Home Blog Page 1618

“დაკარგულთა ოჯახებთან მობილიზებულია ეკიპაჟები, რომლებიც ფსიქოლოგიურ თუ სხვა საჭირო სამედიცინო დახმარებას, მათ ადგილზე უწევენ”-ზურაბ აზარაშვილი

„სტიქიის ეპიცენტრთან, მობილიზებულია სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ასევე,  გახსნილია პუნქტი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სამედიცინო ჩარევისთვის. გარდა ამისა, მიმდებარე სოფელში, დაკარგულთა ოჯახებთან არიან მობილიზებული ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უწევენ მათ ფსიქოლოგიურ თუ სხვა საჭირო სამედიცინო დახმარებას“, –  ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა, კოორდინირებულად მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, უშუალოდ ადგილზე ძალიან დიდი მთის მასაა წამოსული, რაც ხელს უშლის სამუშაო პროცესს.

„ვიმყოფებოდი უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, სადაც მასშტაბური სამძებრო სამუშაოები მიდის. როგორც ხედავთ, ჩართულია რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა, კოორდინირებულად მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყება, სამაშველო სამსახური, პოლიცია, ასევე ჯარის ქვედანაყოფები, საგანგებო სიტუაციების სამსახური. ყველა მცდელობაა, რათა ადამიანები, თუ არის რაიმე შანსი, რომ კიდევ ცოცხლად ვნახოთ, ვიპოვოთ.

სამწუხაროდ, ერთი გარდაცვლილი დაემატა. აქვე, მინდა, აღვნიშნო, რომ უშუალოდ ადგილზე ძალიან დიდი მთის მასაა წამოსული, ათასობით კუბური მეტრი მიწაა, რაც ხელს უშლის სამუშაო პროცესს. დაახლოებით 4-5 მეტრის სიმაღლის არის. არის ყველანაირი კოორდინაცია, სხვადასხვა ლოკაციაზეა გაშლილი სამძებრო სამუშაოების ფრონტი როგორც მდინარეში, ასევე მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, უშუალოდ ეპიცენტრის ადგილზეც ხდება სამძებრო სამუშაოები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ როდესაც ერთ ადგილას რამდენიმე ცხედარი იქნა აღმოჩენილი, იქ განსაკუთრებული სიფრთხილით მუშაობენ, რადგან შემდეგი შემთხვევა თუ იქნება, არ დაზიანდეს.

მსუბუქი მანქანა რომ არის აღმოჩენილი წყალში, ამის დადასტურება შემიძლია, მაგრამ ცხედრები არის თუ არა, ამას ვერ გეტყვით. ახლა მიმდინარეობს მანქანის წყლიდან ამოყვანის სამუშაოს დაგეგმვა და შემდეგ უფრო მეტი დეტალი გვეცოდინება.

ჯანდაცვის სამინისტროს რაც შეეხება, ჩვენთან დაკავშირებულ ყველანაირ სამედიცინო პროცესს,  აცრა იქნება ეს, უშუალოდ ადამიანების დახმარება თუ სხვა რამ, ყველანაირ დახმარებას ადგილზე ვუწევთ.

სტიქიის ეპიცენტრთან, მობილიზებულია სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ასევე,  გახსნილია პუნქტი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სამედიცინო ჩარევისთვის.

გარდა ამისა, მიმდებარე სოფელში, დაკარგულთა ოჯახებთან არიან მობილიზებული ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უწევენ მათ ფსიქოლოგიურ თუ სხვა საჭირო სამედიცინო დახმარებას“, – განაცხადა აზარაშვილმა.

 

“ძალიან რთული ვითარებაა, ძალიან მძიმე პირობებია სამუშაოდ”-ირაკლი ქარსელაძე

მაქსიმალური ინტენსივობით მიმდინარეობს სამუშაოები, მაშველები, ჯარი და, რა თქმა უნდა, ტექნიკა. ძალიან რთული ვითარებაა და მძიმე პირობები არის სამუშაოდ, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, სტიქიის ადგილზე არის ლამი, რომელიც მნიშვნელოვნად ართულებს სამუშაოებს.

„მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც ხდება მუშაობა იმდაგვარად, რომ მაქსიმალური ძალისხმევა არის ახლა სწორედ კოტეჯებისა და სასადილოსკენ. კიდევ ერთი ცხედარი იქნა აღმოჩენილი. მეტი დეტალი დასადგენია. რაც შეეხება სამუშაოებს, რეალურად გუშინ მოვახერხეთ ჩვენ ხუთი ერთეული ტექნიკის გადასვლა. დღეს დაახლოებით 15 ერთეული მუშაობს უშუალოდ არეალში. გარდა ამისა, მთლიანობაში 30 ერთეული არის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რეალურად ბევრი ტექნიკის ჩართულობით ვახერხებთ იმას, რომ გარკვეულწილად მობილობა იზრდება.

წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ხიდის აწყობა და საგზაო დეპარტამენტმა დღეს აუცილებლად უნდა დავდოთ ხიდი. ხედავთ, რომ მდინარეზე გადასასვლელი გზაც ეწყობა პარალელურ რეჟიმში, ვიდრე ხიდი მოეწყობა. ასევე ალტერნატიული გზა, რომლითაც ჩვენ რეალურად მეორე ფრონტი გვინდა, გავხსნათ და იქედანაც გვინდა, შევიდეთ უკვე მაშველებთან და ჯართან ერთად, ასევე, მესამე ფრონტი იქნება მას მერე, რაც უკვე ხიდი დამონტაჟდება. ფაქტობრივად, ვცდილობთ, რომ მთელი პერიმეტრი მოვიცვათ შეძლებისდაგვარად, წინა მხარეზეა საუბარი. გარდა ამისა, კიდევ დავამატოთ ორი შესაძლო ფრონტი, ასევე მიმდინარეობს შიდა ტროტუარზე უშუალოდ არსებული ძველი გზის გაწმენდა, რომელიც შედარებით უფრო გვემორჩილება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 13 ადამიანია დაღუპული. ერთი მათგანი მაშველებმა დღეს იპოვეს.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 23 ადამიანს ეძებენ.

სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას სულ 210 ადამიანია გაყვანილი. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი მოეწყო ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

“ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, ვითომ ჩემი განცხადება, რომ უკრაინიდან იყო შეთავაზება და ჩვენ უარი ვთქვით”-ირაკლი კობახიძე

ერთადერთი, რა მინდა, ვთქვა, რომ ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, მათ შორის, ვითომ ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით, რომ უკრაინიდან იყო შეთავაზება და ჩვენ უარი ვთქვით ამასთან დაკავშირებით. როდესაც ასეთ ვითარებაში ვიღაცა ასე ახერხებს სპეკულირებას, უბრალოდ, არ ვიცი, გამაოგნებელია და არ ვიცი, ამას რა შეფასება უნდა მიეცეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სტიქიის ადგილზე სამაშველო სამუშაოები არ გაჩერებულა.

„მე რა ინფორმაციაც მაქვს, სამუშაოებში ჩართულია როგორც ადამიანური რესურსი, მაშველები, პოლიციელები და მათ შორის სამხედროები, ამ კუთხით დამატებითი რესურსის საჭიროება არ არის. მაქსიმალური მობილიზაციაა, რაც შეეხება ტექნიკას, აქაც როგორც ვიცი, სრულად არის უზრუნველყოფილი სამაშველო სამუშაოები. რაც შეეხება სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფას, მათ შორის წყალი, საკვები და ა.შ. ყველანაირი კუთხით არის სრულად უზრუნველყოფილი სამაშველო სამუშაოები. საცხოვრისითაც არიან უზრუნველყოფილი დაზარალებული ადამიანები. ყველა თვალსაზრისით, სამაშველო სამუშაოები არის სრულად უზრუნველყოფილი და არ დგას ასეთი დამატებითი რესურსის საჭიროება“, – განაცხადა კობახიძემ.

