G20-ის რბილი განცხადება უკრაინის შესახებ ინდოეთის მზარდი გავლენის გამოხატულებაა- The Guardian

511
spot_img

ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ (The Guardian) ეხმიანება ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში 9-10 სექტემბერს ჩატარებულ „დიდი ოცეულის“ სამიტს და აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას სათაურით „G20-ის რბილი განცხადება უკრაინის შესახებ ინდოეთის მზარდი გავლენის გამოხატულებაა“ (ავტორი – პატრიკ ვინტური).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ინდოელ დიპლომატებს, რომლებიც საკმაოდ დაიქანცნენ G20-ის სამიტის ჩატარების პროცესში, თითქმის 200 საათი და 300 ორმხრივი შეხვედრა დასჭირდათ სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციების წევრებთან, რომ ერთობლივი განცხადების 15 პროექტი შეემუშავებინათ, საბოლოო ჯამში კი, უკრაინის პრობლემის მიმართ კონსენსუსის საფუძველზე, მომზადდა ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი – დეკლარაციისა, რომელშიც მნიშვნელოვან წილად მხოლოდ საერთო პრინციპებს გამოხატავს და არა კონკრეტულად რუსეთის მოქმედების დაგმობას.

სხვათა შორის, „დიდი ოცეულის“ სამიტის დაწყებამდე მისი შედეგების მხოლოდ სამი ვარიანტი განიხილებოდა: დეკლარაცია საერთო პრინციპების დაფიქსირებით, განცხადებები ცალკეულ საკითხებზე და ერთობლივი დეკლარაციის არარსებობა.

ნიუ-დელიში გამართულ სამიტზე არ იყო მიწვეული უკრაინა [არც მისი პრეზიდენტი და არც საგარეო საქმეთა მინისტრი], რაც იმას ნიშნავს, რომ G20-ის შეხვედრაზე, უკრაინაში საომარი მოქმედებების ერთადერთ უშუალო მონაწილის სახით, მხოლოდ რუსეთი იყო წარმოდგენილი, საგარეო საქმეთა მინისტრთ – სერგეი ლავროვით.

ინდოეთი დეკლარაციას, რომელიც სამიტის დასრულებამდე 24 საათით ადრე მიიღეს, უკვე განიხილავს როგორც ქვეყნის დიპლომატიურ ტრიუმფს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს იგივე სახელმწიფოების ჯგუფმა, რომლებმაც ერთი წლის წინათ, ინდონეზიაში, ბალიზე გამართულ სამიტზე, კრემლის მოქმედება დაგმეს.

ერთობლივ განცხადებაში (შეთანხმებაში) აღიარებულია, რომ არსებობს სხვადასხვა მიდგომები სიტუაციის შეფასებისადმი, თუმცა ყველა მხარს უჭერს ეროვნული სუვერენიტეტისა და გაეროს წესდების დაცვის პრინციპს, აგრეთვე გაეროს წინა რეზოლუციებს უკრაინის შესახებ. დოკუმენტში აღიარებულია, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება დაუშვებელია.

საინტერესოა, რომ მასში არ არის გამეორებული 2022 წლის ბალის დეკლარაციის დებულებები, რომლებშიც დაგმობილია როგორც კრემლის უკრაინაში შეჭრა, ასევე გამოხატულია მოთხოვნა რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანაზე უკრაინის ტერიტორიიდან.

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სუბრამანიამ ჯაიშანკარს, როგორც ჩანს, მაინცდამაინც თავი არ შეუწუხებია ამგვარი შედეგის გამართლების მიზნით: „ბალი ბალია, ნიუ-დელი კი – ნიუ დელი. ბალის სამიტის დროს სიტუაცია სხვანაირი იყო. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა“, – განაცხადა ინდოეთის დიპლომატიური უწყების მეთაურმა.

