Home Blog Page 1647

უცხოური ვალუტის კურსი 12 სექტემბრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6234 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6234 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6251 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8157 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8083 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0074 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

სახალხო დამცველი ვაშინგტონში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და მართავს შეხვედრებს ვაშინგტონში, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრები გაიმართება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში, მათ შორის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროს (DRL) ხელმძღვანელ პირებთან, ასევე ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროსა (INL) და იუსტიციის დეპარტამენტში სამოქალაქო უფლებების სამმართველოს მაღალი თანამდებობის პირებთან.

“ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, დღევანდელი ხელისუფლება თავისი ხალხის მიმართ არის პირნათელი და ანგარიშვალდებული” – ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება მოსახლეობას „ანგარიშს პირნათლად“ აბარებს.

მისივე თქმით, აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით პრემიერი საზოგადოებას დეტალურად მიაწვდის ინფორმაციას.

„თუმცა უფრო დეტალურად ამ ინფორმაციის შესახებ დღესვე მოგახსენებთ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და დარწმუნებული ვარ, რომ მას უფრო მეტი ინფორმაცია ექნება. მე პირადად არ შემიკვეთავს, არ მისარგებლია ჩარტერული რეისით. ეს ჩემი არჩევანია, მე შეიძლება შესაძლებლობა მქონდეს, შეიძლება შესაძლებლობა არ მქონდეს, შეიძლება საჭიროება ან სურვილი, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში მე ამისი საჭიროება ან შესაძლებლობა არ მქონია და არ შემიკვეთავს, მაგრამ ეს არ არის არანაირად კავშირში იმასთან, რაზეც თქვენ აპელირებთ და რაზეც საუბარი იყო, კერძოდ, როცა პრემიერის კონკრეტულ შეკვეთაზე საუბარი იყო. ამასთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას საზოგადოება მიიღებს.

ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, დღევანდელი ხელისუფლება თავისი ხალხის მიმართ არის პირნათელი, ანგარიშვალდებული და ჩვენ მოსახლეობას ამ ანგარიშს პირნათლად ვაბარებთ. იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოებაში დაისვა კითხვა, მე დარწმუნებული ვარ, მათ შორის, პრემიერიც ძალიან დეტალურად, ამომწურავად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას. დარწმუნებული ვარ, ის კითხვას საზოგადოებაში არ დატოვებს, არა იმიტომ, რომ ამას ოპონენტები აყენებენ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენს მოსახლეობას და ამომრჩეველს პატივს ვცემთ. განსხვავებით იმისა, რაც ხდებოდა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომლებიც დღეს რაღაცებზე აპელირებენ, ისინი სახელმწიფოს ხარჯზე ახდენდნენ თავიანთი ინტერესების დაკმაყოფილებას, მაგრამ ასეთი არცერთი ფაქტი არ ყოფილა ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ესეც ძალიან მკაფიოდ იქნება საზოგადოებისთვის განმარტებული. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ოპონენტები ალბათ, როგორც წინა ბევრ შემთხვევაში აგორებენ ვითომ სკანდალს, მერე თვითონვე აღმოჩნდებიან ძალიან უხერხულ სიტუაციაში, იმიტომ, რომ მათი მხრიდან ე.წ. სკანდალური ინფორმაცია ეფუძნება უბრალოდ ტყუილს, სიცრუეს, არ არის მართალი. მათი მდგომარეობა მუდმივად უარესდება, იმიტომ, რომ თავს იყენებენ ძალიან არასერიოზულ მდგომარეობაში. დარწმუნებული ვარ, სამთავრობო თვითმფრინავთან დაკავშირებულ შემთხვევაშიც ზუსტად ასე იქნება. უფრო მეტ დეტალს მე არ ვფლობ, შესაბამისად, მე ვერ მოგახსენებთ, მაგრამ შესაბამისი უწყებები, როგორც მთავრობის ადმინისტრაცია, ისე პრემიერი ამაზე საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან“, – აღნიშნა მინისტრმა.

“პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ის არის ქვეყნის კონსტიტუცია მაშინ, როცა არავის აქვს უფლება კონსტიტუციას გადააბიჯოს” – ანრი ოხანაშვილი

საქმე გვაქვს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის კონსტიტუციაზე მაღლა დადგომასთან. სამწუხაროდ, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ მას უფლება აქვს, თავისი სტატუსიდან გამომდინარე კონსტიტუციაზე მაღლა დადგეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პრეზიდენტების მხრიდან კონსტიტუციაზე მაღლა დადგომა, კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა.

