“ახალი მესიჯი მოიგონეს, რომ ხალხი იმსახურებს და ხელისუფლება არ იმსახურებს ევროპასა და ევროპულ მომავალს”-კახა კალაძე

230
spot_img

დააკვირდით ოპოზიციის განცხადებებსა და ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან გაკეთებული განცხადებებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. მიზანმიმართულად, ახალი მესიჯი მოიგონეს, რომ ხალხი იმსახურებს და ხელისუფლება არ იმსახურებს ევროპასა და ევროპულ მომავალს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„აქვთ მცდელობა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არსებული ხელისუფლება დააშორონ და გაყონ ერთმანეთისგან. თუმცა, დღეს საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას. მოყოლებული 2012 წლიდან, „ქართული ოცნება“ სარგებლობს დიდი ავტორიტეტით და ეს ყველაფერი გამოისახება არჩევნებში, მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ, გუშინ მგონი სააკაშვილის განცხადება იყო სხვა პოლიტიკოსებთან მიმართებაში, რომ მათ ევროპელების მხარდაჭერა არ ექნებათ და არანაირი რესურსი არ გააჩნიათო. როდესაც ქვეყანაში პოლიტიკოსის სტატუსი გაქვს, გაქვს პოლიტიკური პარტია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პოლიტიკოსმა უნდა იზრუნოს, რომ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა მოიპოვოს და ჰქონდეს მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან, რომ წარმატებას მიაღწიო. ეს მიუთითებს იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ამ რადიკალებს ქვეყნის მოსახლეობის მიმართ, არაფრად აგდებენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, – განმარტა კალაძემ.