აშკარაა, რომ დეკლარაცია ასახავს ინდოეთის მტკიცე გადაწყვეტილებას ომში არცერთი მხარის გვერდით არ დადგეს, მაგრამ გასაკვირი ისაა, რომ „დიდი ოცეულის“ ქვეყნების უმრავლესობა, რომლებიც რუსეთის დამპყრობლური ომის წინააღმდეგ გამოდიან, იმდენად მორჩილად იქცეოდნენ, რომ ნება მისცეს უმცირესობას – მათთვის „პირში ბურთი ჩაეჩარათ“, „ხმის გაკმენდის“ მიზნით.

დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის განცხადებით, ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც ბევრი ექსპერტი სუსტად მიიჩნევს, სინამდვილეში მოსკოვზე ზეწოლის მოხდენის ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს: „ნიუ-დელიში კონსენსუსის მიღწევით, „დიდმა ოცეულმა“ აიძულა ვლადიმერ პუტინი, რომ ომის შეწყვეტაზე იფიქროს“.

რასაკვირველია, რუსეთის წარმომადგენელი სერგეი ლავროვი არ დაეთანხმა ამგვარ ინტერპრეტაციას: „ჩვენ შევძელით თავიდან აგვეცილებინა დასავლეთის მცდელობა სამიტის დღის წესრიგის უკრაინიზაციის შესახებ“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ შეხვედრა წარმატებით დასრულდა: „ტექსტში რუსეთი საერთოდ ნახსენები არ არის“.

G20-ის კომპრომისი, რა თქმა უნდა, უკრაინისათვის მძიმე და მიუღებელი აღმოჩნდა. დეკლარაციის დებულებების გამო კიევის ნერვიულობა გაძლიერდა – ვაითუ დეკემბერში, როცა ევროკავშირში მისი წევრობის საკითხი იქნება განხილული, ისეთივე „არაფრისმთქმელი“ დადგენილება იქნეს მიღებულიო. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ „დიდ ოცეულს“ საამაყო არაფერი არ აქვს“.

ერთი მხრივ, სამიტის შედეგებს ომთან მიმართებით რაიმე შეხება თითქოსდა არ აქვს. სინამდვილეში ამით არაფერი შეცვლილა – დრონები ისევ მიფრინავენ კიევისაკენ, მინისტრები ისევ ითხოვენ დახმარებას, ვოლოდიმირ ზელენსკი კი უკრაინელ ხალხს მესამე მძიმე სამხედრო ზამთრისათვის ამზადებს.

მაგრამ დეკლარაციაში, შარშანდელთან შედარებით, ფორმულირებების შერბილება კიდევ ერთ სიგნალად ითვლება იმისა, რომ რადგან ჯო ბაიდენს წინ არჩევნები ელოდება, უკრაინა მის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში პირველი ადგილიდან უფრო დაბლა იწევს: მატულობს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მნიშვნელობა და ალიანსის შექმნის აუცილებლობა, ჩინეთის შესაკავებლად.

შეიძლება ითქვას, რომ რადგან ამერიკას ინდოეთი ჩინეთის საპირწონედ ჭირდება, ანუ რადგანაც ჯო ბაიდენისთვის ნარენდრა მოდის კეთილგანწყობა საჭირო იყო, ამიტომაც ვაშინგტონი დაეთანხმა ინდოეთის მიერ შეთავაზებულ ფორმულირებებს და „მასპინძელს აღარ აწყენინა“. ძნელი არ არის იმის გაგება, თუ რამდენად ძვირფასია ინდოეთის პოზიცია აშშ-სათვის. როგორც აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის კოორდინატორი კურტ კემპბელი ამბობს (მას ხშირად „აზიის მეფესაც“ უწოდებენ ჯო ბაიდენის გარემოცვაში), ინდოეთი ჩინეთის მძლავრი მეტოქეა: „ამერიკისა და ინდოეთის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ინდოეთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშეა აშშ-სათვის საერთაშორისო არენაზე“.

