Home Blog Page 1636

ამერიკამ ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში “ქართველი-რუსი ოლიგარქი” ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Associated Press აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, აშშ რუსეთიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან და საქართველოდან 150-ზე მეტ ბიზნესსა და ინდივიდს ასანქცირებს, რათა კრემლის ტექნოლოგიებზე, ფულსა და ფინანსურ არხებზე წვდომა აღკვეთოს უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად.

როგორც მედია წერს, სანქცირებულთა სიაში ქართველი-რუსი ოლიგარქი ოთარ ფარცხალაძე მოხვდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) აღნიშნულ ოლიგარქთან მუშაობდა, რათა გავლენა იქონია ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარ პროკურორად 2013 წლის 7 ნოემბერს დაინიშნა, ამავე წლის 30 დეკემბერს გადადგა.

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები წარადგინა.

მანამდე, მიმდინარე წლის ივნისში სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა, თუმცა პარლამენტმა მათ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მაშინ განაცხადეს, რომ კანდიდატების კომპეტენციასთან დაკავშირებით შეკითხვები არ ჰქონდათ, მაგრამ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის კონსულტაციები არ გამართულა და კანდიდატებზე წინასწარ არ შეთანხმებულან.

ეროვნული ბანკის საბჭო სებ-ის უმაღლესი ორგანოა. საბჭო ცხრა წევრისაგან შედგება. ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, შედიან ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ორი ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს სხვა წევრები. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი შვიდი წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ამჟამად საბჭოში შვიდი წევრია, ორი ადგილი კი ვაკანტურია.

“როგორც ჩანს, რადიკალურ ოპოზიციას სურს, იმპიჩმენტის საკითხით პრეზიდენტთან ივაჭროს” – არჩილ თალაკვაძე

რადიკალურ ოპოზიციას, როგორც ჩანს, სურს, იმპიჩმენტის საკითხით პრეზიდენტთან ივაჭროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ზეწოლას, შანტაჟს არ დაექვემდებარება.

„ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს, რაზე ისაუბრეს პრეზიდენტთან, თუმცა ნათელია, რაზე იყო საუბარი გარეთ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მედიის საშუალებით პირდაპირ შეუთვალა სალომე ზურაბიშვილს შეწყალება ან იმპიჩმენტიო. რეალურად, ეს იყო გზავნილი, რაც რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა პრეზიდენტთან. როგორც ჩანს, ამ მიმართულებით მასზე ზეწოლაა და რადიკალურ ოპოზიციას სურს, საკითხით ივაჭროს. არაა გამორიცხული, რომ შეხვედრებზე ამ საკითხით ივაჭრეს და ეს თემა ირიბად თუ პირდაპირ დააყენეს. გარკვეული ცნობებია, ამ შეხვედრებიდან გაკეთდა განცხადებები, მაგალითად, „მოქალაქეებმა“ თქვეს, რომ იმპიჩმენტთან დაკავშირებით იყო საუბარი.

ოპოზიციას მეტი გამჭვირვალობა მართებს. ახლა დაიწყება საპარლამენტო სესია, სხდომები და დიდი იმედი მაქვს, ოპოზიციის ის წარმომადგნლები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე, უფრო მეტს იტყვიან, რეალურად, რა საკითხებზე იყო მსჯელობა საქართველოს პრეზიდენტთან. ასევე, იმედი გვაქვს, პრეზიდენტი არ დაექვემდებარება ასეთი ტიპის ზეწოლას, შანტაჟს, მით უმეტეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ვინც მას არაკანონიერად არჩეულად მიიჩნევდა, შეურაცხყოფას აყენებდა. მასთან დაკავშირებით ბევრი ასეთი შეფასება გვაქვს მოსმენილი. ვიცით პრეზიდენტის ის პოზიცია, რაც ერთხელ თქვა, რომ შეწყალების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ არის საჭირო მეტი სიცხადე, რადგან ოპოზიციის მხრიდან პირდაპირ მოვისმინეთ გზავნილები – შეწყალება ან იმპიჩმენტი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს საპარლამენტო უმრავლესობას, შეგროვდება თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმა, თალაკვაძემ განაცხადა:

„იმპიჩმენტს სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა, გზავნილი აქვს, რომ კონსტიტუციის დარღვევას არანაირი საფუძველი, გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს, ყველამ კონსტიტუციის პრინციპების დაცვით უნდა წარმართოს საქმე. კენჭისყრა მას შემდეგ მოხდება, რაც საკონსტიტუციო სასამართლო თავის შეფასებას დაუბრუნებს პარლამენტს და ყველანი ვნახავთ, რა დამოკიდებულება ექნება ოპოზიციას. უნდა ვთქვათ, რომ ოპოზიცია ამ მიმართულებით რთულ ვითარებაშია – იმპიჩმენტს თუ მხარს დაუჭერს, გამოდის, რომ კონკრეტული პოლიტიკური გეგმა აქვთ, თუ არ დაუჭერენ, გამოდის, რომ თვალს ხუჭავენ კონსტიტუციური პრინციპების დარღვევაზე. სხვათა შორის, ნიშანდობლივია იმათი განცხადებებიც, რომლებმაც თქვეს, რომ დარბაზში არ შევლენ. ეს დილემისგან ერთგვარი თავის არიდებაა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფრაქცია პარლამენტში დაგეგმილ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფრაქცია პარლამენტში მონაწილეობას არ მიიღებს იმპიჩმენტის პროცესში იმისათვის, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი ინსინუაციები, სპეკულაციები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშია“ სხდომას არ დაესწრება.

„ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ ივანიშვილის ბინძურ თამაშში, რომელიც უპირველეს ყოვლისა ემსახურება ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის საბოტაჟირებას. სწორედ ამ მიზნით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ არ იქნება დარბაზში მაშინ, როდესაც ივანიშვილი გაითამაშებს იმპიჩმენტად წოდებულ პროცესს, რომელიც რეალურად მიზნად ისახავს, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ჩვენი ევროპული არჩევანის რეალიზება არ მოხდეს. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს, პოლიტიკური საბჭოს მიერ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც მსგავსი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და სხდომათა დარბაზში არ შევიდნენ.

„ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას და მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ არ დავუტოვოთ „ქართულ ოცნებას“ მანიპულაციების და სპეკულაციების სივრცე, მიიღონ ანალოგიური გადაწყვეტილება და არ დაესწრონ იმპიჩმენტის პროცედურის განხილვას, ამით ყოველგვარი ინსინუაციები გამოვრიცხოთ. იმავდროულად, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს იმპიჩმენტის ხელოვნური თემის წამოწევა და პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ საკითხად წარმოჩინება, ვინაიდან მიზანი ამ კამპანიის არის პრეზიდენტის როლის გამოკვეთა, თითქოს ის არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც პროევროპულობისათვის იბრძვის და უნდა ჩაანაცვლოს სხვა ევროპული ოპოზიციური პარტიები, ეს ბუნებრივია, ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ თამაშებშია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქოცურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს.  მოვუწოდებთ ყველა პროდასავლელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ჯგუფებს, არც მათ მიიღონ მონაწილეობა ამ თემების განხილვაშიც კი. ვინაიდან, ამ თემების განხილვა და გაცოცხლება ნიშნავს მთავარი პოლიტიკური საკითხებიდან ყურადღების გადატანას. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაზე და ფრაქციის წევრებზე, სხვა წევრები, რომლებიც ადრე გასულები იყვნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკის სიის, ბუნებრივია, მათზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ და არც ავიღებთ. ამიტომ, მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს, რომ გამოირიცხოს ინსინუაციები და არ დავიტოვოთ სივრცე კითხვის ნიშნებისათვის, ყველა გამოვიდეთ დარბაზიდან და არ მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