„ეს წარსულს უნდა ჩაბარდეს და ერთხელ სამუდამოდ ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უნდა დადასტურდეს. პოლიტიკური და სამართლებრივი პრეტენზია იმასთან დაკავშირებით გვაქვს, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ის არის ქვეყნის კონსტიტუცია მაშინ, როცა არავის აქვს უფლება კონსტიტუციას გადააბიჯოს. ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი დადასტურდეს ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოში, შემდეგ პროცესმა პარლამენტში გადმოინაცვლოს. პრეტენზია არ გვაქვს, რომ პრეზიდენტი შეიძლება, ჩავიდეს ევროკავშირის ქვეყნებში. გერმანია სტრატეგიული პარტნიორი და მხარდამჭერია და იქ ჩვენი გუნდის წევრები ყოველ თვე არაერთ შეხვედრას მართავენ. ჩვენი პრეტენზია ეხება კონსტიტუციაზე მაღლა დადგომას პრეზიდენტის მხრიდან და ასეთი პრეცედენტები არ უნდა დავუშვათ. ასეთი რამ უნდა ამოიწუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება პასუხს მოგვთხოვს, როგორ დაარღვია პრეზიდენტმა კონსტიტუცია და ამაზე რეაგირება არ მოვახდინეთ. თუ საკონსტიტუციო წარდგინებას არ მოვამზადებდით, გამოვიდოდა, რომ კონსტიტუციის დარღვევას ვამართლებთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

“ლელომ“ ვერ ისწავლა, რომ არ უნდა იცანცაროს და ცოტა კოლეგიალური იყოს” – ალეკო ელისაშვილი

„ლელომ“ ვერ ისწავლა, რომ არ უნდა იცანცაროს და ცოტა კოლეგიალური იყოს, პრემიერის იმპიჩმენტზე ვსაუბრობთ, ქარხნის საკითხზე ხომ არა, რომ საქმის კურსში არ ჩააყენო კოლეგები, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გაუგებარია, რა აზრი აქვს იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას, მაშინ, როცა წინასწარ ცნობილია, რომ ოპოზიციას საკმარისი ხმა არ აქვს.

„ლელომ“ მთელი ამ ხნის განმავლობაში ორი რამ ვერ ისწავლა, ერთი, რომ არ უნდა იცანცაროს და მეორე – ცოტა კოლეგიალური იყოს. გამოვლენ პრესკონფერენციაზე, რაღაცას დააბრეხვებენ და შემდეგ შენ უნდა იდგე ჭკვიანი სახით და რაღაცები ილაპარაკო. პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტზე ვსაუბრობთ, რაღაც პატარა ქარხნის საკითხზე ხომ არა, როგორც გაიაშვილი იტყოდა. შესაბამისად, რა უდგას წინ, რომ წინასწარ საქმის კურსში ჩააყენო კოლეგები. მეორე – როდესაც იცი, რომ საკმარისი ხმები არ გვაქვს, ძლივს 50 ხმა როცა გვაქვს ოპოზიციაში, ამ პროცესის დაწყებას რა აზრი აქვს. ამ საქმეს სჭირდება 75 ხმა. ვერ ვხვდები, „ქართული ოცნების“ დეპუტატების იმედზე ვართ, რომ საკუთარი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ მისცემენ ხმას, თუ რას ემსახურება ეს არასერიოზული რამ. საქმიანი, სერიოზული და სწორი იქნება, ნაცვლად ამისა, დავიბაროთ ღარიბაშვილი პარლამენტში და დავუსვათ ის კითხვები, რაც ხალხს აქვს. კი ბატონო, მხარს დავუჭერ იმპიჩმენტს, მაგრამ ეს იმპიჩმენტი რომ არ გამოვა, მაშინ რა ვქნათ? წინასწარ წაგებულ თამაშში რატომ შევდივართ? ამას ვერ ვხვდები და ესაა ჩემთვის არასერიოზული“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

“ბედნიერი დასასრული ვერ იქნება, რუსეთის მხრიდან საქართველოსთან, მოლდოვასთან მიმართებით კომპრომისი გინახავთ?” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კომპრომისის შესაძლებლობა უარყო და თქვა, რომ ომს „ბედნიერი დასასრული“ ვერ ექნება.

ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში თქვა.

მშვიდობიანი მოლაპარაკებებისა და მოსკოვთან კომპრომისის მიღწევის მოწოდებებზე საპასუხოდ, ზელენსკიმ თქვა, რომ თავად რუსეთი არ არის მზად კომპრომისისთვის.

მან მოიყვანა სხვა ქვეყნების მაგალითი, რომლებიც რუსი სამხედროების აგრესიისგან დაზარალდნენ.

„სხვა საკითხებზე პუტინისგან რაიმე კომპრომისი გინახავთ? საქართველოსთან? მოლდოვასთან?”, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალება გაიხსენა, რომელიც აჯანყების მცდელობიდან ორ თვეში მოხდა. ზელენსკის თქმით, პრიგოჟინი მოკლეს დაპირებისა და მისთვის მიცემული უსაფრთხოების გარანტიების მიუხედავად.

”როდესაც გინდა კომპრომისზე წასვლა ან ვინმესთან დიალოგი, ამას მატყუარასთან ვერ იზამ. პუტინს სურს ჩვენი მთელი ქვეყნის დაპყრობა, გაანადგუროს ჩვენი ოჯახები და სახლები. მას ესმის, რომ უკრაინა არასოდეს დაიხევს უკან, არასოდეს დატოვებს თავის მიწას. ჩვენ ამას არასდროს გავაკეთებთ. ამიტომ, მას სჯერა, რომ უნდა მოგვკლას“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

კონტრშეტევაზე საუბრისას მან თქვა, რომ „ჩვენ, ყველას გვსურს წარმატების მიღწევა და ბედნიერი დასასრული. მაგრამ ეს არ არის ფილმი ბედნიერი დასასრულით, ბედნიერი დასასრული არ გვექნება, ბევრი ადამიანი დავკარგეთ. ბედნიერი დასასრული ვერ იქნება. ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ“.

“ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება მნიშვნელოვანია, ქართული ეკონომიკის გასაძლიერებლად ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის, ისე ინვესტიციების მიმართულებით.

მისივე თქმით, საქართველო ეკონომიკის გასაძლიერებლად ყველა შესაძლებლობა იყენებს.

„საუბარია იმის შესახებ, რომ მეტი შესაძლებლობა მივცეთ ქართულ ეკონომიკას, რათა გაძლიერდეს. ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ. ეს შესაძლებლობას ზრდის ტურიზმის განვითარების კუთხით. ჩინეთიდან საზღვარგარეთ გამავალი ტურისტების რაოდენობა საკმაოდ დიდია. ზოგადად, ჩინეთში გარე ტურიზმი პოპულარულია და იქნება შესაძლებლობა, საქართველომ ეს სეგმენტიც მოიზიდოს. როგორც ვიზა, თავისუფალი რეჟიმი, ისე პირდაპირი ფრენები ამას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ინვესტიციებისთვისაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საკითხის სხვა კონტექსტში გადატანა არარელევანტურია.

„არ მგონია, საკითხის სხვა კონტექსტში ჩასმა რელევანტური იყოს. თუნდაც ევროპასთან ინტეგრაციის მხრივ მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკის სიძლიერე, ეკონომიკურად სუსტი ქვეყანა არავის სჭირდება ევროკავშირში. საუბარია იმაზე, რომ ქართულ ეკონომიკას მივცეთ მეტი შესაძლებლობა, რათა გაძლიერდეს. თავისთავად, ყველა ასეთ შესაძლებლობას ვიყენებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება.

G20-ის რბილი განცხადება უკრაინის შესახებ ინდოეთის მზარდი გავლენის გამოხატულებაა- The Guardian

ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ (The Guardian) ეხმიანება ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში 9-10 სექტემბერს ჩატარებულ „დიდი ოცეულის“ სამიტს და აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას სათაურით „G20-ის რბილი განცხადება უკრაინის შესახებ ინდოეთის მზარდი გავლენის გამოხატულებაა“ (ავტორი – პატრიკ ვინტური).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ინდოელ დიპლომატებს, რომლებიც საკმაოდ დაიქანცნენ G20-ის სამიტის ჩატარების პროცესში, თითქმის 200 საათი და 300 ორმხრივი შეხვედრა დასჭირდათ სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციების წევრებთან, რომ ერთობლივი განცხადების 15 პროექტი შეემუშავებინათ, საბოლოო ჯამში კი, უკრაინის პრობლემის მიმართ კონსენსუსის საფუძველზე, მომზადდა ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი – დეკლარაციისა, რომელშიც მნიშვნელოვან წილად მხოლოდ საერთო პრინციპებს გამოხატავს და არა კონკრეტულად რუსეთის მოქმედების დაგმობას.

