“როგორც ჩანს, რადიკალურ ოპოზიციას სურს, იმპიჩმენტის საკითხით პრეზიდენტთან ივაჭროს” – არჩილ თალაკვაძე

221
spot_img

რადიკალურ ოპოზიციას, როგორც ჩანს, სურს, იმპიჩმენტის საკითხით პრეზიდენტთან ივაჭროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ზეწოლას, შანტაჟს არ დაექვემდებარება.

„ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს, რაზე ისაუბრეს პრეზიდენტთან, თუმცა ნათელია, რაზე იყო საუბარი გარეთ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მედიის საშუალებით პირდაპირ შეუთვალა სალომე ზურაბიშვილს შეწყალება ან იმპიჩმენტიო. რეალურად, ეს იყო გზავნილი, რაც რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა პრეზიდენტთან. როგორც ჩანს, ამ მიმართულებით მასზე ზეწოლაა და რადიკალურ ოპოზიციას სურს, საკითხით ივაჭროს. არაა გამორიცხული, რომ შეხვედრებზე ამ საკითხით ივაჭრეს და ეს თემა ირიბად თუ პირდაპირ დააყენეს. გარკვეული ცნობებია, ამ შეხვედრებიდან გაკეთდა განცხადებები, მაგალითად, „მოქალაქეებმა“ თქვეს, რომ იმპიჩმენტთან დაკავშირებით იყო საუბარი.

ოპოზიციას მეტი გამჭვირვალობა მართებს. ახლა დაიწყება საპარლამენტო სესია, სხდომები და დიდი იმედი მაქვს, ოპოზიციის ის წარმომადგნლები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე, უფრო მეტს იტყვიან, რეალურად, რა საკითხებზე იყო მსჯელობა საქართველოს პრეზიდენტთან. ასევე, იმედი გვაქვს, პრეზიდენტი არ დაექვემდებარება ასეთი ტიპის ზეწოლას, შანტაჟს, მით უმეტეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ვინც მას არაკანონიერად არჩეულად მიიჩნევდა, შეურაცხყოფას აყენებდა. მასთან დაკავშირებით ბევრი ასეთი შეფასება გვაქვს მოსმენილი. ვიცით პრეზიდენტის ის პოზიცია, რაც ერთხელ თქვა, რომ შეწყალების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ არის საჭირო მეტი სიცხადე, რადგან ოპოზიციის მხრიდან პირდაპირ მოვისმინეთ გზავნილები – შეწყალება ან იმპიჩმენტი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს საპარლამენტო უმრავლესობას, შეგროვდება თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმა, თალაკვაძემ განაცხადა:

„იმპიჩმენტს სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა, გზავნილი აქვს, რომ კონსტიტუციის დარღვევას არანაირი საფუძველი, გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს, ყველამ კონსტიტუციის პრინციპების დაცვით უნდა წარმართოს საქმე. კენჭისყრა მას შემდეგ მოხდება, რაც საკონსტიტუციო სასამართლო თავის შეფასებას დაუბრუნებს პარლამენტს და ყველანი ვნახავთ, რა დამოკიდებულება ექნება ოპოზიციას. უნდა ვთქვათ, რომ ოპოზიცია ამ მიმართულებით რთულ ვითარებაშია – იმპიჩმენტს თუ მხარს დაუჭერს, გამოდის, რომ კონკრეტული პოლიტიკური გეგმა აქვთ, თუ არ დაუჭერენ, გამოდის, რომ თვალს ხუჭავენ კონსტიტუციური პრინციპების დარღვევაზე. სხვათა შორის, ნიშანდობლივია იმათი განცხადებებიც, რომლებმაც თქვეს, რომ დარბაზში არ შევლენ. ეს დილემისგან ერთგვარი თავის არიდებაა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.