ქუთაისში დააკავეს კაცი, რომელიც დაოჯახებულ ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებოდა

391
spot_img

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ქუთაისში 46 წლის კაცი დააკავეს. როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, დაკავებული დაოჯახებულ ქალს, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა, დაშორების შემდეგ ინტიმური კადრების გავრცელებით აშანტაჟებდა. საქმეზე გამოძიება დაზარალებული ქალის მიმართვის შემდეგ დაიწყო.

დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს 2023 წელს გათხოვილ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რომელსაც სასტუმროში სქესობრივი კავშირის დროს მობილური ტელეფონით ფარულად ვიდეო გადაუღო. ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, 2024 წლის იანვარში, ბრალდებული დაზარალებულ ქალს ურთიერთობის აღდგენას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფარულად გადაღებული მათი სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრების ნათესავებში გავრცელებით ემუქრებოდა. გარდა ამისა, ბრალდებულმა დაზარალებულ ქალს ღამით საცხოვრებულ სახლში მიაკითხა და ბავშვების და ოჯახის სხვა წევრების სახლში ყოფნის დროს შესვლას ცდილობდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დასავლეთ საქართველოს სამმართველომ, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ბრალდებული. მისი პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა ინტიმური შინაარსის ამსახველი ვიდეომასალა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.