“მოსკოვისა და ფხენიანის ავისმომასწავებელი კავშირი”- The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph), რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის კიმ ჩენ ინის მოლაპარაკებასთან დაკავშირებით, აქვეყნებს სარედაქციო კომენტარს სათაურით „მოსკოვისა და ფხენიანის ავისმომასწავებელი კავშირი“, რომელშიც ვკითხულობთ:
ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა სერიოზული რომ არ იყოს, სასაცილო იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ ყველაფერი რეალურია და ნამდვილი. პარანოიდალურმა ჩრდილოკორეელმა ლიდერმა, რომელსაც ოთხი წელია თავისი სიბნელით მოცული ქვეყნიდან ფეხი არ გაუდგამს, ამჯერად გაბედა და თავის რუსი კოლეგასთან შესახვედრად, ტრადიციულად, ჯავშნიანი მატარებლით გაემგზავრა. როგორც ცნობილი გახდა, მოლაპარაკებამ „წარმატებით ჩაიარა და კრემლს ფხენიანისაგან საარტილერიო ჭურვების მიღება უზრუნველყოფილი აქვს“.
ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის – ორი დიქტატორის – ამჟამინდელი კონტაქტი უკრაინის ომმა გამოიწვია, რომელიც უკვე 19 თვეა გრძელდება. კრემლს ეგონა, რომ უკრაინას რამდენიმე დღეში დაამარცხებდა, მაგრამ მოსკოვის იმედი არ გამართლდა – ომი გაჭიანურდა, რაც დაპირისპირებული მხარეების ენერგიას ფიტავს. რუსეთი, რომელიც თავს ზესახელმწიფოდ თვლის, დასუსტდა და ისეთი ოდიოზური რეჟიმის დახმარება ჭირდება, როგორსაც ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება წარმოადგენს.
კიევისადმი ნატოს ქვეყნების მიერ გაწეული დახმარება რომ გაანეიტრალოს, რუსები იარაღს ისეთი ქვეყნებიდან ყიდულობენ, როგორიც ირანია. მოსკოვს განსაკუთრებით თეირანის მიერ შექმნილი დრონები მოსწონს, მაგრამ რუსეთს საარტილერიო ჭურვებიც ბევრი ჭირდება. კრემლი უმოწყალოდ ბომბავს უკრაინის სამრეწველო ობიექტებს, დიდია მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში.
უცხოელი ექსპერტების აზრით, ჩრდილოეთი კორეა საბრძოლო ჭურვების უდიდეს რეზერვს ფლობს, რომელიც სრულიად შეესაბამება რუსული და საბჭოთა არტილერიის სისტემებს და კალიბრებს. ფხენიანმა ეს მარაგი იმის შიშით შექმნა, რომ ფიქრობდა – ოდესღაც სამხრეთ კორეა თავს დაესხმებოდა. დღეისათვის, რადგანაც ჩრდილოეთი კორეა გარიყულ ქვეყნად არის გადაქცეული და რომლის მოსახლეობა მუდმივად შიმშილის ზღვარზე იმყოფება, დასავლეთს მის დასახმარებლად პრაქტიკულად არაფრის გაკეთება არ შეუძლია. შესაბამისად, ფხენიანისათვის რუსეთის სამხედრო „დაკვეთა“ ჭურვების საწარმოებლად ერთგვარ შვებას წარმოადგენს – ვლადიმერ პუტინი კიმ ჩენ ინს, იარაღის სანაცვლოდ, სურსათ-სანოვაგეს მიაწვდის.
მაგრამ ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან „ამხანაგმა კიმმა“, რუსეთს სურსათთან ერთად, ახალი ტექნოლოგიების გადაცემაც მოსთხოვა, ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული იარაღის შემდგომი წარმოების მიზნით“.

წყარო

“14 სექტემბერს, დგება საეკლესიო ახალი წელი, ღმერთმა დალოცოს მკვიდრნი საქართველოისა და უცხოეთში მყოფნი ჩვენი თანამემამულენი” – ილია მეორე

დღეს, 14 სექტემბერს, დგება საეკლესიო ახალი წელი, დასაბამიდან 7 627-ე წელი, შევთხოვ ყოვლად მოწყალე უფალს, დაიცვას ყოველი კუთხე ჩვენი ქვეყნისა, სრვისაგან, ძვრისა და სხვა სტიქიური უბედურებისაგან, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებაშია ნათქვამი.

„მოგვმადლოს მშვიდობა, კეთილდღეობა, გული გონიერი და წრფელი განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისა. დაგვეხმაროს, რათა შევძლოთ განვეშოროთ ავ სიტყვას, განზრახვასა და საქმეთ, რათა უფლის მიერ ჩვენთვის ნაჩუქარი უდიდესი განძი, სიცოცხლე, – ღვთის სადიდებლად გამოვიყენოთ.

ღმერთმა დალოცოს და განამტკიცოს ტვირთმძიმე და განსაცდელში მყოფი ყოველი ადამიანი, ყოველი ქვეყანა. ღმერთმა დალოცოს მკვიდრნი საქართველოისა და უცხოეთში მყოფნი ჩვენი თანამემამულენი. ღმერთმა დალოცოს მთელი მსოფლიო“,- ნათქვამია განცხადებაში.

ინდოეთის სამხრეთ ნაწილში მომაკვდინებელი ვირუსი „ნიპა“ აფეთქდა

ინდოეთის სამხრეთ ნაწილში მომაკვდინებელი ვირუსი „ნიპა“ აფეთქდა.

უსაფრთხოების მიზნით, კერალის შტატში დაიხურა სკოლები და საჯარო დაწესებულებები.

შეზღუდულად მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, შტატში ნიპას ვირუსის ხუთი დადასტურებული შემთხვევაა, აქედან ორი პაციენტი დაავადებამ იმსხვერპლა.

ნიპას ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ვირუსული ინფექციით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 75 პროცენტს შეადგენს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 15 სექტემბრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6362 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6362 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6282 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0080 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8305 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8211 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0094 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“ახალი მესიჯი მოიგონეს, რომ ხალხი იმსახურებს და ხელისუფლება არ იმსახურებს ევროპასა და ევროპულ მომავალს”-კახა კალაძე

დააკვირდით ოპოზიციის განცხადებებსა და ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან გაკეთებული განცხადებებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. მიზანმიმართულად, ახალი მესიჯი მოიგონეს, რომ ხალხი იმსახურებს და ხელისუფლება არ იმსახურებს ევროპასა და ევროპულ მომავალს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„აქვთ მცდელობა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არსებული ხელისუფლება დააშორონ და გაყონ ერთმანეთისგან. თუმცა, დღეს საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას. მოყოლებული 2012 წლიდან, „ქართული ოცნება“ სარგებლობს დიდი ავტორიტეტით და ეს ყველაფერი გამოისახება არჩევნებში, მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ, გუშინ მგონი სააკაშვილის განცხადება იყო სხვა პოლიტიკოსებთან მიმართებაში, რომ მათ ევროპელების მხარდაჭერა არ ექნებათ და არანაირი რესურსი არ გააჩნიათო. როდესაც ქვეყანაში პოლიტიკოსის სტატუსი გაქვს, გაქვს პოლიტიკური პარტია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პოლიტიკოსმა უნდა იზრუნოს, რომ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა მოიპოვოს და ჰქონდეს მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან, რომ წარმატებას მიაღწიო. ეს მიუთითებს იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ამ რადიკალებს ქვეყნის მოსახლეობის მიმართ, არაფრად აგდებენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, – განმარტა კალაძემ.

იმპიჩმენტის პროცედურა არ ეხმარება საქართველოს, გახდეს სტაბილური, მყარი ქვეყანა ძლიერი ინსტიტუტებით – პაველ ჰერჩინსკი

ჩვენ გვინდა, საქართველო იყოს სტაბილური, ძლიერი ქვეყანა, ძალიან ძლიერი ინსტიტუტებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.

„პრეზიდენტის მიმდინარე იმპიჩმენტზე თუ მკითხავთ, მე უცხოელი დიპლომატი ვარ. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო, რადგან არ მინდა, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა. რაც ჩვენ გვინდა, არის ის, რომ საქართველო იყოს სტაბილური, ძლიერი ქვეყანა, ძალიან ძლიერი ინსტიტუტებით. ასე რომ, რა თქმა უნდა, იმპიჩმენტის პროცედურა არ არის ის, რაც ეხმარება საქართველოს, გახდეს სტაბილური, ძლიერი, მყარი ქვეყანა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით. მაგრამ კიდევ ერთხელ, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

კითხვაზე, რაზე ისაუბრეს გუშინ პრეზიდენტთან შეხვედრაზე, პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ საუბრის მთავრი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია იყო.

