისინი პესიმისტურად მეკითხებოდნენ: „თქვენც ფიქრობთ, რომ ჩვენი საქმე ცუდად მიდის?“.

„ცუდად მიდის“ არ ნიშნავს მხოლოდ იმ დრამას, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთის ფრონტზე ხდება – იქ ჯარისკაცები იბრძვიან ლოზუნგით „ჩვენ გავიმარჯვებთ“, თუმცა მათ საბრძოლო მასალები აკლიათ. შეფასებაში „ცუდად მიდის“ იგულისხმება ისიც, რომ კიევში პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს – დაპირისპირება პრეზიდენტსა და აწ უკვე ყოფილ სარდალს ვალერი ზალუჟნის შორის, რომელსაც მხარს ძმები კლიჩკოები უმაგრებენ – მსოფლიო ჩემპიონი კრივში ვლადიმერ კლიჩკო და მისი ძმა, კიევის მოქმედი მერი ვიტალი კლიჩკო, რომელიც ასევე ცნობილი მოკრივეა. ვლადიმერ კლიჩკო ხშირად დადის უკრაინელ ჯარისკაცებთან და მათ სამხედრო ტექნიკით ამარაგებს – მაგალითად, პარასკევს მან პირადად წაიღო ფრონტზე ორი ახალი ჯავშანმანქანა.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან შარშან მე რამდენიმეჯერ ავიღე ინტერვიუ, იმ დროს იგი უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, ახლა კი მისი რეიტინგი განუხრელად ეცემა – უფრო მეტიც, დღეს მის საწინააღმდეგოდ მიმართულ მიტინგებსაც აწყობენ, რაც ადრე გაუგონარი და წარმოუდგენელი იყო: პირველად ომის დაწყებიდან, კიევის ისტორიულ „მაიდნის მოედანზე“ ათეულობით ადამიანი შეიკრიბა პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელმაც გენერალი ვალერი ზალუჟნი სარდლის თანამდებობიდან გადააყენა.

„ვალერი ზალუჟნისათვის უკვე დიდი ხანია ნათელია: ვოლოდიმირ ზელენსკის მიზანი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები დაბრუნების თაობაზე ვერ იქნება რეალიზებული და ამის შესახებ საჯაროდ უნდა გაცხადდეს. იმიტომ ვერ იქნება, რომ არმიას არ ჰყოფნის არც ცოცხალი ძალა, არც შეიარაღება, არც იარაღი და რაც მთავარია, არ აქვს მტკიცე მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან, რესპუბლიკელ კონგრესმენთა პოზიციის გამო. კიევში ყოფნის დროს სულ ერთი და იგივე მესმოდა: ამერიკის გარეშე უკრაინის მდგომარეობა დამძიმდება და ბრძოლის გაგრძელება შეუძლებელიც კი გახდება. აშშ-ის კონგრესში ამბობენ, რომ ევროკავშირმა თავის თავზე უნდა აიღოს კიევის მიმართ დახმარების გაწევაო, მაგრამ ბრიუსელს ამისათვის არც რესურსები არ აქვს და პოლიტიკური ნებაც სუსტი აქვს“, – წერს პაულ რონცხაიმერი.

„დიახ, უკრაინა მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი – ყოველდღიურად, დღისით და ღამით, მასირებულად იბომბება ქვეყნის მსხვილი ქალაქები და ეკონომიკური ობიექტები, ყოველდღიურად იღუპებიან ასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მცხოვრებლები. კიევის სამწუხაროდ, რუსეთის არმია წინ მიდის და ნელ-ნელა იკავებს უკრაინის ტერიტორიას. როგორც ამბობენ, უკრაინის მთავრობის მზერა ახლა ავდეევკისკენ არის მიპყრობილი, სადაც რუსეთმა უკრაინის არმიის თავდაცვა გაარღვია და ქალაქში უკვე ბრძოლები მიმდინარეობს.

რამდენადაც უკრაინისათვის რუსეთის თავდასხმის მეორე წლისთავი ახლოვდება, 24 თებერვალს ქვეყანა, ალბათ, უკანაც გაიხედავს, ბრძოლის შედებს შეაფასებს და მომავალზეც იფიქრებს. სამწუხაროდ, ზამთრის ცივ დღეებში კიევის მოსახლეობაში იმედგაცრუება და გულგატეხილობა მატულობს. მე, როგორც რეპორტიორს, მათი ასეთი უიმედო განწყობა 2022 წლიდან არ შემიმჩნევია. მაგრამ მთავარი კითხვა ისაა, შეამჩნევენ და გააცნობიერებენ თუ არა უკრაინულ დრამას ვაშინგტონში, ბერლინსა და პარიზში“, – აღნიშნავს ავტორი პუბლიკაციის დასასრულს.

წყარო