Home Blog Page 1615

,,ყველას ვთხოვ გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ”- პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივ მაჟორიტარ დეპუტატთან, გოჩა ენუქიძესთან ერთად, სტიქიის ზონაში რჩება, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან საუბარში აღნიშნა, ძებნა-შველის ღონისძიება გრძელდება.

„გზის გაკვალვა ნელ-ნელა ნაწილობრივ ხდება, იმისთვის, რომ ტექნიკამ მეორე ნაპირზე შეძლოს სრულად მუშაობა. თავდაცვის სამინისტროს ძალებიც ადგილზე არიან და ხედავთ, თუ რა მდგომარეობაა კურორტ შოვში – ფაქტობრივად, აღარ არის ის ტერიტორია ისეთი, რომელიც ჩვენ გვახსოვს და კიდევ ერთხელ, ეს განსაკუთრებულ მწუხარებას იწვევს ჩვენში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე მიმართა საზოგადოებას, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რასაც მოაქვს დაბნეულობა,

„ახლა არის სოლიდარობის და კონსოლიდირების დრო და ყველას ვთხოვ გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კი კიდევ ერთხელ გამოუცხადა სამძიმარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილების ოჯახებს და განაცხადა, რომ ყველაფერი კეთდება, როგორც სპეცტექნიკის ჩართულობის თვალსაზრისით, ისე ვერტმფრენების უზრუნველყოფით, ყველა საჭირო რესურსის სრული მობილიზაციით, იმისათვის, რომ სამაშველო სამუშაოებზე დაბრკოლება არ ყოფილიყო.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა როგორც მაშველებს, ისე პოლიციელებს, ჯარისკაცებს, რომლებიც დღეს და ღამეს ათენებენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა მოხდეს.

სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის 210 ადამიანია გამოყვანილი, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 17 პირი.

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

„შოვში მეწყერს ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი ემსხვერპლა…“

საქართველოში მეწყერის დროს ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი ალინა პოლიკოვსკაია გარდაიცვალა. იქ იყო თავის რჩეულთან და სამ შვილთან ერთად – ასე გამოეხმაურა უკრაინული მედია ზაზა მესხის უკრაინელი მეუღლის დაღუპვას.

„პოლიკოვსკაიას ცხედარი უკვე იპოვეს. გადარჩნენ თუ არა ბავშვები და ჟურნალისტის მეუღლე, ჯერჯერობით ინფორმაციას არ ვრცელდება, ძებნა გრძელდება. ფეისბუქზე უამრავი პოსტი გაჩნდა, სადაც მომხმარებლები ჟურნალისტს იხსენებენ და ტრაგედიაზე სევდიანად საუბრობენ.

პოლიკოვსკაიას ფეისბუქის გვერდზე წერია, რომ ის მუშაობდა უკრაინაში, ერთ-ერთ ტელეარხზე და დაიბადა ნიჟინში. რამდენიმე წლის წინ ჟურნალისტი ნიდერლანდებში გადავიდა საცხოვრებლად.

„ალინა იყო კეთილი, ჭკვიანი, ლამაზი. ალინას და ზაზას ნიდერლანდებში, უტრეხტში დიდი შესანიშნავი ოჯახი ჰქონდათ“, – წერს ჟურნალისტი ოლგა არტიუშენკო.

6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს მოგიწევთ რამდენიმე საქმესთან შეჭიდება, მთავარია, სწორად დაგეგმოთ დრო და დაახარისხოთ პრიორიტეტები. აქტიური დღის შემდეგ, სჯობს, სასიამოვნო გარემოში დაისვენოთ.

კურო

ნელნელა ყველაფერი ლაგდება, თქვენც უფრო მოტივირებული და აქტიური ხართ. იფიქრეთ მატერიალური რესურსების განმტკიცებაზე.