„გუშინ პრეზიდენტმა მიგვიწვია ევროკავშირის ყველა სხვა ელჩთან ერთად. ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა კი საქართველოს ევროინტეგრაცია იყო“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

საქართველო დღესვე იმსახურებს ნატო-ს წევრობას, ისეთი გაწვრთნილი ჯარი და მაგარი მეომრები გვყავს -მამუკა მდინარაძე

საქართველო დღესვე იმსახურებს ნატო-ს წევრობას, ისეთი გაწვრთნილი ჯარი და მაგარი მეომრები გვყავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

„ნატო-ს ერთობლივი წვრთნები წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და მიმდინარებს. საქართველოსა და ქართველ სამხედროებს მისიებში კონტრიბუცია იმდენი აქვთ და ისეთი წვლილი აქვთ შეტანილი, ჩვენი გმირი ჯარისკაცები დაღუპულები არიან, რამდენიმე ათეული დაგვეღუპა და რამდენიმე ასეული დაგვეჭრა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ქართველი სამხედროები ნატო-ს ჯარებთან ერთად ებრძოდნენ მსოფლიო მშვიდობისთვის.

„ხალხი დაგვეღუპა, მისიებში დაღუპული გვყავს ჯარისკაცები და თქვენ მეკითხებით, ვის მიმართეთო. არავის მივმართეთ, ერთად ვართ ამ საკითხებში და საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას დღესვე, თუ ძალიან გაინტერესებთ. ყველაფრით მზად არის. იმ სფეროში ადამიანი არ გამოჩნდა მსოფლიოში, რომელსაც სიტყვა მოუბრუნდა და რაღაცით საქართველო მზად არ არის ამ მიმართულებითო, რომ ეთქვა. ერიდება ყველა ამ თემაზე ლაპარაკს იმიტომ, რომ დღესვე იმსახურებს საქართველო ნატო-ს წევრობას ისეთი გაწვრთნილი ჯარი და ისეთი მაგარი მეომრები გვყავს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

“სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან მსგავსი ბაზების გახსნის შემოთავაზება არ მიგვიღია” – ირაკლი ბერაია

სამწუხაროა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე დეზინფორმაციის მორიგი სერია მოვისმინეთ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ბაზების გახსნის თაობაზე შემოთავაზება არ მიგვიღია, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი სახის დეზინფორმაცია გამაოგნებელი და შემაშფოთებელია.

„აშშ-ის საელჩომ საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის გახსნის საკითხზე დეზინფორმაციის გამავრცელებელ სუბიექტებს საკუთარი განცხადებით თავზე დაახურა და დაამხო, რისი დამხობაც შეიძლებოდა. ჩვენთვის ამერიკასთან პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია, ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენი ამოცანა და პრიორიტეტია, ამ ქვეყანასთან თანამშრომლობის განმტკიცება, შემდგომი გაღრმავება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ეს ბევრ დოკუმენტში წერია და პრაქტიკული ნაბიჯებიც ამაზე მეტყველებს. დინამიკა, რაც ამ მიმართულებით არსებობს, ამის ნათელი მაგალითია. ეს ასევე მოიცავს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივას, რომლის მიზანია, ჩვენი თავდაცვის ძალების უფრო ინსტიტუციური გაძლიერება, ძალთა გენერირების სისტემის დახვეწა და გაძლიერება, ეროვნული წინააღმდეგობის მექანიზმების მხარდაჭერა. ასევე ის შეთანხმება, რასაც ხელი მოეწერა აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოსტინის თბილისში ვიზიტის დროს. დეზინფორმაცია არის გამაოგნებელი და შემაშფოთებელი“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ 12 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წელს საქართველოში ჩამოსულ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე. საქართველოში აშშ-ის საელჩო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა არ შეუთავაზებია.