“თანხების შეგროვების არანაირი საჭიროება არ არის, ყველაფერზე ზრუნავს სახელმწიფო” -შალვა პაპუაშვილი

“თანხების შეგროვების არანაირი საჭიროება არ არის, ყველაფერზე ზრუნავს სახელმწიფო” ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში მოქალაქეების მიერ წამოწყებულ კამპანიას.

მისი  განცხდებით, მოქალაქეებს მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვა სურთ, თუმცა, ამ დროისთვის სამაშველო პროცესი ადამიანური რესურსით სრულად არის უზრუნველყოფილი.

მობილიზებულია ყველა ინსტიტუტი, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობა და ჩვენი მოქალაქეებიც მოწადინებულები არიან, რომ აქ იყვნენ. მნიშვნელოვანია ორი მომენტი: ამ დროისთვის რაიმე მოხალისეობრივი ჩართვის აუცილებლობა არ არის, ხედავთ, რომ აბსოლუტურად სრულად არის ადამიანური ძალით უზრუნველყოფილი პროცესი.

ასევე, მინდოდა ყურადღების გამახვილება გუშინ სოციალურ ქსელებში თანხების შეგროვების, დახმარების შესახებ – ამის არანაირი საჭიროება არ არის, ყველაფერზე ზრუნავს სახელმწიფო. ყველა, ვისი ახლობელიც დაკარგულია და ელოდება პასუხებს ან ისინი, ვინც გამოყვანილია ტერიტორიიდან, არის უზრუნველყოფილი. შესაბამისად, ვთხოვ ყველას, ერთადერთი, რაც დღეს საზოგადოებას სჭირდება, ეს არის თანადგომა და ჩვენი მაშველების გულშემატკივრობა, რომ მათი საქმიანობა იყოს წარმატებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 12 ადამიანია დაღუპული.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 24 ადამიანს ეძებენ.

სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას სულ 210 ადამიანია გაყვანილი. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი მოეწყო ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში

რა პროცესებმა გამოიწვია შოვში სტიქია – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო განმარტავს, რა პროცესებმა გამოიწვია შოვში სტიქია.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სტიქიის დროს 5 პროცესის თანხვედრა მოხდა. კერძოდ, მათი განმარტებით, მყინვარების – ბუბა და თბილისას ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ნალექმა დინამიკაში მოიყვანა ხეობაში არსებული მყარი ნატანი, განვითარდა აქტიური გვერდითი ეროზიული პროცესები და ასევე, ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას, ე.წ სანაპირო მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რაც შემდგომ გადაიზარდა ღვარცოფში.

„გარემოს ეროვნულ სააგენტოს სპეციალისტები, ონის მუნიციპალიტეტში განვითარებულ სტიქიურ გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პროცესების ადგილზე შეისწავლის მიზნით, სტიქიის ადგილზე რჩებიან – გეოლოგებისა და ჰიდროლოგების მიერ რამდენჯერმე განხორციელდა ტერიტორიის დათვალიერება, ჩატარდა ინსტრუმენტული მონიტორინგი.

მდ. ბუბასწყლის ხეობაში (მდინარე ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი), მყინვარების ბუბა და თბილისას ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ნალექმა დინამიკაში მოიყვანა ხეობაში არსებული მყარი ნატანი, განვითარდა აქტიური გვერდითი ეროზიული პროცესები. ასევე, ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას. ე.წ სანაპირო მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რაც შემდგომ გადაიზარდა ღვარცოფში.

აღსანიშნავია, რომ მდ. ბუბისწყალი არ ხასიათდებოდა ღვარცოფული მოვლენებით; მასშტაბურ ღვარცოფის გავლას ამ ტერიტორიაზე ადგილი არ ჰქონია. თუმცა, სტიქიის დროს მოხდა 5 პროცესის თანხვედრა, რამაც გამოიწვია აღნიშნული შედეგი.

