“ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება მნიშვნელოვანია, ქართული ეკონომიკის გასაძლიერებლად ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ”

283
spot_img

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის, ისე ინვესტიციების მიმართულებით.

მისივე თქმით, საქართველო ეკონომიკის გასაძლიერებლად ყველა შესაძლებლობა იყენებს.

„საუბარია იმის შესახებ, რომ მეტი შესაძლებლობა მივცეთ ქართულ ეკონომიკას, რათა გაძლიერდეს. ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ. ეს შესაძლებლობას ზრდის ტურიზმის განვითარების კუთხით. ჩინეთიდან საზღვარგარეთ გამავალი ტურისტების რაოდენობა საკმაოდ დიდია. ზოგადად, ჩინეთში გარე ტურიზმი პოპულარულია და იქნება შესაძლებლობა, საქართველომ ეს სეგმენტიც მოიზიდოს. როგორც ვიზა, თავისუფალი რეჟიმი, ისე პირდაპირი ფრენები ამას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ინვესტიციებისთვისაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საკითხის სხვა კონტექსტში გადატანა არარელევანტურია.

„არ მგონია, საკითხის სხვა კონტექსტში ჩასმა რელევანტური იყოს. თუნდაც ევროპასთან ინტეგრაციის მხრივ მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკის სიძლიერე, ეკონომიკურად სუსტი ქვეყანა არავის სჭირდება ევროკავშირში. საუბარია იმაზე, რომ ქართულ ეკონომიკას მივცეთ მეტი შესაძლებლობა, რათა გაძლიერდეს. თავისთავად, ყველა ასეთ შესაძლებლობას ვიყენებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება.