“მოსკოვისა და ფხენიანის ავისმომასწავებელი კავშირი”- The Daily Telegraph

443
spot_img

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph), რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის კიმ ჩენ ინის მოლაპარაკებასთან დაკავშირებით, აქვეყნებს სარედაქციო კომენტარს სათაურით „მოსკოვისა და ფხენიანის ავისმომასწავებელი კავშირი“, რომელშიც ვკითხულობთ:
ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა სერიოზული რომ არ იყოს, სასაცილო იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ ყველაფერი რეალურია და ნამდვილი. პარანოიდალურმა ჩრდილოკორეელმა ლიდერმა, რომელსაც ოთხი წელია თავისი სიბნელით მოცული ქვეყნიდან ფეხი არ გაუდგამს, ამჯერად გაბედა და თავის რუსი კოლეგასთან შესახვედრად, ტრადიციულად, ჯავშნიანი მატარებლით გაემგზავრა. როგორც ცნობილი გახდა, მოლაპარაკებამ „წარმატებით ჩაიარა და კრემლს ფხენიანისაგან საარტილერიო ჭურვების მიღება უზრუნველყოფილი აქვს“.
ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის – ორი დიქტატორის – ამჟამინდელი კონტაქტი უკრაინის ომმა გამოიწვია, რომელიც უკვე 19 თვეა გრძელდება. კრემლს ეგონა, რომ უკრაინას რამდენიმე დღეში დაამარცხებდა, მაგრამ მოსკოვის იმედი არ გამართლდა – ომი გაჭიანურდა, რაც დაპირისპირებული მხარეების ენერგიას ფიტავს. რუსეთი, რომელიც თავს ზესახელმწიფოდ თვლის, დასუსტდა და ისეთი ოდიოზური რეჟიმის დახმარება ჭირდება, როგორსაც ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება წარმოადგენს.
კიევისადმი ნატოს ქვეყნების მიერ გაწეული დახმარება რომ გაანეიტრალოს, რუსები იარაღს ისეთი ქვეყნებიდან ყიდულობენ, როგორიც ირანია. მოსკოვს განსაკუთრებით თეირანის მიერ შექმნილი დრონები მოსწონს, მაგრამ რუსეთს საარტილერიო ჭურვებიც ბევრი ჭირდება. კრემლი უმოწყალოდ ბომბავს უკრაინის სამრეწველო ობიექტებს, დიდია მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში.
უცხოელი ექსპერტების აზრით, ჩრდილოეთი კორეა საბრძოლო ჭურვების უდიდეს რეზერვს ფლობს, რომელიც სრულიად შეესაბამება რუსული და საბჭოთა არტილერიის სისტემებს და კალიბრებს. ფხენიანმა ეს მარაგი იმის შიშით შექმნა, რომ ფიქრობდა – ოდესღაც სამხრეთ კორეა თავს დაესხმებოდა. დღეისათვის, რადგანაც ჩრდილოეთი კორეა გარიყულ ქვეყნად არის გადაქცეული და რომლის მოსახლეობა მუდმივად შიმშილის ზღვარზე იმყოფება, დასავლეთს მის დასახმარებლად პრაქტიკულად არაფრის გაკეთება არ შეუძლია. შესაბამისად, ფხენიანისათვის რუსეთის სამხედრო „დაკვეთა“ ჭურვების საწარმოებლად ერთგვარ შვებას წარმოადგენს – ვლადიმერ პუტინი კიმ ჩენ ინს, იარაღის სანაცვლოდ, სურსათ-სანოვაგეს მიაწვდის.
მაგრამ ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან „ამხანაგმა კიმმა“, რუსეთს სურსათთან ერთად, ახალი ტექნოლოგიების გადაცემაც მოსთხოვა, ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული იარაღის შემდგომი წარმოების მიზნით“.

წყარო