რაც შეეხება გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ დასკვნებს, გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ ყოველწლიურად მზადდება საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენი, სადაც აღწერილია ქვეყნის მასშტაბით გეოლოგიური საფრთხეების შესახებ არსებული მდგომარეობა საანგარიშო წელს და პროგნოზი შემდგომი წლისათვის. 2022 წლის ბიულეტენში საუბარია მდ. დღვიორაზე, რომელიც არის მდ. ჭანჭახის მარცხენა შენაკადი, სადაც ხშირია ღვარცოფული ნაკადების გავლა.

ეს ლოკაცია 1,5 კილომეტრით ქვემოთ მდებარეობს სტიქიის ზონიდან მდინარის დინების მიმართულებით. მდ. ბრდღვიორას ხეობა სულ სხვა მორფოლოგიურ და გეოლოგიურ პირობებშია ჩამოყალიბებული.

აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მიერ დამუშავებული ინფორმაციის შედეგად, ცნობილია, რომ მდ. ბუბისწყალზე (ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი) განვითარებულ ღვარცოფს, ასეთი დიდი მასშტაბის პროცესს წარსულში ადგილი არ ჰქონია; შოვში ასეთ მოვლენა არ დაფიქსირებულა. განსხვავებით სოფ. გლოლას მიმდებარე ლოკაციისგან, მდ. ჭანჭახის მარცხენა შენაკად დღვიორასგან, სადაც ღვარცოფული პროცესების აქტიურობა ხშირია. სწორედ აღნიშნულ ლოკაციაზე ღვარცოფის საშიშროების შესახებ არის ინფორმაცია მოცემული გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ ყოველწლიურ გეოლოგიურ ბიულეტენში და არა მდ. ბუბისწყალზე (ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, სტიქიის ზონაში დრონების გამოყენებაზე გადაწყვეტილება თვითნებურად არ მიიღონ, რადგან ვერტმფრენებისთვის საფრთხის შემცველია- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, სტიქიის ზონაში დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით, თვითნებურად არ მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან საფრთხის შემცველია სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

„ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიება.

სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.

აქვე მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, სტიქიის ზონაში დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით, თვითნებურად არ მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან საფრთხის შემცველია სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

„თიბისიმ“ რაჭაში სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდი შექმნა, რომელშიც ნახევარ მილიონ ლარს შეიტანს

“თიბისის” გუნდი მწუხარებას გამოთქვამს რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის გამო და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

რაჭაში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად და შოვის აღსადგენად, თიბისიში გაიხსნა საქველმოქმედო ანგარიში, რომელშიც პირველ შენატანს  500 000 ლარის ოდენობით თიბისი განახორციელებს.

ფონდში დონაციის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ საბანკო ანგარიშებზე:

ლარის, აშშ დოლარის და ევროს ანგარიშის ნომერი:

GE89TB7318736080100017

მიმღები: ააიპ თიბისელები;

Beneficiary: NNLE TIBISELEBI.

(R)

17 ევროპარლამენტარი ევროკავშირს მოუწოდებს, მისცეს თავშესაფარი რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც არმიაში სამსახურზე უარს ამბობენ

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს, მისცეს თავშესაფარი რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც არმიაში სამსახურზე უარს ამბობენ.

17 ევროპარლამენტარის წერილს „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი ბიურო ავრცელებს.

წერილში ევროდეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირს, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო პოლიტიკა შეიმუშაოს, რომელიც უზრუნველყოფს თავშესაფრის მიცემას იმ რუსებისთვის, რომლებიც უკრაინაში საომრად წასვლაზე უარს ამბობენ.

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალები არღვევენ ადამიანის უფლებებს და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს უკრაინაში, რუსეთის მოქალაქეებს აქვთ მორალური გამართლება, რატომ არ სურთ იმ არიაში სამსახური, რომელიც ომშია ჩართული“, – ნათქვამია ევროდეპუტატების წერილში.

ევროპარლამენტარები ვარაუდობენ, რომ, რუსეთში სამხედრო სამსახურის ვალდებულების შესახებ კანონის გამკაცრებისა და პოტენციური მობილიზაციის ახალი ტალღების ფონზე, ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების მოთხოვნით რუსეთის მოქალაქეთა განაცხადების რაოდენობა გაიზრდება.

წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ვალდებულები არიან, უზრუნველყონ თავშესაფრით რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც არმიაში სამსახურზე უარს ამბობენ.

„ჩვენი ხელით გავამაგრეთ მდინარის კალაპოტი და გადავარჩინეთ მთლიანად წალეკვას შოვი” – რას წერდა მარიტა გუტაშვილი 3 წლის წინ

მარიტა გუტაშვილი, რომელიც შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგულ ოჯახის წევრებს ეძებს, სოციალურ ქსელში 3 წლის წინ წერდა იმ პრობლემაზე, რაც რაჭის რამდენიმე სოფელში იყო.

მარიტა 2020 წელს მდინარის კალაპოტის გამაგრების აუცილებლობაზე საუბრობდა.

„SOS !!! მოგესალმებით ყველას. მშვიდობიან დილას გისურვებთ…ვისაც გიყვართ რაჭა, გული შეგტკივათ შოვზე მინდა ყველას გაგაგებინოთ როგორი დილა გაგვითენდა აქ.

უკვე მერამდენე წელია საკუთარი ძალებით, საკუთარი ხელებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად ვცდილობთ შევინარჩუნოთ ის სამოთხე რაც აქ გვაქვს. შევინარჩუნოდ მხოლოდ ჩვენთვის კი არა, მთელი საქართველოსთვის.

რამდენიმე წლის წინ უხვი ნალექის გამო კურორტ შოვში , მდინარე ბუმბურას ადიდების შედეგად დაზიანდა კურორტის მთავარი გზა, მდინარემ კალაპოტი გაარღვია. მაშინაც ისეთი სიტუაცია იყო ( შედარებით უფრო მსუბუქი- მალე ვუშველეთ ჩვენივე ძალებით), როგორსაც ახლა ფოტო მასალაში ნახავთ. მაშინ, მიუხედავად იმისა რომ ონის რაიონულმა გამგეობამ ძალიან კარგად იცოდა არსებული მდგომარეობის შესახებ, მხოლოდ ამოსვლით, ნახვით, ფოტოების გადაღებითა და მწუხარების გამოხატვით შემოიფარგლა. მადლობა დიდი!

ჩვენი ხელით, გელა გუტაშვილის სპეც-ტექნიკით , გავამაგრეთ მდინარის კალაპოტი და გადავარჩინეთ მთლიანად წალეკვას შოვი. ნორმალურად შეფასებული მდგომარეობის ფონზე, უნდა გაეკეთებინათ მობრძანებულ „ექსპერტებს” ჯებირები, გაემაგრებინათ კალაპოტი, მაგრამ არავინ არ შეწუხებულა არსებული პრობლემით.

გავიდა რამდენიმე წელი… ჩვენ ისევ აქ ვართ.. დღესაც იგივე ხდება რაც მაშინ, უარესიც. მიწასთან გასწორდა მთელი კურორტი, ცარიელი ხელებით ვეღარ ვშველით. ვიცი ყველას თავის გასაჭირი აქვს და მთლიანად რაჭისთვის გათენდა ის დილა რისიც გვეშინოდა… მაგრამ.. სანამ მთელ რაჭას არ წაიღებს , მოდი მდინარეს ჯებირები არ გავუკეთოთ და ჰესები ვაშენოთ.. მარტო შოვი არა, ასეთ დღეშია გონა, ღები, ჭიორა, გლოლა , უწერა..

ასეთ დღეშია ნაკიეთი და ალბათ კიდევ ბევრი ადგილი რაც მე ჯერ არ ვიცი კიდევ. ახლა გვიანია.. საკმაოდ გვიანი … და რომც გინდოდეთ.. არ ვიცი საერთოდ დაგრჩათ თუ არა შესაძლებლობა იმის, რომ დაგვეხმაროთ .. მოგვაქციეთ ცოტა მეტი ყურადღება… არაა საჭირო ჰესების აშენება, ისედაც “ვიხრჩობით”. გვეყოფა მზიანი ამინდის ყურება, სიძნელესთან გამკლავებას ერთად შევძლებთ თუ არ დაიმალებით.

გვეყოფა ზღაპრების მოყოლა, კეთილი დასასრული მაინც არცერთს არ აქვს და ნუ ვიწვალებთ შეთხზვით თავს… მარტო საკუთარი სახლებისთვის საძირკვლის გამაგრება არ კმარა.. წყლიან საძირკველში ისევ ჩადგება წყალი.. ადვილად მისახვედრი ამბავია
მადლობა დიდი ყურადღებისთვის და კიდევ..

მადლობა დიდი ყველას ვინც ამ დროის მანძილზე გვერდით გვიდგას, როგორც რაჭველები ვიტყვით ხოლმე.. წყლის ძალა მოგცეთ ღმერთმა ყველას”, – წერდა მარიტა გუტაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო „Sunset Shovi“-თან მეწყერი ჩამოწვა.

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 აგვისტოს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თქვენი სიკეთე ვიღაცამ შეიძლება ცუდად გამოიყენოს. პრობლემების თავიდან ასაცილებლად უარის თქმა უნდა ისწავლოთ. თქვენი კეთილგანწყობა და პროფესიონალიზმი საკმარისზე მეტია, ამიტომ მეტი არავინ უნდა მოგთხოვოთ. ახალი შეთავაზებები თქვენი კარიერული წინსვლისთვის ძალიან მოგებიანი იქნება, მაგრამ თუ სიფრთხილეს არ გამოიჩენთ, შეიძლება პირველივე წინააღმდეგობაზე დანებდეთ.

კურო

თქვენი ჯანმრთელობისთვის რეგულარული ფიზიკური დატვირთვა ძალიან მნიშვნელოვანია. საყვარელ ადამიანთან ან მეგობრებთან ერთად საკუთარ მოწოდებას იპოვით. ამ დღეს წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. გსურთ, რომ თქვენი სიყვარულის გარშემო ისეთი ციხესიმაგრე ააგოთ, რომელსაც ვერაფერი მოერევა. შესანიშნავი დროა გრძელვადიანი გეგმების შედგენისთვის.

ტყუპები

ამ დღემ შეიძლება დიდი სიურპრიზები მოგიტანოთ. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ – თქვენი ურთიერთობის სტაბილურობას ვარსკვლავები იცავენ. შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა ოჯახის შექმნა შემოგთავაზოთ. თქვენი განსაკუთრებული უნარების დამსახურებით შეიძლება ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც ყველას ეხება, ეცადეთ კოლეგების და თანამშრომლების შეხედულებები გაითვალისწინოთ.

კირჩხიბი

დადებითი თვისებების გარდა, მტაცებლისთვის დამახასიათებელი თვისებებიც გაქვთ და ეს არასოდეს გაქრება. ოჯახური კერის მფარველი ხართ და არ მოგწონთ, როდესაც „გარედან“ ვიღაც მყუდროებას გირღვევთ. თქვენთვის პირადი ცხოვრება საზოგადოებრივ საქმიანობასთან შედარებით მეორეხარისხოვანია. თუ ასე გააგრძელებთ და მეუღლეს (ან პარტნიორს) ყურადღებას მოაკლებთ, შეიძლება მარტო დარჩეთ.

ლომი

ამ დღეს მზე თქვენს პროფესიულ ცხოვრებაზე დამღუპველად მოქმედებს. სამწუხაროდ, თქვენი უფროსი „პატარა დიქტატორია“, რომელიც შრომისმოყვარეობისა და წარმატებისთვის არასოდეს გაჯილდოებთ, პირიქით. თქვენი პროფესიული ცხოვრება კოლეგების მხარდაჭერის გარეშე ჯოჯოხეთად იქცეოდა. ვარსკვლავებმა იციან რა გსურთ, მაგრამ თქვენი ოცნებების ასრულებას დრო სჭირდება. ფინანსური პრობლემების დროს შეგიძლიათ დახმარება ახლობლებს სთხოვოთ.

ქალწული

ეს დღე გადამწყვეტი გახდება – შეიძლება ცხოვრების სიყვარული ვერ იპოვოთ, მაგრამ მასთან ძალიან ახლოს მიხვალთ. წყვილების სიმშვიდეს არაფერი ემუქრება – პარტნიორს თქვენი დამოკიდებულება აოცებს, მაგრამ მალე მიეჩვევა. კარგად დაფიქრდით, სანამ დიდ თავგადასავალს დაიწყებთ. ეცადეთ, ყველა ფინანსური რისკი გამოთვალოთ.

სასწორი

ამ დღეს გარშემომყოფებს ეგოისტური გამოხდომებით აღიზიანებთ და თავადაც ვერ ხვდებით, რომ გაგირბიან. ეცადეთ, ადამიანების მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ, რომ მარტო არ დარჩეთ. ეს რჩევა ოჯახურ კონტექსტშიც აქტუალურია – ახლობლების მიმართ გამოჩენილი ყურადღება კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის საშუალებას მოგცემთ.

მორიელი

ამ დღეს ბასრ საგნებთან და ცეცხლთან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან ტრავმების რისკი მაღალია. თუ კომპიუტერთან მუშაობთ, ხშირად შეისვენეთ, რომ შაკიკი და სახსრების ტკივილი თავიდან აიცილოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს მეტი თავშეკავება გმართებთ, რომ დაუფიქრებელმა საქციელმა არ დაგაზარალოთ. თუ სპორტის ან ფეხით სიარულის მოყვარული ხართ, გირჩევთ შესაფერისი ფეხსაცმლის შეძენაზე იზრუნოთ, რომ ტრავმა თავიდან აიცილოთ. ჯანსაღი ცხოვრების წესი ჯანმრთელობის გარდა, თავდაჯერებას მოგიტანთ. არ შეჩერდეთ, თორემ საწყის წერტილს დაუბრუნდებით.

თხის რქა

შეწყვიტეთ მეუღლის კრიტიკა და გამუდმებით მის ნაკლოვანებებზე საუბარი. ეს გაღიზიანების გარდა არაფერს მოგიტანთ. კარგად დაფიქრდით, სანამ დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით ვინმეს გულს ატკენთ. მარტოხელა თხის რქები უნდა შეეგუონ იმ აზრს, რომ სრულყოფილი ადამიანის პოვნა ძნელია.

მერწყული

თქვენი პროფესიული ცხოვრება ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. მეგობრული ატმოსფერო საშუალებას მოგცემთ საკუთარი კოლეგები უკეთ გაიცნოთ. მეორე მხრივ, თუ პროფესიის ან სამუშაო ადგილის შეცვლას გეგმავთ, შესაძლოა არც ღირს იმ ადამიანებთან ახლო კავშირის დამყარება, რომლებიც შეიძლება დიდხანს ვეღარ ნახოთ. საკუთარ თავს ძალიან ბევრ კითხვას უსვამთ იმის ნაცვლად, რომ მშვიდად იცხოვროთ.

თევზები

სიცოცხლისუნარიანობას ასხივებთ, ენერგიით სავსე ხართ. დილას ვარჯიში, სახლის დალაგება, იოგას სესია მეგობრებთან ერთად, ყველაფერს ასწრებთ. თუმცა, ფრთხილად უნდა იყოთ – ძალა დაზოგეთ, თორემ დინამიზმის ეს უეცარი აფეთქება შეიძლება სწრაფად გაქრეს. გადაწყვეტილებები რიგრიგობით უნდა მიიღოთ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი არ დაგავიწყდეთ.