ტყუპები

შეგიძლიათ, თამამად შეუდგეთ პრობლემური საკითხების მოგვარებას, ახლა გაქვთ შესაბამისი ძალა და ენერგია, რათა მიხედოთ და გათავისუფლდეთ ყველაფრისგან, რაც აქამდე დაბრკოლებას ქმნიდა.

კირჩხიბი

არაკეთილმოსურნეებისა და კონკურენტების მიერ შექმნილმა შეზღუდვებმა და ინტრიგებმა, შესაძლოა, შეაფერხოს თქვენი ახალი იდეების განხორციელება და კარიერული წინსვლა. ყურადღებით იყავით და ემოციები აკონტროლეთ.

ლომი

მოვლენები, შეხვედრები თუ ცვლილებები მეტად მნიშვნელოვან როლს ითამაშებს უახლოესი დროის მონაკვეთში, გამოიყენეთ მოცემული შანსი და შექმენით კომფორტული გარემო.

ქალწული

სიახლეების დროა, შეიძლება წამოიწყოთ ახალი საქმეც, ან ახალი ფერები და მიდგომები შეიტანოთ თქვენს ძველ გეგმებსა და სტრატეგიებში.

სასწორი

საქმიანი ურთიერთობებიც კი მეტ სასიამოვნო ემოციას მოგგვრით, მეტად წარმოაჩინეთ თქვენი უნარები.

მორიელი

თქვენი აზრები და ინტერესები სახლისა და ოჯახის ირგვლივ ტრიალებს, ახლა შესაფერისი დროა გადადებული საქმეებისა და პროექტების რეალიზებისთვის.

მშვილდოსანი

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა ჯანმრთელობა, თუმცა, შესაძლოა ძალების მოზღვავებაც იგრძნოთ, ამიტომ, კარგი იქნება თქვენი ენერგია კარიერულ წინსვლას მოახმაროთ.

თხის რქა

თქვენი შეუპოვრობა კონკურენტებთან და მოწინააღმდეგეებთან წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. კომუნიკაციებში იყავით წინდახედული.

მერწყული

ფერადი დღეა: ახალი შთაბეჭდილებები, სიყვარულის საკითხებში წარმატებები, სიახლეები შემოქმედებითი კუთხით…მიჰყევით სამყაროს მიერ ბოძებულ შემოთავაზებებს.

თევზები

პროფესიულ საკითხებში ახლა სიახლეებია მოსალოდნელი, მთავარია, არ იჩქაროთ. გააფორმეთ ხელშეკრულებები, იყავით პოზიტიურად მომართული და მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.

სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიება სპეციალური განათებების საშუალებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

შოვში, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიება სპეციალური განათებების საშუალებით, ამ წუთებშიც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის უფროსი თემურ მღებრიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი, მედიის წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც ძებნა-შველის ღონისძიება ამ წუთებშიც, სპეციალური განათებების საშუალებით მიმდინარეობს.

სამაშველო ღონისძიება ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.

მაშველების მიერ ამ დროისთვის 17 ცხედარია ნაპოვნი. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში კი 18 ადამიანს ეძებენ.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

,,ტრამპის შოუ”-ავთანდილ წულაძე

აშშ-ის ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასამართლოში 3 აგვისტოს გამოცხადდა 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის საქმეზე და ასევე 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობაზე. ტრამპი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ის პოლიტიკური დევნის ქვეშ იმყოფება.

შემდეგი სასამართლო სხდომა 28 აგვისტოს არის ჩანიშნული და შეერთებულ შტატებში მძვინვარე ვნებებია, არის თუ არა ექს-პრეზიდენტის სასამართლო პროცესი ამერიკული დემოკრატიის გადარჩენა, თუ პირიქით, ემუქრება მის საფუძვლებს?

გავლენიანმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ფარიდ ზაქარიამ გამოაქვეყნა სტატია The Washington Post-ში, სადაც ამტკიცებს, რომ “ტრამპის შოკი” უფრო დიდი გამოწვევაა შეერთებული შტატებისთვის, ვიდრე ეკონომიკური მეტოქეობა ჩინეთთან. ფარიდ ზაქარიას თქმით, ჩინეთის ეკონომიკა ნელდება და მომავალში მას ხანგრძლივი სტაგნაციის პერიოდი ემუქრება, ხოლო აშშ-ს ეკონომიკა ზრდის ტემპს აჩვენებს. თუმცა, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების დროს შეერთებული შტატების პოლიტიკური სისტემის შესაძლო დესტაბილიზაციამ შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ქვეყანას. „აშშ მოწმე გახდა პოპულისტი დემაგოგის აღზევების, რომელიც ემუქრება განადგურებით ყოველ ამერიკულ ინსტიტუტს, რომელიც მას წინ აღუდგება… თუ ის მიიღებს პარტიის მხარდაჭერას, რაც ძალიან სავარაუდოა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბევრად უფრო დიდი არეულობა, ვიდრე ჩვენ ვნახეთ ბოლო არჩევნების დროს“, – წერს ზაქარია. https://www.washingtonpost.com/opinions/2023/08/04/america-survive-china-not-trump/

CNN-ის პოლიტიკური ანალიტიკოსი ჯულიან ზელიცერი პრობლემის სათავეს აშშ-ს პრეზიდენტის ჯერალდ ფორდის მიერ შექმნილ პრეცედენტში ხედავს. უოტერგეიტის სკანდალის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი სასამართლოს წინაშე წარსდგებოდა. მაგრამ ნიქსონი გადადგა და ჯერალდ ფორდმა შეიწყალა იგი, რათა თავიდან აეცილებინა ხანგრძლივი სასამართლო პროცესი, რაც ზიანს მიაყენებდა აშშ-ს პრესტიჟს და ორად გაყოფდა ამერიკულ საზოგადოებას. ზელიცერის თქმით: „როდესაც სავარაუდო დანაშაულები იმდენად საშინელია, რომ საფრთხეს უქმნის ჩვენი დემოკრატიის სტაბილურობას, ანგარიშვალდებულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საბრალდებო დასკვნა არის მხოლოდ ერთი ნაბიჯი გრძელვადიან პროცესში, რომელიც საჭიროა საპრეზიდენტო ძალაუფლებისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში დარღვეული ბარიერების აღსადგენად”.

https://www.cnn.com/2023/08/03/opinions/trumps-indictment-reverses-50-year-precedent-zelizer/index.html

ავტორიტეტულმა გამოცემამ The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა აარონ ზიტნერისა და ენი ლინსკის სტატია, რომლებიც წერენ შეერთებულ შტატებში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებით გამოწვეულ „დემოკრატიის კრიზისზე“. ავტორებს CNN-ის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მონაცემები მოჰყავთ, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკელი ამომრჩეველთა 69%-ს მიაჩნია, რომ ტრამპმა 2020 წელს ბაიდენს არჩევნები მოუგო. რესპუბლიკელები ასევე შიშობენ, რომ 2024 წელს მათ გამარჯვებას წაართმევენ. ამავდროულად, მრავალი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამერიკელი ამომრჩევლების სრული რაოდენობის 60% აღიარებს ბაიდენის გამარჯვებას ლეგიტიმურად.

https://www.wsj.com/articles/the-2020-election-fueled-a-crisis-of-democracy-voters-fear-a-repeat-in-2024-72d84fbd?mod=hp_lead_pos2

დონალდ ტრამპს შოუბიზნესში დიდი გამოცდილება აქვს და სარჩელს ოსტატურად აქცევს სპექტაკლად, რომელშიც ის „მსხვერპლის“ როლს თამაშობს. ტრამპი და მისი პოლიტიკური კონსულტანტები იყენებენ „შეთქმულების თეორიის“ ტექნოლოგიას აშშ-ს ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერების მობილიზებისთვის. ტრამპის სასამართლო პროცესს მისი გუნდი ასევე გამოიყენებს როგორც „მტკიცებულებას“ კორუმპირებული ვაშინგტონის ელიტების მიერ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ „შეთქმულების“.

თუმცა, დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებიც ატარებენ თავიანთ პოლიტიკურ ნაბიჯებს და ცდილობენ ამომრჩევლის სიმპათიის მოზიდვას. აშშ-ს კონგრესის 38 დემოკრატთა ჯგუფმა წერილი გაუგზავნა ფედერალური სასამართლოების ადმინისტრაციული ოფისის სასამართლო კონფერენციის მდივანს, როსლინ მაუსკოფფს, სადაც მოითხოვა დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია. „აუცილებელია, რომ სასამართლომ დროულად უზრუნველყოს ზუსტი და სანდო ინფორმაცია ამ საქმეებთან და ყველა მათ წარმოებასთან დაკავშირებით, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების უკიდურესი ეროვნული მნიშვნელობისა და გამჭვირვალობის აუცილებლობის გათვალისწინებით“, – ნათქვამია კონგრესმენების წერილში. https://www.interfax.ru/world/914771

The Wall Street Journal-ის სარედაქციო სტატიაში კრიტიკა გამოითქვა დემოკრატების სურვილზე, გადაექციათ ტრამპის სასამართლო ხანგრძლივ პროცესად, როგორც ამერიკელი მსახიობის ო.ჯ. სიმპსონის სკანდალურ შემთხვევაში. გამოცემის რედაქტორების თქმით, სატელევიზიო მაუწყებლობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპის სასამართლო პროცესი „ნებისმიერ შემთხვევაში გახდება გლობალური მედია ცირკი“. https://www.wsj.com/articles/donald-trump-trial-cameras-courtroom-roslynn-mauskopf-adam-schiff-democrats-b24375e2?mod=opinion_lead_pos2

პუბლიკაცია გამოხატავს მსხვილი ამერიკული ბიზნესის ინტერესებს, რისთვისაც ტრამპის სასამართლო პროცესის მედიის სკანდალმა შესაძლოა ზარალი გამოიწვიოს. თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შეერთებული შტატების პოლიტიკური სისტემა მსგავს სტრეს-ტესტს ექვემდებარება.

ჩვენ უკვე აღვნიშნეთ უოტერგეიტის სკანდალის შედეგები რიჩარდ ნიქსონისთვის. ასევე უნდა გავიხსენოთ Monicagate, რომლის დროსაც ბილ კლინტონმა სასწაულებრივად მოახერხა იმპიჩმენტის თავიდან აცილება.

ამერიკული საზოგადოების პოლარიზაცია და მედია ბრძოლის ინტენსივობა დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესის გარშემო ეჭვს არ ტოვებს, რომ ეს იქნება დრამატული და ამაღელვებელი „რეალითი-შოუ“, რომელსაც მთელი მსოფლიო მიადევნებს თვალს. სასამართლო პროცესის განმავლობაში ტრამპის პრეზიდენტის საქმიანობის მრავალი ეპიზოდი გახდება ცნობილი, რაც მსოფლიო საზოგადოებისთვის მოულოდნელი იქნება.

ამერიკული სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა ხშირად შოკში აგდებს სხვა ქვეყნების მოქალაქეებს. მაგალითად, Monicagate-ის დროს გამოქვეყნდა ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის სექსუალური ურთიერთობის ინტიმური დეტალები. მაგრამ დონალდ ტრამპის შემთხვევაში საუბარია უფრო სერიოზულ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებასთან და ექს-პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური წყობის საფუძვლების ხელყოფასთან. წინ – ბევრი სენსაციაა, რომელიც საარჩევნო კამპანიის ტემპერატურას უმაღლეს წერტილამდე მიიყვანს.