სერგეი ლავროვის თქმით, ჯო ბაიდენი მიხვდა, რომ ნარენდრა მოდი „გლობალური სამხრეთის ლიდერია და მისი უკუგდება არ შეიძლება“. მან ტკბილი სიტყვები არ დაიშურა ინდოელი ლიდერის მიმართ: „მან ნამდვილად შეძლო „დიდი ოცეულის“ კონსოლიდირება“.

და თუ ეს მართლაც ასეა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინის დიპლომატიურ ძალისხმევას ბოლო თვეების განმავლობაში – საუდის არაბეთთან, თურქეთთან, აფრიკის ზოგიერთ ქვეყანასთან და თვითონ ინდოეთთანაც – კიევისათვის დიდი შედეგები არ მოუტანია. თურქეთმა, მაგალითად, C20-ის სამიტი თავისი ინტერესებისთვისაც გამოიყენა, როცა დასავლეთს არწმუნებდა – „დაეთანხმეთ რუსეთის პირობებს „მარცვლეულის გარიგების“ განახლებისათვის“.

ვაშინგტონი, თავის მხრივ, აცნობიერებს იმას, რომ პეკინის იზოლირებისათვის მას მოთმინება მოუწევს. ორდღიანი სამიტის განმავლობაში ამერიკელი ოფიციალური პირები (მაგალითად, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს მრჩევლის თანაშემწე ჯონ ფაინერი) ცდილობდნენ BRICS-ის წევრებს შორის შუღლი ჩამოეგდოთ: „სამხრეთ აფრიკა, ბრაზილია და ინდოეთი ნამდვილად დემოკრატიული ქვეყნები არიან, ჩინეთი კი არა. სამწუხაროდ ეს ყველასათვის სამწუხაროა და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში თვითონ ჩინეთისათვის“, – ამბობდა ჯონ ფაინერი.
რასაკვირველია, ნარენდრა მოდის მნიშვნელოვანი ძალისხმევა მოუწევს დეკლარაციის დებულებების შესასრულებლად. მისი წინადადება, რომ ორი თვის შემდეგ ლიდერები ვირტუალურად ისევ შეხვდნენ ერთმანეთს, იმას ნიშნავს, რომ ინდოელი ლიდერი სერიოზულად არის განწყობილი მუშაობისათვის.
ამერიკა ინდოეთს, სავარაუდოდ, ჩინური ინიციატივის „გზისა და სარტყლის’ დისკრედიტაციისათვის გამოიყენებს. როგორც წინა სამიტებიდან არის ცნობილი, თეთრი სახლი ყოველთვის ცდილობდა ხელის შეშლას ჩინური პროექტისათვის და ამას არც ახლა „არ გადაეჩვევა“. ყველაზე ინტრიგულ წინადადებად შეიძლება იქნას მიჩნეული აშშ-ის წინადადება, რომ ნიუ-დელი მთავარი რგოლი გახდეს ინდოეთ-ახლო აღმოსავლეთ-ევროპის მიმართულებით და ჩინური „გზისა და სარტყლის“ („ახალი აბრეშუმის გზის“) კონკურენტად იქცეს.
როგორც რაჯეშ რაჯაგოპალანი, ნიუ-დელის ჯავაჰარლალ ნერუს სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის პროფესორი ამბობს, „გზა და სარტყელის’ ინიციატივა ჩინეთის გეოპოლიტიკურ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს და თუ მას ინდოეთი-ახლო-აღმოსავლეთი-ევროპის მიმართულება „ჩაჭრის“, მაშინ პეკინი იძულებული გახდება ბრძოლაში ჩაერთოს“.
უკრაინას კი მხოლოდ იმის იმედი დარჩენია, რომ ვაშინგტონი, ომის გაჭიანურების მიუხედავად, კიევის სურვილებს ისევ ყურადღებით მოეკიდება და პეკინის წინააღმდეგ ფართო ალიანსების ძიებას უკრაინის ინტერესებს არ დაუპირისპირებს.

წყარო