“დაკარგულთა ოჯახებთან მობილიზებულია ეკიპაჟები, რომლებიც ფსიქოლოგიურ თუ სხვა საჭირო სამედიცინო დახმარებას, მათ ადგილზე უწევენ”-ზურაბ აზარაშვილი

72
spot_img

„სტიქიის ეპიცენტრთან, მობილიზებულია სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ასევე,  გახსნილია პუნქტი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სამედიცინო ჩარევისთვის. გარდა ამისა, მიმდებარე სოფელში, დაკარგულთა ოჯახებთან არიან მობილიზებული ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უწევენ მათ ფსიქოლოგიურ თუ სხვა საჭირო სამედიცინო დახმარებას“, –  ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა, კოორდინირებულად მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, უშუალოდ ადგილზე ძალიან დიდი მთის მასაა წამოსული, რაც ხელს უშლის სამუშაო პროცესს.

„ვიმყოფებოდი უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, სადაც მასშტაბური სამძებრო სამუშაოები მიდის. როგორც ხედავთ, ჩართულია რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა, კოორდინირებულად მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყება, სამაშველო სამსახური, პოლიცია, ასევე ჯარის ქვედანაყოფები, საგანგებო სიტუაციების სამსახური. ყველა მცდელობაა, რათა ადამიანები, თუ არის რაიმე შანსი, რომ კიდევ ცოცხლად ვნახოთ, ვიპოვოთ.

სამწუხაროდ, ერთი გარდაცვლილი დაემატა. აქვე, მინდა, აღვნიშნო, რომ უშუალოდ ადგილზე ძალიან დიდი მთის მასაა წამოსული, ათასობით კუბური მეტრი მიწაა, რაც ხელს უშლის სამუშაო პროცესს. დაახლოებით 4-5 მეტრის სიმაღლის არის. არის ყველანაირი კოორდინაცია, სხვადასხვა ლოკაციაზეა გაშლილი სამძებრო სამუშაოების ფრონტი როგორც მდინარეში, ასევე მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, უშუალოდ ეპიცენტრის ადგილზეც ხდება სამძებრო სამუშაოები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ როდესაც ერთ ადგილას რამდენიმე ცხედარი იქნა აღმოჩენილი, იქ განსაკუთრებული სიფრთხილით მუშაობენ, რადგან შემდეგი შემთხვევა თუ იქნება, არ დაზიანდეს.

მსუბუქი მანქანა რომ არის აღმოჩენილი წყალში, ამის დადასტურება შემიძლია, მაგრამ ცხედრები არის თუ არა, ამას ვერ გეტყვით. ახლა მიმდინარეობს მანქანის წყლიდან ამოყვანის სამუშაოს დაგეგმვა და შემდეგ უფრო მეტი დეტალი გვეცოდინება.

ჯანდაცვის სამინისტროს რაც შეეხება, ჩვენთან დაკავშირებულ ყველანაირ სამედიცინო პროცესს,  აცრა იქნება ეს, უშუალოდ ადამიანების დახმარება თუ სხვა რამ, ყველანაირ დახმარებას ადგილზე ვუწევთ.

სტიქიის ეპიცენტრთან, მობილიზებულია სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ასევე,  გახსნილია პუნქტი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სამედიცინო ჩარევისთვის.

გარდა ამისა, მიმდებარე სოფელში, დაკარგულთა ოჯახებთან არიან მობილიზებული ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უწევენ მათ ფსიქოლოგიურ თუ სხვა საჭირო სამედიცინო დახმარებას“, – განაცხადა აზარაშვილმა.