მსოფლიოში შეერთებული შტატების როლის გათვალისწინებით, ტრამპის შოუ არა მხოლოდ შეარყევს ამერიკული პოლიტიკური სისტემის საფუძვლებს, არამედ გლობალური მასშტაბის მძლავრ გამოძახილს მოახდენს. ამერიკული პოლიტიკური სპექტაკლი მთელ მსოფლიოს ჩაითრევს.

ავთანდილ წულაძე

პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი

„შანსი,ცოცხალი ადამიანების პოვნის, ყოველთვის არსებობს”- ლერი ბარნაბიშვილი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ გუშინ 4 აგვისტოს სტიქიის ზონაში კონტაქტი 2 ადამიანთან დამყარდა, რომლებიც მანამდე კავშირზე არ გამოდიოდნენ.

„შანსი[ცოცხალი ადამიანების პოვნის] ყოველთვის არსებობს. შესაძლებელია, როგორც გუშინ მოხდა, რომ ადამიანებს ვეძებდით ჩვენ და არ გამოდიოდნენ კონტაქტზე, ორი ადამიანი გამოვიდა და მაგის იმედი გვაქვს ყოველთვის. იქიდან ვისთანაც კონტაქტს ვერ ვამყარებდით მათთან დამყარდა კონტაქტი”, – თქვა ლერი ბარნაბიშვილმა.

“ზოგიერთი ცხედრის სხვადასხვა ნაწილები იქნა აღმოჩენილი”- ზურაბ აზარაშვილი

“ზოგიერთი ცხედრის სხვადასხვა ნაწილები იქნა აღმოჩენილი”, – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ტიქიის ზონაში, მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით,  დაკარგულთა შორის, სავარაუდოდ, 8 ბავშვია.

“მიმდინარეობს ამოცნობითი სამუშაოები, აქტიური სამუშაოები მიდის ღამეც და ვცდილობთ, რომ მიუხედავად ამ რთულიპირობებისა, გარდაცვლილი ადამიანების თუ ცოცხალი ადამიანების ამოყვანის შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ზოგიერთი ცხედრის სხვადასხვა ნაწილები იქნა აღმოჩენილი და იქ სხვადასხვა ეტაპებია გასავლელი, ასეთი მაგალითად დეენემის ანალიზია. დასახიჩრებული ცხედრებიც გვაქვს. დაკარგულებს შორის სამწუხაროდ 7 თუ 8 ბავშვია. ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ამ სტიქიის არიდება შეიძლებოდა, მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს დეზინფორმაციაა”, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

,,ტრაქტორის თითოეულ მოძრაობას აკვირდებიან, რომ არ მოხდეს ცხედრის დაზიანება”- თემურ მღებრიშვილი

დღეს ვიპოვეთ 6 ცხედარი, 17 ადამიანია გარდაცვლილი. მეხანძრე-მაშველები და ჯარის ბიჭები არიან განლაგებულები და ტრაქტორის თითოეულ მოძრაობას აკვირდებიან, რომ არ მოხდეს ცხედრის დაზიანება, აღმოჩენის შემთხვევაში დროულად მოხდეს სამუშაოების შეჩერება და ცხედრების ამოსვენება, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხიდის მოწყობამ შესაძლებელი გახადა სტიქიის ეპიცენტრში შესულიყო მძიმე ტექნიკა. „ჩვენ ახლა ვიმყოფებით სტიქიის ეპიცენტრში, სადაც მუშაობს მძიმე ტექნიკა. ეს სწორედ იმ მძიმე და აქტიური სამუშაოების შედეგია, რაც გაწია ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და მოეწყო გადმოსასვლელი ხიდი. ხიდის საშუალებით მოხდა ექსკავატორების შემოყვანა. ეს პროცესი, სადაც მიმდინარეობს არის სწორედ ის ლოკაცია, სადაც მოხდა ცხედრების ამოსვენება – ე.წ. კოტეჯის ტერიტორია. კოტეჯები იყოს გზის იქით მხარეს, ტალღის დარტყმის შედეგად წამოიღო და აქეთ არის გადმოტანილი კოტეჯების ფრაგმენტები, შესაბამისად ის ადამიანებიც აქ იქნა ნანახი“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 17 ადამიანია დაღუპული, 19 ადამიანს კი ეძებენ.

„აი როგორ ხდება ტყუილის შეთხზვა! – ნიკო კახეთელიძე (ფოტო)

ამ წუთას გადავამოწმე, რაჭის ეროვნული პარკი შეიქმნა ახლახანს გერმანული KFW-ს დაფინანსებით და რეინჯერების შერჩევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, – ამის შესახებ საკრებულოს წევრი და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკო კახეთელიძე სოციალურ ქსელში წერს.

„აი როგორ ხდება ტყუილის შეთხზვა! ამასთანავე ეს „მოჩხლართული” ამბავი ხვდება არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში და ხდება ტყუილის ტირაჟირება.

1. ის რომ მეწყერის შეკავება შეუძლებელი იყო ამას არ უარყოფენ.

2. „რეინჯერებმა” 27-ში შეატყობინეს შეგუბების და მეწყრული პროცესების შესახებ“ ვის შეატყობინეს? რეინჯერი არის დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომელი და შეტყობინებაც უნდა გაეკეთებინათ ამ სააგენტოში. სად არის ეს შეტყობინება? საიდან გაიგო რომ შეატყობინეს? ამ შემთხვევაში რეინჯერები სად არიან? გვარი, სახელი? ვინმე კაპანაძეს ეს ინფორმაცია ლოგიკურად ხომ უნდა ჰქონდეს. ვინ არიან თქვას!

3. “მდინარე სადღაც გუბდებოდა”. სად გუბდებოდა? ვერ დაინახეს? შეტყობინებაში არ მიუთითეს სად გუბდებოდა?

4. ამ წუთას გადავამოწმე, რაჭის ეროვნული პარკი შეიქმნა ახლახანს გერმანული KFW-ს დაფინანსებით და რეინჯერების შერჩევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჯერ არ დანიშნულა არავინ. გავაგრძელო?

აი ეს ფაქტი არის არაკაცობა და დიდი ტყუილის ფრაგმენტი. ამით შეცდომაში შეყავთ ყველა. დანარჩენი ფრაგმენტებიც გამოჩნდება…“, – წერს ნიკო კახეთელიძე.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 16 ადამიანია დაღუპული, 20 ადამიანს კი ეძებენ.

 

 

შოვში დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

სტიქიის ზონაში, დღეს, 5 აგვისტოს მეხანძრე-მაშველების მიერ მიწის მასის დამუშავების დროს მეექვსე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 17-ს შეადგენს.

სტიქიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 აგვისტოს, თბილისში, შპს ,,ლილო მოლი“-ს ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზარალებულს თავის არეში დაზიანება მიაყენა, რომელიც საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება

კობა კობალაძე ვეტერანებთან ერთად, შოვში, სტიქიის ზონაში იმყოფება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, რეგიონული სამმართველოების წარმომადგენლებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში იმყოფებიან.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში, უკვე ჩართულია ომისა და თავდაცვის ძალების 30-ზე მეტი ვეტერანი; მობილიზებულია 600-ზე მეტი ვეტერანი და ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის მედპერსონალი სრული შემადგენლობით, რომლებიც სრულ მზადყოფნაში არიან, შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, ნებისმიერ დროს ჩაერთონ სამაშველო და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ოპერაციებში.

სტიქიის ზონაში, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი; მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც მუდმივ კავშირზეა ონის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ საკოორდინაციო შტაბთან; ადგილზე მუშაობენ გეოლოგებიც. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, კურორტ შოვში მიმდინარე სამუშაოებში, თავდაცვის ძალები ჩაერთო.

შეგახსენებთ, შოვში, მეწყერი, 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს, 16 ადამიანი ემსხვერპლა; 25-მდე დაკარგული მოქალაქის ძებნის სამუშაოები,კი მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

ამასთან, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად.