რუსეთ-უკრაინის ომის 538-ე დღე
ღამის განმავლობაში უკრაინის უმეტეს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში ისმოდა. ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალების ცნობით, საოკუპაციო ძალებმა კასპიის ზღვის რაიონიდან უკრაინის მიმართულებით ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს.
რუსული რაკეტები დნეპრში საწარმოს მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ვრცელდება ცნობა დაშავებულების შესახებ. აფეთქების ხმა ისმოდა ლვოვშიც. იქ ჭურვი საცხოვრებელ სახლს დაეცა. დაიბომბა ლუცკი და ხმელნიცკი.
“ლვოვში დღეს დილით საჰაერო განგაში გამოცხადდა და აფეთქებების ხმები გაისმა,” – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსები საცხოვრებელ სახლებს დაესხნენ თავს.
ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ბევრი რაკეტა ჩამოაგდეს. დაზიანებულია კერძო სახლები და სხვა ნაგებობები. ასევე, ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებზე ხანძარი გაჩნდა.
“უკრაინულმა ძალებმა, 13 აგვისტოს, კონტრშეტევითი ოპერაციები ფრონტის სულ მცირე ორ სექტორზე ჩაატარეს და დონეცკის აღმოსავლეთით და ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში წინ წაიწიეს,” – ამის შესახებ ამერიკული “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანგარიშშია აღნიშნული.
ინსტიტუტში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს ბერდიანსკის და მელიტოპოლის მიმართულებებით და ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს რობოტინოს რაიონში (ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთი ნაწილი, ორეხოვის სამხრეთით 13 კმ-ში).
“ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანგარიშის თანახმად, რამდენიმე რუსულმა წყარომ 12 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსული ჯარები დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების საზღვარზე მდებარე უროჟაინედან გავიდნენ. თუმცა, 13 აგვისტოს ბევრმა რუსულმა წყარომ ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ რუსულ ჯარებს კვლავ ეკავათ უროჟაინის სამხრეთი ნაწილი. „რუსული ჯარები, სავარაუდოდ, კვლავ იკავებენ პოზიციებს დასახლების სამხრეთ ნაწილში“, – აცხადებენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.
“არცერთი დღე არ გადის ისე, რომ რუსულმა ბოროტებამ ჩვენგან არ მიიღოს სამართლიანი პასუხი,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.
„დღეს რუსი დამპყრობლები სასტიკად დაესხნენ თავს ხერსონის რაიონს. არიან დაღუპულები და დაჭრილები. დაღუპულებს შორის არის 22 დღის გოგონა. დაღუპულია ბავშვის დედაც. ჩვენი მეომრები სამაგიეროს უხდიან ოკუპანტების ტერორს. არ გადის არცერთი დღე, რომ რუსულმა ბოროტებამ არ მიიღოს ჩვენი სრულიად სამართლიანი საპასუხო მოქმედება. ყველა განადგურებული ოკუპანტი, დამწვარი რუსული ტექნიკა, ცეცხლი მათ შტაბსა და საწყობებში, ქერჩის ხიდზე გაჩენილი კვამლი და სხვა – ეს ყველაფერი მოწმობს, რომ რუსეთის არცერთ დანაშაულს უპასუხოდ არ დავტოვებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა ყოველდღე უახლოვდება სამართლიანობის აღდგენასა და გამარჯვებას.
„ჩვენ ყოველთვის გვაქვს საბაბი, რისთვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს მეომრებს. უკრაინა უახლოვდება სამართლიანობას, უახლოვდება გამარჯვებას და რუსი მკვლელები ჩვენს მიწაზე უახლოვდებიან განადგურებას. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია, შევქმნათ პირობები, რომ მთელი უკრაინა კვლავ გახდეს თავისუფალი და უსაფრთხო. რუსმა ტერორისტებმა მხოლოდ ერთი რამ უნდა იგრძნონ: ისინი განადგურდებიან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხი უკიდურესად მამაცი და გაბედულია, მათ კარგად იციან, როგორ დაიცვან საკუთარი ქვეყანა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის.