„ჩვენი ხელით გავამაგრეთ მდინარის კალაპოტი და გადავარჩინეთ მთლიანად წალეკვას შოვი” – რას წერდა მარიტა გუტაშვილი 3 წლის წინ

4104
spot_img

მარიტა გუტაშვილი, რომელიც შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგულ ოჯახის წევრებს ეძებს, სოციალურ ქსელში 3 წლის წინ წერდა იმ პრობლემაზე, რაც რაჭის რამდენიმე სოფელში იყო.

მარიტა 2020 წელს მდინარის კალაპოტის გამაგრების აუცილებლობაზე საუბრობდა.

„SOS !!! მოგესალმებით ყველას. მშვიდობიან დილას გისურვებთ…ვისაც გიყვართ რაჭა, გული შეგტკივათ შოვზე მინდა ყველას გაგაგებინოთ როგორი დილა გაგვითენდა აქ.

უკვე მერამდენე წელია საკუთარი ძალებით, საკუთარი ხელებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად ვცდილობთ შევინარჩუნოთ ის სამოთხე რაც აქ გვაქვს. შევინარჩუნოდ მხოლოდ ჩვენთვის კი არა, მთელი საქართველოსთვის.

რამდენიმე წლის წინ უხვი ნალექის გამო კურორტ შოვში , მდინარე ბუმბურას ადიდების შედეგად დაზიანდა კურორტის მთავარი გზა, მდინარემ კალაპოტი გაარღვია. მაშინაც ისეთი სიტუაცია იყო ( შედარებით უფრო მსუბუქი- მალე ვუშველეთ ჩვენივე ძალებით), როგორსაც ახლა ფოტო მასალაში ნახავთ. მაშინ, მიუხედავად იმისა რომ ონის რაიონულმა გამგეობამ ძალიან კარგად იცოდა არსებული მდგომარეობის შესახებ, მხოლოდ ამოსვლით, ნახვით, ფოტოების გადაღებითა და მწუხარების გამოხატვით შემოიფარგლა. მადლობა დიდი!

ჩვენი ხელით, გელა გუტაშვილის სპეც-ტექნიკით , გავამაგრეთ მდინარის კალაპოტი და გადავარჩინეთ მთლიანად წალეკვას შოვი. ნორმალურად შეფასებული მდგომარეობის ფონზე, უნდა გაეკეთებინათ მობრძანებულ „ექსპერტებს” ჯებირები, გაემაგრებინათ კალაპოტი, მაგრამ არავინ არ შეწუხებულა არსებული პრობლემით.

გავიდა რამდენიმე წელი… ჩვენ ისევ აქ ვართ.. დღესაც იგივე ხდება რაც მაშინ, უარესიც. მიწასთან გასწორდა მთელი კურორტი, ცარიელი ხელებით ვეღარ ვშველით. ვიცი ყველას თავის გასაჭირი აქვს და მთლიანად რაჭისთვის გათენდა ის დილა რისიც გვეშინოდა… მაგრამ.. სანამ მთელ რაჭას არ წაიღებს , მოდი მდინარეს ჯებირები არ გავუკეთოთ და ჰესები ვაშენოთ.. მარტო შოვი არა, ასეთ დღეშია გონა, ღები, ჭიორა, გლოლა , უწერა..

ასეთ დღეშია ნაკიეთი და ალბათ კიდევ ბევრი ადგილი რაც მე ჯერ არ ვიცი კიდევ. ახლა გვიანია.. საკმაოდ გვიანი … და რომც გინდოდეთ.. არ ვიცი საერთოდ დაგრჩათ თუ არა შესაძლებლობა იმის, რომ დაგვეხმაროთ .. მოგვაქციეთ ცოტა მეტი ყურადღება… არაა საჭირო ჰესების აშენება, ისედაც “ვიხრჩობით”. გვეყოფა მზიანი ამინდის ყურება, სიძნელესთან გამკლავებას ერთად შევძლებთ თუ არ დაიმალებით.

გვეყოფა ზღაპრების მოყოლა, კეთილი დასასრული მაინც არცერთს არ აქვს და ნუ ვიწვალებთ შეთხზვით თავს… მარტო საკუთარი სახლებისთვის საძირკვლის გამაგრება არ კმარა.. წყლიან საძირკველში ისევ ჩადგება წყალი.. ადვილად მისახვედრი ამბავია
მადლობა დიდი ყურადღებისთვის და კიდევ..

მადლობა დიდი ყველას ვინც ამ დროის მანძილზე გვერდით გვიდგას, როგორც რაჭველები ვიტყვით ხოლმე.. წყლის ძალა მოგცეთ ღმერთმა ყველას”, – წერდა მარიტა გუტაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო „Sunset Shovi“-თან მეწყერი ჩამოწვა.