სხვათა შორის, „დიდი ოცეულის“ სამიტის დაწყებამდე მისი შედეგების მხოლოდ სამი ვარიანტი განიხილებოდა: დეკლარაცია საერთო პრინციპების დაფიქსირებით, განცხადებები ცალკეულ საკითხებზე და ერთობლივი დეკლარაციის არარსებობა.

ნიუ-დელიში გამართულ სამიტზე არ იყო მიწვეული უკრაინა [არც მისი პრეზიდენტი და არც საგარეო საქმეთა მინისტრი], რაც იმას ნიშნავს, რომ G20-ის შეხვედრაზე, უკრაინაში საომარი მოქმედებების ერთადერთ უშუალო მონაწილის სახით, მხოლოდ რუსეთი იყო წარმოდგენილი, საგარეო საქმეთა მინისტრთ – სერგეი ლავროვით.

ინდოეთი დეკლარაციას, რომელიც სამიტის დასრულებამდე 24 საათით ადრე მიიღეს, უკვე განიხილავს როგორც ქვეყნის დიპლომატიურ ტრიუმფს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს იგივე სახელმწიფოების ჯგუფმა, რომლებმაც ერთი წლის წინათ, ინდონეზიაში, ბალიზე გამართულ სამიტზე, კრემლის მოქმედება დაგმეს.

ერთობლივ განცხადებაში (შეთანხმებაში) აღიარებულია, რომ არსებობს სხვადასხვა მიდგომები სიტუაციის შეფასებისადმი, თუმცა ყველა მხარს უჭერს ეროვნული სუვერენიტეტისა და გაეროს წესდების დაცვის პრინციპს, აგრეთვე გაეროს წინა რეზოლუციებს უკრაინის შესახებ. დოკუმენტში აღიარებულია, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება დაუშვებელია.

საინტერესოა, რომ მასში არ არის გამეორებული 2022 წლის ბალის დეკლარაციის დებულებები, რომლებშიც დაგმობილია როგორც კრემლის უკრაინაში შეჭრა, ასევე გამოხატულია მოთხოვნა რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანაზე უკრაინის ტერიტორიიდან.

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სუბრამანიამ ჯაიშანკარს, როგორც ჩანს, მაინცდამაინც თავი არ შეუწუხებია ამგვარი შედეგის გამართლების მიზნით: „ბალი ბალია, ნიუ-დელი კი – ნიუ დელი. ბალის სამიტის დროს სიტუაცია სხვანაირი იყო. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა“, – განაცხადა ინდოეთის დიპლომატიური უწყების მეთაურმა.

აშკარაა, რომ დეკლარაცია ასახავს ინდოეთის მტკიცე გადაწყვეტილებას ომში არცერთი მხარის გვერდით არ დადგეს, მაგრამ გასაკვირი ისაა, რომ „დიდი ოცეულის“ ქვეყნების უმრავლესობა, რომლებიც რუსეთის დამპყრობლური ომის წინააღმდეგ გამოდიან, იმდენად მორჩილად იქცეოდნენ, რომ ნება მისცეს უმცირესობას – მათთვის „პირში ბურთი ჩაეჩარათ“, „ხმის გაკმენდის“ მიზნით.

დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის განცხადებით, ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც ბევრი ექსპერტი სუსტად მიიჩნევს, სინამდვილეში მოსკოვზე ზეწოლის მოხდენის ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს: „ნიუ-დელიში კონსენსუსის მიღწევით, „დიდმა ოცეულმა“ აიძულა ვლადიმერ პუტინი, რომ ომის შეწყვეტაზე იფიქროს“.

რასაკვირველია, რუსეთის წარმომადგენელი სერგეი ლავროვი არ დაეთანხმა ამგვარ ინტერპრეტაციას: „ჩვენ შევძელით თავიდან აგვეცილებინა დასავლეთის მცდელობა სამიტის დღის წესრიგის უკრაინიზაციის შესახებ“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ შეხვედრა წარმატებით დასრულდა: „ტექსტში რუსეთი საერთოდ ნახსენები არ არის“.

G20-ის კომპრომისი, რა თქმა უნდა, უკრაინისათვის მძიმე და მიუღებელი აღმოჩნდა. დეკლარაციის დებულებების გამო კიევის ნერვიულობა გაძლიერდა – ვაითუ დეკემბერში, როცა ევროკავშირში მისი წევრობის საკითხი იქნება განხილული, ისეთივე „არაფრისმთქმელი“ დადგენილება იქნეს მიღებულიო. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ „დიდ ოცეულს“ საამაყო არაფერი არ აქვს“.

ერთი მხრივ, სამიტის შედეგებს ომთან მიმართებით რაიმე შეხება თითქოსდა არ აქვს. სინამდვილეში ამით არაფერი შეცვლილა – დრონები ისევ მიფრინავენ კიევისაკენ, მინისტრები ისევ ითხოვენ დახმარებას, ვოლოდიმირ ზელენსკი კი უკრაინელ ხალხს მესამე მძიმე სამხედრო ზამთრისათვის ამზადებს.

მაგრამ დეკლარაციაში, შარშანდელთან შედარებით, ფორმულირებების შერბილება კიდევ ერთ სიგნალად ითვლება იმისა, რომ რადგან ჯო ბაიდენს წინ არჩევნები ელოდება, უკრაინა მის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში პირველი ადგილიდან უფრო დაბლა იწევს: მატულობს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მნიშვნელობა და ალიანსის შექმნის აუცილებლობა, ჩინეთის შესაკავებლად.

შეიძლება ითქვას, რომ რადგან ამერიკას ინდოეთი ჩინეთის საპირწონედ ჭირდება, ანუ რადგანაც ჯო ბაიდენისთვის ნარენდრა მოდის კეთილგანწყობა საჭირო იყო, ამიტომაც ვაშინგტონი დაეთანხმა ინდოეთის მიერ შეთავაზებულ ფორმულირებებს და „მასპინძელს აღარ აწყენინა“. ძნელი არ არის იმის გაგება, თუ რამდენად ძვირფასია ინდოეთის პოზიცია აშშ-სათვის. როგორც აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის კოორდინატორი კურტ კემპბელი ამბობს (მას ხშირად „აზიის მეფესაც“ უწოდებენ ჯო ბაიდენის გარემოცვაში), ინდოეთი ჩინეთის მძლავრი მეტოქეა: „ამერიკისა და ინდოეთის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ინდოეთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშეა აშშ-სათვის საერთაშორისო არენაზე“.

სერგეი ლავროვის თქმით, ჯო ბაიდენი მიხვდა, რომ ნარენდრა მოდი „გლობალური სამხრეთის ლიდერია და მისი უკუგდება არ შეიძლება“. მან ტკბილი სიტყვები არ დაიშურა ინდოელი ლიდერის მიმართ: „მან ნამდვილად შეძლო „დიდი ოცეულის“ კონსოლიდირება“.

და თუ ეს მართლაც ასეა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინის დიპლომატიურ ძალისხმევას ბოლო თვეების განმავლობაში – საუდის არაბეთთან, თურქეთთან, აფრიკის ზოგიერთ ქვეყანასთან და თვითონ ინდოეთთანაც – კიევისათვის დიდი შედეგები არ მოუტანია. თურქეთმა, მაგალითად, C20-ის სამიტი თავისი ინტერესებისთვისაც გამოიყენა, როცა დასავლეთს არწმუნებდა – „დაეთანხმეთ რუსეთის პირობებს „მარცვლეულის გარიგების“ განახლებისათვის“.

ვაშინგტონი, თავის მხრივ, აცნობიერებს იმას, რომ პეკინის იზოლირებისათვის მას მოთმინება მოუწევს. ორდღიანი სამიტის განმავლობაში ამერიკელი ოფიციალური პირები (მაგალითად, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს მრჩევლის თანაშემწე ჯონ ფაინერი) ცდილობდნენ BRICS-ის წევრებს შორის შუღლი ჩამოეგდოთ: „სამხრეთ აფრიკა, ბრაზილია და ინდოეთი ნამდვილად დემოკრატიული ქვეყნები არიან, ჩინეთი კი არა. სამწუხაროდ ეს ყველასათვის სამწუხაროა და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში თვითონ ჩინეთისათვის“, – ამბობდა ჯონ ფაინერი.
რასაკვირველია, ნარენდრა მოდის მნიშვნელოვანი ძალისხმევა მოუწევს დეკლარაციის დებულებების შესასრულებლად. მისი წინადადება, რომ ორი თვის შემდეგ ლიდერები ვირტუალურად ისევ შეხვდნენ ერთმანეთს, იმას ნიშნავს, რომ ინდოელი ლიდერი სერიოზულად არის განწყობილი მუშაობისათვის.
ამერიკა ინდოეთს, სავარაუდოდ, ჩინური ინიციატივის „გზისა და სარტყლის’ დისკრედიტაციისათვის გამოიყენებს. როგორც წინა სამიტებიდან არის ცნობილი, თეთრი სახლი ყოველთვის ცდილობდა ხელის შეშლას ჩინური პროექტისათვის და ამას არც ახლა „არ გადაეჩვევა“. ყველაზე ინტრიგულ წინადადებად შეიძლება იქნას მიჩნეული აშშ-ის წინადადება, რომ ნიუ-დელი მთავარი რგოლი გახდეს ინდოეთ-ახლო აღმოსავლეთ-ევროპის მიმართულებით და ჩინური „გზისა და სარტყლის“ („ახალი აბრეშუმის გზის“) კონკურენტად იქცეს.
როგორც რაჯეშ რაჯაგოპალანი, ნიუ-დელის ჯავაჰარლალ ნერუს სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის პროფესორი ამბობს, „გზა და სარტყელის’ ინიციატივა ჩინეთის გეოპოლიტიკურ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს და თუ მას ინდოეთი-ახლო-აღმოსავლეთი-ევროპის მიმართულება „ჩაჭრის“, მაშინ პეკინი იძულებული გახდება ბრძოლაში ჩაერთოს“.
უკრაინას კი მხოლოდ იმის იმედი დარჩენია, რომ ვაშინგტონი, ომის გაჭიანურების მიუხედავად, კიევის სურვილებს ისევ ყურადღებით მოეკიდება და პეკინის წინააღმდეგ ფართო ალიანსების ძიებას უკრაინის ინტერესებს არ დაუპირისპირებს.

წყარო

“თუ ვლადიმერ პუტინი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, მას კონკურენციას ვერავინ გაუწევს” – პესკოვი

თუ ვლადიმერ პუტინი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, მისთვის კონკურენციის გაწევას ვერავინ შეძლებს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი მტკიცებით, პუტინი “მოსახლეობის აბსოლუტური მხარდაჭერით სარგებლობს”.

“პრეზიდენტს ჯერ არ გამოუცხადებია, რომ თავის კანდიდატურას წარადგენს, მაგრამ თუ ვივარაუდებთ, რომ წარადგენს, მაშინ აშკარაა, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ ეტაპზე პრეზიდენტს ნამდვილად ვერავინ გაუწევს კონკურენციას”, – განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კრემლში მზადება ჯერ არ დაწყებულა.

რუსეთის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტში უნდა გაიმართოს.

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 107-ე კმ-ზე დაბზარული გზის ჩამოშლა მიმდინარე სამუშაოების დროს ხელოვნურად მოხდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-სა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, აღნიშნულ მონაკვეთზე, ჩამოიშალა მიწის მცირე მასა. რის შემდეგაც, უსაფრთხოების მიზნით, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა მონიტორინგი, ხოლო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდებოდა მხოლოდ ერთ ზოლში. დაკვირვების შემდგომ გამოიკვეთა, რომ გზის სავალ ნაწილზე არსებულმა ბზარებმა მოიმატა, შესაბამისად მიღებული იქნა  გზის დაბზარული ნაწილის ხელოვნურად ჩამოშლის გადაწყვეტილება, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ავტოტრანსპორტის უსაფრთხო განვლადობა.

ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის შესახებ ინფორმაცია, დღეს დილიდან, სამუშაოების დაწყებამდე გაავრცელა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა.

ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს შემთხვევა მოხდა საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელ ახალ გზაზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, გზის ნაწილის ჩამოშლა მოხდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის არსებული საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე. ეს მონაკვეთი ისედაც ცუდ მდგომარეობაში იყო და სწორედ ამიტომ დაიგეგმა სარეაბილიტაციო სამუშაოები.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, გადაადგილება დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დღის ბოლოსთვის იგეგმება.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი სჯობს, ჩაეტიოს თავისი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის განზრახ, უხეშ დარღვევაზე საჭიროა სათანადო რეაგირება.

ამასთან, პაპუაშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის, გიორგი მსხილაძის განცხადებას და მას კორექტულობისკენ მოუწოდა.

„რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცესს, ჩვენ ვსაუბრობთ კონსტიტუციაზე, ქვეყნის ძირითად კანონზე და როდესაც ხდება ამ კანონის განზრახ, უხეში დარღვევა, ამას სჭირდება სათანადო შეფასება. ოპოზიციის და ზოგიერთი არასამთავრობოს მხრიდან დამოკიდებულება აჩვენებს, რომ უდიერად ეპყრობიან კონსტიტუციას. საუბარია, რომ კი, შეიძლება დაირღვა კონსტიტუცია, მაგრამ – ეს მაგრამ არის მიუღებელი და ამიტომაც იყო ჩვენი რეაგირება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინოს და სათანადო შეფასება მისცეს. ეს არის ხალხის მიერ მიღებული კონსტიტუცია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ხალხმა იზრუნოს, მისი კონსტიტუცია იყოს დაცული. ჩვენ თუ არ ვცემთ პატივს ჩვენს კონსტიტუციას, არავინ სცემს პატივს ჩვენს კონსტიტუციას. ევროპული სტანდარტია კონსტიტუციის დაცვა. მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ჩაეტიოს საკუთარი უფლებამოსილების, კომპეტენციის ფარგლებში და არ მგონია, ხალხის მიერ არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებზე ასეთი შეფასებები გამოხატოს. მოვუწოდებ, რომ იყოს კორექტული“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ დღეს განაცხადა: „პარლამენტში ჩემი მოსვლის მიზეზია, მენახა ხელმოწერები, რითაც მმართველი გუნდი აპირებს, სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, როცა ვნახავთ, რა დაწერეს, შემდეგ გვექნება პასუხი“.

ვაორმაგებთ სტიპენდიას წარჩინებული სტუდენტებისთვის -ირაკლი ღარიბაშვილი

ვაორმაგებთ სტიპენდიას წარჩინებული სტუდენტებისთვის, დღეიდან 5 000 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას, თითო სტუდენტზე გახდება 300 ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა ასევე გააძლიერებს პროექტს, რომლითაც წარჩინებულ სტუდენტებს უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლას უფინანსებენ.

„ჩვენ სტუდენტებს მაქსიმალურად ვეხმარებით. ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერობის დროს დავაფუძნეთ განათლების საერთაშორისო ცენტრი, 1 000-ზე მეტი საუკეთესო, წარჩინებული სტუდენტი გავუშვით უცხოეთში საუკეთესო უნივერსიტეტებში და სრულიად უფასოდ ვასწავლით მათ. ასევე, შედარებისთვის მინდა, გავიხსენო, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, საკუთარ შვილს აფინანსებდა ბიუჯეტიდან, საკუთარ ოჯახის წევრებს უფინანსებდნენ ბიუჯეტიდან სწავლას. ეს არის განსხვავება. ჩვენ ათასზე მეტი საუკეთესო, წარჩინებული სტუდენტი შევარჩიეთ და ვასწავლეთ უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ბრუნდებიან და არა მარტო სახელმწიფო უწყებაში, არამედ კერძო სტრუქტურებში საქმდებიან. ეს ჩვენი სიმდიდრე, სიძლიერეა. ჩვენ ამ პროექტს მეტად გავაძლიერებთ. ახალი მინისტრი მუშაობს ამ მიმართულებით.

მეორე მიმართულება არის ადგილზე ნიჭიერი, წარჩინებული, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების დახმარება, უფრო სწორად, დაფასება, ერთგვარი წახალისება სტუდენტების სტიპენდიების სახით. დღეს მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს დაახლოებით 2 500 სტუდენტზე 150 ლარის სტიპენდიას. ჩვენ ამ სტიპენდიას, დახმარებას გავაორმაგებთ. დღეიდან თითო სტუდენტზე გახდება 300 ლარი და 5 000 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას. შეიძლება, ეს სიმბოლური იყოს, მაგრამ ეს არის ჩვენი მხრიდან ჟესტი, დაფასება ჩვენის სტუდენტებისა. კრიტერიუმები, რომლებიც შემუშავდება, მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.