“ბედნიერი დასასრული ვერ იქნება, რუსეთის მხრიდან საქართველოსთან, მოლდოვასთან მიმართებით კომპრომისი გინახავთ?” – ზელენსკი

339
spot_img

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კომპრომისის შესაძლებლობა უარყო და თქვა, რომ ომს „ბედნიერი დასასრული“ ვერ ექნება.

ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში თქვა.

მშვიდობიანი მოლაპარაკებებისა და მოსკოვთან კომპრომისის მიღწევის მოწოდებებზე საპასუხოდ, ზელენსკიმ თქვა, რომ თავად რუსეთი არ არის მზად კომპრომისისთვის.

მან მოიყვანა სხვა ქვეყნების მაგალითი, რომლებიც რუსი სამხედროების აგრესიისგან დაზარალდნენ.

„სხვა საკითხებზე პუტინისგან რაიმე კომპრომისი გინახავთ? საქართველოსთან? მოლდოვასთან?”, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალება გაიხსენა, რომელიც აჯანყების მცდელობიდან ორ თვეში მოხდა. ზელენსკის თქმით, პრიგოჟინი მოკლეს დაპირებისა და მისთვის მიცემული უსაფრთხოების გარანტიების მიუხედავად.

”როდესაც გინდა კომპრომისზე წასვლა ან ვინმესთან დიალოგი, ამას მატყუარასთან ვერ იზამ. პუტინს სურს ჩვენი მთელი ქვეყნის დაპყრობა, გაანადგუროს ჩვენი ოჯახები და სახლები. მას ესმის, რომ უკრაინა არასოდეს დაიხევს უკან, არასოდეს დატოვებს თავის მიწას. ჩვენ ამას არასდროს გავაკეთებთ. ამიტომ, მას სჯერა, რომ უნდა მოგვკლას“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

კონტრშეტევაზე საუბრისას მან თქვა, რომ „ჩვენ, ყველას გვსურს წარმატების მიღწევა და ბედნიერი დასასრული. მაგრამ ეს არ არის ფილმი ბედნიერი დასასრულით, ბედნიერი დასასრული არ გვექნება, ბევრი ადამიანი დავკარგეთ. ბედნიერი დასასრული ვერ იქნება. ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ“.